არა იმდენად კარგი ფილმებით (თუმცა პროგრამა წელს ნამდვილად საშუალოზე მაღალი იყო), არა ვარსკვლავების ცვენით წითელ ხალიჩაზე და მწვავე პოლიტიკური განცხადებებით, არამედ... ავარიით ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელმაც მთელი ეს რეგიონი დილის ათი საათიდან სინათლის გარეშე დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის სასახლეში გენერატორებით გააგრძელეს ფილმების ჩვენება, ქალაქს კინოსთვის ნამდვილად არ ეცალა - გაითიშა ტელეფონები, დაიხურა მაღაზიები, უამრავი ადამიანი სახლიდან ვერ გამოვიდა, რადგან ეშინოდა, რომ დაბრუნებისას ვეღარ შეძლებდა ბინაში შეღწევას ეზოს ჭიშკრებზე დაყენებული კოდების გათიშვის გამო. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია დივერსიაზე, გადაჭრილ ელექტროხაზებზე... და რადგანაც ბლექაუტი დაემთხვა კანის ფესტივალის დახურვას და იმიტომაც, რომ კანი პირველ რიგში სინეფილების ქალაქია, ავარიას უმალვე მოჰყვა „კინემატოგრაფიული ოხუნჯობები“... „ელექტროხაზები გადაჭრა გაბრაზებულმა რეჟისორმა, რომელმაც შეიტყო, რომ ჟიურიმ პრიზის გარეშე დატოვა“, „ელექტროხაზები გადაჭრეს აქტივისტებმა, რომლებმაც კელი რეიხარდტის „ოსტატი“ ნახეს“...
ამერიკული „დამოუკიდებელი კინოს“ ერთ-ერთი ლიდერის ეს მშვენიერი ფილმი, რომლითაც დაიხურა საკონკურსო პროგრამა (შესაბამისად, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვამდე რამდენიმე საათით ადრე უჩვენეს) ჯოშ ო'კონორით მთავარ როლში, 60-იანი წლების მიწურულის ნოსტალგიაა და თანაც ირონია ამ ნოსტალგიის მიმართ. თითქოს მთლიანად იმპროვიზაციაზე გათამაშებული ამბავი აზარტის მოყვარული ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც მუზეუმების გაქურდვის ვნება აქვს, ჟანრების მოულოდნელი მონაცვლეობით, კლასიკური კინოს ციტატებითაა წარმოდგენილი. სინეფილებისთვის ასეთი კინოს ყურება დიდი სიამოვნებაა.
კანის წლევანდელმა კონკურსმა ეს სიამოვნება სხვა ფილმებითაც მოგვანიჭა - რიჩარდ ლინკლეიტერის „ახალი ტალღით“ (ამ ფილმში აღდგენილია გადაღების ისტორია ჟან-ლუკ გოდარის შედევრისა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“).
იაპონელი რეჟისორის, ჩიე ჰაიაკავას „რენუარით“ (11 წლის გოგონაზე, რომელიც გარდატეხის ასაკში სამყაროს ახლებურ შეცნობას იწყებს).
ბრაზილიელი რეჟისორის კლებერ მენდონსა ფილიოს „საიდუმლო აგენტით“ (რეჟიმის მიერ დევნილ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც დიქტატურის წლებში დამალული ცხოვრება უხდება). კლებერ მენდოსა ფილიოს ეს ფილმი ჟიურიმ ერთდროულად ორი პრიზით აღნიშნა - საუკეთესო რეჟისურისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
დიდ ფესტივალებზე ასეთი პატივი იშვიათია. მით უმეტეს, რომ თუ ორიგინალურ რეჟისურაზეა საუბარი, ჩემი აზრით, ამ ჯილდოს პირველ რიგში გერმანელი მაშა შილინსკი იმსახურებდა ფილმისთვის „დაცემის ხმა“, ოთხი ეპოქის გერმანელ ქალებზე, რომელთა ცხოვრებაში ერთდროულად იბადება სექსუალური ვნება და სიკვდილის განცდა.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი უფრო ელოდნენ მსახიობ ალექსანდრ კუზნეცოვის დაჯილდოებას. დღეს უკვე დასავლეთში გადასახლებული პოპულარული რუსი მსახიობის პერსონაჟი სტალინურ რეჟიმს ებრძვის სერგეი ლოზნიცას ფილმში „ორი პროკურორი“, გეორგი დემიდოვის მოთხრობის ეკრანიზაციაში, რომელიც კრიტიკოსთა გამოკითხვებში ჯაფარ ფანაჰის „უბრალოდ ავარიასთან“ ერთად საუკეთესოდ ითვლებოდა კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
დიდი ფესტივალების ჟიური, როგორც წესი, მედიის შეფასებებს ყურადღებას არ აქცევს ხოლმე, თუმცა წელს ჟულიეტ ბინოშის გუნდი უბრალოდ რადიკალურად გაემიჯნა კრიტიკოსთა სიმპათია-ანტიპათიებს. ფაქტობრივად ერთადერთი გამონაკლისი „ოქროს პალმა“ იყო, რომელიც ფანაჰის გადაეცა, თუმცა შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟიურიმ, ბინოშის დასკვნით სიტყვაში, თავი გაიმართლა, უნდა ვაღიაროთ, რომ „უბრალო ავარია“ პოლიტიკური აქტუალურობის გამო დავაფასეთო.
