საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელი ბინას ვეღარ გაგიყიდით
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელებს სადავო ქონების გაყიდვა ან გაყიდული ქონებიდან პირთა გამოსახლება ეზღუდებათ. ეს შეზღუდვა მათ მთავრობის დადგენილებით დაუწესდათ.
ამავე დადგენილებით, მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება. აღმასრულებელს უფლება აქვს მხოლოდ მოვალის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. იურიდიული პირების შემთხვევაში კვლავ შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება.
კორონავირუსი: სწრაფმა ტესტებმა დაიგვიანა?
შეძლებს თუ ვერა ყველა მსურველი კორონავირუსის აღმომჩენი იმ სწრაფი ტესტებით სარგებლობას, რომლებსაც სახელმწიფო შემოიტანს? პასუხია - ვერა. ტესტირება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტების პირველ პარტიას სახელმწიფო 24 მარტს ელოდება. მსგავსი მოლოდინი არ გამართლდა გასულ კვირაში.დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების შემოტანა ქვეყანაში? რას გვეუბნება მსოფლიოს გამოცდილება ასეთი ტესტირების შედეგების შესახებ? აქვთ თუ არა უფლება ანდა შესაძლებლობა კერძო კლინიკებს, რომ თავად შემოიტანონ ტესტები საქართველოში?
საგანგებო მდგომარეობის წესები - შეზღუდვები და შეღავათები
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის დეკრეტის შემდეგ უკვე გამოსცა დადგენილება. ამ დოკუმენტით შესაძლებელია როგორც გადაადგილებისა და საკუთრების, ისე განათლებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა.
დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი არიან ერთდროულად რამდენიმე, მათ შორის შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
საქართველოში 66-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 დაავადების კიდევ 5 შემთხვევა.
სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge 24 მარტის დილის 10 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაავადებულთა საერთო რიცხვია 66. მათგან 8 გამოჯანმრთელდა.