Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

როგორც ჩანს, საქართველო ნელ-ნელა კვლავ აქტუალური ხდება ევროკავშირის დღის წესრიგში - ამ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებების ტალღის, ახალი შემზღუდავი კანონების მიღებისა და მაუწყებლობის რეგულაციების ცვლილებების შემდეგ.

წლის დიდი ნაწილის განმავლობაში ევროკავშირს უჭირდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა დარღვევების ბრალდებების ფონზე.

წლის დასაწყისში ბრიუსელმა ვიზები დაუწესა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და შეწყვიტა მაღალი დონის შეხვედრების ჩატარება, პარალელურად კი სცადა დაფინანსების ნაწილი მთავრობისაგან სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადაემისამართებინა.

თუმცა უფრო მკაცრი ზომები - როგორიცაა ევროკავშირის სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ - 2025 წლის დასაწყისში დაბლოკეს, დიდწილად უნგრეთმა და სლოვაკეთმა.

რა შეიძლება შეიცვალოს ახლა?

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოკლედ განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება 23 ივნისს ბრიუსელში შეკრებისას და შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდებოდნენ 15 ივლისს, ბრიუსელის ერთთვიანი შესვენების წინ, როდესაც ბლოკში პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

ივნისის დისკუსია ლიეტუვის მიერ მომზადებულ ერთგვერდიან დოკუმენტს მოჰყვა. ეს ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ხმაა საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.

რადიო თავისუფლების მიერ ნანახი დოკუმენტი ევროკავშირს სთავაზობს რამდენიმე ზომის გატარებას საქართველოში არსებული ვითარების „მკვეთრად გაუარესების“ გამო.

მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია საკმაოდ ხანმოკლე იყო და შეხვედრის ბოლოს ჩატარდა, აზრი რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა და, როგორც ჩანს, დათანხმდა, რომ ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს.

თუმცა ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, მიანიშნეს, რომ ძალიან მეტყველი იყო უნგრეთის მოთხოვნა, რომ ბლოკმა თბილისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს.

ავსტრია, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, მაინც მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანას რუსეთის ორბიტისკენ არ უნდა უბიძგოს.

მაშ რას გვთავაზობს ლიეტუვა?

ექვსი პუნქტიდან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, პერსონალური სანქციებია „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ.

ეს ბუდაპეშტის წინააღმდეგობის გამო არ განხორციელდება. თუმცა შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა, კაია კალასმა, სანქციების კიდევ ერთი იდეა წამოჭრა: სამიზნეში ამოიღონ ის მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ გამოაქვთ განაჩენები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ერთსულოვნების წარმოდგენა რთულია, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთისა და ბელარუსისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესება დაიწყო სწორედ მოსამართლეების და სხვა უფრო დაბალი წონის ფიგურების აქტივების გაყინვით და ვიზების აკრძალვით და არა მთავარი პოლიტიკური პირების სანქცირებით.

დოკუმენტი ასევე ახსენებს თბილისისთვის ევროკავშირის ყველა ფინანსური დახმარების შეჩერებას, მათ შორის „მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“.

თუმცა ამ ტიპის ინვესტიციების შეჩერება ხშირად რთულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამაში რეგიონის სხვა ქვეყნებიც შეიძლება იყვნენ ჩართული და პროექტებიც უკვე დაწყებული იყოს.

ბრიუსელი ასევე იკვლევს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის და გათავისუფლებული ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესაძლებლობას. თუმცა რეალობა ისაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც USAID-მა შეამცირა თავისი ოპერაციები, ევროკავშირი მსოფლიოს მრავალი ორგანიზაციისა და ქვეყნის დახმარებას ცდილობს.

ბლოკი ამ ზაფხულს დაიწყებს დისკუსიებს ახალი გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც 2027 წელს იწურება. თუმცა ახლა ზედმეტი ფული ბრიუსელს არა აქვს.

სადისკუსიო დოკუმენტში განხილული ორი ყველაზე საინტერესო თემა, ალბათ, არის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება და ასოცირების შეთანხმების შეჩერება.

აქ რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ცოტას თუ უნდა, რადგან ის საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება. თუმცა დოკუმენტში წამოყენებულია იდეა, რომ თბილისს კონკრეტული ვადა დაუწესდეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხაზგასმულია ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშში მესამე ქვეყნებთან სავიზო პოლიტიკის შესახებ.

შესაძლოა, ვიზები შეუჩერდეს მოგზაურთა გარკვეულ კატეგორიას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამისთვის მხოლოდ წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო (ქვეყნების 55 პროცენტი, რომლებიც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65 პროცენტს წარმოადგენენ). ევროკავშირის ახალი წესები ამგვარ ნაბიჯს აიოლებს.

ასევე არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ძალაშია 2016 წლიდან.

ის არეგულირებს ბრიუსელსა და თბილისს შორის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ე.წ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მეშვეობით, რომელიც ზოგადი ასოცირების შეთანხმების ნაწილია.

ლიეტუვის დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიამ უნდა შეისწავლოს, არღვევს თუ არა საქართველო შეთანხმებას, განსაკუთრებით მე-2 მუხლს, რომელიც მოიცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა.

მსგავსი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმებაზე და ბრიუსელმა რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ტენდენციის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო საქართველოს შემოწმებას უკვე ივლისში მოითხოვს.

სამომავლოდ აღსანიშნავია, რომ მთლიანი ასოცირების შეთანხმების შესაჩერებლად ერთსულოვნებაა საჭიროა, მაგრამ ზოგიერთი ნაწილის შეჩერება შეიძლება უფრო ადვილი იყოს. მაგალითად, შეთანხმების სავაჭრო ასპექტების გაყინვისათვის მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო.

რიკარდ იოზვიაკი - სამიტის დასკვნით ტექსტში, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ნანახი, საქართველო ნახსენები არ არის.
რიკარდ იოზვიაკი - სამიტის დასკვნით ტექსტში, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ნანახი, საქართველო ნახსენები არ არის.

ჰააგაში NATO-ს სამიტის დასრულებიდან მეორე დღეს, ევროკავშირის ლიდერები არ დაიშლებიან, იქვე ახლოს, ბრიუსელის სამხრეთით ზაფხულის ევროპული საბჭოს ყოველწლიური სხდომისთვის შეივლიან.

26 ივნისს, დილით დაწყებული სამიტი შესაძლოა მეორე დღესაც გაგრძელდეს — დღის წესრიგში უამრავი საკითხია განსახილველი, მათ შორის და განსაკუთრებით კი ირანის საკითხი, რომელშიც ევროკავშირი ცდილობს რელევანტურობის შენარჩუნებას.

ბრიუსელის იმ დიპლომატების თქმით, რომლებსაც ვესაუბრე, მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირი კვლავაც ცდილობს, შეასრულოს შუამავლის როლი აშშ-სა და თეირანს შორის შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებებში.

თუმცა სამიტზე გადამწყვეტი მაინც სხვა პოლიტიკური საკითხები იქნება - ეს განსაკუთრებით უკრაინას ეხება.

როდესაც პოლონეთმა წელს ზარ-ზეიმით ჩაიბარა ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი მორიგე თავმჯდომარეობა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2025 წლის პირველ ნახევარში უნდა დაწყებულიყო.

პოლონელი დიპლომატები იმედოვნებდნენ, რომ მათი თავმჯდომარეობის დროს ექვსიდან ერთზე მეტი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნებოდა.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

საბოლოო გამოცდა

მოლაპარაკებების თითოეული თავის გასახსნელად ერთსულოვნებაა საჭირო — და უნგრეთი ჯიუტად ბლოკავს ნებისმიერ ნაბიჯს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, ბუდაპეშტმა ჩაატარა ფართოდ გაკრიტიკებული საკონსულტაციო რეფერენდუმიც უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

ეს სამიტი ერთგვარი ბოლო გამოცდაა პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად — თუმცა ცოტაა ისეთი დიპლომატი, რომელსაც სჯერა, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აზრს შეიცვლის.

ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა სიტუაცია ივლისში შეიცვალოს, როდესაც თავმჯდომარეობას დანია გადაიბარებს.

