კახა კოტორაშვილის სასამართლოზე გაირკვა, რომ აზერბაიჯანიდან რუსული რუბლის გადმოტანაში ჩართული იყო სულ მცირე, კიდევ ერთი კაცი, ელდარ ჰუსეინოვი.
რამდენიმე დეტალის გარკვევის მიუხედავად, ამ გასაოცარი საქმის გარშემო კითხვის ნიშნები არ ქრება.
მათ შორის, უცნობია:
- ვინ არის ელდარ ჰუსეინოვი და რა როლი ჰქონდა მას?
- დაიწყო თუ არა გამოძიება აზერბაიჯანში ან თანამშრომლობენ თუ არა ქართველი გამომძიებლები მეზობელი ქვეყნის საგამოძიებო უწყებებთან?
„11.8 ტონა“ რუბლი
როგორც ფულის „გათეთრების“ საქმის პროკურორმა, ზინიკო ქობალიამ თქვა სასამართლო სხდომაზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი.
შემდეგ ეს ფული 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს.
თუ დავუშვებთ, რომ ამ ოდენობის რუსული რუბლი შემოიტანეს ყველაზე მსხვილი კუპიურებით - 5000-რუბლიანი ბანკნოტებით, უკანონოდ შემოტანილი თანხის წონა 11.8 ტონა გამოდის.
ამავე დაშვებით, თანხის მოცულობა 12 კუბური მეტრი გამოდის. შედარებისთვის წარმოიდგინეთ:
- ოთახი, რომლის სიგრძე და სიგანე 2 და 3 მეტრია, დაბალი, 2-მეტრიანი ჭერით;
- ოთხი ერთეული ავტომობილი Toyta Prius C (თითოეულის მოცულობა 3 კუბურ მეტრამდეა), რომლებშიც სავარძლები ამოღებულია და რომლებიც 5000-რუბლიანი ბანკნოტებით არის გავსებული.
კიდევ ერთხელ: ეს ძალიან დიდი თანხაა
თუ იმასაც დავუშვათ, რომ სამი წლის განმავლობაში ამ თანხას ყოველდღიურად „ათეთრებდნენ“, გამოდის, რომ ყოველ დღე „ათეთრებდნენ“ $607 305 დოლარს.
ლარებში - 1.6 მილიონი ლარის ეკვივალენტ თანხას.
ჯამური თანხა კი ლარებში არის დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარი - იმაზე მეტი, ვიდრე 2025 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი (1.73 მილიარდი ლარი).
ასევე ნახეთ 5 მთავარი კითხვა და ყველაფერი, რაც ვიცით და არა $665 მილიონის გათეთრების საქმეზევინ არის ბრალდებული?
საქმეზე დაკავებულია 49 წლის კახა კოტორაშვილი.
მას 17 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
იგი ფლობდა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, „ფინს“ (FIN), რომლის მეშვეობითაც, ბრალდების თანახმად, გაათეთრეს მილიონობით აშშ დოლარი.
ჯიხური თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს.
„ფინი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრში ამონაწერი მან 2010 წლის შემდეგ მხოლოდ 2019 წელს განაახლა.
2022 წლამდე კომპანიის 100%-იან წილს კახა კოტორაშვილი ფლობდა.
2022 წლის 8 აპრილს მან წილის 10%-ი 10 000 ლარად მიჰყიდა ვახტანგ კოტორაშვილს.
კახა და ვახტანგ კოტორაშვილები ხელს აწერენ გადაწყვეტილებას 10%-იანი წილის 10 000 ლარად ყიდვა-გაყიდვის შესახებ
ვახტანგ კოტორაშვილი ბრალდებაში არ ფიგურირებს.
დაკავებულის მამამ სოფელ დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჟურნალისტებს უთხრა: „მეტყობა რამე, რომ 625 მილიონი მაქვს?“
უშუალოდ 2022-24 წლებში - რა დროსაც, ბრალდების თანახმად, მუშაობდა სქემა, - კახა კოტორაშვილის სახელზე ახალი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში არ გაფორმებულა.
„ჩემი შვილი მე ხომ ვიცი, არა? არასდროს მინახავს პრემიერთან და იმ დანარჩენ [პირებთან]“, - თქვა მამამისმა.
კახა კოტორაშვილი. „იმედის“ ფოტო
„ორი კვირა“ თუ „ერთი წელი“
„შევიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურში და ორ კვირაში დადო ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება“, - უთხრა ამ საქმეზე საუბრისას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
თუმცა იმავე დღეს, პირველ სასამართლო სხდომაზევე გაირკვა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით ერთი წელია, რაც დაწყებულია.
როგორც ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასამართლოში თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, კახა კოტორაშვილის საქმიანობით გამოძიება 2024 წლის ოქტომბერში დაინტერესდა.
ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული მთელი ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ რუსული რუბლი - პროკურორი $665 მილიონის გათეთრებაზეროგორია სქემა - გამოძიების ვერსია
პროკურატურის ვერსიასა და სასამართლოში დამატებით გამოვლენილ დეტალებზე დაფუძნებით, ფულის „გათეთრების“ ასეთი სურათი და სქემა იხატება:
- 2022 წლისთვის კოტორაშვილი ფლობდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, „ფინს“;
- „ფინს“ აქვს ეროვნული ბანკისგან გაცემული ოფიციალური ნებართვა (საქართველოში 720-მდე ასეთი სავალუტო ჯიხური არსებობს);
- კოტორაშვილმა 2022 წელსვე დაიწყო ფულის „გათეთრების“ გრანდიოზული სქემის ამუშავება;
- ჰყავდა თანამზრახველებიც;
- თანამზრახველებს აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ თანხა, უცხოური ვალუტა, კერძოდ, რუბლი - რომელიც, როგორც აღმოჩნდა, „დაუსაბუთებელი წარმომავლობისა“ იყო;
- თანხა შემოჰქონდათ მებაჟეებისგან მალულად, მანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით;
- თანხა მიჰქონდათ „თავშეყრის ადგილას“ - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, თამარ მეფის გამზირზე.
უშუალოდ „გათეთრება“ - სამართლებრივ ენაზე, უკანონო თანხისათვის კანონიერი სახის მიცემა - სწორედ მას შემდეგ ხდებოდა, რაც თანხა ჯიხურში აღმოჩნდებოდა ხოლმე.
ბრალდების თანახმადვე:
- ბრალდებულს ფული სხვადასხვა პერიოდში მიჰქონდა ბანკებში და ეუბნებოდა, რომ ეს იყო სავალუტო საქმიანობით მიღებული კანონიერი შემოსავალი;
- ამის დამადასტურებლად კომერციულ ბანკებს იგი აწვდიდა „წარმომავლობის შესახებ ყალბ მონაცემებს“;
- შემდეგ ბანკებში ფულს აკონვერტირებდა, ურიცხავდა სხვა ადამიანებს, ყიდულობდა უძრავ-მოძრავ ქონებას (სავარაუდოდ, ბინებს, სახლებს, ნაკვეთებს, მანქანებს) და, ერთი სიტყვით, ასე მიმართავდა უკანონო თანხას „ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.
„ამასთან ფული მოჰქონდა ვიღაცას“ - ადვოკატი
კახა კოტორაშვილის ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ შესაძლოა, პრობლემა რეგულაციებში იყოს:
„მე შეიძლება მიმაჩნია, რომ რაღაცას კანონიერად ვაკეთებ, მაგრამ შენ სხვანაირად შემიფასო. ეს ქმედება“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
მანამდე, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა იკითხა:
„უკაცრავად, მაგრამ 2022 წლიდან 2024 წლამდე ადამიანი ბანკებში დადის, ფული დააქვს კანონით დადგენილი წესით... ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ იყო, არა? თუ უკანონობა იყო, ბანკირი და სახელმწიფო სტრუქტურები რას აკეთებდნენ?
...ამასთან [ფული] მოჰქონდა ვიღაცას. რით უნდა დაიზღვიოს ვალუტის გადამხურდავებელმა თავი? რა ფული მოდის, გამოძიებას ხომ არ ჩაუტარებს“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას გულისხმობდა გამოძიებასთან ბრალდებულის „თანამშრომლობა ერთი წლის განმავლობაში“, ადვოკატმა თქვა:
„ამ დეტალებზე საუბრისგან - რა იყო, რა გარემოებები იყო, - სამწუხაროდ ახლა, დღეს მე შევიკავებ თავს“.
„ელდარ ჰუსეინოვი“
კითხვაზე იცნობს თუ არა კახა კოტორაშვილი პროკურატურის მიერ დასახელებულ ელდარ ჰუსეინოვს, ადვოკატმა თქვა:
„[კოტორაშვილმა] დუმილის უფლება აირჩია და ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჰკითხა, დაწყებულია თუ არა ამ საქმეზე გამოძიება აზერბაიჯანში. საელჩოს პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.
დარჩენილი კითხვები
საქმეში კვლავ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, მათ შორის, როგორც რადიო თავისუფლება წერდა, ხუთი ძირითადი კითხვა:
- გამოძიების ვერსიით, კოტორაშვილისა და ჰუსეინოვის გარდა, რამდენი ადამიანი იყო ჩაბმული სქემაში და რა იცის მათზე გამოძიებამ?
- ეჭვმიტანილი უბრალო შემსრულებელი იყო თუ დაგეგმვაშიც მონაწილეობდა?
- როგორ მოახერხა ორგანიზებულმა ჯგუფმა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის - მათ შორის, სუსისთვის, ეროვნული ბანკისათვის - ამ ოდენობის თანხის უკანონო წარმომავლობის დამალვა სამი წლის განმავლობაში?
- ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ქვეყნის პოლიტიკურ, ბიზნეს თუ საბანკო ფიგურებთან საქართველოში ან საზღვარგარეთ?
- რა წარმომავლობის იყო თანხა - იყო თუ არა კავშირში ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ნარკოვაჭრობასთან, სანქციებისგან თავის არიდებასთან ან რაიმე სხვა უკანონო საქმიანობასთან?