"ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?

როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) - ამის გასარკვევად საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩამოსული.

„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც „ოცნების“ ხელისუფლებას ბოლო დღეებში თბილისში ჩამოსული სტუმრები ელაპარაკებიან.

ეს საკითხი განიხილეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა; TRIPP-ზე შეხვედრები დასახელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის მიზნადაც.

სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას ეფუძნება, საქართველოს არ კვეთს; სამომავლოდ, TRIPP-ი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი სტიმული მთელი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, აშშ-სთან თბილისის გართულებული ურთიერთობების ფონზე, თუკი არაფერი შეიცვლება, არ არის გამორიცხული, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის სტრატეგიული ფუნქცია შესუსტდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, ასევე TRIPP პროექტი [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“] სამხრეთ კავკასიას აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოგისტიკურ ცენტრად [ოფიციალური თარგმანი]“, - განაცხადა 19 ნოემბერს თბილისში სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, რომელსაც საქართველოში კოლეგა, მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობდა. ხაჩატურიანმა გაიმეორა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის მიერ 14 ნოემბერს დასმული აქცენტები - სამხრეთ კავკასიის დაკავშირება სპარსეთის ყურესთან და საქართველოს რკინიგზის ჩართულობა ევროპა-ცენტრალური აზიის დაკავშირების პროცესში.

ასეთ პერსპექტივებს სომხური მხარე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ ჯერ კიდევ 2023 წელს თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმზე წარდგენილი ინიციატივის - “მშვიდობის გზაჯვარედინის” - ფარგლებში ხედავს. ეს ინიციატივა რეგიონში ინფრასტრუქტურის განბლოკვასა და მთელი რიგი ახალი მარშრუტების გახსნას გულისხმობს. სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ გეგმის ფარგლებში ერევანი თბილისთან ნაყოფიერ თანამშრომლობას იმედოვნებს.

  • გასულ თვეებში რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყებოდა, რომ, სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, ფაშინიანმა და ტრამპმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს - „პარტნიორობის შესახებ მშვიდობის გზაჯვარედინზე პოტენციალის გაზრდისთვის“.


ასევე ნახეთ სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი თბილისში მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა
ასევე ნახეთ საერთო მშვიდობა, ერთი სამეზობლო, ორი გზა - სომეხი მინისტრი თბილისში

19 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გაფორმებული „ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს“ და „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“ რეგიონული სტაბილურობისთვის. ყაველაშვილმა თქვა ასევე, რომ „საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“, მაგრამ არ უხსენებია კონკრეტულად "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".

რას მოიცავს "ტრამპის მარშრუტი"?

უშუალოდ „ტრამპის მარშრუტი“ - რომლითაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო, საავტომობილო, გაზისა და ნავთობის მილსადენების, ციფრული ინფრასტრუქტურის [ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალი] განვითარებაა ჩაფიქრებული - ერთგვარი პარალელური გზაა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს გავლით დღემდე მოქმედი ტრადიციული სატრანზიტო გზისა.

ამ ახალი პროექტის მოთამაშედ საქართველო ვაშინგტონს არასოდეს დაუსახელებია.

  • ეს არის სომხეთის სიუნიქის რეგიონზე გამავალი გზა, რომლისთვისაც „ზანგეზურის დერეფნის“ წოდებას სომხეთი აპროტესტებს - და რომელიც აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აკავშირებს.
  • ამ მარშრუტს სომხეთში “სიუნიქის გზად” მოიხსენიებდნენ. სწორედ ამ გზის მეურვეობა და დაფინანსება ითავა აშშ-მა, პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით; მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივ მტრობას წერტილი დაესვა.
  • აშშ-ის მხარდაჭერა ამ გზაზე ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება.
  • 2025 წლის სექტემბერში, ერევანში სტუმრობისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ პირველ ეტაპზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 145 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.


ექსპერტები დიდი ხანია ბჭობენ, დააკარგვინებს თუ არა საქართველოს სატრანზიტო შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა. ახალი მარშრუტით თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთის გატარება საქართველოს გვერდის ავლითაც იქნება შესაძლებელი. ეს რუკაზეც კარგად ჩანს.

  • აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას 2025 წლის 8 აგვისტოს მოაწერეს ხელი, აშშ-ის პრეზიდენტის მრავალთვიანი ძალისხმევის შედეგად. აგვისტოში დონალდ ტრამპმა მადლიერებით აღნიშნა, რომ აშშ-ის შუამავლობით გახსნილ გზას მხარეებმა „ტრამპის მარშრუტი“ უწოდეს.
  • ექსპერტები მოელიან, რომ „ტრამპის მარშრუტი“ საბოლოოდ ინფრასტრუქტურული ქსელი გახდება და გასცდება იმ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც სომხეთის სიუნიქის რეგიონზე გადის.

·

სიუნიქის პროვინცია [ნახიჩევანი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მარშრუტი] ესაზღვრება ირანს, რომლისთვისაც აშშ-ის წარმომადგენლობის გაძლიერება პრობლემას წარმოადგენს. ეს გზა გამოწვევაა რუსეთისთვისაც. ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ წამოწყებული პროცესი რეგიონში რუსეთისა და ირანის ზეგავლენების მნიშვნელოვან შესუსტებას გამოიწვევს.

სომხეთმა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას 2025 წლის იანვარში მოაწერა ხელი. ერევანმა ღიად გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილიც, რაც კანონმდებლობითაც გაამყარა. აზერბაიჯანი და აშშ, აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ხელმოსაწერად ამზადებენ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.


სომხეთი, გორისი

რამდენიმე დღის წინ, სიუნიქის რეგიონში, ქალაქ გორისში, რადიო თავისუფლებას ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ჯერჯერობით "ტრამპის მარშრუტის" კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაწყებულა. ისინიც ინტერესით აკვირდებიან, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს რეგიონმა და მთლიანად სომხეთმა “ტრამპის მარშრუტის” განხორციელებით.

  • სომხეთის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, პროექტის დეტალები 2025 წლის ბოლომდე დაზუსტდება;
  • ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის მეორე ნახევარში აიღებს სტარტს; 2027 წლისთვის კი უკვე მნიშვნელოვან მოგებას ელოდებიან.


აქამდე არსებული ინფორმაციით, სომხეთის მთავრობა 99-წლიანი იჯარით გადასცემს 43 კმ-იან მონაკვეთს აშშ-ის მთავრობას. ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი კომპანია იქნება პასუხისმგებელი გზების რეაბილიტაციასა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ანდა მენეჯმენტზე.

რატომ ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში?

“როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)” - ამ საკითხის გარკვევის მიზნით, 18 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის "ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, მიიღო. შეხვედრაზე იყვნენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი.

შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საელჩოს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ; ქართული მხარის განცხადების მიხედვით კი, “შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით”.

განცხადების ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ “შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს” და ხაზი ესმება თბილისის უკმაყოფილებას “აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით”.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სტუმრობისთვის დიდი ყურადღება არ დაუთმია სახელისუფლებო მედიას.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს უთხრეს - "საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის"

აშშ-ის საელჩოს მიერ 18 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჯონათან ასკონასი, იმყოფებოდა საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო საავტომობილოზე", რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერის შედეგია.

სადახლო სომხეთს ესაზღვრება. ჯონათან ასკონასი საქართველოში, სავარაუდოდ, სამანქანო გზით შემოვიდა სომხეთიდან, სადაც 17 ნოემბერს, აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, ის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო. დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერი ხელმძღვანელობდა.

ერევანში „ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებულ კონკრეტულ სამუშაოებზე იმსჯელეს.

“აშშ-ის პრეზიდენტისა და ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით ავამოქმედეთ სამუშაო ჯგუფები. ახლა ბაქოში მივემგზავრები!“ - დაწერა ელისონ ჰუკერმა X-ზე. ის არ ახსენებს საქართველოს. ჰუკერთან ერთად ფოტოებში ჩანს ჯონათან ასკონასი, რომელიც შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.

ბაქოში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის სტუმრობისას, განიხილეს "ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებული პროცესის მიმდინარეობა, სამომავლო ნაბიჯები და დაჩქარების შესაძლებლობები.

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია აზერბაიჯანის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაქოში იმსჯელეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შესახებაც, რომელიც, მათ შორის - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ტექსტს ამზადებს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია გვეუბნება, რომ „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით აშშ-ის ინტერესი დიდია, მაგრამ არა იმდენად ეკონომიკური, არამედ უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, რაც რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად და ვაშინგტონი მტკიცე მოკავშირეების შემოკრებას ცდილობს - რეგიონში ყველაზე მტკიცე მოკავშირე ერთ დროს მისთვის საქართველო იყო.

