არ ვიცი რა უფრო გულისამაჩუყებელი იყო - ლეონარდო დი კაპრიოს შესანიშნავი სიტყვა რობერტ დე ნიროს დაჯილდოებამდე თუ ტიერი ფრემოს სახე, როცა კანის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფორუმის გახსნის ცერემონიას ადევნებდა თვალს. ერთი თვის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა და აღიარა, 3 000-მდე ფილმის ნახვა მოუხდა ფესტივალის შესარჩევ კომისიას და იქიდან მხოლოდ 18 ავირჩიეთო. მას შემდეგ კიდევ ოთხი ფილმი დაამატეს, ხოლო ფესტივალის გახსნამდე ერთი დღით ადრე გამოაცხადეს, კინოს წლევანდელი დღესასწაული უკრაინის დღით გაიხსნებაო.
ტიერო ფრემო არა მარტო კარგი მენეჯერია, ეს კაცი ავტორია შესანიშნავი დოკუმენტური ფილმისა, შეიძლება ითქვას „საარქივო კვლევისა“, კინოს გამომგონებლებზე, ძმებ ლიუმიერებზე. ფრემო აქ ამტკიცებს, რომ კინოხელოვნება ერთგვარი იარაღია, რომლითაც სიმართლემ ჩვენი ცხოვრებიდან უნდა გადევნოს სიყალბე, ცბიერება და თაღლითობა.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი თითქმის თვალცრემლიანი შესცქეროდა რობერტ დე ნიროს, რომელმაც ძმები ლიუმიერების კინოდარბაზის სცენიდან გაგვახსენა, რომ დიდი ხელოვნების მოვალეობა ძალადობის და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ფრემო აღფრთოვანებას ვერ მალავდა წლევანდელი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, ჟულიეტ ბინოშის ახალი იერსახით - ფრანგული კინოს ვარსკვლავი სცენაზე გამოვიდა თეთრი კოსტიუმით, რომლის მთავარი დეტალი მსუბუქად მორგებული თავსაბურავი იყო - ერთგვარი ილუსტრაცია სცენიდან ბინოშის წარმოთქმული სიტყვისა (ჟიურის თავმჯდომარემ გაიხსენა პალესტინელი ფოტოჟურნალისტი ფატიმა ჰასუნი, რომელიც 2025 წლის 16 აპრილს გაზის მორიგ დაბომბვას შეეწირა).
ეს თავსაბურავი, ვფიქრობ, წლევანდელი ფორუმის სიმბოლოდ გადაიქცევა. „დავინახოთ სიმართლე, მაგრამ დავიცვათ თავი!“ - დაახლოებით ასეთი უნდა იყოს დევიზი კანის 78-ე კინოფესტივალისა, რომელმაც წელს უკვე ოფიციალურად შეცვალა თავისი „დიზაინი“ - აიკრძალა სიშიშვლე წითელ ხალიჩაზე, რათა, როგორც ფესტივალის დირექტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, „კინოფესტივალი მოდების ჩვენებას არ დაემსგავსოს“... თუმცა რეალური მიზეზი, ალბათ, მოდა არ არის. კანის ფესტივალს ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია დროის შეგრძნებაზე, სტილის მთლიანობასა და ადეკვატურობაზე. დღეს კი სიშიშვლის და სანახაობის დრო ნამდვილად არაა. მით უმეტეს ფესტივალზე, რომელიც უკრაინის დღით იხსნება. მით უმეტეს ფესტივალზე, რომლის საკონკურსო პროგრამაში სერგეი ლოზნიცას, ძმები დარდენების, ჯაფარ ფანაჰის, ბი განის ახალ ფილმებს ვხედავთ. კინოს პიონერებისა არ იყოს, ეს ხალხი წლებია უკვე თავისი გმირების დაცვას ცდილობს ტყუილისგან და ძალადობისგან.
24 მაისს შევიტყობთ, ვინ იტყვის სიმართლეს უკეთესად. უფრო სწორად, ვის მიანიჭებს უპირატესობას ჟულიეტ ბინოშის ჟიური, რომელიც, სხვათა შორის, წელს განსაკუთრებით კომპეტენტურია და მრავალფეროვანი.
ფორუმი