საინტერესოა, რა უნდა ყოფილიყო დღევანდელ სამყაროში ფილმის შეფასების მთავარი კრიტერიუმი? სხვაგვარად როგორ უნდა დაეჭირა მხარი კანის ფესტივალს ყველაზე „მთავარი დევნილისთვის“ თანამედროვე კინოში, ჯაფარ ფანაჰისთვის? რაღაც ახალი პრიზი უნდა დაემატებინათ და მოვალეობა მოეხადათ? ფანაჰის ახალი ფილმი ხომ პასუხია, რომელიც კინოხელოვნებამ გასცა არა მარტო ირანის რეჟიმს, არამედ ყველა იმ სიგიჟეს, რაც თითქმის ერთდროულად დაესხა თავს თანამედროვე ადამიანს. რამდენად ადეკვატური იქნებოდა ჟიური „ოქროს პალმით“ რომ დაეჯილდოებინა თუნდაც ახლა უკვე „გრან-პრის“ მფლობელი, ნორვეგიელი რეჟისორი იოაჰიმ ტრიერი ფილმისთვის „სენტიმენტალური ფასეულობები“? ეს „ხელოვნება სხვაა და პოლიტიკა სხვა“? ინგმარ ბერგმანის კინოს თანამედროვე სტილიზაცია, რომელიც ფსიქოთერაპევტებთან ჩატარებული კურსის „ეკრანიზაციას“ უფრო ჰგავს... რას შემატებდა სტერილური კინოს გამარჯვება კინოხელოვნებას? თავად კანის კინოფესტივალს?
მიუხედავად უცნაურად განაწილებული პრიზებისა, კანის წლევანდელი კინოფორუმის ჟიურიმ, რომელმაც განსხვავებული გემოვნების და პრინციპების არტისტები გააერთიანა (მათ შორის რეჟისორები, მექსიკელი კარლოს რეიგადასი, კორეელი ჰონ სანსუ), პრინციპულობა გამოიჩინა და კინოს სამყაროში დამკვიდრებული მოდა საერთოდ არ გაითვალისწინა; პირველად მრავალი წლის შემდეგ, ჟიურიმ ყველანაირი პრიზის გარეშე დატოვა ბრიტანულ-ამერიკული კინო, არი ასტერის „ედინგტონი“ - „თანამედროვე ვესტერნი“ ჰოაკინ ფენიქსით, პედრო პასკალით, ემა სტოუნით მთავარ როლებში (უხეირო კარიკატურულობა რომ არა, კოვიდის წლების ამერიკის ეს სურათი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფილმად აღიქმებოდა კანის წლევანდელ პროგრამაში).
ოლივერ ჰერმანუსის „ხმის ისტორია“ - გეი-მელოდრამა პოლ მესკარით და ჯოშ ო,კონორით მთავარ როლებში (უსაშველოდ „წვინტლიანი“ პრიმიტივიზმი);
უეს ანდერსონის მორიგი დეკორატიული ბუტაფორია „ფინიკური სქემა“, მდიდარ ბიზნესმენზე, რომელიც ერთადერთ მემკვიდრედ თავის ქალიშვილს ასახელებს, რა თქმა უნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავების ცვენით;
და რაც მთავარია, „ოსკარის“ პოტენციური კანდიდატი, ლინ რემსის „მოკვდი, ჩემო სიყვარულო“ - ჯენიფერ ლოურენსით და რობერტ პატისონით მთავარ როლებში ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც მშობიარობის შემდეგ ეწყება დეპრესია, გადაზრდილი ფსიქოზში... მორიგი კინომანიპულაცია, ცუდად ნათამაშები და გაუგებრად აგრესიული.
მოულოდნელად მკაცრი აღმოჩნდა ჟიური სხვა ავტორიტეტების მიმართ. პრიზი საუკეთესო სცენარისთვის, რომელიც ძმებ დარდენებს გადასცეს ფილმისთვის „ახალგაზრდა დედები“ თითქოს ხაზს უსვამს იმას, რომ „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატებმა, თანამედროვეობის უდიდესმა რეჟისორებმა ახალ ფილმში თავიანთ დონეს ვერ მიაღწიეს. „კოლექტიური გმირის“ დრამა, როგორც ჩანს, არაა დარდენების საქმე, მათი გენიალურობა მონოდრამებში გამოჩნდება ხოლმე. ახალ ფილმში ბელგიელი ძმები გვიამბობენ ხუთ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც თავიანთ ახალდაბადებულ ბავშვებთან ერთად სპეციალურ თავშესაფარში ცხოვრობენ. რომელიმე ერთ პერსონაჟთან ემოციური ბმა რთულდება, როცა ერთი ისტორია განუწყვეტლივ იცვლება მეორით. არადა სწორედ ემოციური ბმის სიძლიერე განსაზღვრავს ჟან-პიერ და ლუკ დარდენების სტილის განუმეორებლობას.
საერთოდ არ შეიმჩნია ჟიურიმ „ოქროს პალმის“ კიდევ ერთი მფლობელის, ჟულია დუკორნოს ფილმი „ალფა“, რომელიც კრიტიკოსთა რეიტინგში ფესტივალის ბოლომდე აუტსაიდერად ითვლებოდა. ესაა ამბავი თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც მეგობრებთან ერთად მოწყობილ ფართიზე ტატუს იკეთებს, რაც, შიდსის გავრცელების ეპოქაში, პანიკაში აგდებს დედამისს... დუკორნოს სურს გამოხატოს ისტერიკა, რომელიც ლამის შიდსის ვირუსზე უფრო სწრაფად გავრცელდა გასული საუკუნის მიწურულს დასავლეთის საზოგადოებაში და გარკვეულ რისკზე მიდის - ასეთივე „ისტერიულ“, კაკაფონიურ, ამოსუნთქვას მოკლებულ კინოენას მიმართავს. მაგრამ ყველაფერი მეტისმეტად ცხადი ხდება ფილმის პირველივე ეპიზოდიდან და აღარ რჩება ადგილი მოლოდინისთვის თუ გაკვირვებისთვის.
სხვათა შორის, შიდსის ეპოქა კიდევ ერთ საკონკურსო ფილმში, კატალონიელი რეჟისორის, კარლა სიმონის „რომერიაში“ გაიხსენეს. აქ (ცოტა არ იყოს საფოსტო ბარათების მსგავს ფილმში) ახალგაზრდა ქალი მარინა ცდილობს, მიაგნოს ინფორმაციას ბიოლოგიურ მამაზე და ხვდება ნათესავებს, რომლებიც წლების მანძილზე მალავდნენ მისი გარდაცვალების მიზეზს.
საერთოდ, ფესტივალის საკონკურსო პროგრამა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მთელი მსოფლიოს საავტორო კინო დღეს ოჯახის ფასეულობებზე ფიქრითაა დაკავებული - ესპანელი მამა ეძებს სამხრეთ მაროკოში, ახალგაზრდულ ფესტივალზე დაკარგულ ქალიშვილს (ოლივერ ლაშეს „სირატი“ );
თეატრის პოპულარული მსახიობი ქალი უარს ეუბნება მამას, ცნობილ კინორეჟისორს, ითამაშოს მის ფილმში („სენტიმენტალური ფასეულობები“); 23 წლის მუსლიმ ქალს უჭირს გაუმხილოს დედას, რომ ლესბოსელია („უმცროსი და“).
ოჯახისა და იდენტობის თემა, ალბათ, მხოლოდ ერთ საკონკურსო ფილმში სცილდება საზღვრებს და სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პრობლემებს მოიცავს. ესაა ირანელი რეჟისორის, საით რუსთაის „ქალი და ბავშვი“, 45 წლის ექთან ქალზე, რომელიც მარტო ზრდის თავის ორ მცირეწლოვან ბავშვს თანამედროვე თეირანში.
რუსთაი მეორედ მონაწილეობს კანის ფესტივალის კონკურსში. სამი წლის წინ ჟიურიმ არ შეიმჩნია მისი ფილმი „ლეილა და მისი ძმები“ (თუმცა „ფიპრესის“ პრიზით აღინიშნა), წელს პრიზის გარეშე დარჩა „ქალი და ბავშვი“. ჩემი ვარაუდით, ორივე შემთხვევაში ჟიურიმ, უბრალოდ, ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რამდენად საზარელია რეალობა, რომელშიც უწევთ ცხოვრება რუსთაის ფილმის გმირებს და რატომ წარმოგვიდგინა ავტორმა ეს რეალობა მელოდრამატული სერიალის მსგავს ჟანრში (რუსთაის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სურს ირანელ მაყურებელს იმ ენაზე ელაპარაკოს, რომელიც ყველაზე კარგად ესმის უმრავლესობას).
ზუსტად იგივე შეიძლება იყოს სერგეი ლოზნიცას „ორი პროკურორის“ დაწუნების მიზეზი - რატომღაც მგონია, რომ კანის ფესტივალის მსაჯულები ვერ ჩასწვდნენ დღევანდელობას 30-იანი წლების რეპრესიების ამსახველ ისტორიაში. მაგრამ ბინოში და რეიგადასი კი არა, აგერ ჩვენშიც ბევრია ისეთი, ვინც ვერ ხედავს ანალოგიას და არ სჯერა, რომ თანდათან სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით სტალინისა და ვიშინსკის რეჟიმებს.
სამაგიეროდ ჟულიეტ ბინოშის დასკვნით სიტყვაში, რომელიც ჟიურის თავმჯდომარემ ფანაჰის „უბრალო ავარიის“ დაჯილდოების წინ წარმოთქვა, „პოლიტიკა“ რამდენჯერმე იყო ნახსენები. ფანაჰი მეორე რეჟისორია მიქელანჯელო ანტონიონის შემდეგ, რომელმაც „ა“ კლასის ოთხივე კინოფესტივალის (ბერლინი, ვენეცია, ლოკარნო, კანი) მთავარი პრიზი მოიპოვა.
ცხადია, „ოქროს პალმა“ მისი ცხოვრების, მისი გმირობის, მისი უკომპრომისობის დაფასებაა, მაგრამ „უბრალო ავარია“ არ არის მხოლოდ პოლიტიკურად მწვავე ფილმი, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ამხელს. ესაა პირველ რიგში ტრაგიკომედია შურისძიებასა და შურისძიების შეუძლებლობაზე, ადამიანის უძლურებაზე, იძიოს შური ბოროტებაზე. წარმოგიდგენიათ რა რთულია, დამაჯერებელი გახადო ეს სიუჟეტი ეკრანზე? ფანაჰი ამას ახერხებს.
ჯალათმა ხალხს სიცოცხლე გაუმწარა, ფიზიკურად და სულიერად დაასახიჩრა, ბედნიერება წაართვა... ახლა ჯალათი თითქოს განწირულია. ბოროტება ცოცხლად უნდა დაიმარხოს. მაგრამ არა, ფანაჰისთან "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ" არ გამოდის. აქ ბოროტებას ბოროტებით ვერ გადაუხდი. კი, იცის, რომ ასეთი ადამიანების დახმარებითაც ხარობენ და ძლიერდებიან რეჟიმები. მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია - ეს თვისება ასუსტებს მასში ჯარისკაცს, მაგრამ აძლიერებს არტისტს, ჰუმანისტს. ამიტომაც ჩნდება სინათლის ძლიერი ნაკადი ფანაჰის ფილმიდან. და თუკი ჯალათი ირანელი რეჟისორის ფილმს ნახავს, ვინ იცის, შეიძლება ამ სინათლემ მართლაც გააღვიძოს მასში ადამიანობა და დაამარცხოს მასში ჯალათი... ჯაფარ ფანაჰის სჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ამბობენ, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ მას საფრანგეთში დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ ირანის რეჟიმის ტყვემ უარი განაცხადა და სამშობლოში დაბრუნდა.
კანის ფესტივალის ფილმების პრემიერები, ალბათ, შემოდგომიდან მოეწყობა (ანდერსონის „ფინიკური სქემა“ უკვე გადის საქართველოს კინოთეატრებში). ჩემი რეკომენდაცია ასეთი იქნება:
- სპეციალური პრიზი - „დაცემის ხმა“ (რეჟისორი მაშა შილინსკი, გერმანია);
- ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ლეა დრუკერს ფილმში „დოსიე 157“ (რეჟისორი დომინიკ მოლი);
- მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ალექსანდრ კუზნეცოვს ფილმში „ორი პროკურორი“ (რეჟისორი სერგეი ლოზნიცა);
- საუკეთესო სცენარი - ტარიკ სალეჰი („რესპუბლიკის არწივები“ - შვედეთი);
- საუკეთესო რეჟისორი - კელი რეიხარდტი („ოსტატი“ - აშშ);
- გრან-პრი - „ქალი და ბავშვი“ (ირანი, რეჟისორი საიდ რუსთაი);
- ოქროს პალმა -„უბრალო ავარია“ (ირანი, რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი).
ფორუმი