ლევან დავითაშვილი: ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ უნდა დაიხუროს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ე.წ. ღია ბაზრები არ უნდა დაიხუროს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებრისკიანია. ამიტომ, ეს კიდევ უფრო დასაშვებია", - თქვა მინისტრმა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. მთავრობის რეკომენდაციით, იხურება კვებისა და სხვა თავშეყრის ადგილები, გაუქმდა კულტურული ღონისძიებები და გადაიდო სასწავლო პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 38 შემთხვევა ფიქსირდება. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 პირი, 216 კი სტაციონარში.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაასახელა 7 პროდუქტი, რომელიც არ გაძვირდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანახმად, შიდა ბაზარზე ყველაზე მეტად გაზრდილი მოთხოვნა დღეს არის ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის ფხვნილსა და რძის ფხვნილისგან წარმოებულ პროდუქტებზე.
მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ პროდუქტებზე ფასების მერყეობაა მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე და ამიტომ შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ფასის მერყეობას დააზღვევს. ლევან დავითაშვილის თანახმად, მუშავდება დეტალები, რათა ეს მექანიზმი ბიზნესისთვისაც მისაღები იყოს:
„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი იმისთვის რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის, სავალუტო რისკები იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს 18 მარტის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.
ფაშინიანი: სომხეთში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 84-ს მიაღწია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
„ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რისკის ზონაში იმყოფებიან ასაკის თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობენ და ჩივილები არა აქვთ“, თქვა მან. „ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ამ მომენტში პრობლემები არ გვექნება ასაკობრივ რისკჯგუფთან დაკავშირებით. ვითარება აჩვენებს, რომ საქმე ეხება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალურ სოციალურ პასუხისმგებლობას“.
განათლების სამინისტრო: "ჯერჯერობით სწავლა 1 აპრილს დაიწყება"
„ჯერჯერობით სწავლა დაიწყება 1 აპრილს. სწავლის თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საბჭო მიიღებს, ყველაფერი დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე“, - განმარტეს განათლების სამინისტროში.