პროექტი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება უჭერს მხარს, ბევრ კითხვას ბადებს ხარჯების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, მაღალი სეისმური რისკის ზონაში მდებარეობს, ჩეჩნეთი ასევე იმყოფება ფედერალური ბიუჯეტის დოტაციაზე. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური (Kavkaz.Realii) შეეცადა გაერკვია, თუ რაში სჭირდება რამზან კადიროვს ასეთი ძვირადღირებული ობიექტი.
2025 წლის მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი (РФПИ) და „პრომსვიაზბანკი“ (ПСБ) პარიტეტის საფუძველზე, გროზნოს ცენტრში მრავალფუნქციური მაღალსართულიანი კომპლექსის, „ახმატ ტაუერის“, მშენებლობისთვის 2,5 მილიარდ რუბლს გამოყოფს. როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი იტყობინება, ჩეჩნეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერეს რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური და ტერიტორიული განვითარების მინისტრმა, რუსტამ შაფტუკაევმა და შპს „ახმატ ტაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ადამ დოკაევმა.
„ჩვენთვის ეს ზრდის მორიგი წერტილია. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ მშენებლობას. როგორც ცნობილია, გრუნტისა და საძირკვლის გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია, ახლა ჩვენ ვქმნით პროექტის ფინანსურ მოდელს“, - თქვა შაფტუკაევმა შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
მთავარი შენობა კი არა, მასში ჩადებული შინაარსია
შეთანხმების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის მთავრობა მუშაობდა „ახმატ ტაუერის“ პროექტის განახლებულ პრეზენტაციაზე. ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყო 26 მლნ რუბლი ახალი „სამშენებლო კონცეფციის“ შემუშავებისთვის. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, შენობა შვიდი წლის წინ - 2018 წელს უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა საძირკვლის დონეზე შეჩერდა.
ავტორების ჩანაფიქრით, „ახმატ ტაუერი“ უნდა იყოს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა. საუბარია 102-სართულიან ცათამბჯენზე, რომლის სიმაღლე 435 მეტრია. როცა შენობა აშენდება, რუსეთში მასზე მაღალი მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში მდებარე „ლახტა-ცენტრი“ იქნება. ამ შენობის სიმაღლე 462 მეტრია და მასშია განთავსებული „გაზპრომის“ ცენტრალური ოფისი. ამასთან, როგორც ТАСС აღნიშნავს, „ახმატ ტაუერი“ იქნება ევროპაში პირველი ცათამბჯენი, რომელიც მაღალი სეისმური აქტივობის ზონაში აშენდება. ჩეჩნეთში მიწის რყევები იშვიათი როდია. მაგალითად, 2008 წლის მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდა რიხტერის სკალით 5,8 იყო, 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სპეციალისტების თქმით, კიდევ ერთი საფრთხე დრონებია. 2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დრონებმა ჩეჩნეთის ტერიტორიას სულ მცირე ხუთჯერ შეუტიეს. ბოლო თავდასხმას ემსხვერპლა ბაქოდან გროზნოში მიმავალი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც, დრონების მოგერიების რეჟიმში მყოფმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა.
გროზნოში ცათამბჯენის ერთ-ერთი პირველი პროექტი რუსმა არქიტექტორმა, ალექსანდრ ზუსიკმა შეიმუშავა. ჩანაფიქრის თანახმად, კოშკში განთავსდება ოფისები, აპარტამენტები, ფიტნეს და სპა ცენტრები, სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, მუზეუმი, რესტორნები და „ევროპაში ყველაზე მაღალი სათვალიერებელი პლატფორმა“. პროექტის სტრუქტურული ნაწილი, ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, შეიმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ - ამერიკულმა Thornton Tomasetti-მ.
ამჟამად, რუსეთისა და ჩეჩნეთის წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების გამო პროექტის განხორციელებაში ამერიკელი კონტრაქტორების მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა. ამ ეტაპზე მშენებლობას, ამერიკელების მიერ ადრე შემუშავებული პროექტის მიხედვით, მოსკოვური რუსული კომპანიების ჯგუფი, „სმარტ“ ახორციელებს.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, „ახმატ ტაუერის“ არქიტექტურა შთაგონებულია შუა საუკუნეების ჩეჩნური საგვარეულო კოშკებით: ფასადის დიზაინში გამოყენებულია ქონგურებიანი სილუეტი, რომელიც ქვის წყობის ძველი წესის იმიტირებას ახდენს.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ცათამბჯენის აშენების სურვილი პირველად 2013 წელს გამოთქვა. ოფიციალურად პროექტმა სტარტი აიღო 2015 წელს, მოსამზადებელი სამუშაოები კი 2016 წლის იანვარში დაიწყო.
იმავე წლის სექტემბერში დაიწყო საძირკველში გაბურღულ ჭებში რკინა-ბეტონის ძელების ამოყვანა. 2017 წლიდან 2020 წლამდე მშენებლობის პროგრესის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2021 წელს კი, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც პროექტს ზედამხედველობს, განაცხადა, რომ ეკონომიკური სირთულეებისა და COVID-19 პანდემიის გამო ცათამბჯენის მშენებლობა შეჩერდა.
ფინანსური საკითხები
„ამ ეტაპზე დაგეგმილია პირველი ორი ეტაპის დაფინანსება. პირველი ეტაპი - საპროექტო დოკუმენტაციის განახლება. მეორე ეტაპი - საძირკვლის, საკმაოდ რთული საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის დასრულება“, - განაცხადა РФПИ-ის წარმომადგენელმა ანდრეი კოლოკოლნიკოვმა „ახმატ ტაუერის“ მშენებლობისთვის 2,5 მილიარდი რუბლის (32 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
თავდაპირველად, ცათამბჯენის მშენებლობის ღირებულება 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ახლა, როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, 2025 წლისთვის პროექტში მთლიანი ინვესტიციები შეიძლება 103,5 მილიარდ რუბლს შეადგენდეს, რაც დოლარებში დაახლოებით 1,3 მილიარდია.
2016 წელს, გროზნოს მაშინდელი მერი, მუსლიმ ხუჩიევი, იტალიის ქალაქ ვერონაში, ევრაზიის ფორუმზე ირწმუნებოდა, რომ „ახმატ ტაუერი“ ექსკლუზიურად კერძო ინვესტიციებით აშენდებოდა. „არც ერთი კაპიკი ბიუჯეტიდანო“, განაცხადა მან.
მაშინ ასეთი განცხადება ლოგიკურად ჩანდა: ჩეჩნეთის ბიუჯეტი ძირითადად ფედერალური სუბსიდიების ჯამია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კადიროვის ოჯახში მიდის, დანარჩენი თანხა კი სოციალური და ფედერალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება. 2022 წლის შემდეგ გარკვეული თანხა ასევე ხმარდება უკრაინის წინააღმდეგ ომს.
თუმცა ბოლო წლებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცათამბჯენის მშენებლობისთვის კერძო თანხების მოზიდვის გეგმებიდან ფაქტობრივად არაფერი დარჩა: კონტრაქტები გაფორმდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, ჩეჩნეთის მთავრობას, „პრომსვიაზბანკსა“ და შპს „ახმატ ტაუერს“ შორის - ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორი, ადამ დოკაევი, როგორც Kavkaz.Realii-ს რედაქცია ამტკიცებს, მჭიდრო კავშირშია დელიმხანოვისა და გერემეევის კლანებთან, ხოლო მათი მეშვეობით - რამზან კადიროვთანაც.
არც რუსეთის ფედერალური და არც ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლება არ ამბობს, რა დაჯდება მთელი პროექტი. როგორც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა რუსტამ შაპტუკაევმა განაცხადა, ფინანსური მოდელი ჯერ მხოლოდ ფორმირების პროცესშია. თავის მხრივ, რესპუბლიკის ეკონომიკური და ტერიტორიული განვითარების სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, ალი მაგომადოვმა, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მშენებლობის თარიღებიც კი არ არის დადგენილი.
„ჩეჩნეთის გული“ - ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი მსოფლიოში. გაიხსნა 2008 წლის 17 ოქტომბერს და ეწოდა რამზან კადიროვის მამის, ჩეჩნეთის ყოფილი მუფთის, ახმატ კადიროვის სახელი. მეჩეთი მდებარეობს მდინარე სუნჯის ნაპირზე, უზარმაზარი პარკის შუაგულში და შედის ისლამურ კომპლექსში, ისლამურ უნივერსიტეტთან და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოსთან ერთად. მეჩეთი აგებულია კლასიკურ ოსმალურ სტილში. მეჩეთის ცენტრალური ნაწილი გადახურულია გუმბათით, რომლის დიამეტრია 18 მეტრი, სიმაღლე - 32 მეტრი. მინარეთების სიმაღლეა 63 მეტრი, რაც ყველაზე მაღალია სამხრეთ რუსეთში. მეჩეთის ფართობია 5 000 კვ.მ და იტევს 10 ათას ადამიანს.
რაში სჭირდება კადიროვს ცათამბჯენი?
დუბაიში მომუშავე ჩეჩენი ბიზნესმენი (რომელიც Kavkaz.realii-თან კომენტარის გაკეთებას ანონიმურობის პირობით დათანხმდა) მიიჩნევს, რომ „ახმატ ტაუერის“ პროექტი, პირველ რიგში, ჩეჩნეთის მეთაურის გიგანტომანიის დასაკმაყოფილებლად არის გამიზნული. ბიზნესმენის აზრით, ასეთი მასშტაბური და ძვირადღირებული ცათამბჯენის მშენებლობას, ისევე როგორც მის შემდგომ ექსპლუატაციას, არანაირი ეკონომიკური შინაარსი და მიზანშეწონილობა არ აქვს.
„უძრავი ქონების ბაზრის ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში ეს სფერო ისედაც გაჯერებულია და, რომ ამჟამინდელი ფასების დიაპაზონი აშკარად მანიპულაციურია, რადგან მოთხოვნას ხელოვნურად ამყარებენ კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ამ „პრესტიჟულ“ ახალ შენობებში ინვესტიციებს დებენ, რადგან ფულის დაბანდების სხვა ადგილი არც აქვთ. თუმცა, ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც კი, რესპუბლიკაში შეინიშნება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია“, - აღნიშნავს ჩეჩენი ბიზნესმენი.
მისი თქმით, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის არსებული მოდელი არანაირად არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საბინაო მონსტრი ოდესმე შეძლებს გაწეული ხარჯების დაფარვას, რადგან მოსკოვისთვის ჩეჩნეთის დოტაციური დამოკიდებულება მისი პოლიტიკური დამოკიდებულების ეკვივალენტურია. დუბაიში მომუშავე ჩეჩენი ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში კადიროვისა და მოსკოვის ინტერესები სრულ თანხვედრაშია.
ფორმალურად, „ახმატ ტაუერი“ კერძო საკუთრებაა
Kavkaz.Realii-ს რედაქციამ გამომძიებელ ჟურნალისტსა და ანტიკორუფციულ ექსპერტს ილია შუმანოვს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა „ახმატ ტაუერის“ პროექტზე. ჟურნალისტის აზრით, მშენებლობის მთავარი მიზანი დამატებითი ფედერალური სახსრების მოზიდვა და თავისიანებში განაწილებაა.
„სინამდვილეში ვინ არის [დაგეგმილი ცათამბჯენის] მფლობელი? არსებობს ამავე სახელწოდების კომპანია „ახმატ ტაუერი“, რომელიც ჩეჩნეთშია რეგისტრირებული და, სავარაუდოდ, სწორედ ის განახორციელებს პროექტს. ეს კომპანია აშკარად დაკავშირებულია ე.წ. ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებთან. ადამ დოკაევი ჩეჩნეთში საკმაოდ ცნობილი ადამიანია. მაგალითად, მას ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი „გროზნო მოლი“. ადრე ამ სავაჭრო ცენტრის მფლობელი იყო ვახიდ გერემეევი, რაც პროექტსა და დეპუტატ დელიმხანოვს შორის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. მოკლედ, გამოდის, რომ სწორედ კადიროვის უახლოესი გარემოცვა გახდება ცათამბჯენის მშენებლობის მთავარი ბენეფიციარი“, - მიაჩნია ილია შუმანოვს.
რაში სჭირდება კადიროვს გროზნოში ცათამბჯენი? ამ კითხვის პასუხად ექსპერტი ამბობს, რომ შენობას უფრო საიმიჯო დანიშნულება აქვს, ვიდრე პრაქტიკული. შესაბამისად, მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ახმატ ტაუერი“ სრულფასოვანი კომერციული ფუნქციის შესრულებას შეძლებს.
„კადიროვი და მისი ახლო გარემოცვა რეგულარულად სტუმრობენ დუბაის და, რა თქმა უნდა, იქ ნახულობენ ტრიუმფალურ არქიტექტურულ ობიექტებს, რომლებიც მათი მფლობელებისა და მომხმარებლების მაღალ სტატუსს უსვამენ ხაზს. ჩეჩნეთი, რა თქმა უნდა, ასეთი შენობებით ვერ მოიწონებს თავს. აქ მთავარი მხოლოდ შენობა კი არა, მისი შინაარსია: საჭიროა მმართველი კომპანიები, რომლებიც შეარჩევენ მოიჯარეებს, უზრუნველყოფენ ოფისების, გასართობი ადგილების, მთელი კომპლექსის ფუნქციონირებას. ჩეჩნეთის ხელისუფლებას ასეთი გამოცდილება არ აქვს“, - ამბობს შუმანოვი.
მისი თქმით, ასეთი „სუპერ-მეგა-ცათამბჯენის“ შექმნისა და მართვის გამოცდილების ნაკლებობის კომპენსირების მიზნით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა ნამდვილად დაინტერესებულია გარე ინვესტიციების, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. თუმცა მთავარი ბენეფიციარი, მაშინაც კი, როდესაც მშენებლობისთვის გამოიყოფა ფედერალური სახსრები, მაინც იგივე იქნება - ჩეჩნეთის თავკაცი.
„ვფიქრობ, ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, პრინციპში, შესაძლოა მზად იყოს გროზნოს ცათამბჯენში ოფისების განთავსებისთვის - განსაკუთრებით თუ საუბარია ისლამურ ბანკინგზე ან ახლო აღმოსავლურ პროექტებზე, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული. ამ თვალსაზრისით, სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმე დაინტერესდეს თანამშრომლობით. ფორმალურად ხომ „ახმატ ტაუერი“ კერძო საკუთრებაშია გადაცემული, რათა თავად რამზან კადიროვს ფორმალურად მასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს“, - ამბობს ილია შუმანოვი.
სამი ყველაზე მაღალი შენობა რუსეთში:
Lakhta Centre (სანქტ-პეტერბურგი) - 462 მ. 87 სართული, 2019 წ.
Vostok Tower - 370 მ. 85 სართული; 2017 წ.
Mercury City Tower – 338,8 მ. 75 სართული, 2013 წ.
სამი ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში
- Axis Towers – 149,6 მ
- Alliance Highline - 138 მ
- Biltmore Hotel - სიმაღლე: 136 მ.
სამი ყველაზე მაღალი შენობა აზერბაიჯანში:
- Baku Tower - 277 მ; 52 სართული, 2024 წ.
- SOCAR Tower - 209 მ; 42 სართული, 2016 წ.
- Flame Towers-1 - 182 მ. 39 სართული, 2013 წ.
ფორუმი