Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის ფესტივალი - ყველგან პოლიცია, ზოგან თავისუფლება


უკრაინელი რეჟისორი, სერგეი ლოზნიცა და რუსი მსახიობი ალექსანდრ კუზნეცოვი, ფილმის „ორი პროკურორის“ ფოტოსესიის დროს. კანი, 2025 წლის 15 მაისი
უკრაინელი რეჟისორი, სერგეი ლოზნიცა და რუსი მსახიობი ალექსანდრ კუზნეცოვი, ფილმის „ორი პროკურორის“ ფოტოსესიის დროს. კანი, 2025 წლის 15 მაისი

კანის 78-ე კინოფესტივალი ეკვატორს უახლოვდება, თუმცა შუალედური გამოკითხვების ლიდერი არ შეცვლილა - პირველ ადგილზე ისევ სერგეი ლოზნიცას ფილმი „ორი პროკურორია“.

ისტორიული ფილმის ასეთი წარმატება ბადებს ეჭვს, რომ სამყარო დღეს სწორედ იმ პრობლემებით ცხოვრობს, რომლებსაც უკრაინელი რეჟისორი თავის ახალ ნამუშევარში ეხება. ლოზნიცას ადრეც მიუღია მონაწილეობა კანის ფესტივალის კონკურსში, შეიძლება უფრო მწვავე ფილმებითაც... არც სტილი შეუცვლია, მაგრამ ასეთ ყურადღებას იგი არასდროს ღირსებია. მართალი გითხრათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპელი და მითუმეტეს, ამერიკელი კინემატოგრაფისტებისთვის „ორი პროკურორის“ ამბავი და სერგეი ლოზნიცას „სტატიკური კინო“ ბოლომდე გასაგები გახდებოდა. ეს წინასწარგანწყობა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე არ გამართლდა. „მოდების ჩვენების“ ნაცვლად წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ უკრაინელი ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, რომლებიც ბონოსთან და შონ პენთან ერთად უკრაინის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსებს დაესწრნენ, საკონკურსო პროგრამაში უჩვენეს: კლებერ მენდოზა ფილიოს „საიდუმლო აგენტი“, შესანიშნავი პოლიტიკური ტრილერი, რომელშიც გასული საუკუნის 70-იანი წლები და ბრაზილიის სამხედრო დიქტატურაა აღდგენილი - ტერორით და უდანაშაულო ადამიანების დევნით, შვედეთში მცხოვრები არაბი რეჟისორის ტარიკ სალეჰის „რესპუბლიკის არწივები“, პოპულარულ ეგვიპტელ მსახიობზე, რომელსაც რეჟიმი პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმებს, დომინიკ მოლის „დოსიე 137“ სპეციალური საგამომძიებლო სამსახურის გამომძიებელ პოლიციელზე, რომელიც „ყვითელი ჟილეტების“ აქციის დარბევას იძიებს. ეს ფრანგული, თითქოს სრულიად ტრადიციული ფილმი ლეა დრუკერით გამომძიებლის როლში (ვფიქრობ, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დრუკერი „ოქროს პალმას“ იმსახურებს) განსაკუთრებით ეხმიანება იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში. ქართველმა კოლეგებმა იხუმრეს, „დოსიე 137“ ჩვენმა ხელისუფლებამ არ ნახოს თორემ თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენებსო („პოლიცია საფრანგეთშიც ძალადობს“)... სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა - სტეფანი, ქალი, რომელსაც თავიდან სჯერა ლიბერალური დემოკრატიის და დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობას „გამონაკლისად“ აღიქვამს, მარცხდება სისტემასთან ბრძოლაში, მაგრამ იმარჯვებს როგორც წესიერი, მებრძოლი ადამიანი, რომლის დამორჩილება შეუძლებელია. მთავარი ისაა, რომ „დოსიე 137“ საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის ფინანსური დახმარებითაა გადაღებული. მთავარი ისაა, რომ ხელოვნება სამართლიანობის დამცველის როლში რჩება და სწორედ ამ როლში აღიქვამს მას ხელისუფლება. მაშინაც კი, როცა ხელოვნება პირდაპირ ამხელს მას არადემოკრატიულობასა და ჩაგვრაში.

ცხადია, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა სიმწვავემ კინოს სახიერება და ორიგინალურობა არ დაუკარგოს. ყოველ შემთხვევაში კანის ფესტივალზე ყოველთვის ცდილობენ აქტუალური სათქმელის გამოხატვის ახალი ფორმები დააფასონ და „უკვე ნანახ კინოს“ მაინც და მაინც არ დაუჭირონ მხარი. ამ თვალსაზრისით დღემდე ნაჩვენები ამერიკული საკონკურსო ფილმების ავტორებს „პალმის“ იმედი არ უნდა ჰქონდეთ. უეს ანდერსონის ხუმრობები და „დახატული კინო“ თითქოს ჯიუტად არ იცვლება („ფინიკიური სქემა“), ლინ რემსის ზედაპირულ სცენარს ვერ შველიან ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ პატისონი („მოკვდი ჩემო სიყვარულო“), ანრი ასტერის „ედინგტონი“ კოვიდის წლების ამერიკული პროვინციის იმდენად სწორხაზოვანი კარიკატურაა რომ მთავარი როლების შემსრულებლების, ჰოაკინ ფენიქსისა და ემა სტოუნის მიმართ თანაგრძნობაც კი გიჩნდება - აშკარად რაღაც გაუგებრობაში უხდებათ მონაწილეობა.

არ არის ალბათ შემთხვევითი რომ მედიისთვის განკუთვნილ სეანსებზე ყველაზე მქუხარე ოვაციები რიჩარდ ლინკლეიტერის „ახალი ტალღის“ პრემიერის შემდეგ მოეწყო. ლინკლეიტერმა აღადგინა გადაღების ისტორია ჟან-ლუკ გოდარის ფილმისა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ და შეიძლება ითქვას ძეგლი დაუდგა ავტორებს, რომელთათვისაც გამოხატვის თავისუფლება შემოქმედებითი პრინციპია, სიახლის სიყვარული კი სიცოცხლის ვნება. ნიშანდობრივია რას ეუბნება ამ ფილმში „ახალი ტალღის“ მეამბოხე რეჟისორებს პარიზში ჩასული რობერტო როსელინი: „მე მივხვდი რომ მოძრაობის შესაქმნელად კრისტალიზაციაა საჭირო. მაგრამ კრისტალიზაციის პროცესში ჩვენ კასტრირებას ვუკეთებთ საკუთარ თავს“... როსელინიმ „ახალი ტალღის“ რეჟისორები არჩევანის წინაშე დატოვა - კრისტალიზაცია თუ დახვეწილობაზე უარის თქმა? აკადემიზმი თუ დეკონსტრუქცია? გოდარმა მეორე გზა აირჩია. თუმცა სწორედ ეს გოდარი რიჩარდ ლინკლაიტერმა წარმოადგინა მსუბუქ, მხიარულ, რეტრო-ნოსტალგიურ ამბავში, რომლის ავტორმა ოვაციები კი დაიმსახურა, მაგრამ საეჭვოა „პალმის“ იმედი ჰქონდეს. მითუმეტეს, რომ ფესტივალის მეორე ნახევარში საკონკურსო პროგრამის ფავორიტების პრემიერებია დაგეგმილი. კანში უნდა უჩვენონ „ოქროს პალმის“ მფლობელების ძმები დარდენების და ჟულია დიუკორნოს ახალი ფილმები.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG