სოზარ სუბარი: ვინც მარნეულში არ ცხოვრობს, მაგრამ იქ ჩარჩა, ორი კვირა მოუწევს დარჩენა
მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერავინ დატოვებს. ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.
"ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება", - თქვა მან.
ღამის 12 საათიდან საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა იკრძალება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მარტს, ღამის 12 საათის დადგომასთან ერთად ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა იკრძალება. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერს პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
"ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ამის გამო ვზღუდავთ ყველა შიდა სატრანსპორტო გადაყვანას. მათ შორის, რკინიგზით", - თქვა მან.
ამ დრომდე, საქალაქთაშორისო ან ქალაქის შიგნით მგზავრების მხოლოდ მიკროავტობუსებით გადაყვანა იყო აკრძალული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთ შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.