Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მართული ზანგეზურის დერეფანი - გეოპოლიტიკური ჩიხი თეირანისთვის, ახალი წესრიგი რეგიონისთვის?


ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი

შეერთებული შტატების შეთავაზებამ, ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანსა და მის ანკლავს ნახიჩევანს სომხეთის გავლით აკავშირებს, სამხრეთ კავკასიაში განხეთქილება გააღრმავა, ირანი კი შეაშფოთა.

სასწორზე დევს არა მხოლოდ რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირება, არამედ გეოპოლიტიკური წესრიგი ირანისთვის მტკივნეულ ჩრდილოეთ საზღვართან. სიუნიქის პროვინციაში გამავალი 43-კილომეტრიანი დერეფანი თეირანის სტრატეგიულ გათვლებს თავდაყირა აყენებს.

ჰამიდრეზა აზიზი, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის მკვლევარი, ამბობს, რომ ამგვარად „ირანი სამხრეთ კავკასიაში სომხეთის გავლით ვეღარ გავა“ და მოუწევს იმ მარშრუტის „წყალობაზე“ დარჩეს, რომელსაც „აზერბაიჯანი ან სხვა საერთაშორისო აქტორები აკონტროლებენ“.

RFE/RL-თან საუბრისას, მკვლევარმა ამ დერეფანს „კუბოში ჩარჭობილი ბოლო ლურსმანი“ უწოდა. ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელსაც ზოგიერთმა დამკვირვებელმა ირანის „გეოპოლიტიკური მოგუდვა“ დაარქვა.

თუ დერეფანს ბაქო ან უცხოეთი გააკონტროლებს, ირანი ჩრდილოეთში ვაჭრობის ბერკეტს დაკარგავს.

„სამხრეთ კავკასიაში, რუსეთსა და ევროპაში ვაჭრობისას ირანი თითქმის მთლიანად აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა აზიზიმ, - „ეს მის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს“.

მისივე თქმით, თუ მარშრუტმა ირანს გვერდი აუარა, შესაძლოა შემცირდეს ირანის როლი ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რაც დაასუსტებს მისი, როგორც პეკინის პარტნიორის როლს.

უსაფრთხოება და რეგიონული წესრიგი

თეირანის მთავარი თავის ტკივილი ის არის, რომ დერეფანმა შესაძლოა გაზარდოს თურქეთის გავლენა, მეტიც იქ აშშ შემოიყვანოს.

„ირანს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ასეთი დერეფანი საბოლოოდ გააქარწყლებს ნებისმიერ პერსპექტივას ირანის მონაწილეობისა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტში,“ - ამბობს აზიზი. მისი თქმით, აშშ-ის მართული მარშრუტი ამ შიშს აძლიერებს, რადგან ამის შედეგად ამერიკის ინტერესები „პირდაპირ ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე „განთავსდება“.

ეს ყველაფერი ხდება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირების, უკრაინაში ომისა და ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ძალების გადალაგების ფონზე. ირანი, რომელსაც ადრე მოსკოვი ეიმედებოდა, ხედავს, რომ მისი უსაფრთხოების ბუფერი საფრთხეშია.

„შეზღუდული სტრატეგიული არჩევანის“ პირობებში, თეირანი ცდილობს ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთანგააღრმაოს ურთიერთობა და თან „მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს სომხეთთან, პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით“.

აზიზის თქმით, ირანის ოფიციალური განცხადებები და სამხედრო წვრთნები, რომლებიც რეგიონში 2021 წლიდან იმართება, კონფრონტაციაზე მეტად იმაზე მიანიშნებს, რომ თეირანი არ დათანხმდება მის საზღვართან უცხოეთის სამხედრო თუ პოლიტიკური ძალა არსებობდეს.

კონტროლი, ტრანზიტი და სუვერენიტეტი

აშშ-ის წინადადება ერევანსა და ბაქოშიც ფრთხილად მიიღეს.

აზერბაიჯანი ამ დერეფანს უყურებს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტს ნახიჩევანთან დასაკავშირებლად, ასევე, როგორც რეგიონული ინტეგრაციის ნაწილს ომის შემდეგ.

სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვის შიშით, ხაზგასმით აცხადებს, რომ ნებისმიერს მარშრუტს თავად უნდა აკონტროლებდეს. ერევანი შიშობს, რომ თუ ამ მარშრუტს „კორიდორის“ სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა, შესაძლოა სომხეთმა მასზე კონტროლი მართლაც დაკარგოს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ცალსახად აცხადებს, რომ „არანაირი სურვილი არა აქვს მესამე მხარე, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაერიოს“, - ამბობს ერევანში არსებული რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი.

აზერბაიჯანისთვის, ეს მარშრუტი არის დაუბრკოლებელი კავშირი ნახიჩევანთან და ნებისმიერი გარე ზედამხედველობა - ამერიკული, ევროპული თუ რუსული - მისთვის მიუღებელი იქნება.

რეალური წინადადება თუ ტრიუკი?

ვაშინგტონისთვის ეს პროექტი აჩვენებს მცდელობას, გამოიყენოს რეგიონში წარმოქმნილი ვაკუუმი მაშინ, როცა მოსკოვის ურთიერთობა ბაქოსთან და ერევანთან უარესდება და რუსეთის გავლენა იკლებს.

გირაგოსიანი ამ გეგმას ეჭვის თვალით უყურებს. „სერიოზულად არ განვიხილავ ამ წინადადებას... სკეპტიკურად უყურებენ ბაქოში და ერევანშიც“, - თქვა მან და შეთავაზებას „უპასუხისმგებლო ქონებრივი გარიგება“ უწოდა. გირაგოსიანი დარწმუნებულია არაა, რომ ვაშინგტონს რეგიონის სირთულეები კარგად აქვს გააზრებული.

„ეს ამბავი უფრო მშვიდობის [ნობელის] პრემიის დევნას ჰგავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, რეალურად გაწეულ სამუშაოსა და რეალიზების პერსპექტივის გარეშე“.

სირთულეებს ქმნის ისიც, რომ რკინიგზას სომხეთში რუსეთი მართავს, პრობლემაა დასავლეთის სანქციებიც.

„ეს უფრო გაართულებს საქმეს, რადგან აშშ-ის კერძო კომპანია ცდილობს გზებისა და რკინიგზის ოპერირებას იმ პირობებში, როცა ეს ინფრასტრუქტურა ან რუსეთისაა ან რუსეთი მართავს“, - ამბობს გირაგოსიანი.

თეირანისთვის დერეფნის შესახებ დისკუსია უფრო დიდ შიშს უკავშირდება - იზოლაციას, ალყას და გავლენის დაკარგვას.

ახლა ირანისთვის რთულია რამე პროექტს წინ აღუდგეს, თუ გავითვალისწინებთ მის წარუმატებლობას ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტს ისრაელთან.

თეირანი იმედოვნებს, რომ რუსეთი ისევ გააქტიურდება დასავლეთის წინააღმდეგ, თუმცა ძალთა გადანაწილება ირანის გავლენას ამცირებს.

ამასობაში, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც სუვერენიტეტისა და კონტროლის დაკარგვის ეშინიათ და ცდილობენ მოეჭიდონ იმ ხედვებს, რომლებიც ამ დერეფანთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდათ.

საბოლოოდ, ზანგეზურის დერეფანი იმდენად სატრანზიტო მარშრუტს კი არ წარმოადგენს, რამდენადაც სივრცეს, სადაც ერთმანეთს ეჯახება წინააღმდეგობრივი წარმოდგენები სუვერენიტეტის, გავლენისა და რეგიონული წესრიგის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG