საქართველოში სტაციონარში მოათავსეს კიდევ 130-ზე მეტი პაციენტი
18 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1261 ადამიანი. დილით ეს რიცხვი 1130 იყო, ხოლო 17 მარტის მონაცემებით - 1008.
18 მარტის დილის მონაცემებთან შედარებით 135-ით მოიმატა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობამ, რომელიც 12:00 საათისთვის შეადგენს 216-ს. 17 მარტის ინფორმაციით, სტაციონარში იმყოფებოდა 64.
ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს სახლში უმკურნალებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველო გაითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და კორონავირუსის მსუბუქი ფორმით ინფიცირებული პაციენტებს სახლში უმკურნალებენ. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსხურებას", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
მანვე განმარტა, რომ ამ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა 80 პროცენტის შემთხვევაში კორონავირუსის მსუბუქი ფორმა ფიქსირდება.
ჯანდაცვის მინისტრი: იქ, სადაც მგზავრთა მოჭარბებული ადგილებია, ავტობუსები დაემატება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ქალაქებში მგზავრთა ნაკადებს ყოველდღიურად იკვლევენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყოველდღიურად ვატარებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადებია ტრანსპორტში, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონებსა და მონაკვეთებზე, სადაც შეინიშნება მგზავრთა მოჭარბებული რაოდენობა, დაემატება ავტობუსები", - თქვა მან.
დღეს პირველი დღეა, რაც საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალა. ქალაქებსა და ქალაქებს შორის მხოლოდ ავტობუსები მოძრაობს.
პაატა იმნაძე: ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება მოსალოდნელი ეპიდსიტუაციის მიხედვით
„ნოსტრადამუსი ნამდვილად არა ვარ და არც ვანგა“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის COVID-19 შიდა გავრცელება და როგორი შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი.
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება მოსლოდნელი ეპიდსიტუაციის მიხედვით.