შეუფასებელი საგანძური „ტექნიკური ცვლილების“ პირისპირ - რა ელის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს?

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზო და შენობა, 2025 წლის 25 ოქტომბერი

მოკლედ

  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2026 წლიდან განათლების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის - ხელისუფლება ამას „ტექნიკურ ცვლილებას“ არქმევს.
  • პროცესი გაუმჭვირვალედ აღიქმება - ეჭვები უკავშირდება ცენტრის სტრუქტურის და ადგილმდებარეობის შეცვლას, ასევე კოლექციის ბუნდოვან მომავალს.
  • ერთ-ერთი ვერსიით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შესაძლოა, მახათის მთაზე მშენებარე კომპლექსში გადაიტანონ, ხელნაწერთა ცენტრის ახლანდელი შენობის ტერიტორია კი გაიყიდოს - ეს ადგილი დიდი ხანია დეველოპერული ინტერესის სამიზნეა.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ განათლების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სამართავად კულტურის სამინისტროს გადასცემს. ამ ცვლილებამ, რომელსაც “ქართული ოცნების” მთავრობა “ტექნიკურს” უწოდებს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიც და მის მიღმაც არაერთი კითხვა და ეჭვი გააჩინა - რას უპირებენ რეალურად იქაურობას?

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ აქვთ - არ იციან, რა ელით თანამშრომლებს, რა ელის შენობას და, რაც მთავარია, - საგანძურს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა უმრავლესობამ ეს ამბავი მათი დირექტორის, ზაზა აბაშიძის 29 ოქტომბრის ფეისბუკპოსტიდან შეიტყო, რომელშიც ის წერდა:

„დღეს, საღამოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მოვიდა ოფიციალური ცნობა კულტურის სამინისტროდან, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ცენტრი დაექვემდებარება კულტურის სამინისტროს. რას მოუტანს ეს ცენტრს, მომავალი გვიჩვენებს... სამწუხარო ისაა, რომ ცენტრის დირექტორი და ადმინისტრაცია ამას ბოლო წუთში გებულობენ...“

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან განათლების სამინისტროში წერილიც გაიგზავნა კითხვებით და თხოვნით, რომ ცენტრი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩენილიყო სწორედ იმ მიზეზით, რომ ცენტრი არა მხოლოდ უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის საცავია, მას ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ტრადიცია აქვს.

ხოლო შიში, რაც ბევრმა უპასუხო კითხვამ და გაუმჭვირვალე პროცესმა გააჩინა, უკავშირდება როგორც კოლექციების შესაძლო დაშლის საფრთხეს და მის სხვადასხვა ადგილას გადანაწილებას, ისე ცენტრისთვის სწორედ სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ჩამოცილებას, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს ხელისუფლება. კულტურის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მის საქმიანობას იგივე სამართლებრივი სტატუსითა და ფუნქციებით.

არსებობს ეჭვი, რომ დიდია დეველოპერული ინტერესიც ცენტრის შენობის და ტერიტორიის (ერთი ჰექტარი ფართობი ეზოს ჩათვლით) მიმართ, რომელიც თბილისის შუაგულში, ალექსიძის ქუჩაზე, ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორიაზეა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა

რატომ კულტურის და არა განათლების სამინისტრო?

ცვლილებების კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. იდეის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა უკვე დაიწყო პარლამენტში.

ბიუროს სხდომაზე, კანონპროექტის პირველივე წარდგენისას “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მას “უცნაური ინიციატივა” უწოდა და თქვა, რომ ვერ მოისმინა დამაჯერებელი დასაბუთება, რატომ ცვლის ერთი სამინისტრო მეორეს:

“კულტურის სამინისტროს საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ ხელნაწერთა ცენტრი თავისი არსით არის ყველაზე დიდი, ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულება და რატომ ხდება ეს ცვლილება, დასაბუთება მე ვერ ამოვიკითხე”, - თქვა სუბარმა.

პარლამენტის ბიუროს შემდეგ კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში გაგრძელდა. ამ დრომდე მას ერთხმად უჭერენ მხარს “ქართული ოცნების” დეპუტატები.

კომიტეტის სხდომებზე მოპასუხე განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიაა, რომელმაც ბევრჯერ გაიმეორა, რომ საქმე მხოლოდ "ტექნიკურ ცვლილებას" ეხება, რომ მხოლოდ ცენტრის „კურატორი სამინისტრო იცვლება“, რომ ასაღელვებელი არაფერია და რომ ცენტრს “სამეცნიერო კომპონენტი არ ჩამოერთმევა, პირიქით".

განათლების კომიტეტზე განიხილავენ “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს, 2025 წლის ნოემბერი

“განათლების სამინისტროს ყველა სიპში მიდის ახლა რეორგანიზაცია და კულტურის სამინისტროს შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, არ ვიცი… ცენტრი სავალალო მდგომარეობაშია და მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ძალიან კარგ ადგილას არის, იქ არის კომპონენტები, რომლის რეაბილიტაციაც დღეს შეუძლებელია… აქედან გამომდინარე, მოუწევთ რაღაც ტიპის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების მიღება…”- თქვა მან.

ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შენახვას, დაცვას და, რაც მთავარია, მის უკეთ წარმოჩენას კულტურის სამინისტრო უკეთ შეძლებს:

“მოკლედ, რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, იქ (ცენტრში) არის დაცული საქართველოს ეროვნული საგანძური, რომლის ღირებულება რიცხვებში აუწონელია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ, მაგალითად, უცხოურ დელეგაციებს ვაჩვენოთ, რა დონის სიმდიდრეებს ვფლობთ”.

ორიოდე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ნაწყვეტი პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომის ვიდეოჩანაწერიდანაც, სადაც სწორედ ამ - “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონში” ცვლილებებს იღებენ პირველი მოსმენით:

სხდომას უძღვება პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ამბობს:

“მე პირადად ძაან ვემხრობი ამ ინიციატივას” - და კომიტეტის წევრებს კენჭისყრისკენ მოუწოდებს. აი, ნაწყვეტი ამ საკომიტეტო განხილვიდან:

Your browser doesn’t support HTML5

კულტურის კომიტეტი განიხილავს “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს

ყველა მომხრეა. კრიტიკული კითხვები არ ისმის. ხოლო პარლამენტს გარეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მომავალზე დასმულ კითხვებს “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი ამავე სხდომაზე “ვაი-უშველებლად” იხსენიებს.

სოსიაშვილი ამ ცვლილების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ყველა კომიტეტზე იმეორებს, რომ კულტურის სამინისტრო “უძველეს ხელნაწერებს უკეთ მოუვლის და დაიცავს” და რომ “მათი (ხელნაწერების) არა მხოლოდ კვლევა, არამედ რესტავრაციაც უნდა მოხდეს და ამას კულტურის სამინისტრო უფრო კომპლექსურად გააკეთებს”.

საკანონმდებლო ცვლილებას ამ კომიტეტშიც ყველა ერთხმად უჭერს მხარს - დამატებითი კითხვების გარეშე.

ხელნაწერთ ეროვნული ცენტრი, 2025 წლის შემოდგომა

რა აშფოთებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში?

ხელნაწერთა ცენტრში არ არის ასეთი სიმშვიდე.

ეს ადგილი არ არის მხოლოდ მუზეუმი, მხოლოდ წიგნსაცავი, სადაც უნიკალური საგანძური ინახება - ეს ცენტრი არის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო დაწესებულება, საგანმანათლებლო კერა - ამიტომ ვერ აუხსნიათ ცენტრში, რატომ უქვემდებარებენ ასეთ დაწესებულებას კულტურის სამინისტროს, რომლის წლიური ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე განათლების სამინისტროსი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა თამარ ოთხმეზურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ გეგმაზე ცენტრშიც არსებობს განსხვავებული აზრი, თუმცა არც მას დაუმალავს, რომ მღელვარება შესამჩნევია:

“ჩვენ ძალიან ცოტა ხნით ადრე გავიგეთ ამ ცვლილების შესახებ. უბრალოდ წარმოუდგენელია ეს კოლექცია დაიშალოს. არაფრით არ შეიძლება. ეს იქნება ძალიან დიდი ქაოსი. ახალი შენობა რომ საჭიროა, ესეც ფაქტია და რომ ღირსეულ ადგილას უნდა გადავიდეს, ესეც, მაგრამ სად?”

თამარ ოთხმეზურიც გვეუბნება, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა არ არის: “ეს ინტელექტუალური მემკვიდრეობაა. რომელიც მუდმივად სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს".

"გრიგოლ ხანძთელის" მინიატურა, დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.

წლების განმავლობაში, ხელნაწერთა ცენტრში ელოდნენ, რომ ხელნაწერთა საცავი ცენტრის ეზოში აშენდებოდა, როგორც ეს დიდხანს იგეგმებოდა და მათივე თქმით, ამ პროექტის დამკვეთი განათლების სამინისტრო იყო. ფიქრობდნენ, რომ რადგან შენობა ავარიულია და რეაბილიტაცია სჭირდება, კოლექციებს იქვე გადაიტანდნენ და თავადაც დროებით შეიცვლიდნენ ადგილს. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ “თუ ადგილი მოთავისუფლდა”, არც კოლექციების დაშლას დაუდგება წინ რამე - ეს კი, მათი შეფასებით, იმის დანგრევას შეიძლება მოასწავებდეს, რასაც ჯერ კიდევ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ჩაუყარა საფუძველი.

შიდა მღელვარება, რომელიც ჯერ საჯაროდ არ ჩანს, იმასაც მოჰყვა, რომ სავარაუდო ადგილად, სადაც, შესაძლოა ცენტრი გადაიტანონ, დასახელდა მახათის მთა და იქ მშენებარე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი, რომელიც შენდება მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ახლოს.

“ბოლო წუთში გავიგეთ” - ზაზა აბაშიძე

“ცვლილებები შეეხება მხოლოდ მაკონტროლებელ სამინისტროს. სხვა ყველაფერი უცვლელი რჩება. არსად არ გადადის არაფერი და ცხადია, არ იშლება”, - გვითხრა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

ჩვენს კითხვაზე, რატომ შეიცვალა თავად მაკონტროლებელი სამინისტრო, გვიპასუხებს, რომ მიზეზი ზუსტად არ იცის, თუმცა აქვს ვარაუდი:ალბათ, კულტურული მემკვიდრეობა რომ არის”.

რადიო თავისუფლება: იმავე შენობაში დარჩება ცენტრი?

ზაზა აბაშიძე: ახლო პერსპექტივაში კი! პროექტიც მზადაა იქვე საცავების ახალი შენობის აშენების. პროექტში სამინისტრომ გადაიხადა 300 000 ლარი!

რადიო თავისუფლება: მახათის მთაზე ცენტრის გადასვლის იდეა საიდან გაჩნდა?

ზაზა აბაშიძე: უბრალოდ, ერთ-ერთი შეთავაზებაა. ჩემი აზრით, არცთუ ურიგო… ქალაქის ცენტრში ფართის არარსებობის გამო...

ზაზა აბაშიძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი

მახათის მთაზე, ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის აშენების ინიციატორი იყო საზოგადოება “ივერიისა”. 2019 წელს მთავრობას, საპატრიაქოსა და „საზოგადოება ივერიისა“-ს შორის მემორანდუმიც კი გაფორმდა.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, დაახლოებით ერთი წლის წინ, გიორგი ბერაძე ცენტრის ხელმძღვანელთან, ზაზა აბაშიძესთან ერთად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, ილაპარაკა მახათას მთაზე დაგეგმილ სამომავლო პროექტზე - ქრისტიანული კულტურის ცენტრზე და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ და მკაფიოდ მაშინ არაფერი თქმულა, თანამშრომლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ ადგილმდებარეობად, შესაძლოა, სწორედ ამ ადგილს მოიაზრებდნენ.

საზოგადოება “ივერიისას” დამფუძნებელს გიორგი თავაძეს ინფორმაციის გადასამოწმებლად დავურეკეთ, თუმცა მან ასე გვიპასუხა:

“ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენთან ეგ რა კავშირშია?” - და დაგვემშვიდობა.

2025 წლის ოქტომბერში საზოგადოება “ივერიისამ“ ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის კონცეპტუალური დიზაინის პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება კულტურის სამინისტროს აჩუქა.

ხელშეკრულებას ხელი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარემ - გიორგი თავაძემ მოაწერეს და როგორც კულტურის სამინისტრო იტყობინებოდა: “ამ გადაწყვეტილების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში კულტურის სამინისტროს საქმიანობის მხარდაჭერა” იყო.

ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმი, რომლის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ უნდა აშენდეს. პროექტის გეგმაში წერია, რომ ეს უნდა იყოს “უმაღლესი სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება”.

ეს კონკურსი, 2019 წელს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და "საზოგადოება ივერიისას" თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გამოცხადდა. გამარჯვებული პროექტის დიზაინის შემუშავების ხარჯები -250 000 ევრო “საზოგადოება ივერიისამ“ გადაიხადა.

საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა პორტუგალიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ „აინდა არქიტექტურამ”, პროექტის ავტორია ლუიშ ტავარეს პერეირა.

ასე გამოიყურება დაგეგმილი ცენტრის პროექტი, რომელიც საზოგადოება ივერიისას გვებსაიტზეა გამოქვეყნებული

თავად „საზოგადოება ივერიისას”, თავის მხრივ, შექმნილი აქვს ქტიტორთა (ქტიტორი - საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი. ის, ვინც თანხა გაიღო ტაძრის აგებისათვის ან აღდგენისთვის) სათათბირო.

სათათბიროს წევრებს შორის არიან, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაც ვკითხეთ თუ არის პროცესებში ჩართული, რას ფიქრობს დაგეგმილ ცვლილებაზე, ხომ არაფერი სმენია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის საეკლესიო ნაწილის ცალკე გამოყოფასა და ცენტრის კოლექციის გადატანაზე მახათას მთაზე მშენებარე ცენტრში და თუ ეს ვერსია განიხილება, როგორ უყურებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანაარსებობას სამონასტრო კომპლექსთან - ჩვენი კითხვები ჯერჯერობით საპატრიარქომ უპასუხოდ დატოვა.

ასეთი იქნება სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი, რომელიც მახათას მთაზე უნდა აშენდეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარშემო შექმნილ ვითარებას პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან - მაგალითად, პარტია „ახალის“ კულტურული მიმართულების ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ნინო გოგინაშვილი ფიქრობს, რომ ამ ცვლილების უკან, შესაძლოა, უფრო დიდი ინტერესი იდგეს, ვიდრე ცენტრის ერთი სამინისტროს მიერ მეორით ჩანაცვლებაა:

“არსებობს დიდი ეჭვი, რომ როგორც კი კოლექციები გადავა კულტურის სამინისტროს მმართველობის ქვეშ, მათ ეროვნული მუზეუმი და ეკლესია გაიყოფენ. მათი დიდი ნაწილი, შესაძლოა, ვეღარავინ იხილოს თვალით. ან მათი გადატანა როგორ მოხდება? არსებობს გარანტია, რომ არაფერი დაიკარგება? და თუ ეს ადგილი, სადაც გადავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მართლაც იქნება მახათის მთის კომპლექსი, ეს კიდევ უფრო გამიმყარებს ეჭვს, რომ ეს არის სახელმწიფოს მცდელობა, მის მხარდაჭერილ კონკრეტულ პროექტს გაუმყაროს რეპუტაცია..."

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) არის საქართველოში უდიდესი საცავი ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივებისა. ის 1958 წელს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე.

კოლექცია მოიცავს უნიკალური ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ცენტრს აქვს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. აღწერენ დაცული მასალას, ახარისხებენ, სწავლობენ და აქვეყნებენ, ქმნიან მონაცემთა ბაზებს.

ხელნაწერთა ფონდი იყოფა ქართულ, აღმოსავლურ, ბერძნულ, რუსულ და უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდებად. ამათგან ყველაზე დიდია ქართულ ხელნაწერთა ფონდი, რომელიც V—XIX საუკუნეებით დათარიღებულ ათასობით ხელნაწერს მოიცავს, მათ შორის უძველეს პალიმფსესტებსაც.

ცენტრშია დაცული „შუშანიკის წამების“, „ევსტათი მცხეთელის წამების“, „აბო თბილელის წამების“ ხელნაწერები. ექვთიმე მთაწმიდელის, გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ მცირის, არსენ იყალთოელისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა მიერ ნათარგმნი საეკლესიო მწერლობის ბიზანტიური ძეგლები. “ვეფხისტყაოსნის” არაერთი ნუსხა. ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო შინაარსის ხელნაწერები.

დეველოპერული ინტერესები, ეკლესიის ჩრდილი და უპასუხო კითხვები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარშემო

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ბუბა კუდავამ, რომელიც ამ თანამდებობიდან 2016 წელს გაათავისუფლეს (ის ცენტრს 9 წელიწადი ხელმძღვანელობდა), ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაარღვია დუმილი ცენტრთან დაკავშირებით და საჯაროდ არაერთი კითხვაც დასვა, რაც მისი აზრით გააჩინა “ქართული ოცნების” საკანომნდებლო ცვლილებამ.

ბუდა კუდავა წერდა, რომ გამოცდილება, ქვეყანაში არსებული ვითარება, ინტუიცია და ცენტრის გარშემო შექმნილი “საიდუმლო აურა” მას სასიკეთოს არაფერს უკარნახებს.

ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბუბა კუდავა იხსენებს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა - ყოველთვის იყო განხილვისა და ინტერესის საგანი. მუდმივად საუბრობდნენ “შენობიდან გადასვლაზე”, რადგან ეს შენობა თავიდანვე არ შეესაბამებოდა კოლექციის მნიშვნელობას და მასშტაბებს და “არც არქიტექტურულად აკმაყოფილებდა ამ დაწესებულების ამბიციებს”.

  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის შენობის შეცვლა რამდენჯერმე საბჭოთა პერიოდშიც სცადეს, თუმცა შესაფერისი ვარიანტი ვერ იპოვეს.
  • ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, გადაწყვეტილი იყო, რომ ცენტრს გადასცემდნენ ე.წ. "იმელის" შენობას. ეს ამბავი მალევე დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ჩაშალა.
  • ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გეგმავდნენ იმავე ტერიტორიაზე ახალი შენობის აშენებას და ცენტრის გაფართოებას. თუმცა, ვერც ეს გეგმა მივიდა ბოლომდე - მიმდებარე ტერიტორია ბინათმშენებლობის დიდ პოლიგონად გადაიქცა.
  • მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებში “იმელის” იდეა ისევ დაბრუნდა და მას, როგორც ბუბა კუდავა იხსენებს, იწონებდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. საბოლოოდ, ეს შენობაც გაიყიდა და იქ ახლა სასტუმრო “ბილტმორია”.
  • შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის საგანგებოდ აეშენებინათ შენობა ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის - იდეა იდეად დარჩა.
  • კიდევ ერთი მცდელობა იყო - ცენტრისთვის მეცნიერებათა აკადემიის შენობის გადაცემა - ეს შენობა, თავისი მონუმენტურობით თითქოს შეესაბამებოდა კოლექციის მნიშვნელობას - ეს ხდებოდა ბუბა კუდავას დირექტორობის პირველ წლებში. ხელნაწერთა ცენტრი ვერც იქ გადავიდა.


“მაშინ მივხვდი, რომ ჯობდა მთელი ჩემი ძალისხმევა თავად ხელნაწერთა ცენტრის განვითარებასა და მისი მნიშვნელობის ჩვენებაზე მიმემართა, რომ იქნებ ამით მაინც მიგვეღწია, რომ ახალი შენობა გვქონოდა”, - იხსენებს ბუბა კუდავა.

ხელნაწერთა ცენტრის შენობა, გვერდითა ფასადი

ასევე ნახეთ ხელნაწერთა ცენტრის პრობლემები

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შენობის თემა ისევ გააქტიურდა, თუმცა მალე გამოიკვეთა, რომ ამ საუბრების უკანაც ტერიტორიის მიმართ ინტერესი იდო - ბუბა კუდავასთვის ნათელი გახდა, რომ ამ დაწესებულების მომავალი - პრიორიტეტი არ იყო:

“სულ მახსოვს ფრაზა, რომელიც მოვისმინე ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც განათლებისა და ეკონომიკის მინისტრები და მოადგილეები ესწრებოდნენ: ამხელა ფართობში ვერ დაეტევითო? მე ვუპასუხე, მაგის ნახევარშიც დავეტევით, გააჩნია მიზანი რა არის, ჩვენი დატევა თუ ცენტრისთვის შესაფერისი შენობის გამოძებნა-მეთქი.

ახლაც, როცა მახათის მთაზე ცენტრის გადატანის ვერსია გაისმა, იგივე ასოციაციები მიჩნდება, რომ უნდათ სადღაც დაეტიოს ეს ყველაფერი, რომ საზოგადოებას კარგად შეფუთული შესთავაზონ: აი, როგორც კარგად დავაბინავეთ, კარგი ადგილი, კარგი შენობა… ცალკე საკითხია, იქ ცენტრის გადატანა რამდენად მიზანშეწონილია, მაგრამ არანაკლებ დიდი პრობლემა მგონია ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ისე, რომ საერთოდ არაფერს ეკითხებიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს. ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ რაღაც შეთქმულებაა”.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს არსებობდა კიდევ ერთი იდეა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტსაც შესთავაზეს - ცენტრი განთავსებულიყო სამების ტაძრის მიმდებარედ, სადაც, მახათის მთის მსგავსად, ასევე უნდა აშენებულიყო კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ტერიტორიის ნახვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ სინამდვილეში, ეს არ იყო “მიმდებარე” ტერიტორია. ეს იყო სამების ეკლესიის ტერიტორია:

“მაშინვე ვთქვი, სამების ტაძრის ეზოში რატომ უნდა იყოს ასეთი ცენტრი-მეთქი? ტაძართან სიახლოვეს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ეს სხვა ტიპის დაწესებულებაა და დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას - აღქმა კი ასეთია, რომ როცა ამხელა ტაძარი თავზე დაგყურებს, მისია ეს დაწესებულებაც, თითქოს საეკლესიო მუზეუმია, რაც ასე არ არის. ამ თვალსაზრისით, არც მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიაა იმიჯურად მიზანშეწონილი ხელნაწერთა ცენტრის განთავსებისთვის… თუ მანდ ქრისტიანულ ცენტრს აკეთებენ, ეს გასაგებია, მაგრამ მაშინ სხვა კითხვა ჩნდება, რამდენად მიზანშეწონილია დაშლა კოლექციებისა, რომლის შეკრებას და ერთიან დიდ კოლექციებად ჩამოყალიბებას ორი საუკუნე დასჭირდა?”

"შუშანიკის წამება". ხელნაწერი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ბუბა კუდავას ვკითხეთ, მისი აზრით, რა შეიძლება გამხდარიყო სამინისტროების ცვლილების მიზეზი. მან გაიხსენა, რომ არც ეს არის ახალი ამბავი. ეს საკითხი მისი დირექტორობის დროსაც იდგა, თუმცა, მაშინ მთავრობა დაარწმუნეს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც უდიდესი სამეცნიერო დაწესებულების განათლების სამინისტროს ქოლგის ქვეშ დატოვება ჯობდა.

“ჩემი ვარაუდით, დღეს ცენტრი იმიტომ გადააქვთ კულტურის სამინისტროს ქუდქვეშ, რომ უფრო ადვილად ჩაატარონ რეორგანიზაცია.განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ცენტრს მეტი ავტონომიურობა აქვს, რამაც, შესაძლოა, რეორგანიზაციის პროცესი შეაფერხოს…რაც შეეხება ცენტრის სრული შტატის და კოლექციის გადატანას მახათის მთაზე, თუ ეს მართლაც ასეა დაგეგმილი და ამის უკან დგას ტერიტორიის ინტერესი, მოინდომებენ ეს რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, ეს ძალიან ძვირი პროექტი და დიდი ამოცანაა”.

ვესაუბრეთ კოლექციების ე.წ. დაშლის საფრთხეზეც. რას ნიშნავს ეს და რა სირთულეები შეიძლება ახლდეს მას. ბუბა კუდავა გვიხსნის, რომ ეს პროცესი არ უნდა წარმოვიდგინოთ ყუთებში ხელნაწერების ჩალაგების და სადღაც გადატანის მარტივ პროცესად. რომ მას ახლავს უდიდესი ტექნიკური და სამეცნიერო სირთულეები. მაგალითად, რა უნდა ჩაითვალოს საეკლესიოდ და რა საეროდ?

“ავიღოთ სახარება, რომელიც იყო რომელიმე ფეოდალური საგვარეულოს ოჯახის საკუთრება, რატომ არის საეკლესიო კუთვნილების? ან ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია სასულიერო პირების მიერ და ინახებოდა კერძო ოჯახებში, რადგან მათ ეხებოდათ, ვისია ეს? ან საერო შინაარსის მასალა, რომელიც თავის დროზე ეკლესიაში ინახებოდა. ეს საერო კოლექციაა თუ საეკლესიო? რომც ვიმუშაოთ ამაზე და გავმიჯნოთ, რა იქნება ამის მიზანი? ისტორიული სამართლიანობის აღდგენა?”.

ბუბა კუდავა იხსენებს, რომ პირად საუბრებში ცალკეული სასულიერო პირებს არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ ეს ხელნაწერები “მათი იყო”:

“მე კი სულ ვპასუხობდი, რა გვინდა, რომ ეს ხელმისაწვდომი იყო მკვლევართათვის? ეკლესიის მსახურთათვის? კი ბატონო, აქაა, ხელმისაწვდომია და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ-მეთქი”.

Your browser doesn’t support HTML5

გაფიცვა ხელნაწერთა ცენტრში

ბუბა კუდავას ასევე ვკითხეთ, მართალია თუ არა, რომ არსებობდა განსაკუთრებული ინტერესი, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ლაილაშის ბიბლიის მიმართ და შესაძლოა თუ არა ეს ინტერესი ისევ არსებობდეს.

ლაილაშის ბიბლია — X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლია. აღმოჩენილი XX საუკუნის 40-იან წლებში ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. 1957 წლიდან ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

ბუბა კუდავა: ინტერესი იყო და ხელნაწერთა ცენტრიდან ჩემს გათავისუფლებასაც დიდწილად ვუკავშირებ ერთი მხრივ, ლაილაშის ბიბლიის და მეორე მხრივ, ცენტრის ტერიტორიის გასხვისების საკითხს. დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის გახსნისას გვთხოვეს იქ ლაილაშის ბიბლიის გამოფენა - ეს ხელნაწერი დაშლილია და მაშინ რამდენიმე ფურცელი მართლაც გამოვფინეთ იქ (შემდეგ უკან დავიბრუნეთ და სანაცვლოდ გადავეცით მაღალი ხარისხის ასლი) - ეს ხელნაწერი გამოფენილი იყო გარკვეული ვადით და როგორც კი დგებოდა ვადის გასვლის საკითხი, მომენტალურად ერთვებოდა საქმეში ყველა მაღალჩინოსანი სამინისტროებიდან, ვისთანაც კი გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია.

აშკარა იყო, რომ ლობირებდნენ ამ ხელნაწერის ამ მუზეუმისთვის გადაცემის საკითხს. იმდენად ალოგიკური იყო წნეხი ამ საკითხზე, რომ ამან გამიძლიერა ეჭვი, რომ შესაძლოა, დაგეგმილი იყო ამ ხელნაწერის გადაცემა ებრაული დიასპორისთვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში.

ივანიშვილის ინტერესს რაც შეეხება, ამ მუზეუმის რეაბილიტაცია მისი ფონდს დაფინანსებით მოხდა. ჩვენს პრინციპულ პოზიციას მაშინ ჯერ ცენტრის ტერიტორიასთან და შემდეგ ლაილაშის ბიბლიასთან დაკავშირებით კი, შედეგად მოჰყვა ჯერ ცენტრში აუდიტის სამსახურის შემოგზავნა და შემდეგ ჩემი გათავისუფლება.

საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნა. 2014 წელი.

რადიო თავისუფლება: თქვენ საფრთხეებზე ლაპარაკობთ, მაგრამ თან ამბობთ, რომ ცენტრს სჭირდება განახლება, თქვენი აზრით, რა იქნებოდა დღეს სწორი გამოსავალი?

ბუბა კუდავა: ჩემი აზრით, იდეალური ვარიანტი იქნებოდა გამოძებნილიყო ქალაქის ცენტრში ღირსეული ადგილი ასეთი დაწესებულებისთვის. ამაზე პასუხი იყო ხოლმე, რომ ადგილი არ არის, თუმცა, თუ პარიზის ისტორიულ ცენტრშია შესაძლებელია მუზეუმის აშენება დღეს, როგორც ეს 15-20 წლის წინ მოხდა "Quai Branly "-ის მუზეუმის შემთხვევაში, როგორ არ შეიძლება თბილისში გამოიძებნოს ასეთი ადგილი ქვეყნისთვის შეუფასებელი კოლექციის მქონე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის? სხვა მოსაზრებაც მქონდა და მითქვამს კიდეც, თუმცა გაგრძელება არც ამ ამბავს მოჰყოლია - ხომ არ შეიძლებოდა, მაგალითად, მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ გამოეყოთ ადგილი და აეშენებინათ შესაბამისი შენობა ამ ცენტრისთვის - სიმბოლურიც იქნებოდა და ჩვენს კოლექციასაც ღირსეულად წარმოვაჩენდით. მაგრამ არაფერი გამოვიდა”.

"იმელის" შენობა რუსთაველზე, რომლის ადგილას ახლა სასტუმრო "ბილტმორია".

ბუბა კუდავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ თუ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დიდი ცვლილებები - მათ შორის, შენობის შეცვლა, საცავების გადატანა და ა.შ. ნამდვილად დაგეგმილია (რაც შესაძლოა მოხდეს ნახევარ საუკუნეში ერთხელ), ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მასში უნდა ჩართონ ძალიან კომპეტენტური ადამიანები და არსებობდეს მკაფიო პასუხი კითხვაზე - რისი მიღწევა გვინდა.

რა არის კულტურის სამინისტროს გეგმებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ, არსებობს თუ არა ხედვა ცენტრის მომავალთან დაკავშირებით - ჯერჯერობით უცნობია. ეს არის კითხვების სია, რომლითაც კულტურის სამინისტროს მივმართეთ:

  • დაგეგმილია თუ არა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდგომ რეორგანიზაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში? ან რა ცვლილებები შეეხება მას მართვის ნაწილში?
  • რა იქნება კულტურის სამინისტროს მთავარი გეგმა/მიზანი ცენტრთან დაკავშირებით?
  • ცნობილია თუ არა თქვენთვის რა არგუმენტებით მიიღეს გადაწყვეტილება, ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, კულტურის სამინისტროს კურატორობის ქვეშ გადასულიყო?
  • შეიცვლის თუ არა ცენტრი შენობას, რომლის ავარიულობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი?
  • ხომ არ იგეგმება და თუ კი, სად, ცენტრის ახალი შენობის აგება?
  • რა ფართობზე, ვინ იმუშავებს პროექტზე ან რა ვადებზეა საუბარი?
  • რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ამბავი, რომ ერთ-ერთ ვერსიად ცენტრის “ახალ ბინად” განიხილება მახათას მთაზე მშენებარე ცენტრი?
  • როგორ წარმოგიდგენიათ კოლექციის ერთიანობის დაცვა? ხომ არ დაიშლება კოლექცია? ხომ არ გამოიყოფა ცალკე კოლექციის საეკლესიო ნაწილი?
  • ეკლესიას ხომ არ ჰქონია ამ საკითხზე კულტურის სამინისტროსთან რაიმე სახის კონსულტაცია?
  • ხომ არ იგეგმება ცენტრის გაერთიანება სხვა რომელიმე აკადემიურ დაწესებულებებთან?
  • რატომ არ განიხილეს ეს საკითხი თანამშრომლებთან? თავად ცენტრის დირექტორმა საჯაროდ დაწერა, რომ მოულოდნელად გაიგო ეს ამბავი.
  • ეს ცენტრი, გარდა უნიკალური კოლექციის საცავისა, მუდამ იყო და არის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი - ამ კომპონენტის შენარჩუნებას და მართვას როგორ აპირებს კულტურის სამინისტრო?


კულტურის სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ცვლილებას, რომლის ძალაში შესვლიდან (2026 წლის 1 იანვრიდან) ცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მის საქმიანობას იგივე სამართლებრივი სტატუსითა და ფუნქციებით, რასთან დაკავშირებითაც ცენტრში წარდგენილია ახალი წესდების პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2025 წლის 28 ოქტომბრის No56931 წერილით.

"სამინისტრო გეგმავს ცენტრის მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის მხარდაჭერას, რადგან სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, დაცვა-აღრიცხვა, მეცნიერული კვლევა და პოპულარიზაცია".

კულტურის სამინისტროდან მოსულ წერილში ასევე ვკითხულობთ:

"სამინისტრო კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განმახორციელებელი ორგანოა და მისი კომპეტენციის ფარგლებში ექცევა კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის, აღსანიშნავია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, სამინისტრო ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შეიმუშავებს და წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას, ამასთანავე, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას, პოპულარიზაციას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) მიზნების, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის No58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 ოქტომბრის No457 დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს სამინისტრო".

PS: სტატია გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა შევიტყვეთ, რომ პარლამენტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. მას 84 მომხრე ჰყავდა და მხოლოდ 1 წინააღმდეგი.