ეს არ იყო ჩიმაევის პირველი სტუმრობა თბილისში, თუმცა ამჯერად იყო მიზეზი განსაკუთრებული ყურადღებისთვის: მას “ფერარი” აჩუქეს.
ჩიმაევი, ფერარი, წალენჯიხა
„მადლობა ასეთი საჩუქრისთვის“ - დაწერა ჩიმაევმა ქართულად, ინსტაგრამზე, როდესაც თავისი ახალი შავი ავტომობილის - Ferrari 296 GTB-ის ფოტო გამოაქვეყნა. მისმა მეგობარმა, დაურ გიგაურმა კი საკუთარ პოსტში განმარტა, რომ ეს არის “საჩუქარი ჩვენი ძმისთვის”. პოსტზე კახა კალაძეც იყო მონიშნული.
თავად კალაძე, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში, ხამზატ ჩიმაევთან ერთად პოზირებს. ვიდეო ავტოსალონ Forza Tbilisi-ს პავილიონშია გადაღებული. კალაძემ ახსნა, რომ ეს მეგობრული შეხვედრა იყო.
ამ შეხვედრას, ისევე როგორც დაახლოებით 300 000-დოლარიან საჩუქარს დიდი ინტერესი მოყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლები დაინტერესდნენ, რა ენაზე ლაპარაკობენ მეგობრები - „დიდებულ რუსულზე“ ხომ არა და გადაუციათ თუ არა მსგავსი საჩუქრები ქართველი ჩემპიონებისთვის - ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილისთვის. მსჯელობდნენ: მართებულია თუ არა ძვირადღირებული ავტომობილების ჩუქება და ამის ჩვენება საქართველოში, სადაც ხალხს ბევრი პრობლემა აქვს.
რამდენიმე კვირით ადრე, ასევე ფერარის მარკის ავტომობილით [Ferrari SF90 XX Stradale] ჩავიდა წალენჯიხაში კახი კალაძე. ზუგდიდელმა აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ დათვალა, რომ ასეთი იშვიათი მოდელის ფასი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მინიმუმ სამი სოფლის ბიუჯეტს უტოლდება.
"ჩემსავით თუ დაგუგლავთ, ნახავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელი, რომელიც მსოფლიოში გამოშვებულია სულ 799. შიმშილის, უწყლობისა და უგზოობის ფონზე, კახი კალაძე ფერარის დემონსტრირებით ჩნდება სოფელში”, - დაწერა სიჭინავამ.
წალენჯიხაში ხამზატ ჩიმაევიც ჩავიდა. TikTok-სა და Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ რეცხავს ის თავის ახალ ავტომობილს ადგილობრივ ავტოსამრეცხაოში.
ჩეჩენი სპორტსმენის მეგობრის, ავტომობილებისა და საათების კოლექციონერის საბა მიქავას გამოქვეყნებულ ერთ ფოტოზე ჩანს, რომ სუფრასთან მათთან ერთად ზის „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა; ხოლო მეორე ფოტოზე - თავად ჩიმაევი და მისი ახლო მეგობარი, MMA-ს მებრძოლი გურამ ქუთათელაძე პოზირებენ წარწერის ფონზე - “მე მიყვარს წალენჯიხა”. ფოტოზე ჩანს მათი ძვირადღირებული ავტომობილებიც.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარ ფეისბუკგვერდზე გააზიარა ვიდეო, რომლის მიხედვითაც - საჭესთან მჯდომი ჩიმაევი საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს.
“წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!” - წერს სალომე ზურაბიშვილი.
“თუ ეს მოხდა, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაწერს”, - უთხრა 18 სექტემბერს მედიას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, როდესაც მას ამის შესახებ ჰკითხეს. ამავე კომენტარში, სალომე ზურაბიშვილს კალაძემ “აკაცუკების ერთ-ერთი წარმომადგენელი” უწოდა.