თუმცა იმის გამო, რომ საკითხი უკვე შიდა პოლიტიკურ პრობლემად იქცა უნგრეთში, ბევრი ელოდება, რომ ბუდაპეშტი ვეტოს გააგრძელებს მინიმუმ 2026 წლის აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის საბჭოს განცხადების პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ნათქვამია, რომ „ევროპული საბჭო ელოდება შემდგომ ნაბიჯებს გაწევრიანების პროცესში, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად — თავები გაიხსნება მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება.“

მთავარი დილემა ახლა ისაა, უნდა გაიყოს თუ არა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესები. 27 წევრ სახელმწიფოს შორის არცერთი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ კიშინიოვს დაწინაურების საშუალება მიეცეს.

რამდენიმე ქვეყანა ამ „განცალკევების“ დაშვებას სკეპტიკურად უყურებს — მათ არ სურთ, როგორც ამბობენ, „უნგრეთის შანტაჟის მსხვერპლად“ ქცევა და მიიჩნევენ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობამდე ერთად უნდა გააგრძელონ გზა.

თაფლაკვერი მოლდოვისთვის

მეორე მხრივ, ევროკავშირი ცდილობს, მოლდოვას სტიმული მისცეს — ივლისის დასაწყისში დაგეგმილია ევროკავშირ-მოლდოვის პირველი სამიტი და სექტემბერში რთული საპარლამენტო არჩევნებია მოსალოდნელი.

ყველაზე რეალური სცენარი ისაა, რომ გაფართოების ტექნიკური სამუშაოები გაგრძელდება იმ იმედით, რომ მოლაპარაკებების თავები გაიხსნება, როცა ყველა თანახმა იქნება.

ამ ეტაპზე, ყველაზე სავარაუდოა, რომ კონკრეტულ პროგრესს ივნისის ბოლოს მონტენეგრო აჩვენებს— 27 ივნისს ის ერთ-ერთ თავს დახურავს.

ეს ბევრი არაა. „გაფართოების მომენტუმისთვის“, რომელსაც წლებია ასე ენთუზიაზმით უწევდნენ პროპაგანდას ევროკრატები.

სანქციები — შესაძლოა შეთანხმება შედგეს

უნგრეთი - და სულ უფრო მეტად სლოვაკეთიც - შესაძლოა უფრო მარტივად დაეთანხმონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

სამიტზე ორი ძირითადი გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი:

  • ახლად შემოთავაზებული მე-18 სანქციების პაკეტი;
  • ყველა არსებული სანქციის ექვსთვიანი გაგრძელება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე დაწესდა.


ხელი ხელს ბანს - Quid Pro Quo?

რამდენიმე ევროპელმა დიპლომატმა მიანიშნა, რომ შესაძლოა შედგეს არაოფიციალური შეთანხმება: სანქციების ორივე გადაწყვეტილება მიიღება, სანაცვლოდ კი ჩაითვლება, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესი დროებით შეჩერდება.

უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებული სანქციები გაგრძელდეს.

ეს მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინულ რუსულ აქტივებს, რომელთა მოცულობა 200 მილიარდ ევროს (230 მილიარდ დოლარს) აღემატება.

იანვარში უნგრეთი ფიქრობდა, სანქციების გაგრძელებაზე თანხმობა არ ეთქვა, თუმცა ახლა უკრაინულ სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის ინტენსიური თავდასხმების ფონზე, მსგავსი პოზიცია ნაკლებად სავარაუდოა.

რადგან სანქციების გაგრძელების საბოლოო ვადა ივლისის ბოლოსაა, RFE/RL-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

რაც შეეხება სანქციების მე-18 პაკეტს, დიპლომატიურ დონეზე ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ.

ეს გასაკვირი არ არის, რადგან ძირითადი სანქციური ნაბიჯები — როგორიცაა რუსული ბანკების SWIFT-იდან გამოთიშვა და Nord Stream 1-ისა და 2-ის დაბლოკვა — დიდ დაპირისპირებას არ იწვევდა.

სწრაფი დამტკიცება კიდევ უფრო სავარაუდოა, რადგან წამყვანი ინიციატივა — რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება 60-დან 45 დოლარამდე — სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას.

აშშ-მა ამ წინადადებას G7-ის სამიტზე მხარი არ დაუჭირა და ცოტა ვინმე სჯერა, რომ ევროკავშირი, თუნდაც დიდი ბრიტანეთისა და კანადის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ზღვრის შემცირებას შეძლებს ვაშინგტონის გარეშე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG