საქართველოში კორონავირუსით (COVID 19) ინფიცირებულთა რაოდენობამ 61-ს მიაღწია
ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID 19) შემთხვევათა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.
კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
დეკრეტის საფუძველზე თბილისში დახურეს ობიექტი, რომელშიც დასაქმებული იყო 600-მდე თანამშრომელი
საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების თანახმად კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.
„შესაბამისი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი საქართველოს პრეზიდენტმა 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მიიღო.
უცხოელ პილოტს, ვისაც COVID -19 დაუდასტურდა, საქართველოდან სპეცრეისით გაამგზავრებენ
აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, 23 მარტს აჭარაში საკარანტინო ზონიდან კლინიკაში ექვსი მოქალაქე გადაიყვანეს, საიდანაც სამს დაუდასტურდა კორონარული ინფექცია, მათ შორის, შორის იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჩრდილოეთ ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მიქელაძე ადასტურებს, რომ ინფიცირებული მოქალაქე პილოტია.
როგორც მინისტრი ამბობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა კვლევა და 23 მარტს საქართველოში ყოფნისას მიიღო შეეტყობინება „საეჭვო დადასტურების შესახებ“. მან აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს შეატყობინა და გადაიყვანეს ბათუმში, ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მას ტესტირება ჩაუტარეს და დადებითი აღმოჩნდა.
მიქელაძის თქმით, პილოტის მშობლიურმა ქვეყანამ სურვილი გამოთქვა და დღეს სპეცრეისს აგზავნის, რომლითაც ინფიცირებული მოქალაქე საქართველოდან გაემგზავრება.
კიდევ ერთი პაციენტი ორმაგი მოქალაქეა - აშშ-ისა და საქართველოსი და მას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც მიქელაძე ამბობს, ჩამოსვლის დროს მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა და იცავდა თვითიზოლაციის წესებს, ტემპერატურის მატების შემდეგ, ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი აღმოჩნდა.
მესამე მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მის მოგზაურობის ისტორიას ეპიდემიოლოგები ამჟამად სწავლობენ. ამ წუთისთვის ბათუმში ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი მკურნალობს. შეიძლება ითქვას, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
23 მარტის მონაცემებით აჭარაში, საკარანტინო ზონაში 1000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.
ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა 23 მარტს საქართველოში შვიდით გაიზარდა და 61-ს მიაღწია, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.
კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.