18 სექტემბერს კალაძემ ასევე განმარტა, რომ მას არც ჩეჩენი მებრძოლისთვის უჩუქებია "ფერარი"- ეს „ფორცა თბილისის“ მფლობელის, საბა მიქავას საჩუქარი იყო და რომ წალენჯიხაშიც მიქავას ავტომანქანის საჭესთან იჯდა.
არა პირველი „თბილი მიღება“
ხამზატ ჩიმაევისთვის მანამდეც არაერთხელ უმასპინძლიათ თბილისში და ძვირფასი ავტომობილებიც არაერთხელ უჩუქებიათ მისთვის. რამზან კადიროვისგან მას მინიმუმ სამი „მერსედესი“ აქვს მიღებული, ხოლო 2025 წლის აგვისტოში, UFC-ის საშუალო წონით კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერმა მას “მაიბახი” [Mercedes-Maybach] აჩუქა. გარდა ამისა, რუსმა ბლოგერმა, მიხაილ ლიტვინმა ჩიმაევს საგანგებო სერიის “როლს-როისი” [Rolls-Royce] გადასცა.
მანამდე, ჩიმაევი საქართველოში 2024 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, როცა ის კახა კალაძის გარდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და ჩემპიონს - გენო პეტრიაშვილს შეხვდა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, თბილისის მერმა ჩიმაევს მაშინ აჩუქა მაისური წარწერით - „საქართველოვ, მადლობა თბილი მიღებისთვის“.
კალაძისა და პეტრიაშვილის გარდა, ჩიმაევი შეხვდა ასევე ორგზის ოლიმპურ ჩემპიონს ძიუდოში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლაშა ბექაურსა და მეგობარს - MMA-ს ქართველ მებრძოლს, გურამ ქუთათელაძეს.
„ხამზატს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენი. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, 2024 წლის 24 დეკემბერს და დაამატა, რომ - ჩიმაევი „უბრალოდ, ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში”.
შეკითხვაზე, „ნორმალურია თუ არა, კადიროვის მხარდამჭერი, მისი ჯგუფის წევრი რომ ჩამოდის საქართველოში“, კალაძემ მაშინ ჟურნალისტებს ასე უპასუხა:
“ჩვენ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვმეგობრობთ. მე ადამიანთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი მე ვინმესთან ვიმეგობრო, ან არ ვიმეგობრო. პირველ რიგში, ეს არის ადამიანობა და ახლა, ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება“.
„ახმატი - ძალაა!“
ხამზატ ჩიმაევის ინსტაგრამ-გვერდზე ბევრი ისეთი ფოტოა, სადაც ის გადაღებულია რამზან კადიროვთან და მისი ოჯახის წევრებთან. ჩეჩნეთის ლიდერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ჩიმაევი ხშირად აწერს - „უფროსი ძმა“ ანდა „ახმატი - ძალაა!“ [«Ахмат — сила»!].
დაბადების დღის მისალოც ტექსტებში ჩიმაევი კადიროვს მთავარ მოტივატორს უწოდებს და წერს - მისი დახმარება ახალი იმპულსი იყო ჩემი კარიერისთვისო.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რა როლს ასრულებს ის [რამზან კადიროვი] ჩვენი ხალხის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში; როგორ უყვართ და პატივს სცემენ მას ყველგან“, - წერს ჩიმაევი.
2022 წლიდან ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟების მწვრთნელი და დამრიგებელი გახდა. ასევე 2022 წელს კადიროვმა ჩიმაევს მდიდრული ქორწილი გადაუხადა, მიუხედავად იმისა, რომ, უკრაინის ომში დანაკარგების გამო, ჩეჩნეთში ქორწილების გადახდაზე არაოფიციალური აკრძალვა მოქმედებდა. UFC 319-ზე, ჩიკაგოში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული ჩიმაევმა მიუძღვნა კადიროვის 17 წლის ვაჟს - ადამს.
„ჩეჩნებო, ქამარი ჩვენია! ჩეჩნისთვის პრობლემა არ არის კიდევ ერთის [ქამრის] მოპოვება. ჩეჩნეთის ახალგაზრდობავ, მოდი, ვიმუშაოთ. ალაჰუ აკბარ! ახმატი ძალაა! დუსტუმ [ადამ კადიროვის მეტსახელი - რ.თ.], შენთვის მომაქვს რკინის ეს ნაჭერი“, - განაცხადა გამარჯვებულმა ჩიმაევმა პირდაპირ ოქტაგონზე, როდესაც ჩემპიონის ქამარს მაღლა სწევდა.
მცირე ასაკის მიუხედავად, ადამ კადიროვს უკვე აქვს სამხედრო წოდებები და ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობით გამოირჩევა. 2023 წელს რამზან კადიროვის გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ სცემს მისი 15 წლის ვაჟი, ადამი ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ 19 წლის ნიკიტა ჟურაველს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე, ხამზატ ჩიმაევი, წლების განმავლობაში შვედეთის დროშით ასპარეზობდა. 17 აგვისტოს, ოქტაგონზე ის ჩეჩენი ბარდის, ტიმურ მუცურაევის სიმღერის ფონზე გავიდა. მუცურაევი, რომელიც ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთის არმიას ებრძოდა, რუსეთში ექსტრემისტად არის აღიარებული, ხოლო 30-ზე მეტი მისი სიმღერა ექსტრემისტულ მასალად ითვლება.
ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ჩიმაევის შემთხვევაში სპორტი და პოლიტიკა განუყოფელია.
„ოქტაგონზე რიტორიკა გაჯერებული იყო ავტორიტარული ერთგულებით. „ახმატი ძალაა!“ - ამის მსგავსი ფრაზები კადიროვის პროპაგანდისტული მანქანის ელემენტია. ბევრი წლის განმავლობაში კადიროვი საკუთარი თავის გარშემო პიროვნების კულტს ქმნის და ამავდროულად, აღამაღლებს თავის მოზარდ ვაჟს - ადამს, როგორც მემკვიდრესა და დამსჯელს...
ათ წელზე მეტია, კადიროვი შერეულ საბრძოლო ხელოვნებას იყენებს თავისი რეჟიმის იმიჯის გასაფორმებლად - მებრძოლების სპონსორობით, რომლებიც იმეორებენ მის ლოზუნგებს და დემონსტრირებას უკეთებენ ერთგულებას", - წერს ჟურნალისტი ხაჩიძე Kyiv Post-ში.
ჩიმაევი პოლიტიკურ პოზიციებს არასოდეს მალავს. 2023 წელს, კამარ უსმანის დამარცხების შემდეგ, ერთი მხრივ, მან მშვიდობისკენ მოუწოდა, მაგრამ მეორე მხრივ, პალესტინაში ბრძოლაც ისურვა.
"არ არის ბედნიერება გალიაში ბრძოლა და ბავშვების სიკვდილის დანახვა. არ აქვს მნიშვნელობა, სად. უკრაინა, სირია, ავღანეთი, პალესტინა, აშშ – სულერთია. როდესაც ბავშვები იღუპებიან, ეს მძიმეა. მუსულმანები, ქრისტიანები, ებრაელები – არ აქვს მნიშვნელობა. გთხოვთ, იყავით ერთად! გვაცალეთ, ვიცხოვროთ მშვიდობით და ბედნიერად", - ამ სიტყვების შემდეგ, ჩიმაევმა, უკვე ჩეჩნურად, დაამატა, რომ მზად არის წავიდეს, იბრძოლოს და მოკვდეს პალესტინაში. - “მე ისე ძლიერ არ განვიცდი საკუთარ სიკვდილს, როგორც განვიცდი ჩემი მუსულმანი ძმების [სიკვდილის] გამო”.
ხამზატ ჩიმაევის საქართველოში სტუმრობამ კვლავ სალაპარაკო გახადა - მეგობრობა, საჯაროობა და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საზღვრები. როდესაც დედაქალაქის მერი ეხუტება მებრძოლს, რომელიც ხაზს უსვამს მის კავშირს ავტორიტარულ ლიდერთან, ბევრისთვის ეს მხოლოდ პირადი შეხვედრა არ არის.
ფორუმი