Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გვინდა, ჩვენთან იყოთ“ - ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოში ვიზიტს აფასებს


ნაჩო სანჩეს ამორი, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) წევრების დელეგაციის თავმჯდომარე
ნაჩო სანჩეს ამორი, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) წევრების დელეგაციის თავმჯდომარე

“გვინდა, ჩვენთან იყოთ. ეს არის კიდეც ჩვენი მთავარი მესიჯი: თქვენ დღეს ხართ ევროპული ქვეყანა და ჩვენი სურვილია, გახდეთ ევროკავშირის წევრი...”

განაცხადა 28 მაისს, თბილისში, სამდღიანი ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) წევრების დელეგაციის თავმჯდომარემ ნაჩო სანჩეს ამორიმ.

ესპანელი ევროპარლამენტარის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს.

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ტოვებს კრიტიკული განწყობით და აცხადებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების და პოლიტიკური თავისუფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო.

ესპანელი ევროპარლამენტარის განცხადებით, მათი მთავარი მესიჯია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ნაჩო სანჩეს ამორის სიტყვებით, ევროკავშირს ბევრ ქვეყანასთან აქვს ცალკეული სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობები მთელ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ის სთავაზობთ საუკეთესო რამეს, რისი შეთავაზებაც ევროკავშირს რომელიმე ქვეყნისთვის შეუძლია - იყოს მისი ნაწილი და შემდეგ უკვე წვერიც.

„ხანდახან ადამიანების რაღაც ნაწილი ამბობს ჩვენზე, რატომ ჩამოდიან და ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში? ეს ასე არ არის. თქვენ ხართ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც ჩვენ გვაძლევს უფლებას, შევაფასოთ აქ არსებული სიტუაცია. ის მოსაზრება, თითქოს ევროკავშირის ნაწილად ყოფნა იმოქმედებს თქვენს ტრადიციასა და კულტურაზე და ა.შ. მტკნარი სიცრუეა. ესპანეთში ხომ არ გამქრალა ფლამენკო? ან რამე გსმენიათ, რომ საფრანგეთში საუზმეზე კრუასანებს აღარ მიირთმევენ? სწორედ კულტურული მრავალფეროვნებაა დაცული ევროკავშირში“.

ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ევროპარლამენტს საკმაოდ მკაცრი გამოხმაურებები ჰქონდა რეზოლუციების სახით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. სწორედ ამ ვითარების გამო ევროპარლამენტი არ აღიარებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მიიჩნევს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამ ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრებმა კიდევ უფრო შეავსეს საქართველოს შესახებ არსებული სურათი.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მართვის ის მოდელი, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ, სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

“მალე სასწრაფო წესით, „ფარაც“ ამოქმედდება, რაც ძალიან შეუშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას და არსებობას. თქვენ იმდენი იბრძოლეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, იმედი გვაქვს, არ დანებდებით და არ დაბრუნდებით წარსულში... ჩვენ ძალიან ვღელავთ თქვენს მომავალზე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იდგეს ევროპარლამენტის დღის წესრიგში. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ამ საკითხებზე მოსმენაც გვექნება“.

დელეგაციის წევრებმა, სურვილის მიუხედავად, ვერ მოინახულეს ციხეში მყოფი მზია ამაღლობელი. უარის მიზეზად მათ სამართლებრივი პროცედურები დაუსახელეს, თუმცა ციხეში შეშვების დიდი მოლოდინი არც ჰქონიათ, რადგან როგორც ესპანელი ევროპარლამენტარი გვეუბნება, მზია ამაღლობელთან შეხვედრას ისინი ცდილობდნენ მეგობრების დახმარებით და ამ საკითხზე ოფიციალურ პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას უვიზო რეჟიმი გაუქმების საფრთხეზეც და აღნიშნა, რომ დღეს, ზეწოლის მიზნით, უვიზო რეჟიმის გამოყენება, ამ ქვეყნის მოქალაქეების დაზიანების ტოლფასი იქნება.

“ჩვენ დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისათვის ვაჩერებთ უვიზო რეჟიმს. შეიძლება ეს მათ დიდი პრობლემებს არ უქმნის, რადგან მეორე, სამოქალაქო პასპორტსაც ფლობენ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. და ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ უვიზო რეჟიმის შენარჩუნება დამოკიდებულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე”, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორიმ.

მისივე სიტყვებით, ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს, თუ ჩაითვლება, რომ საქართველოში დემოკრატიული მმართველობის სტანდარტები არ არის დაცული. თუმცა ამ ეტაპზე სიფრთხილეს არჩევენ, რადგან:

"ეს ზომა, შეიძლება ასე გამოიყენონ: „ხედავთ? მათ ჩვენ არ ვუნდივართ. უარგვყოფენ. პატარა ქვეყანა ვართ და მხოლოდ ჩვენს მეზობლებს ვაინტერესებთ“. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ გვინდა ჩვენთან იყოთ. და ეს არის კიდეც ჩვენი მთავარი მესიჯი: თქვენ დღეს ხართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვინდა იყოთ ჩვენთან და გახდეთ ევროკავშირის წევრი. და კიდევ: გთხოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება ტყუილებს და შინაარსს, თითქოს თქვენ არ ხართ სასურველი ევროკავშირისთვის. პირიქით. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს საუკეთესოს, რაც კი შეგვიძლია რომელიმე ქვეყანას შევთავაზოთ - იყავით ევროკავშირის ნაწილი, შემდეგ კი უკვე წევრი ქვეყანაც”, - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში არ შეხვედრია ხელისუფლების წარმომადგენლებს - ნაჩო სანჩეს ამორიმ ჩვენს კითხვაზე გვიპასუხა, რომ დღეს მათი პოლიტიკაა არ ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან, ამიტომ ამ ვიზიტის ფარგლებში მათ არ ჰქონიათ კონტაქტი არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არც საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG