Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შედეგიანია ბოიკოტი? - რამდენიმე მაგალითი ისტორიიდან


პროევროპული აქცია თბილისში
პროევროპული აქცია თბილისში

რუსეთი, ალბანეთი, ირანი - არჩევნების ბოიკოტი, რომელზეც საქართველოში ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა დავობენ, ამ ქვეყნებმა უკვე გამოიარეს. რა მოიტანა პროტესტის ამ ფორმამ, რა გამოცდილება აქვს მსოფლიოს?

ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აღიარებს, თუმცა ნაწილი („ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“) მაინც თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში. დანარჩენები არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდნენ.

2025 წელი არის პირველი შემთხვევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, როდესაც არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მოუწვევიათ ეუთო/ოდირის ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია.

არც მონაწილეობა, არც ბოიკოტი - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ვიდეომიმართვაში:

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც - ბოიკოტის. ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში. და დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს“, - განაცხადა მან. უფრო ადრე სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ ბოიკოტზე ChatGPT-ს [ხელოვნურ ინტელექტს] ჰკითხა, იმან კი უპასუხა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს მაგალითი, როდესაც ბოიკოტით ვინმემ სადმე გაიმარჯვა.

მართლაც, რამდენად შედეგიანია ბოიკოტი? აქ მოვიყვანთ არა თეორიულ, არამედ რამდენიმე გახმაურებულ გამოცდილებას.

ნავალნი ბოიკოტს უწყობს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს

2018 წელს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ნავალნიმ მოსახლეობას ბოიკოტისაკენ მოუწოდა და ამომრჩეველთა გაფიცვის მხარდამჭერი აქციაც დანიშნა.

არჩევნების ბოიკოტი რუსეთში. 2018 წელი
არჩევნების ბოიკოტი რუსეთში. 2018 წელი

არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. სადამკვირვებლო ჯგუფმა „გოლოსმა“ ორიათას ორასზე მეტი დარღვევა დათვალა. ნავალნის მომხრეები ამბობდნენ, რომ ამომრჩევლები ავტობუსებით გადაჰყავდათ უბნებში ხმის მისაცემად. ხაბაროვსკიდან გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სურსათზე შეღავათიან ფასებს სთავაზობდა, უბნებზე მისვლის სანაცვლოდ.

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

2018 წელს ვლადიმირ პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. მალევე ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს. ორიოდე წლის შემდეგ ის ციხეში გარდაიცვალა.

ცარიელი უბნები ირანში

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 18 ივნისს საყოველთაო აპათიის ფონზე ჩატარდა. აპათიის მიზეზი იყო სიდუხჭირე, ხელისუფლების ძალადობა მოქალაქეებზე და ცუდად მართული კოვიდპანდემია. ირანის გავლენიანმა უწყებამ, გუშაგთა საბჭომ, არჩევნებზე არ დაუშვა ბევრი რეფორმისტი კანდიდატი. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელებს მიმართა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ და არ მოესმინათ „ხალხის მტრებისთვის“ - ოპონენტი პოლიტიკოსებისთვის - რომლებიც მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

არჩევნების დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზია უჩვენებდა რიგებს საარჩევნო უბნებზე, რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა კი გამოაქვეყნა სრულიად საპირისპირო შინაარსის ვიდეო - თეირანის ცარიელი ქუჩებით.

გამარჯვებულად გამოცხადდა ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ებრაჰიმ რაისი. ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა.

ვენესუელის მარადიული პრეზიდენტი

ვენესუელაში ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი. არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო იდეალური, სოციალისტური პარტიის ლიდერის, ნიკოლას მადუროს გამარჯვებით, რომელიც 2013 წლიდანაა ქვეყნის პრეზიდენტი. მადუროს გამარჯვება არ აღიარა ბევრმა სახელმწიფომ, არც აშშ-მა და ევროკავშირმა.

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. 2024 წელი
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. 2024 წელი

უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მონაწილეობაზე უარი თქვა. მმართველმა ძალამ ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა. დაახლოებით 20 პროცენტამდე ხმები მოაგროვეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს.

მესამედ მადურომ კენჭი იყარა 2024 წლის 28 ივლისს და ოფიციალური მონაცემებით, ისევ გაიმარჯვა. ევროკავშირს არც ეს გამარჯვება არ უღიარებია. ვენესუელის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული და რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის შესწავლილი ოქმების ასლების საფუძველზე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა. გამარჯვებულად გონსალესი აღიარეს შეერთებულმა შტატებმაც და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმაც.

ვენესუელაში ისევ დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. სასამართლომ გასცა ედმუნდო გონსალესის დაპატიმრების ორდერი კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებისა და საბოტაჟის ბრალდებებით. გონსალესმა, რომელიც თავს ესპანეთის საელჩოს აფარებდა, ქვეყანა დატოვა.

ალბანეთის თვითმმართველობის არჩევნები

ალბანეთში ოპოზიციამ 2019 წლის თვითმმართველობის არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი. რამდენიმე ოპოზიციონერმა მერმა არჩევნებისთვის შენობებიც კი არ გამოყო. აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაწვეს ბიულეტენები. მანამდე ოპოზიცია თვეების განმავლობაში ითხოვდა ედი რამას გადადგომას, რომელიც 2013 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. ოპოზიცია მას წინა არჩევნების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებდა. თავად პრემიერ-მინისტრმა ეს ბრალდება უარყო.

თვითმმართველობის არჩევნები ალბანეთში. 2019 წლის 30 ივნისი
თვითმმართველობის არჩევნები ალბანეთში. 2019 წლის 30 ივნისი

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, არჩევნები ჩატარდა. ედი რამა დღემდე ალბანეთის პრემიერად რჩება.

ნეპალი - მონარქიიდან რესპუბლიკამდე

ნეპალში 2006 წლის არჩევნებს ბოიკოტს ნეპალის კომუნისტური პარტია (მაოისტები) უცხადებდა. ისინი სხვა პარტიებთან ერთად უფრო წარმომადგენლობით დროებით მთავრობას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, 2008 წლის 10 აპრილს, მაოისტების ლიდერმა პრაჩანდამ მაინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მისი ლიდერობით მაოისტებმა 601-კაციან საკონსტიტუციო ასამბლეაში 220 ადგილი მოიპოვეს. შემდეგ თვეებში ხელისუფლებამ ნეპალი მონარქიის ნაცვლად დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა, უკვე აგვისტოში კი პრაჩანდა პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

არჩევნები 1990 წლის საქართველოში

1990 წლის 28 ოქტომბერს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემავალმა საქართველომ ჩაატარა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები. ეს პირველი არჩევნები იყო, რომელშიც ხმის მიცემა კომუნისტურის გარდა, სხვა პარტიებისთვისაც შეიძლებოდა. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს გიორგი ჭანტურიასა და ირაკლი წერეთლის „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ“.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია

„მათ არ სჯეროდათ, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და მოიმიზეზეს, საბჭოთა არჩევნებია და ამის გამო არ ვმონაწილეობთო. არჩევნების შედეგებზე ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია. ძალიან მაღალი აქტივობა იყო, 70 პროცენტამდე. მაგაზე მეტი ხალხი არც მისულა მას მერე არჩევნებზე. შემდეგ ხანდახან შალვა ნათელაშვილი უცხადებდა არჩევნებს ბოიკოტს და არც ამას მოჰქონდა შედეგი.

საერთოდ, ბოიკოტს არსად არაფერი შედეგი არ მოაქვს, მით უმეტეს საქართველოში არ აქვს აზრი, რადგან საარჩევნო ბარიერი არ არსებობს. ცოტა ხალხი მივა თუ ბევრი, მნიშვნელობა არა აქვს“, - ამბობს პოლიტოლოგი ირაკლი მელაშვილი.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად.

ყოფილი დიპლომატი დავით ჩხეიძე კი, რომელიც დაუმორჩილებლობის მომხრეა, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან ამისთვის მზად არ არის, ქვეყანაში მასობრივი რეპრესიებია, ხალხს თავისუფალი ნების გამოხატვა გაუჭირდება და არც საარჩევნო კანონმდებლობაა შესაბამისი.

„ვგულისხმობ დღევანდელ საარჩევნო ადმინისტრაციას, რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, მედიის, დამკვირვებლების მიმართ. ის, რაც არ იყო დამაკმაყოფილებელი 2024 წლის არჩევნების დროს, მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება, ყველა კრიტერიუმით“, - ამბობს დავით ჩხეიძე.

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოიკოტი უფრო პროტესტის ნაწილია და ის ცალკე აღებული, საერთაშორისო ზეწოლისა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე შედეგიანი ვერ ხდება.

საქართველოში ოპოზიცია ჯერ საერთო სამოქმედო გეგმაზე არ შეთანხმებულა. თუმცა სალომე ზურაბიშვილის ხედვით, დღევანდელ ვითარებაში რეალისტური გეგმა იქნება შემდეგი:

  • გაძლიერებული პროტესტი და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა;
  • წინააღმდეგობის პლატფორმის გაფართოება;
  • „ქართული ქარტიის“, როგორც სამოქმედო გეგმის გაძლიერება.


  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG