ჩინეთის ჯაშუშური თანამგზავრები - კოსმოსიდან დაზვერვის “სამაშველო რგოლი” რუსეთისთვის?

ჩინური რაკეტა „გრავიტი-1“ 11 ოქტომბერს გაუშვეს და მან ორბიტაზე სამი თანამგზავრი გაიყვანა.

მოკლედ

  • ჩინეთის სადაზვერვო თანამგზავრები, როგორც ამბობენ, უკრაინას აკვირდებოდნენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმების დროს, რაც რუსეთთან სადაზვერვო ინფორმაციის შესაძლო გაზიარებაზე მიუთითებს და შესაბამის შეშფოთებას იწვევს.
  • ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მოძველებული სატელიტური ინფრასტრუქტურა და დასავლურ კომპონენტებზე დამოკიდებულება ჩინეთის დახმარების საჭიროებას ქმნის.
  • ჩინეთის მოწინავე სატელიტური შესაძლებლობები, - მათ შორის, აპარატურის რადიოლოკაციური სინთეზის, ანუ SAR-ის მეთოდით მოქმედი სისტემა, - რუსეთს უფრო მაღალი ხარისხის საბრძოლო დაზვერვის მასალებით უზრუნველყოფს.

ამ თვის დასაწყისში, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, საჰაერო თავდაცვის დანაყოფები უჩვეულოდ დაკავებული იყვნენ რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული ღამის დაბომბვის დროს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, მათ ზემოთ, დაახლოებით 700 კილომეტრში, ჩინური ჯაშუშური თანამგზავრები ჩუმად მოძრაობდნენ.

კრემლმა უარყო, რომ ჩინეთი მას ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და განაცხადა, რომ მას საკუთარი თანამგზავრები ჰყავს. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში, რუსეთს ჩინეთის დახმარება სჭირდება.

„რუსეთის ინფრასტრუქტურა საკმაოდ ძველი და არასტაბილურია“, - ამბობს კლეიტონ სვოპი, რომელმაც 14 წელი იმუშავა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA), ძირითადად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოში.

„სრულიად აშკარაა, რომ თუ ჩინეთი მზად იქნება შესთავაზოს კერძო კომპანიის ან მთავრობის მხრიდან, რუსეთი ამით ისარგებლებს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას სვოუპმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში დაფუძნებულ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) მუშაობს.

ჩინეთის სატელიტების ჯაშუშური შესაძლებლობები

ასეთი ინფორმაციის საიდუმლო ხასიათის გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია ზუსტად, რამდენი ჯაშუშური თანამგზავრი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას.

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით „უსაფრთხოების გამოწვევები კოსმოსში“, წერია, რომ ჩინეთს ISR-ისთვის ჰქონდა 262 თანამგზავრი (დაზვერვა, თვალთვალი და ამოცნობა), რუსეთის კი 32.

„რუსეთმა 2022 წლის აპრილიდან, ფაქტობრივად, დაიწყო კომერციული თანამგზავრული სურათების შეძენა თავისუფალ კომერციულ ბაზარზე“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას იულიანა ზიუსმა, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტიდან (SWP).

„ეს ერთგვარად გვიჩვენებს, რუსეთმა გააცნობიერა, რომ სინამდვილეში ეს არის ის, რაც მათ სჭირდებოდათ. და ეს ასევე აჩვენებს, რომ მათი საკუთარი დამოუკიდებელი შესაძლებლობები, უბრალოდ, არ იყო საკმარისი ამ ხარვეზის შესავსებად“.

პრობლემაა ხარისხის ნაკლებობა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია რუსეთის თანამგზავრების მოძველებული ფლოტით. ზოგიერთი მათგანი საბჭოთა პერიოდისაა. თუმცა არის მოგვიანებით, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ 2022-24 წლებში გაშვებული თანამგზავრებიც.

მაგრამ ომის პერიოდში დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის უახლესი თანამგზავრებიც კი დააზარალა.

„მათ გაუჭირდებათ კომპონენტების მოპოვების თვალსაზრისით, რადგან რუსული თანამგზავრები ყოველთვის დასავლური წარმოების კომპონენტებისგან იყო დამზადებული“, - თქვა ზიუსმა.

აგვისტოში, რუსეთის კოსმოსური ხომალდების უმსხვილესი მწარმოებლის ხელმძღვანელმა ღიად ილაპარაკა ქვეყნის კოსმოსური მრეწველობის წინაშე არსებულ პრობლემებზე და თქვა, რომ „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება“ იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის იმყოფებოდა.

„ენერგიის“ ხელმძღვანელმა, იგორ მალცევმა, ისაუბრა დაფინანსების ქრონიკულ ნაკლებობაზე, „არაეფექტიან“ პროცესებსა და მოტივაციის დაკარგვაზე.

„ჩვენ მართლა ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის შესაძლებლობებს. თუმცა, საერთო ჯამში, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთს არ აქვს დედამიწის დაკვირვების განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობები და ფართო პრობლემაა ისიც, რომ მათი კოსმოსური მრეწველობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, - თქვა ზიუსმა.

ჩინური თანამგზავრების მიერ გადაღებული მასალის ხარისხი, განსაკუთრებით როცა ისინი მიღებულია აპერტურის რადიოლოკაციური სინთეზის, ანუ SAR-ის მეთოდით (რომელსაც, მაგალითად, ღრუბლების მიღმაც შეუძლია დანახვა) , ზოგადად, რუსული ფოტოების ხარისხზე გაცილებით მაღალია - გამოსახულება უფრო მკაფიოა და მათგან სამგანზომილებიანი სურათების შექმნა შეიძლება.

„ჩინელების მიერ მოწოდებული მონაცემების რაოდენობის, მრავალფეროვნებისა და ხარისხის თვალსაზრისით, ეჭვგარეშეა, რომ ეს სასარგებლო იქნება რუსული დაზვერვისა და სამხედრო ანალიტიკოსებისთვის“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბლედინ ბოუენმა, რომელიც პენტაგონსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს კოსმოსური პოლიტიკის საკითხებში კონსულტანტად არის მიწვეული.

დარემის უნივერსიტეტის ასტროპოლიტიკის ასოცირებული პროფესორის, ბოუენის თქმით, მთავარი უპირატესობა ბრძოლის შედეგად მიყენებული ზიანის უკეთ შეფასებაა.

„შესაძლოა, ეს უკრაინის სამხედრო მანევრების უკეთ თვალყურის დევნება იყოს... თუ ბორცვი ევაკუირებულია და იქ არავინ არის და თანამგზავრს შეუძლია ამის დანახვა, და თუ ამის შესახებ შეიტყობთ მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ და არა ოთხი საათის შემდეგ, თქვენს სამხედროებსაც უკეთ ეცოდინებათ, როგორ იმოქმედონ”, - თქვა მან.

ჯერჯერობით ეს ის სფეროა, სადაც უკრაინა ომის დროს რუსეთთან შედარებით უპირატესობას ფლობდა, რადგან აშშ-ისგან და ევროპელი მოკავშირეებისგან იღებდა დაზვერვის მასალებს. ამ მონაცემების მნიშვნელობა აშკარა გახდა, როდესაც ვაშინგტონმა დროებით შეწყვიტა მათი მიწოდება წელს.

ერთი კვირით შეფერხებამ უკრაინას წაართვა შესაძლებლობა, განეხორციელებინა შორ მანძილზე მოქმედი დრონებით ეფექტური დარტყმები და ვეღარ ხედავდა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების და ბალისტიკური რაკეტების მოძრაობას.

რა სურს ჩინეთს?

გაურკვეველი რჩება, თუ რა რაოდენობის მონაცემებს აწვდის ჩინეთი რუსეთს, თუ საერთოდ უგზავნის. დასავლელი ოფიციალური პირები თავს იკავებენ ამ საკითხის გამო კონკრეტული საჯარო ბრალდებების გაკეთებისგან.

„ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთისთვის გადამწყვეტი ხელშემწყობი ფაქტორია. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების პროდუქტის თითქმის 80 პროცენტს, რაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად სჭირდება“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას.

„ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გლობალურ არასტაბილურობას და აშშ-სა და სხვა ქვეყნებს ნაკლებად უსაფრთხოს გახდის“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან" ინტერვიუში ევროკავშირის თავდაცვისა და კოსმოსის კომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, კონკრეტულად არაფერი თქვა.

„რა არის ჩინეთის პოზიცია მთელი ომის მიმართ? შეგვიძლია ვივარაუდოთ. როგორც ჩანს, ისინი, მოგეხსენებათ, ცდილობენ, ეს ომი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ასევე ისწავლონ ამ ომიდან და მხარი დაუჭირონ რუსეთს", - ფიქრობს კომისარი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ტიანძინში, ჩინეთი, 31 აგვისტო

სვოუპმა აღნიშნა, რომ ცოტა რამ არის ცნობილი იმ კონკრეტული „იაოგანის“ თანამგზავრების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინას ჯაშუშობენ. მისი თქმით, მათგან სამი აღჭურვილია SAR-ის ხსენებული სისტემებით.

„ვფიქრობ, მთავარი კითხვა შეიძლება იყოს... აწვდიან თუ არა ისინი უბრალოდ დაზვერვის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მონაცემებს, თუ ბრძოლის ველზე მოვლენების შესახებ ატყობინებენ? თუ ეს სისტემები დაკავშირებულია, ვთქვათ, რაკეტის მართვასთან?“ - თქვა მან.

ასევე, მისი თქმით, ჩინური თანამგზავრები შესაძლოა ინფორმაციას მხოლოდ პეკინში შესასწავლად აგროვებდნენ, „საკუთარი შეფასებისთვის, თუ როგორ წარიმართება კონფლიქტი მომავალში“.

ბოუენი იზიარებს აზრს, რომ ჩინეთის განზრახვები ბუნდოვანია.

„ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად მჭიდრო, ტაქტიკურია ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - თქვა მან. - „რადგან ისინი სინამდვილეში ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ჩინეთს არ სურს რუსებს ზედმეტად გაუხსნას თავისი კარტი.“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შესული ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების საკმარისი შესაძლებლობები. სწორედ აქ არის გადამწყვეტი მონაცემთა დამუშავება და ჯერ გაურკვეველია, რა შესაძლებლობები აქვს რუსეთს ამ მხრივ.

„ეს ისეთი რამაა, რასთანაც დასავლეთის შეიარაღებულ ძალებსაც უწევთ გამკლავება“, - თქვა სუესმა.

„ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სენსორებით მდიდარ საბრძოლო ველზე, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა დამუშავებაა. სწორედ აქ ერთვება ხელოვნური ინტელექტი. სწორედ აქ ერთვება ერთგვარი ალგორითმი... რომელიც ფილტრავს მოწოდებულ უზარმაზარ ინფორმაციას“, - დასძინა მან.