Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღმოჩნდა 18 წლის ბელა მეი ერთი ჩემოდანი ნარკოტიკებით თბილისში?


თბილისში დაკავებამდე ბელა მეის მშობლები ტაილანდში ეძებდნენ. შვილს ოჯახი 3 მაისის მერე ვეღარ უკავშირდებოდა.
თბილისში დაკავებამდე ბელა მეის მშობლები ტაილანდში ეძებდნენ. შვილს ოჯახი 3 მაისის მერე ვეღარ უკავშირდებოდა.

18 წლის ბელა მეი ქალი (Bella May Culley), ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი 5 მაისის შემდეგ ტაილანდში ეძებდა, პოლიციამ თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

რას ამბობს ბრალდება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები, რომლებზეც, გამოძიების მტკიცებით, აღბეჭდილია დაფასოებული ნარკოტიკები, რომლებიც ბელა მეის ბარგში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები, რომლებზეც, გამოძიების მტკიცებით, აღბეჭდილია დაფასოებული ნარკოტიკები, რომლებიც ბელა მეის ბარგში იპოვეს.

ზურაბ ტატუნაშვილი, უფროსი მებაჟე-ოფიცერი, ასე აღწერს 18 წლის გოგოს ჩანთაში ნარკოტიკების პოვნას:

„ვახორციელებდი ბარგის დათვალიერებას რენტგენო-სკანერის საშუალებით. ერთ-ერთი ჩანთა მივიჩნიე საეჭვოდ შიგთავსიდან გამომდინარე და მოვახდინე ამ ჩანთის დასტიკერება საბაჟო სტიკერით, რაც გულისხმობს მის შემდგომ ფიზიკურ დათვალიერებას მგზავრთან ერთად, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში“.

18 წლის ბელა მეის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 13 მაისს პატიმრობა შეუფარდა.

18 წლის ბელა მეი ქალი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, წინასასამართლო სხდომაზე. 13 მაისი, 2025 წელი
18 წლის ბელა მეი ქალი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, წინასასამართლო სხდომაზე. 13 მაისი, 2025 წელი

ბელა მეი ქალი დუმილის უფლებას იყენებს. მან მოსამართლის კითხვებს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით არ უპასუხა. 13 მაისს სასამართლოს დარბაზში თქვა მხოლოდ ის, რომ ორსულადაა.

პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს - სად და როგორ შეიძინა მან ნარკოტიკები, რატომ შემოიტანა ისინი საქართველოში. გამოძიება ამბობს, რომ დასადგენია მასთან დაკავშირებული ადამიანებიც.

რას ამბობს ადვოკატი?

ბრიტანეთის მოქალაქის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ია თოდუა იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მომენტისათვის ის დუმილის უფლებას იყენებს. მისი აღქმით, გოგო „დაბნეული და შეშინებულია“:

„როდესაც ბრალდება წარედგინა, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის უცხო გარემო იყო, პირველი შემთხვევა იყო სამართალდამცავებთან კომუნიკაციის, შევათანხმეთ ასეთი პოზიცია, რომ გამოეყენებინა დუმილის უფლება, რათა ჩამოყალიბდეს.

რამდენიმე დღეში ისევ მოხდება მასთან კომუნიკაცია, შესაბამისად, თუკი სურვილი ექნება, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმ კუთხით, რომ მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს უკვე შემდგომში შეთანხმდება."

ადვოკატი ამბობს, რომ უკვე მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას, გამოიკვლიონ 18 წლის ბელა მეის ჯანმრთელობაც:

„დაკავებული ამბობს, რომ ორსულადაა, მას სჭირდება საგანგებო გამოკვლევა და ყურადღება. გარდა ამისა, ჩემი შეფასებით, იყო დათრგუნული, დაბნეული და შეშინებული“.

ია თოდუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბელა მეი ქალის მამა, ნეილ ქალი, საქართველოში 14 მაისს, საღამოს ჩამოფრინდება.

მისივე თქმით, საქმეში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან კერძო ადვოკატებიც.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოში დაკავებული ბრიტანელი ქალის ოჯახს და ასევე კონტაქტი გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან“, - მოგვწერეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოდან.

არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი არ ამბობენ, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ბელა მეი ქალი საქართველოში და საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუ ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში აპირებდა გამგზავრებას.

ადვოკატი ია თოდუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბელა მეი ქალი საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა და სამგზავრო ბილეთების თანახმად, საქართველოში რჩებოდა.

ვინ არის ბელა მეი ქალი?

ბრიტანეთის მოქალაქე, 18 წლის ბელა მეი ქალი, ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.

ოჯახის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.

ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

ეს არის მისი უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც მან 5 მაისს გამოაქვეყნა:

ბელას გაუჩინარებისა და შემდეგ თბილისში დაკავების შესახებ ბევრს წერს ბრიტანული მედია.

ბელას მშობლები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდნენ. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.

შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.

თბილისში დაკავებული გოგოს დედა, ლაიან კენედი, ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:

„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“.

ქალი გამოცემა THE SUN-თან საუბრისას ამბობს, რომ შვილს სთხოვდა, არ წასულიყო ტაილანდში:

„ნამდვილად არ მინდოდა, რომ იქ წასულიყო. ვთხოვდი, დაბრუნებულიყო სახლში. არ ვენდობოდი იქ მყოფ ბიჭებს, მაგრამ უნდოდა, რომ იმ მეგობრებს შეხვედროდა, რომლებიც იქ წინა მოგზაურობისას გაიცნო. არ ვიცი ისინი ვინ არიან“.

კლივლენდის პოლიციამ ბელა მეი ქალის საქართველოში დაკავება 13 მაისს მოკლე განცხადებით დაადასტურა:

„საქართველოს ხელისუფლების მიერ დადასტურდა ინფორმაცია, რომ 18 წლის ქალი ბილინგემიდან დაკავებულია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ბრალდებით და ის ახლა მათი მეთვალყურეობის ქვეშაა“.

ბრიტანული გამოცემა THE SUN-ი წერს, რომ ბელა მეი ქალის მშობლები შოკირებული არიან თავიანთი შვილის საქართველოში დაკავებით და ისიც კი არ იცოდნენ, რომ ის ტაილანდში აღარ იმყოფებოდა.

დაკავებული ბელა მეი ქალი პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ. 11 მაისი, 2025 წელი
დაკავებული ბელა მეი ქალი პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ. 11 მაისი, 2025 წელი

საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ ივლისს გაიმართება. სხდომას ბელა მეი ქალი რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაელოდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG