ხმაურიანი მანქანები, მოტოციკლეტები, რომლებსაც გადაკეთებული მაყუჩები აქვს პოლიციელს შეუძლია 200 ლარით დააჯარიმოს და საჯარიმო მოედანზე გადაიყვანოს. ასეთი ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა 2 ივნისს მიიღო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის ცვლილებას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამავე კანონით ისჯება „დრიფტინგიც“ - განზრახ მოცურება, მოსრიალება. აქ ჯარიმა 300 ლარია.
ხალხს ავტომობილების ხმაური აწუხებს, განსაკუთრებით ღამე - ასე ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას პარლამენტი.
საგაზაფხულო სესიის პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 40-მდე კანონი და საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, უმეტესობა ისეთი, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისგანაც მოჰყვა მწვავე რეაქცია და ქუჩაში გამოსული პროტესტის მონაწილეებისგანაც. ამ ფონზე „მაყუჩების ახალი კანონი“ მძღოლებმა მაშინ „აღმოაჩინეს“, როდესაც პოლიციამ დაჯარიმება და მანქანების ჩამორთმევა დაიწყო.
ახლა „მაყუჩების კანონს“ ავტომოყვარულები ცხარედ განიხილავენ ინტერნეტში.
„ეს არის ძალიან კარგი კანონი, რომელიც მივიღეთ ცუდად. ყველას არ უნდა ეხებოდეს. არ შეიძლება მანქანა მხოლოდ იმიტომ ჩამოართვა და გადაიყვანო საჯარიმოზე, რომ გამშვები აქვს გადაკეთებული. ის გადაკეთებული გამშვები შეიძლება სულაც არ იყოს ხმაურიანი.
თუმცა ამ კანონის მიღება ძალიან გამიხარდა, რადგან არსებობს ხალხი, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ ყველა. გამოვარდებიან ღამე, დაბღუილობენ ამ თავის მანქანებით და აღვიძებენ ბავშვებს და ავადმყოფ მოხუცებს“, - ამბობს ნიკა, რომელიც ავტობლოგს მართავს ინტერნეტში.
მრბოლელ და ავტოექსპერტ მევლუდ მელაძის თქმით, კანონი იმიტომ შემოიღეს, რომ უკვე ძალიან ბევრ მანქანას ჰქონდა მაყუჩი გადაკეთებული, „ე.წ. ტკაცატკუციანი მაყუჩები, პოპკორნს რასაც ეძახიან“. მაყუჩის გადაკეთება მანქანის მონაცემებს არ ცვლის, უბრალოდ სპორტული მანქანების მსგავსი ხმა აქვს და თან უფრო ლამაზია.
მელაძე ამბობს, რომ საქართველოშიც კანონი საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად უნდა შეეცვალათ და არა ისე, როგორც გააკეთეს.
„ხმაურის საზომად დეციბელები უნდა შემოიტანონ და დეკორატიული ცვლილება დანაშაულად არ უნდა ჩაითვალოს. ეს იგივეა, ქალს მოსთხოვო მაკიაჟი არ გაიკეთოს. ახლა გამოვიდა, რომ სჯიან ადამიანს და თან არანაირი ციფრები არ არსებობს, ვიღაც წყვეტს, მგონია რომ ხმაურიანიაო და "მგონიაზეა" აწყობილი ყველაფერი.
პირველყოფილ წყობილებაში გადავყავართ იმას, რომ საჯარიმოზე გაშვებული მანქანების მძღოლებს მოსთხოვეს ადგილზე გამოეცვალათ მაყუჩები, რაც თითქმის შეუძლებელია. ეს მოითხოვს ქვევიდან მონტაჟს, ავტომობილის აწევას, შედუღების აპარატს," - ამბობს მევლუდ მელაძე, - "შეხვედრა იყო პარლამენტში, მძღოლებს დაუძახეს, სფეროს წარმომადგენლებს. იქ თქვეს, რომ ახლა ავტომობილებს გაატანენ, მაგრამ თუ იგივე განმეორდება, ორმაგად დაგაჯარიმებთო. გვითხრეს, რომ ადრე თუ გვიან დეციბელებსაც შემოიტანენ, მაგრამ ეს როდის იქნება არავინ იცის“.
ექსპერტს ტრანსპორტის საკითხებში ვასო ურუშაძეს უჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებას უბრალოდ ბიუჯეტის შევსება უნდა.
„შსს-მ დევნა გამოაცხადა სპორტულ მაყუჩებზე. გვიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებზე ზრუნვას კი არა ბიუჯეტის შევსებას ემსახურება.
გადაწყვიტეს, რომ ეს არის მარტივი ხერხი ხალხისგან ფული ამოიღონ. ჯარიმაც არაპროპორციულია, თუ სიჩქარის გადაჭარბება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, 100 ლარია, მაყუჩი როგორ უნდა იყოს 200 და 300 ლარი“, - ამბობს ვასო ურუშაძე.
ავტომოყვარულები და სფეროს ექსპერტები პარლამენტს მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეცვალონ კანონი და დააწესონ ნორმა (ამდენი და ამდენი დეციბელი) ადგილისა და ტრანსპორტის მიხედვით, რომლის მიღმაც ავტომობილის გამოცემული ხმა უკვე ხმაურად ჩაითვლება.
ფორუმი