Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი - ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით


“მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ისეთ ქვეყნებში მიცხოვრია, სადაც დემოკრატიული პრინციპები და თავისუფლებები ზოგჯერ ერთ ღამეში ქრება, ან თავისუფალი პრესა ნადგურდება და ეს გიბიძგებს დაფიქრდე იმაზე, რამდენად განსაკუთრებულია გაერთიანებული სამეფო. ის მართლაც იშვიათია და ნამდვილად ღირს დაცვა...”

ეს არის ფრაგმენტი 2021 წელს ბრიტანულ გამოცემა Telegraph-ში გამოქვეყნებული ინტერვიუდან დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (MI5) ხელმძღვანელთან ფსევდონიმით დირექტორი კეი (K), რომელიც დღემდე ანონიმურად რჩებოდა. 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დირექტორი K - ბლეიზ მეტრეველია, პირველი ქალი, რომელიც ახლა უკვე ქვეყნის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს. მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახური 1909 წელს შეიქმნა და 47 წლის ბლეიზ მეტრეველი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებში 1999 წლიდან მუშაობს, მისი მე-18 ხელმძღვანელი იქნება.

MI6-ის ხელმძღვანელი ამ სამსახურის ერთადერთი წარმომადგენელია, რომლის ვინაობაც საჯაროა საზოგადოებისთვის.

დასავლური მედია მის შესახებ წერისას იხსენებს ფილმს ჯეიმს ბონდზე, სადაც უფრო ადრე გამოჩნდა ქალი საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად, ვიდრე რეალობაში, რუსული მედია კი ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ხელმძღვანელს “ქართველ ჰაკერს” ეძახის და ვარაუდობს, რომ რუსეთისთვის, რომლის მიმართაც მისი დამოკიდებულება ცნობილია, ამ პოსტზე ბლეიზ მეტრეველის დანიშვნა საყურადღებო ამბავია.

ბლეიზი შემოდგომიდან შეცვლის 63 წლის რიჩარდ მურს, რომელიც მე-5 წელია ხელმძღვანელობს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს. 1988 წლიდან დაზვერვის ოფიცერი იყო არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ვიეტნამში, ირანში, თურქეთში, პაკისტანსა და მალაიზიაში. მური იყო ბრიტანეთის სამეფოს დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი, რომელსაც ჰქონდა ღია ანგარიში X-ზე - მისი ირონიანარევი პოსტებით და ემოჯიებით ხშირად ექცეოდა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში.

კაცებით დომინირებულ დაზვერვის სამყაროში, სადაც ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა თითქმის 8%-ია, ქალი ხელმძღვანელის დანიშვნა საეტაპო გადაწყვეტილებაა.


რა ვიცით ბლეიზ ფლორენს მეტრეველზე?

ღია წყაროებში მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის. ყველაზე მონდომებული მოძებნის მის ორიოდე ფოტოს, რომლებიც თან ახლავს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ამბებს.

დაზვერვის სამსახურის ყოფილი და მოქმედი ოფიცრები მას ახასიათებენ როგორც “მაღალი დონის პროფესიონალს”, “კომპეტენტურსა და ღირსეულს” და “დიდი ავტორიტეტისა და გამოცდილების ადამიანს არაჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარებით”.

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი დანიშვნით” - თქვა MI6-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სერ ალექს იანგერმა ბლეიზ მეტრეველის შესახებ BBC-სთან საუბარში.

“წარმოუდგენლად გამოცდილი, სანდო და წარმატებული ოპერატიული ოფიცერია, ” - თქვა მასზე ალექს იანგერმა და დაამატა: “მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია… მას არა მხოლოდ კარგი ცოდნა აქვს ტექნოლოგიების, არამედ დიდი ხნის განმავლობაში საფუძვლიანად აქვს ნაფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ გამოწვევების ხანაში. როგორ მივაღწიოთ წარმატებას ადამიანსა და მანქანას შორის ურთიერთობებში”.

ბლეიზ მეტრეველის შესახებ ღია წყაროები მოპოვებული ინფორმაციაც ადასტურებს მის კარგ განათლებას და დიდ გამოცდილებას.

ხარისხი ანთროპოლოგიაში მან კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში მიიღო. სტუდენტობისას იყო ქალთა ნიჩბოსნობის გუნდის წევრი. იცის არაბული ენა და აქვს კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. კონკრეტულად რომელ ქვეყნებში - ღია წყაროებში არ იძებნება.

სტუდენტობისას გადაღებული ფოტო - რკალით მონიშნულია ბლეიზ მეტრეველი
სტუდენტობისას გადაღებული ფოტო - რკალით მონიშნულია ბლეიზ მეტრეველი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ხელმძღვანელის პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბლეიზ მეტრეველი დიპლომატიურ სამსახურში ცდილობდა მუშაობის დაწყებას, როდესაც მას დაზვერვის ოფიცრობა შესთავაზეს.

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში MI5 ის წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე კი ბლეიზ მეტრეველი MI6-ის ტექნოლოგიების და ინოვაციების განყოფილებას ედგა სათავეში. სადაზვერვო კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა ბირთვული უსაფრთხოების ტექნიკურ და სტრატეგიულ მიმართულებებზე.

Telegraph-სთვის 4 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები “ნამდვილად მრავალფეროვანია” და მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის და ჩინეთის სულ უფრო მავნე საქმიანობის “შესაფერხებლად.” მისივე განსაზღვრებებით, რუსეთი ბრიტანეთისთვის “მწვავე” საფრთხეა, ჩინეთი კი “ქრონიკული”. ბლეიზ მეტრეველი ამ ინტერვიუში იყენებს სადაზვერვო წრეებში ფართოდ გავრცელებულ შედარებას, რომლის მიხედვითაც პუტინის რუსეთი “არაპროგნოზირებადი ქარიშხალია”, კომუნისტური ჩინეთი კი ისეთი გრძელვადიანი საფრთხე, როგორიც შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილება.

ანონიმურ ინტერვიუში ბრიტანელი მზვერავი საუბრობს იმაზე:

  • როგორ უნდა გამოეჩინათ სიფრთხილე სტრატეგიულ კომპანიებს თავიანთი წილების ან პროდუქტების ჩინურ ინვესტორებზე გაყიდვისას.

“მცირე, დამწყები სტარტაპისთვის შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყო ჩინური ინვესტიციები, მაგრამ ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ იპარავენ ინტელექტუალურ საკუთრებას ისე, რომ იქიდან სარგებელი აღარ ერიცხებათ სტარტაპერებს, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ეკონომიკას”, - ამბობდა მეტრეველი.

  • მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მეტი სადაზვერვო სამსახურების შესახებ, რადგან მათი სამუშაო არ არის გახდეს მხოლოდ “ჯაშუშური ფილმების” სცენარისთვის შთაგონების წყარო, ეს არის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების საკითხი და მნიშვნელოვანია ადამიანებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ კიბერსაფრთხეების, აგენტურული ქსელების და ეკონომიკური ექსპანსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართ.
  • ხშირად სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა გულისხმობს არა საფრთხეების გაქრობას, არამედ მათ მართვას: “დიდ ბრიტანეთს სჭირდება ინვესტიციები. MI5 არ უნდა იყოს - და არც არის - დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური პოლიცია”.


ამავე ინტერვიუდან ირკვევა, რომ ბლეიზ მეტრეველის შვილები დედაზე არანაკლებად დაკვირვებულები და ფრთხილები აღმოჩნდნენ და მიხვდნენ, რომ ის არა ჩვეულებრივ სახელმწიფო სამსახურში, არამედ სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა - როგორც წესი, ამ რანგის მზვერავების რეალური სამსახური მხოლოდ უკიდურესად ვიწრო წრემ, რამდენიმე ოჯახის წევრმა და შესაძლოა ერთი-ორმა ძალიან სანდო მეგობარმა იცოდეს. როგორც მაშინდელი MI5-ის შეფი ამბობს, მისი შვილები მკაცრად იცავენ საიდუმლოს დედის სამსახურის შესახებ.

კიდევ ერთ ანონიმურ ინტერვიუში, რომელიც მან 2022 წელს მისცა The Financial Times-ს ქალი ჯაშუშების შესახებ მომზადებული მასალისთვის, თავის თავს ის იხსენიებს მეტსახელით “გიკი.” ამ სტატიიდან ირკვევა, რომ მას ადრეული ასაკიდან უსწავლია დაშიფვრის ტექნიკები, ჰყავს უფროსი ძმა და ერთი შვილი მაინც მას ეყოლა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, სადაც ის სადაზვერვო მისიაზე იყო მივლენილი.

MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე, დიდი შვიდეულის სამიტის პარალელურად, სადაც მსოფლიო ლიდერები გაზრდილ კიბერსაფრთხეებზე, ჯაშუშურ ქსელებსა და ჩინეთსა და რუსეთთან გეოპოლიტიკური დაძაბულობის საფრთხეებზე მსჯელობენ.

“ჩემთვის დიდი პატივი და საამაყოა. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“ - თქვა მან ამ პოსტზე წარდგენის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა კირ სტამერმა კი განმარტა, რომ ბლეიზ მეტრეველის „ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

"ბლეიზ მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას — იქნება ეს აგრესორები, რომლებიც ჩვენს წყლებში თავიანთ სადაზვერვო გემებს აგზავნიან თუ ჰაკერები, რომელთა დახვეწილი კიბერგეგმები ჩვენი საჯარო სერვისების ჩაშლას ისახავს მიზნად", - წერია 15 ივნისის საღამოს სტრამერის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში

“აბსოლუტურად აღფრთოვანებულია” საგარეო დაზვერვის ჯერაც მოქმედი ხელმძღვანელი რიჩარდ მური, ამ სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურით.

ბლეიზ მეტრეველის გვარი და სახელი მედიისთვის ცნობილი გახდა 2024 წელს, როცა მას წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი გადაეცა.


რა ვიცით მისი ქართული წარმომავლობის შესახებ?

ბლეიზ მეტრეველი მესამე თაობის ემიგრანტია, საქართველოდან ევროპაში საცხოვრებლად მისი ბაბუა წავიდა. ინფორმაცია, რომელიც ღია წყაროებში მოიპოვება, აქაც მწირია, და რადიო თავისუფლება მათ დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.

X-ზე წერენ, რომ თავად ბლეიზი ჰონგ-კონგში გაიზარდა, სადაც მისი მამა, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტში განათლებამიღებული პროფესორი კონსტანტინე მეტრეველი ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის (CUHK) რადიოლოგიის გამგე იყო 1986-2001 წლებში.

ჰოსპიტლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ პროფესორი მეტრეველი თავისა და კისრის ულტრაბგერით გამოკვლევების პიონერია.

“მან თავისა და კირსის ულტრაბგერითი გამოკვლევა 1980-იან წლებში დაიწყო. მისი დაკვირვებებისა და ადრეული აღმოჩენების წყალობით, თავისა და კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევები ჩვენს რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში უფრო ადრე დაინერგა, ვიდრე ულტრაბგერითი გამოკვლევების ფართო გამოყენება მედიცინაში ჩვეულებრივი ამბავი გახდებოდა”. - წერია ჰოსპიტლის ოფიციალურ გვერდზე.

პროფესიული წვრთნა კონსტანტინე მეტრეველს ბრიტანეთის არმიაში ჰქონდა გავლილი - 1982-1985 წლებში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში.

2018 წელს 73 წლის ასაკში კონსტანტინე გახდა ოქსფამის საქველმოქმედო მარათონის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე ჰონგ-კონგში - ამ მარათონის მონაწილეები 100 კილომეტრიან დისტანციას 48 საათში ფარავენ. კონსტანტინე მეტრეველი ამ მარათონში 1984 წლიდან მონაწილეობდა, როცა ის ჯერ კიდევ ბრიტანეთის არმიის წევრების საწვრთნელი ღონისძიება იყო და მასში მხოლოდ თითო-ოროლა სამოქალაქო პირი იყო ჩართული.

სურათზე კონსტანტინე მეტრეველი მარცხნიდან მეორეა
სურათზე კონსტანტინე მეტრეველი მარცხნიდან მეორეა

1966 წლის აგვისტოს გამოცემაში “ლონდონის გაზეთი”, წერს რომ ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო მედიცინის სტუდენტმა კონსტანტინე დობროვოლსკიმ რომელიც ასევე ცნობილია როგორც კონსტანტინე მეტრეველი. ამ გამოცემაში, სადაც ის იმ უცხოელების სიაშია გაერთიანებული, ვისაც ნატურალიზაციით ერგო მოქალაქეობა, მითითებულია რომ მისი ეროვნება გაურკვეველია.

ისტორიკოსი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარის დამწერლობაში “W” არსებობა “V"-ის ნაცვლად, შესაძლებელია მიუთითებდეს მისი წინაპრების კავშირზე გერმანიასთან.

ლაშა ბაქრაძე იხსენებს ქართული სტამბების დამაარსებელს ბერლინსა და მიუნხენში, მთარგმნელ არჩილ მეტრეველს. ის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ გერმანელების მხარეზე მებრძოლი ქართველებისთვის ბეჭდავდა პროპაგანდისტულ გამოცემებს, გაზეთ “საქართველოს” და ჟურნალს “ქართველი ერი”, ომის დასრულების შემდეგ კი ქართულს ასწავლიდა მიუნხენში. ღია წყაროებში ხელშესახები კავშირი არჩილ მეტრეველსა და ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ხელმძღვანელ ბლეიზ მეტრეველთან არ იკვეთება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG