თეფში, ჭიქა, კარადა, სარეცხის მანქანა, საწოლი, სკამი, ტახტი, მაცივარი - ავეჯი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა - გამოსახლებულებმა ჯერაც ვერ დააბინავეს პირადი ნივთები. მათი ნაწილი ჯერ ისევ გამოსაზიდი აქვთ.
თვალჭრელიძის #1-დან გამოსახლებული ოჯახებისა და ადამიანების ზუსტი რაოდენობა, უცნობია. აქაურები ამბობენ, მხოლოდ ოჯახების რაოდენობა 80-დან 100-მდეო. მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვიც უნდა იყოს.
ქალების უმეტესობა, რომლებიც რადიო თავისუფლებამ ჩაწერა, მრავალშვილიანები არიან. მხოლოდ მათი შვილების რაოდენობა 20-ზე მეტია - ძირითადად არასრულწლოვანები. ქალები ამბობენ, რომ ამ დასახლებაში, სადაც სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობდნენ, უმეტეს ოჯახს ჰყავს შვილი - ზოგს ხუთი ან ოთხი მაინც.
რატომ გამოასახლეს თვალჭრელიძის #1-დან?
ამ ტერიტორიას ბეტონის მაღალი ღობე არტყამს, რომელსაც ბორბლებზე შემდგარი, რკინის მძიმე ჭიშკარი ჰკიდია. კარი ჩარაზულია. მას ნიღბიანი, მუქ ტანსაცმელში ჩაცმულები დარაჯობენ.
იშვიათად აღებენ ჭიშკარს, როცა ეზოში ავტომობილი უნდა შეუშვან ან გამოუშვან. ეს კარი დრო და დრო იჭედება და კაცებს ნიღბებსა და შავებში, მასთან ჭიდაობა უწევთ.
გიორგი ჩაფიძე, “ბლექ სი ფროფერთის” წარმომადგენელი, ანუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ტერიტორია ეკუთვნის, ამბობს, რომ ეს ნიღბიანი კაცები დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომლები არიან და მათ შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
25 ივლისს, ჩარაზული შავი კარი რამდენიმე წუთით გაუხსნეს ჟურნალისტებს, რომლებსაც შიდა ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე, სავარაუდოდ, ექვსი სხვადასხვა სიმაღლის კორპუსი დგას, გიორგი ჩაფიძესთან ზოგადი კომენტარის ჩაწერის საშუალება მისცეს.
გიორგი ჩაფიძეს, არცერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. მაგალითად, კომპანიის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რამდენი ოჯახი, რამდენი ადამიანი, მათ შორის, რამდენი ბავშვი გამოასახლა? რა მოლაპარაკებები აწარმოვა კომპანიამ მოსახლეობასთან, რამდენს შესთავაზა ბინის ქირის ანაზღაურება, რამდენს ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება, რამდენი ოჯახი დასთანხმდა მათ შეთავაზებას, რამდენი უარზე დადგა?
გიორგი ჩაფიძემ მხოლოდ ეს თქვა:
„მე წარმოვადგენ ქართულ კომპანიას, რომლის დამფუძნებელიცაა უცხო ქვეყნის, აზერბაიჯანის მოქალაქე. ჩვენი კომპანია 2 წლის განმავლობაში, მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და შესაბამისი კონტრაქტი არსებობს.
შეთანხმებები გადასულია დოკუმენტზე. რომ დავკონკრეტდეთ, არსებობს შესაბამისი სიები და ხელშეკრულებები. მოხდა შეთანხმება ფართებთან დაკავშირებით, ქირასთან დაკავშირებით, ვადებთან დაკავშირებით. ადამიანებს გადაეხადათ თანხა მთლიანი ოდენობით, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები და დატოვეს ტერიტორია. არსებობს შესაბამისი სიები...ინფორმაცია გამოქვეყნდება. შესაბამის მედიასაშუალებებს გადაეცემა. რაც შეეხება ქირის გადასახადს, მისი რაოდენობა არც 300 და არც 600 ლარი არ არის. არის მეტი.
აქ საუბარია ფულად სახსრებსა და ათასობით ლარზე, ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა მათთვის თანხის გადახდა. ასევე როგორც ჩვენ ვიცით, შესაბამისი სამსახურები, მერია და ჯანდაცვის სამინისტრო, თავისი სახსრებიდან გამომდინარე, შესაბამის სუბსიდირებას უკეთებენ მცხოვრებლებს“.
გიორგი ჩაფიძეს ჟურნალისტებისთვის არ უჩვენებია არანაირი დოკუმენტი. მას არც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უჩვენებია, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ობიექტი, საიდანაც ადამიანებს ასახლებენ, ავარიულია:
„ის მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და შეუძლებელი და აკრძალულია, რომ მასში ცხოვრობდნენ ადამიანები, მით უმეტეს, მცირეწლოვანი ბავშვები“, - თქვა მან.
შპს. „ბლექ სი ფროფერთი“ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 28 ივნისსაა რეგისტრირებული. ამ დოკუმენტის თანახმად, კომპანიის დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე აბულფაზ მელიკოვია. კომპანიის პარტნიორი შპს. „ორიენტბილდ ისთეითია“, რომლის ასპროცენტიანი მფლობელიც ასევე აბულფაზ მელიკოვია.
ის, რომ შენობები ავარიულია, 24 ივლისს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც თქვა.
უწყებამ ისიც დაამატა, რომ ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ყველა სოციალურად დაუცველი აღრიცხეს და მათი საჭიროებებიც განსაზღვრეს. უწყება განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა მხოლოდ 39 ოჯახი. მათგან დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს და სოციალურად დაუცველებს მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაც შესთავაზეს.
„გამოსახლების პროცესი, მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებთ შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“, - ეწერა 24 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მალევე მოსთხოვეს კერძო ტერიტორიიდან გასვლა. ეზოს სიღრმეში შესვლისა და კომპანიის კუთვნილი, ჯამში, სავარაუდოდ, ოთხი შენობის ნახვის უფლება არ მოგცეს.
სანამ დაცვის სამსახური ტერიტორიას დაგვატოვებინებდა, რადიო თავისუფლება გაესაუბრა ამ ეზოში მდგარი კიდევ ორი კორპუსის ბინადრებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ორი კორპუსი არ ეკუთვნის „ბლექ სი ფროფერთის“ და ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, ამ შენობებში გააგრძელებენ ცხოვრებას.
ერთ-ერთი ნინელი ბარაბაძეა, მას ხუთი შვილი ჰყავს. უმცროსი 4 წლისაა, უფროსი 17-ის. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. სამი წელია აქ ცხოვრობს. ამბობს, რომ შენობაში არ არის ელექტროენერგია. გასულ წლებში ბევრჯერ სთხოვა დახმარება გამგეობას, მერიას, მაგრამ უშედეგოდ.
მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ბინის ქირის გადახდა ვეღარ მოახერხა, თვალჭრელიძის #1-ში, თვითნებურად შესახლება გადაწყვიტა:
„სანამ ძარღვს გავიწყვეტდი და დაუკითხავად შევიჭრებოდი სხვის ფართში, რის გამოც ნამდვილად არ ვამაყობ, არაერთხელ ვითხოვე დახმარება. არავის აწყობს ბინის გაქირავება ისეთ ადამიანზე, რომელსაც ქირა გამგეობამ უნდა გადაუხადოს.
ვინც გუშინ გაასახლეს, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ძალიან მედარდებიან და მათთან ერთად მედარდება საკუთარი თავიც. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, იძულებულები გავხდით სახლი გაგვეყიდა. ჩვენ აქვე ვცხოვრობდით, კალოუბანში, მაგრამ დავრჩით ქუჩაში, ცოტა ხანი გარაჟში ვიცხოვრეთ, შემდეგ ქირით, მაგრამ ვეღარ შევძელით ფულის გადახდა და აქ აღმოვჩნდით“, - გვეუბნება ნინელი ბარაბაძე.
„ბავშვები ნათესავებთან დავტოვე“
თეა ეჯიბია ბოლო ერთი წელია რაც აქ სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. უფროსი 19 წლისაა. რამდენიმე დღის წინ მასაც შეეძინა შვილი. თეა მარტოხელა დედაა, ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი თავშესაფარი, რომელიც მას და მის შვილებს გააჩნდათ. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ქალი ამბობს, რომ ქირით გასვლა კომპანიამ 24 ივლისს, გამოსახლების დღეს შესთავაზა:
„მანამდე მოდიოდა ხოლმე აღსრულების ბიურო და გვამოწმებდა, ვინ ვცხოვრობდით. გუშინ შემოგვთავაზა კომპანიამ, რომ სამი თვის ქირას მოგცემთო. 500-დან 700 ლარამდეო. სამი თვის მერე სად უნდა წავიდეთ? მაგრამ ეს თანხაც არ მოგცეს. ახლა ნათესავებთან დავტოვე ბავშვები. ნივთების ნაწილი ახლობლებთან დავაბინავეთ, ნაწილი გაგვინადგურდა. რას ვიზამთ? ამ კითხვას მეც ვუსვამ საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი არ მაქვს. არანაირი გეგმა არ გაგვაჩნია. აი, აქ სალოცავს ვაშენებდით, აქ დავრჩებით და აქ გავათენებთ ღამეს“.
„სამი თვის მერე რა ვქნათ?“
თეასთან ერთად, ამოყირავებულ სავარძელთან დგას მარინა მიქელაძე. ბოლო ერთი წელი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ისიც თვალჭრელიძის პირველ ნომერში, სამსართულიან კორპუსს აფარებდა თავს. ირწმუნება, რომ მას და მის შვილებს არანაირი თავშესაფარი არ გააჩნია:
„საკუთარი სახსრებით გავაკეთეთ პატარა რემონტი. გუშინ ყველაფერი გარეთ გამოგვიყარეს და გაგვინადგურეს. ბავშვები ძალიან შეშინდნენ, ცუდად გახდნენ, საშინლად ინერვიულეს, ჩემს ძმას გავატანე და მე აქ ვარ. წუხელ აქ გავათენე ღამე. ყველა კატეგორიის ადამიანი ცხოვრობდა აქ, მათ შორის, შშმ პირები. პირადად ჩემთვის არავის არასდროს არაფერი შემოუთავაზებია. გუშინ საუბარი იყო სამი თვის ქირაზე. სამი თვის მერე რა ვქნათ?“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარინა მიქელაძე.
„ან აქ დავრჩებით, ან რუსთაველზე გადავინაცვლებთ, კარვებში“
კიდევ ერთი მრავალშვილიანი დედა, 43 წლის ინგა პაპიძე, სულის მოსათქმელად ბლოკით ნაშენებ კედლებში ზის. ერთ კედელზე ხატები კიდია. გამოსახლებულების თქმით, აქ სალოცავი უნდა ყოფილიყო. ახლა მაგიდა, სკამები, ტახტი აქვთ შეტანილი და პაპანაქება სიცხეს ამ კედლებისა და ზედ გადაფარებული ნაძვების ჩრდილქვეშ ეფარებიან.
ინგას ოთხი შვილი ჰყავს. მარტოხელა დედის სტატუსი აქვს. ამჟამად აქვე ახლოს, სარდაფში ცხოვრობს. რამდენიმე თვეა, რაც ერთ-ერთ კორპუსში, ისიც თვითნებურად შევიდა და ნათესავებისგან აღებული ვალების დახმარებით რემონტი წამოიწყო. თითქმის ბოლოში ჰქონდა გაყვანილი. გადმოსვლას დღე-დღეზე გეგმავდა:
„2011 წლიდან თბილისში ვცხოვრობ, ამ ქალაქში ვარ რეგისტრირებული. მე არავინ დამკავშირებია, არავის შემოუთავაზებია არც ქირა, არც ალტერნატიული ფართი. აღსრულების პოლიცია მოდიოდა, აკეთებდა სიებს, ამ სიაში მეც ვეწერე, მაგრამ ბოლოს ამომიღეს და მითხრეს, რომ თქვენ აქ არ ფიქსირდებით. მთელი დასახლება მიცნობს, რომ რემონტს ვაკეთებდი.
სარდაფში ვცხოვრობთ. სოციალური აგენტი რომ იყო მოსული, დოკუმენტებში ჩამიწერა, რომ ვცხოვრობთ არასაცხოვრებელ პირობებში. ახლა ველოდები, რომ გამოვიტანო ჩემი ნივთები. ჯერჯერობით კარგი ამინდია, წუხელ აქ გავათენეთ, ღია ცის ქვეშ და მერე, ვნახოთ, ან გადავინაცვლებთ რუსთაველზე, კარვებში, ბავშვებთან ერთად, ან აქ დავრჩებით, ამ ტერიტორიაზე“, - ამბობს ინგა პაპიძე.
„მეცხრე თვეში ვარ, დევნილი, ოჩამჩირეში ვერ მივდივარ, გვითხრას სახელმწიფომ თუ არ ვჭირდებით“
26 წლის ნათია გაზაშვილი რვა თვის ორსულია. ქუჩაში, თეთრ ტახტზე თავის 4 წლის შვილთან, ლილესთან ერთად ზის. ნათიას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. მამა, რომელიც მის ოჯახს ბინის ქირის გადახდაში ეხმარებოდა, ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ნათიას დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არაერთი განცხადება აქვს დაწერილი ბინის თხოვნით, დღემდე მისი არცერთი განცხადება დაკმაყოფილებული არ არის. ბინის ქირის გადახდა ოჯახს დღითიდღე უფრო და უფრო გაუჭირდა. ამიტომ წელიწად-ნახევრის წინ თვალჭრელიძის პირველ ნომერში მან და მისმა ქმარმა მცირე ზომის ფართის გარემონტება დაიწყეს. იქ გადასვლას ბავშვის დაბადების შემდეგ, აგვისტოში გეგმავდნენ:
„ჩემი ოჯახი ოჩამჩირიდანაა. მთელი ცხოვრება ქირით ვიცხოვრე, პირადი ქონება არასდროს მქონია. ბინა არც მეუღლეს ჰქონდა და დაქორწინების შემდეგ ისევ ქირით გავაგრძელე ცხოვრება. გაჭირვება რომ არა, აქ ვინ მოვა. ადამიანი, ვისაც რაიმე ალტერნატიული ფართი აქვს, აქ როგორ მოვა. სარემონტო მასალები ყველაფერი სესხით ვიყიდეთ.
წელიწად-ნახევრის წინ, შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს შენობა. ვიცოდი, რომ კერძო საკუთრება იყო. სულელი არავინაა, ვიაზრებდით, რომ რისკი იყო და ერთ დღეს შეიძლებოდა მოსულიყო ვინმე და ეთქვა, რომ ჩემს ფართში ცხოვრობ და წადი, მაგრამ იმას ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე მოგვისვრიდნენ და დაგვტოვებდნენ ქუჩაში. ცხოველებივით გამოგვყარეს. არავინ დაინდვეს, არც ქალი, არც კაცი, არც ბავშვი.
აფხაზეთში მე ვერ ვბრუნდები, მამაჩემი ცოცხალი აღარაა, თუკი სახელმწიფოს დევნილები არ აინტერესებს, მაშინ ესეც გვითხრან. დევნილთა სამინისტროში დავრეკე დღეს, მითხრეს, კი, თქვენი მოთხოვნა ფართით დაკმაყოფილებაზე უარყოფილია, მაგრამ შეგიძლიათ გაასაჩივროთო“, - ამბობს ნათია.
25 ივლისი გამოსახლებულების ნაწილმა თვალჭრელიძის პირველ ნომერთან დააღამეს. წასასვლელი არსად გვაქვს და ამ ღამესაც აქ გავათენებთო.
ფორუმი