რებეკა ასე წარადგენს თავს: ფრანგი, რომელიც ინგლისურად ფრანგული აქცენტის გარეშე ლაპარაკობს და ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელმაც პოდკასტერობა იმიტომ დაიწყო, რომ კერპებთან საუბრის შესაძლებლობა მისცემოდა. 2018 წლიდან ამ დრომდე მის პოდკასტს ძირითადად შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ქალები სტუმრობენ და განიხილავენ სარეკლამო სფეროში, კინოსა და შოუბიზნესში მიმდინარე პროცესებს, საკუთარ გამარჯვებებსა და მარცხებს და ამ სფეროებში მუშაობის თავისებურებებს.
რადიო თავისუფლებამ რებეკა რაინთრის ხელოვნურ ინტელექტსა და მის მომავალზე დაუსვა კითხვები.
- ადამიანებისთვის, რომლებიც ამბებს ვყვებით და ვცდილობთ, რომ ისტორიები იყოს ადამიანებზე და ადამიანებისთვის, ხელოვნური ინტელექტის აყვავება შიშსაც გვგვრის. რამდენად შეძლებს ის "გაადამიანურებას", ისეთი ქცევის სწავლას, რომ ადამიანური ბუნება შეითავსოს?
- ეს ერთდროულად ძალიან მარტივი და ძალიან რთული კითხვაა. თუ გვინდა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჰუმანური იყოს, ის უფრო მეტად უნდა “გამოვკვებოთ” ადამიანური აზრებით. დღეს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ძირითადად სილიკონის ველზე წვრთნიან საუკეთესო ტექნიკოსები და ეს ქმნის პრობლემას, ამითაა განპირობებული მათი ნაკლებად ჰუმანური ბუნება და რიგ შემთხვევებში მიკერძოებულობაც სხვადასხვა საკითხის მიმართ.
ყველაზე არასწორი რამ, რაც შეიძლება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობისას გააკეთო იფიქრო: “ეს ჩემთვის არ არის, უკან ვიხევ”. მის წვრთნას და განვითარებას რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა სჭირდება. ტექნოლოგიების სამყაროში არსებობს ასეთი ტერმინიც: Human in the loop [HITL], რაც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლში რეალური ადამიანების მონაწილეობას მათი სიზუსტის, სანდოობის და ადაპტაციის უნარების დასახვეწად. ადამიანები თავისი რჩევებით და უკუკავშირით უზრუნველყოფენ ხელოვნური ინტელექტის უშეცდომო ფუნქციონირებას. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი იქნება რეალურმა ადამიანებმა აკონტროლონ მისი რეაქციები, ყველაფერი საბოლოოდ მაინც ადამიანებზეა დამოკიდებული და მაინც მაქვს იმედი, რომ შევძლებთ ისეთი პარამეტრების შემუშავებას, რაც ტექნოლოგიებს არ “გააგიჟებს.”
- ვნახე, რომ ერთ-ერთი, რასაც აკეთებთ არის პოდკასტი. რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ქმნის თავის პლატფორმებს იუტუბსა თუ პოდკასტების ქსელებში? რამე სხვას ეტყოდით პროფესიონალ ჟურნალისტებს?
- ჩვენს შემოქმედების ეპოქაში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მეც შემოქმედი ვარ. მე მაქვს ჩემი საკუთარი ვებსაიტი, პოდკასტი, მაქვს WhatsApp-ის ჯგუფი, რომელიც 550 ადამიანს აერთიანებს - მე ვქმნი კონტენტს ინტერნეტში და ვაწყობ ღონისძიებებს რეალურ სივრცეებში.
ჩემი იდეები ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად იბადება, მაინტერესებს საუბარი მათთან, ვისაც ჩემს აუდიტორიად ვთვლი. . ჩემთვის მაგალითად WhatsApp-ის ჯგუფში გაერთიანებული ხალხი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე იუტუბის მაყურებლები - ყველამ თვითონ უნდა განსაზღვროს, ვინაა მისი აუდიტორია, როგორ იკრებს საზოგადოებას მის გარშემო და რა უნდა უთხრას მათ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის გავლილი და ტიპური გზებით იარო.
- ქალების სიმწირე ტექნოლოგიებში, მათ შორის, საქართველოშიც თვალში საცემია - თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში? რა შეუძლიათ ქალებს შემატონ ხელოვნური ინტელექტის ეპოქას განსაკუთრებული?
- მჯერა, რომ ქალებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იყვნენ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ნაწილი. დღეს ხელოვნურ ინტელექტს ძირითადად კაცები აკონტროლებენ სილიკონის ველიდან და მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფრის ავტომატიზაციას, ამ ტექნოლოგიებს აკლია ქალის პერსპექტივა, ეს სისტემები ძალიან რაციონალურია.
ჩვენ ვიცით, რომ ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული რიგი უნარები, მათ შორის თანაგრძნობა, შემოქმედებითობაც სხვანაირად ესმით - ჩვენ გვჭირდება მეტი ქალის ტვინი ამ სფეროში.
მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ ამ ამბავს, ხელოვნური ინტელექტი ქალებს აძლევს საშუალებას, იმ ბარიერების გვერდის ავლით, რაც აქამდე ჰქონდათ მათ, გამდიდრდნენ და აიხდინონ თავისი ოცნებები. წამებში შეგიძლიათ გააკეთოთ ვებსაიტი, აპლიკაცია და უფრო მარტივად იშოვოთ ფული.
- რა გიზიდავთ ყველაზე მეტად ხელოვნურ ინტელექტში, რა არის ისეთი, რაშიც ის შეუცვლელია და რა მიმართულებებით ისურვებდით მის განვითარებას, უფრო მეტად ჩართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- მაგალითად, ChatGPT იმაშიც კი შემიძლია დავიხმარო, სად რა მცენარე დავრგო ბაღში, მეტყვის რომელს რა განათება სჭირდება და როგორ მოვუარო. უფრო მარტივად შემიძლია გავაკეთო ის, რაც მინდა. რამდენიმე წლის წინ, როცა ხელოვნური ინტელექტი შევიყვარე, მასში სწორედ იმან მიმიზიდა, რომ ყველაფერს ძალიან ამარტივებს.
Ad Black Sea, კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი წელს ბათუმში მეცხრედ გაიმართა სლოგანით FireWorks in Creative Resistance;
“კრეატიულობას ბევრი “მტერი” ჰყავს - გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს” - ამ იდეამ გააერთიანა 11-13 სექტემბერს 20 ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი პროფესიონალები.
ფორუმი