თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანა იმყოფება ზღვარზე კორონავირუსის შეკავებასა და გავრცელებას შორის
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მისი აზრით, ახალი კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, ახლა ქვეყანა იმყოფება ზღვარზე, ვირუსის შეკავებასა და გავრცელებას შორის.
ირანში, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილია 1000-მდე კაცი, პატიმართა მორიგი ნაკადი გაუშვეს ციხეებიდან
ირანში, სადაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადების 1178 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ხელისუფლებამ საპატიმროებიდან დროებით გაათავისუფლა ათასობით პატიმარი. უფრო ადრე, 9 მარტს, კორონავირუსის საპატიმრო ადგილებში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ირანის ხელისუფლებამ ციხეებიდან დროებით გაათავისუფლა 70 ათასი პატიმარი.
17 მარტის დილით კი ამას დაემატა კიდევ 85 ათასი პატიმარი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქიანოუშ ჯაჰანპურმა.
ამ ნაბიჯის ფონია კორონავირუსის ზრდა ქვეყანაში, სადაც დადასტურებულია COVID-19 ინფექციის 16169 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 988-ს აღწევს. ეს არის 4-ჯერ მეტი, ვიდრე იყო ერთი კვირის წინ.
ეკატერინე ტიკარაძე: ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღოს პაციენტთა გაზრდილი ნაკადი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების ეტაპს მომზადებული შეხვდა და საჭიროების შემთხვევაში, სისტემა მზადაა პაციენტთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად:
ტიკარაძე კორონავირუსის გავრცელების ფაზის შესახებ: წინასწარი პრევენციული ღონისძიებები ეფექტურია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის შეკავების ფაზიდან გავრცელების ფაზაზე გადასვლის შესახებ არ უკავშირდება მხოლოდ გუდაურში მყოფი ჩეხი ტურისტისთვის სამშობლოში COVID-19-ით დაინფიცირების დადასტურების ფაქტს. მისი თქმით, მთავრობა აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და იზიარებს იმას, რომ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური იარაღი მკაცრი პრევენციული ღონისძიებებია.