„ამ ახალ პოლიტიკურ კონტურებში ჩვენ საერთოდ არ ვჩანვართ. ამოვარდნილი ვართ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს [რომელიც ჩამოვიდა] ტექნიკურად აინტერესებდა, რა შესაძლებლობები არსებობს, თუმცა თბილისთან სიტუაციის დალაგების სიგნალი არ ყოფილა და პოლიტიკური მოლაპარაკებები არ შემდგარა... ბუნებრივია, საქართველოს მიმართ ინტერესი რჩება, მაგრამ ჩანს, რომ მათ არ უნდათ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა. ამ ხელისუფლებას არა აქვს ამერიკელებთან ურთიერთობების გაუმჯობესების რესურსი“, - ცომაია გვეუბნება ასევე, რომ აშშ-ის ყოფნა რეგიონში მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან „ვაჭრობას უსაფრთხოებაც მოაქვს“.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი ახლახან დაბრუნდა ერევნიდან, სადაც შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის „ტრამპის მარშრუტის“ შესახებაც. ტუმასიანი ამბობს, რომ საქართველოსთვის არსებული სატრანზიტო რესურსის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტის მოზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ კალაპოტში დაბრუნების გარეშე.

„საქართველოს უკვე დიდი ხანია აქვს სატრანზიტო ფუნქცია, მაგრამ ახლა [ახალი გეგმით] ყველაფერი დაკავშირებული იქნება TRIPP-თან. რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას არ დახურავენ, მაგრამ ახალი არ აშენდება საქართველოში და დროთა განმავლობაში შეიძლება ჩანაცვლდეს. თუ საქართველოს, და მათ შორის რუსეთსაც, არსებული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა [დასავლეთთან] სავაჭრო თემად წარმოედგინათ, ახლა ეს ბერკეტი აღარ იარსებებს. თუკი საქართველო დარჩება ანტიდასავლურ ქვეყნად, რატომ უნდა გააკეთონ ფსონი საქართველოზე?!“ - გიორგი ტუმასიანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს ასევე განმარტავს, რომ ჯანსაღ გარემოში TRIPP საქართველოსთვის არა კონკურენტული, არამედ შემავსებელი პროექტი იქნებოდა - "შუა დერეფნის" ფარგლებში და ტვირთების ეფექტიანი გადანაწილებით, საქართველოც უზარმაზარ შესაძლებლობებს მიიღებდა.

ტუმასიანი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ თბილისში განხილული საკითხი უკავშირდებოდეს "ტრამპის მარშრუტის" ტექნიკურ ხელშეწყობასა და კერძოდ, სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად საჭირო ტექნიკის გატარებას, მათ შორის - საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ასევე ნახეთ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ - რას სთავაზობს ფაშინიანი მეზობლებს
ასევე ნახეთ „ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან


აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები პრაქტიკულად შეჩერებულია - აღარ იმართება მაღალი დონის ვიზიტები. არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, 2024 წლის ნოემბერში, ვაშინგტონმა შეაჩერა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა. სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც. აშშ-ის მიერ სანქცირებულია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სანქცირებულთა დიდმა ნაწილმა მაღალი თანამდებობები დატოვა.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს "ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა უთხრა, რომ “საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის” და კიდევ ერთხელ გაიმეორა “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეთავაზება, რომ “სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან”, “კონკრეტული გზამკვლევით” დაიწყონ.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა და მის გამხმოვანებლად მიჩნეულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, შეთქმულების თეორიებით სავსე მორიგ წერილში, „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლად მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
  • მანამდე, 2025 წლის აპრილში, შათირიშვილი წერდა, რომ ახლა აშშ-ში „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ რებრენდინგი მიმდინარეობს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი საქართველოს უარესი ძალით შემოუბრუნდება; “დიპ სტეიტის“ მთავარი ინსტრუმენტი” ამერიკის შეერთებული შტატებია და “შესაბამისად, მისი [აშშ-ის] ჩამოშლა გლობალური ომის პარტიის ჩამოშლასაც ნიშნავს”.


შათირიშვილის აპრილის წერილის კვალდაკვალ, “ქართული ოცნების” წევრებმაც დაიწყეს იმის მტკიცება, რომ უშედეგოა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძოლა “დიპ სტეიტთან” და რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობა “დიპ სტეიტის” დამარცხებაა.

“ქართული ოცნების” თანახმად, ”დიპ სტეიტის” მთავარი მახასიათებელია განზრახვა - საქართველოს ომში ჩათრევა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. აქვეა დასკვნაც, რომ ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში, ეს საფრთხე მუდმივად იარსებებს.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“