Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ემზადება არჩევნებისთვის? რომელი არჩევნებისთვის? - 4 თვე ოქტომბრამდე


2025 წლის ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი. 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას - თუკი იქნება „ქართული ოცნების“ წესებით, მისი კონტროლისა და მანიპულაციის ქვეშ - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით. გამოხატავს თუ არა პლატფორმა ყველა ოპოზიციური პარტიის აზრს?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვეზე ცოტა მეტი რჩება. “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის მზადებასთან ერთად, განაგრძობს საუბარს 2012 წლიდან დასახულ მიზანზე - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან წარმოშობილი პოლიტიკური ჯგუფების გაქრობაზე. ეს ჯგუფები, მათი აზრით, ლამის ყველა ოპოზიციურ პარტიას მოიცავს.

პარალელურად, “ოცნების” ხელისუფლებიდან მიდიან ერთ დროს მთავარი საყრდენი ფიგურები. პოლიტიკური ოპონენტებისთვის ეს მმართველი პარტიის დასუსტების მანიშნებელია.

არჩევნებისთვის მზადება, ვადები და ხელოვნური ინტელექტი

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის შემაჯამებელ საპროტესტო დემონსტრაციაზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, "წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით უთხრა, რომ საჭიროა მომზადება არჩევნებისთვის, მათ შორის - დიასპორამ ახლავე უნდა დაიწყოს რეგისტრაცია და უნდა მომზადდეს “დამკვირვებლების მთელი არმია”, რათა არჩევნების დანიშვნა მოულოდნელ გამოწვევად არ იქცეს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ჯერ ახალი საპარლამენტო და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები; ანდა ეს ორი არჩევნები ერთდროულად.

რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში, ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოში მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა “აბსურდულად” გამოიყურება; როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებს ერთნაირი მომზადება ესაჭიროება და არ არის საჭირო “ქართულმა ოცნებამ” იცოდეს ზუსტად - “რა ტაქტიკას გადაწყვეტ ბოლო მომენტში”.

ამავე ინტერვიუში მან ირიბად ტაქტიკაზეც მიანიშნა, და მოჰყვა, თუ როგორ ჰკითხა ChatGPT-ს [ხელოვნურ ინტელექტს] არჩევნების ბოიკოტის შესახებ და მიიღო პასუხი, რომ - “პრაქტიკულად არ არსებობს გამარჯვებული ბოიკოტი”, რადგან ამ შემთხვევაში “უტოვებ ყველაფერს მას, ვინც არის ძალაუფლებაში და ჩაწერს, რაც მას უნდა”.

“წინააღმდეგობის პლატფორმის” დაფუძნების შესახებ, 31 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამოცხადდა. ზურაბიშვილმა პროცესში ჩართვა შესთავაზა ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ძალას, რომელიც საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს უჭერს მხარს. შეხვედრებს თავად ზურაბიშვილი მასპინძლობს; თემატური შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

ერთ-ერთი ჯგუფი არჩევნებისთვის მზადებაზეა ორიენტირებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს მზადება არ არის მიმართული კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნებისკენ.

თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

თუკი პარტიები მონაწილეობას აპირებენ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 142-ე მუხლი მათ დიდ დროს აღარ უტოვებს.

  • პარტიამ, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ანდა არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში - ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მიმართოს “არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა” - ბოლო ვადა 8 აგვისტოს უწევს.
  • ხოლო პარტიისთვის, რომელიც ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებს - განცხადებით მიმართვის ბოლო ვადაა - 14 ივლისია.


ვინ რას აპირებს?

“გახარია საქართველოსთვის” პირველი პარტია იყო, რომელმაც არ გამორიცხა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. პარტია ახლა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება.

“ჩვენ ვემზადებით, როგორც ეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, პარტიაში ხდება. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მათ შორის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არჩევნებისთვის. ვემზადებით ამ პროცესში მონაწილეობისთვის…ჩვენთვის ცვლილებების გზა არჩევნებია და არა რადიკალური, რევოლუციური სცენარი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი და დასძენს, რომ პარტიის განზრახვაზე ვერ ახდენს გავლენას სხვა პოლიტიკური ძალების მოსაზრებები თუ სხვა გარეშე ფაქტორები; ხოლო თუკი კონკრეტულ ვადებში, განაცხადის წარდგენის წინ, პარტია პოზიციას შეიცვლის, არც ამის დამალვას აპირებენ.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების მიზანზე, ლილუაშვილის თქმით, ზეგავლენას ვერც არახელსაყრელი საარჩევნო კანონმდებლობა და რთული გარემო ახდენს, რაც, საარჩევნო ექსპერტების შეფასებით, ბოლო არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო არახელსაყრელია.

“ვემზადებით იმ მოცემულობაში, როგორიც გვაქვს”, - გვეუბნება ლილუაშვილი. განმარტავს ასევე, რომ პარტიის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობას - პარტიის მხარდამჭერები ქუჩის აქციებს უერთდებიან, ხოლო არჩევნებისთვის მზადება - ხალხთან შეხვედრებითა და სხვა ტიპის აქტივობებით, მისი თქმით, სასარგებლო იქნება პროტესტის ინტერესებისთვისაც.

პარტიაში აცხადებენ, რომ “გახარია საქართველოსთვის” “წინააღმდეგობის პლატფორმის” მონაწილეა, თუმცა პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრებს ხან ესწრებიან, ხან არა.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის 14 აპრილს “სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა, გიორგი გახარია ოპოზიციურმა პარტიებმა მწვავედ გააკრიტიკეს - “წინააღმდეგობის პლატფორმის” ფორმატში მიღებული შეთანხმების დარღვევის გამო. ამ შეთანხმებით, კომისიის სხდომებზე, რომელსაც ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ, არავინ უნდა მისულიყო.

თვითმმართველობის არჩევნების თემის წინა პლანზე წამოწევას, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” დაკვეთად მიიჩნევს “ძლიერი საქართველო”, რადგან სწრაფად ცვალებად გარემოში - როდესაც “ოცნების” ხელისუფლებიდან “ხალხი გარბის” - შეუძლებელია იმის თქმა, რა იქნება თუნდაც ძალიან ახლო მომავალში; თუმცა კოალიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა “რეჟიმზე დამატებითი დარტყმის მისაყენებელი” ბერკეტი იყოს.

“ჩვენ ზოგადად ვემზადებით არჩევნებისთვის. ამ ქვეყანაში არჩევნები დაინიშნება აუცილებლად და ძლიერი პოლიტიკური პოზიციიდან უნდა ვიყოთ მზად... ამიტომ, ცხადია, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტიულ აქტივთან, ვცდილობთ, რეგიონშიც გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და არ ვუყურებთ ამ საკითხს ისე როგორც სხვები, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებში [ოპოზიციის] მონაწილეობა “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემას უხსნის”, - გვეუბნება სალომე სამადაშვილი - კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი. ის ასევე განმარტავს, რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები “უკვე არის არალეგიტიმურად აღიარებული და ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქმედუუნაროა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას” და “ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია”.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოციათ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, უნგრეთისა და სლოვაკეთს გარდა.

“წინააღმდეგობის” პლატფორმაში აქტიურად მონაწილეობენ “ფედერალისტები”.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, 26 მაისს, პლატფორმის შეთანხმებული პოზიცია გამოაცხადა, მიზნის მიღწევა კი სავსებით შესაძლებელია მიმდინარე პოლიტიკური პროცესისა და მათ შორის - საერთაშორისო წნეხის შედეგად.

“შემდეგი არჩევნები, თვითმმართველობისა და ახალი [საპარლამენტო] იქნება ერთად თუ მარტო ახალი იქნება, უნდა ჩატარდეს რეჟიმის კონტროლის გარეშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი არჩევნებს… ეს იმას ნიშნავს, რომ იქამდე უნდა ჩამოიშალოს რეჟიმი. ახლა რაც ხდება, ეს უნდა გაგრძელდეს და დომინოს ეფექტად უნდა იქცეს”, - თამარ ჩერგოლეიშვილის განმარტებით, მიმდინარე პროცესების მნიშვნელოვანი მახასიათებელია “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან საყრდენი ფიგურების გამოცლა და “ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დავიწროება”.

2 აპრილს პოსტი ვადაზე ადრე დატოვა სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ის თითქოს რეგიონული განვითარების მინისტრად უნდა დანიშნულიყო, მაგრამ 4 აპრილს გაირკვა, რომ - ეს აღარ მოხდებოდა.

4 აპრილს თანამდებობიდან გადადგა აჭარის მთავრობის მეთაური - თორნიკე რიჟვაძე;

26 აპრილს - პარტია დატოვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა;

28 მაისს - თანამდებობიდან გადადგა შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი - ვახტანგ გომელაური.

აპრილ-მაისში პოსტები ასევე დატოვეს: ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ; საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა - დავით ფერაძემ; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა - გია ხუბუამ.


“ფედერალისტები” ფიქრობენ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმის” პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუკი მონაწილეობა უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე მონაწილეობაზე უარის თქმა.

დღევანდელი მოცემულობით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას სრულად გამორიცხავს “კოალიცია ცვლილებისთვის”, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს, ხოლო 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, თანადამფუძნებლის - ნიკა მელიას დაკავების შესახებ. დაკავების რისკის წინაშეა ასევე კოალიციის ლიდერი, თანადამფუძნებელი - ნიკა გვარამია - გირაოს არგადახდის გამო, “ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში.

“არჩევნები გააუქმა “ქართულმა ოცნებამ” და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს. იქ შესვლა [არჩევნებში მონაწილეობა] არარსებულის ლეგიტიმაციაა და არა მხოლოდ თუნდაც ძალიან ცუდი ხარისხით ჩატარებული არჩევნები”, - თქვა ნიკა მელიამ ამ კვირაში პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს ასევე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ - ყველა, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი” და “რეჟიმის თანამონაწილე”.

„პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი - დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!”, - წერს ხაბეიშვილი ფეისბუკზე.

„ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მისამართით, სხვადასხვა დროს, ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდნენ. თუმცა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შეხვედრებზე ხშირად ჩანს ამ კოალიციაში შემავალი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი - გიორგი ვაშაძე. 27 მაისს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმის სახელით ძალიან მკაფიო და მისაღები წინადადება წარმოადგინა - „ახალი წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნები და არა პირიქით”.

"ოცნება" ემზადება არჩევნებისთვის და ოპონენტების გასაქრობად

„ქართული ოცნება“ კვლავ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების გეგმაზე ლაპარაკობს, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ შესაბამისი სარჩელი მალე შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს სარჩელი სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნებზეა დაფუძნებული.

მანამდეც არაერთხელ განმარტეს და კობახიძემ გაიმეორა, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარდა, გულისხმობენ - კოალიციას ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.

საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ამ პარტიების არაერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული: ნიკა მელიას (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).

„ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო. არაერთი ფაქტი გვახსოვს იმის, რომ რაღაც პლატფორმები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ. რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, იმ განცხადებებშიც იკვეთება, რასაც მათი ლიდერების მხრიდან ვისმენთ… მგონია, რომ ოპოზიციას რასაც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან, ისე მოიქცევიან “, - უთხრა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, 29 მაისს.

მმართველი პარტია აქტიურად ემზადება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ პარალელურად - “ქართული ოცნებიდან“ ისეთი მსხვილი ფიგურების წასვლა, რომლებიც ახლო წარსულში მმართველი პარტიის მთავარ საყრდენად მიიჩნეოდნენ, ოპოზიციას სისტემის დასუსტებისა და რღვევის სიმპტომებზე საუბრის საბაბს აძლევს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ იზიარებს დისკუსიებში გამოკვეთილ მოსაზრებას, რომ არჩევნების წინ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი რიგებიდან "შერყეული რეპუტაციის", ძალადობასთან ასოცირებულ თუ სანქცირებულ პირებს იშორებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს არალოგიკურია, რადგან - „ოცნების“ ხელისუფლებაში უფრო სადავო რეპუტაციის მაღალჩინოსნებიც რჩებიან.

საკადრო წმენდა კი, ანალიტიკოსის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის „ტაქტიკური სვლის“ ნიშანი უფროა - „ავტორიტარიზმის დამკვიდრების პროცესისგან დისტანცირების“ დემონსტრირება, რათა "დაიკავოს მანევრირებისთვის ხელსაყრელი პოზიცია, მათ შორის - ვაჭრობისთვის".

„თავისთან აფილირებული ყველა პირი გაჰყავს სისტემიდან, რითაც მთელი ტვირთი გადააქვს [ირაკლი] კობახიძეზე... ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს - სისტემა მასზეა დაშენებული და ირიბ კონტროლს ყველა შემთხვევაში ინარჩუნებს. კობახიძის ქმედებების ფონზე, [ივანიშვილი] ცდილობს გააჩინოს სივრცე იმისთვის, რომ დასავლეთს მის [კობახიძის] „გასაკოჭად“ დაელაპარაკოს. დასავლეთმა იცის, რა თქმა უნდა, რომ ბიძინას გარდა ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“, - ყოველივე ამის ფონზე, გია ხუხაშვილი ოპოზიციური ფლანგის მხრიდან ჯერჯერობით ვერ ხედავს ქმედებებს, რაც ხელს შეუშლიდა „ქართულ ოცნებას“ - თავისი გეგმით ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები და შესაბამის მიზნებსაც მიაღწიოს.

კიდევ რას აპირებს ზურაბიშვილის პლატფორმა?

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმის თანახმად, „ბოლომდე ბრძოლას“ სამი კომპონენტი აქვს: საზოგადოების ერთობა/პროტესტი; დასავლეთის/პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით - აუცილებელია ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის ფორმირება, რადგან არცერთ ოპოზიციურ პარტიას, ცალკე აღებულს, ამ ფუნქციის შესრულების რესურსი არა აქვს. მე-5 პრეზიდენტისთვის ერთობა ნიშნავს არა ერთპარტიულობას, არამედ კოალიციას, როდესაც, მათ შორის - არჩევნებზე ყველა ყველას ხმებს იცავს.

საპარლამენტო არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ჩატარებული კვლევები გამოკვეთდნენ ტენდენციას, რომ - ამომრჩევლების დიდი ნაწილი ახალი ძალის მოლოდინშია.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს ყოველდღიური საპროტესტო აქციების ორ მთავარ მოთხოვნას - აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას (76,3%) და ახალი არჩევნების დანიშვნას (62%).

გამოკითხულების 67,1%-ს მიუღებლად მიაჩნია “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ [2024 წლის ნოემბერში] გამოცხადებული გადაწყვეტილება - ევროინტეგრაციის აუცილებელი ეტაპის [ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა] 2028 წლის ბოლომდე გადავადების შესახებ.

აპრილში მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოხატავდა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო გარემოს გაუარესების გამო - “რამაც, ვენეციის კომისიის აზრით, შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება, ხელი არ შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას და ძირი გამოუთხაროს თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს”.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG