Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წამებით მაიძულეს“, - თბილისში დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ქალი დუმილს არღვევს


ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და ეყრდნობა სასამართლოში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნანახს. პირველი ივლისი, თბილისის საქალაქო სასამართლო, ბელა მეი ქალი გაჰყავს ბადრაგს
ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და ეყრდნობა სასამართლოში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნანახს. პირველი ივლისი, თბილისის საქალაქო სასამართლო, ბელა მეი ქალი გაჰყავს ბადრაგს

ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.

მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ პატიმრობა, 50 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა, 1 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, ბელა მეი ქალი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ თქვა:

„ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები სახეზეა, საფრთხეები არ განეიტრალებულა. პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ რისკების პირობებში მიმალვის საფრთხეც არსებობს, რადგან ეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. სასამართლო თვლის, რომ გირაოს გამოყენების საფუძველი არ არის. პატიმრობა რჩება ძალაში“.

რას ედავებიან ბრიტანეთის მოქალაქეს და რას ითვალისწინებს ეს დანაშაული?

ბრალდების თანახმად, აეროპორტში, ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

ფოტოილუსტრაცია, ბელა მეი ქალი დაკავებისას, 11 მაისი, 2025 წელი
ფოტოილუსტრაცია, ბელა მეი ქალი დაკავებისას, 11 მაისი, 2025 წელი

გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და რეალიზაციას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს). ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც დაკავებულ გოგოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

რა თქვა ბელა მეი ქალიმ წინასასამართლო სხდომაზე?

ბელა მეი ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ამბობს, რომ დანაშაული „უნებურად ჩაიდინა“.

„ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას.

მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს. იქნებ ისიც მიიღოთ მხედველობაში, რომ ჩატარებული მაქვს ნარკო-ტექსტი და ჩემს ორგანიზმში არაფერი აღმოჩენილა. ყოველთვის ვასახელებდი ჩემს ოჯახს, მადლობას გიხდით, რომ დამითმეთ დრო“.

ბელა მეი ქალი 18 კვირის ორსულია. სასამართლოს სხდომაზე მან რამდენჯერმე იტირა.

რა გაირკვა წინასასამართლო სხდომაზე?

ბელა მეი ქალის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია, ჩვენების ოქმსა და საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი საქართველოში ჩამოეტანა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ჩანახატი პირველ ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან. ნახატზე - ადვოკატი მალხაზ სალაყაია სხდომის მიმდინარეობისას
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ჩანახატი პირველ ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან. ნახატზე - ადვოკატი მალხაზ სალაყაია სხდომის მიმდინარეობისას

„აჩვენე მარჯვენა ხელი მოსამართლეს“, - უთხრა მან სხდომათა დარბაზში ბელას:

„შეხედეთ მის ხელს, მას გახურებული რკინა, ჩვენთან შამფურს უწოდებენ, დაადეს ხელზე. შეხედეთ ეს იარა მას ახლაც ამჩნევია და ასე წამების შედეგად აიძულეს, რომ ტვირთი წამოეღო საქართველოში“, - 19 წლის ქალი მოსამართლეს აჩვენებს ხელს, რომელსაც მარჯვენა მკლავზე, შიდა მხარეს, ეტყობა მოწითალო ნაიარევი, რომელიც ჰგავს დამწვრობისგან მიყენებულ იარას.

მალხაზ სალაყაია ირწმუნება, რომ ბელა მეი ქალიმ რამდენჯერმე ითხოვა დახმარება ტაილანდში, თუმცა, მისი სიტყვებით, პოლიციელი, რომელსაც ქალმა დახმარება სთხოვა, კრიმინალებთან დაკავშირებული პირი აღმოჩნდა:

„როდესაც ბელა აწამეს, მან მიმართა პოლიციას, შეატყობინა, რომ არსებობდა კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ის აწამა, თუმცა ამ პოლიციელმა ის ისევ იმ მამაკაცებთან მიიყვანა, რომლებისგანაც თავის დაღწევას ითხოვდა ბელა.

ბელა ასევე ცდილობს, რომ ტაილანდის აეროპორტში მიაწოდოს ინფორმაცია მებაჟეებს, თუმცა მის თხოვნას ყურად არ იღებენ".

მალხაზ სალაყაიამ თქვა, რომ ბელა მეი ქალიმ არ იცოდა, სად აგზავნიდნენ:

„მან გეოგრაფიულად დღესაც არ იცის, სად იმყოფება. თავიდან თბილისი ქვეყანა ეგონა. მას უთხრეს, რომ ტვირთი უნდა ჩაეტანა თბილისში, აეროპორტში დახვდებოდნენ და ტვირთს გამოართმევდნენ. ეს არის ნაჩქარევად ჩატარებული ოპერაცია, ის მებაჟეებმა დააკავეს და ვერ გამოვლინდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს ტვირთი უნდა მიეღოთ. ვინ უნდა დახვედროდა ბელას გარეთ, მან, სამწუხაროდ, ეს არ იცის“, - ამბობს მალხაზ სალაყაია.

გამოძიება იკვლევს აწამეს თუ არა ბელა მეი ქალი

პირველ ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ძირითად საქმეს გამოეყო კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც საფუძვლად დაედო ბელა მეი ქალის მონათხრობი წამების შესახებ:

„როგორ ჩატარდება გამოძიება, იქნება თუ არა ეს სახელმწიფოთაშორისი გამოძიება, რა ტიპის თანამშრომლობა შედგება ამ საქმის გამოძიებაზე, ამაზე ალბათ თავად იტყვის გამოძიება.

ბელამ დასაბუთებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მასალა მიაწოდა გამოძიებას, რაც საფუძვლად დაედო საქმის ცალკე გამოყოფას. ეს ფაქტები გამორიცხავს ბელას მიერ ბრალად შერაცხილი ქმედების არსებობას. ბელა არის უდანაშაულო. მისი ცრემლი და სიტყვა სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ის უდანაშაულოა“, - ამბობს მალხაზ სალაყაია.

ვინ ესწრებოდა ბელა მეის სასამართლო სხდომას?

ბრიტანეთის მოქალაქის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ მისი მამა, მამიდა და ბაბუა.

ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. როდესაც ბადრაგ კაცებს ბელა სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდათ, მამიდამ, რომელიც მთელი სხდომის განმავლობაში ტიროდა, ძმისშვილს დაუძახა:

„გამაგრდი“.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომას საქალაქო სასამართლოს დარბაზში აშუქებდა ბრიტანული მედია - BBC, Mirror, Daily Mail, Times.

ვინ არის ბელა მეი ქალი?

ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის ბელა მეი ქალი, ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.

ოჯახის მონათხრობით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.

ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

ბელას დედა, ლაიან კენედი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდა. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.

შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.

თბილისში დაკავებული გოგოს დედა ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:

„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“.

ქალი გამოცემა THE SUN-თან საუბრისას ამბობს, რომ შვილს სთხოვდა, არ წასულიყო ტაილანდში.

როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა?

ბელა მეი ქალი, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე, 13 მაისი, 2025 წელი
ბელა მეი ქალი, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე, 13 მაისი, 2025 წელი

პირველ ივლისს გამართულ სხდომაზე, ბრალდების ყველა მტკიცებულება სადაო გახდა.

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივლისს დაიწყება.

ვინაიდან 30 ივნისიდან სასამართლოებში შეიზღუდა ფოტო-აუდიო-ვიდეო ჩაწერა/გადაღება, სხვა ფოტოებთან ერთად, მასალას თან ერთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ილუსტრაციები, რომლებიც ეყრდნობა სასამართლოში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნანახს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG