Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:28 17.3.2020

ეზუგბაია: ახალი კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტი ამ ეტაპზე კლინიკას არ დატოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის მდგომარეობა გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის, დღეს მას დამატებითი დამადასტურებელი კვლევები ჩაუტარდება.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 16 მარტს დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად შევიდა, როგორც კონტაქტი ოჯახის წევრთან.

ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 45 პაციენტია. მათ შორის ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 29-ს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 34 შემთხვევა

12:46 17.3.2020

გიორგი გახარია: შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ახლა კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემით. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად", - განმარტა მან.

13:25 17.3.2020

საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს

საქართველოს მთავრობა კვლავ ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა მთავრობას არ შესძენს რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს არ გააჩნია: „შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც. ამ გადაწყვეტლებასაც მივიღებთ“.

გახარიას თქმით, დღეს არსებული მონაცემებიდან და ობიექტური რეალობის შეფასებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი არ არის: „ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის პროცესი. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“.

14:44 17.3.2020

საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რეგიონებისთვის დახმარების მზადყოფნას ადასტურებს

საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ განაცხადა, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებულ ტერტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობას შეზღუდული აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ გაუწიოს იგივე დახმარება, რასაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს უწევს: „მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“.

საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ ოკუპირებულ რეგიონებს დახმარება უკვე რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლებები უარს ამბობენ.

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მთლიანად დაკეტეს. მათი მტკიცებით, ამ რეგიონებში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები არ დადასტურებულა. ამასთან, საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის საშუალებები არ გააჩნიათ. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მარტს რუსეთიდან ელოდებიან დიაგნოზისთვის აუცილებელ საშუალებებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსის გამოსავლენად აუცილებელი გამოცდილების მისაღებად სპეციალისტების ჯგუფი რუსეთში, სტავროპოლში გაგზავნეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG