„ეპიკური ბრძოლა": სკანდალი ჩეჩნეთის მუფთისა და რუსეთის მთავარ რაბინს შორის

ჩეჩნეთის მუფთი სალაჰ მეჟიევი (მარცხნივ) და ჩეჩნეთის მმართველი რამზან კადიროვი

გასულ კვირას რუსეთში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნა - დღესასწაული, რომელიც 20 წელია დაფუძნდა და კრემლში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. თუმცა წელს დღესასწაული ორ უდიდეს რელიგიურ - მუსლიმთა და იუდეველთა -თემს შორის კონფლიქტმა დაჩრდილა.

დაპირისპირება ჩეჩნეთის მუფთის, სალაჰ მეჟიევის განცხადებით დაიწყო. Kavkaz.Realii პოლიტოლოგებთან ერთად არკვევს, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს "ეპიკური ბრძოლა" და რა შუაში არიან ევროპელი „ათეისტები“ თუ „უკრაინელი სატანისტები“.

თარგმანში დაკარგულები

„ოდითგანვე არსებობენ ალაჰის მტრები - იუდეველები და მათ მიერ შექმნილი მოძრაობები, როგორიცაა ათეიზმი“, - ასე თქვა სატელევიზიო გადაცემაში სალაჰ მეჟიევმა, კადიროვის ადგილობრივი საინფორმაციო არხის, „გროზნი-ინფორმის“ მიერ მოყვანილი ციტატის მიხედვით.

გადაცემა „ჩეჩნეთის ისტორია: ომი და მშვიდობა“, რომელშიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუფთი მონაწილეობდა, გროზნოს სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის კომპანიამ ოქტომბრის შუა რიცხვებში გადასცა, მაგრამ ებრაულმა თემმა ეს ციტატა მხოლოდ კვირა-ნახევრის შემდეგ შენიშნა. რუსეთის მთავარმა რაბინმა, ბერლ ლაზარმა, მეჟიევის სიტყვები მთელი ებრაელი ხალხის შეურაცხმყოფლად შეაფასა.

„ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ბატონი მეჟიევის სიტყვები აშკარად ეწინააღმდეგება მუსლიმური საზოგადოების ოფიციალურად გაცხადებულ პოზიციას [...] გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში განცხადებებს გააკეთებენ რუსეთში ისლამის წამყვანი წარმომადგენლები, რომლებიც ოფიციალურად გაემიჯნებიან მეჟიევის ანტისემიტურ განცხადებებს...“ - დაწერა რაბინმა Telegram-ში თავის არხზე.

„ისლამის წამყვანმა წარმომადგენლებმა“ უარი თქვეს ჩეჩენი მუფტის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაზე. ამის ნაცვლად, მეჟიევმა კვლავ ილაპარაკა და თქვა, რომ მისი სიტყვები ჩეჩნურიდან არასწორად თარგმნეს ევროპიდან ჩამოსულმა „ათეისტებმა“ და „უკრაინელმა სატანისტებმა“ და თუ რაბინი არასანდო წყაროებს იყენებს, „ეს მისი პრობლემაა“.

როგორც ჩანს, მეჟიევმა „გროზნი-ინფორმის“ ვებსაიტი მოიხსენია არასანდო წყაროდ - სწორედ იქ გამოჩნდა ციტატა, რომელმაც რაბინი აღაშფოთა. ეს პუბლიკაცია მოგვიანებით წაიშალა, მაგრამ ის კვლავ ხელმისაწვდომია სააგენტოს გვერდზე Vkontakte-ში.

მეჟიევის გამართლებამ კითხვები გააჩინა რუსეთის ებრაული თემების კავშირის წარმომადგენლებშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბორუხ გორინმა აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციაში მარტივი ბოდიშის მოხდა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე ვითომ არასწორი თარგმანის მოყვანა - მით უმეტეს, რომ მეჟიევს არ მოუყვანია იუდეველების შესახებ თავისი გამონათქვამის ზუსტი თარგმანი.

„კავკაზ.რეალიის" დასკვნით, ჩეჩნურ ენაზე მუფთის გამოსვლის ზუსტი თარგმანი სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებდა. სიტყვა „იუდეველების“ ნაცვლად, რომელსაც კადიროვის მომხრე ვებსაიტი თავის პუბლიკაციაში იყენებს, მეჟიევი ამბობს „ებრაელებიო“. ამრიგად, მან „ალაჰის მტრები“ მთელ ერს უწოდა. ამას ადასტურებენ ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი და წევრები NIYSO მოძრაობისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა.

რესპუბლიკის მუფთის თქმით, ინტერვიუში ის არ გულისხმობდა ებრაელ ხალხს ან ებრაელებს, არამედ მხოლოდ „სიონისტებს“. უძველესი ბრიტანულ-ამერიკული ენციკლოპედია, ენციკლოპედია ბრიტანიკა, სიონიზმს განსაზღვრავს, როგორც „ნაციონალისტურ მოძრაობას, რომლის მიზანია პალესტინაში ებრაული ეროვნული სახელმწიფოს შექმნა და მხარდაჭერა“.


საერთაშორისო სიონისტური ორგანიზაცია სიონიზმს განსაზღვრავს, როგორც „ებრაულ სახელმწიფოში სანიმუშო საზოგადოების შექმნას“, განათლების გავრცელებას, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, „ებრაულ ცნობიერებაში ისრაელის ცენტრალური როლის განმტკიცებას“ და თანამემამულეების რეპატრიაციას.

1975 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სიონიზმი რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად გამოცხადდა. ამ რეზოლუციას, რომლის მიზანი რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა იყო, სხვებთან ერთად საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმაც მისცეს ხმა.

რეზოლუცია, რომელიც ისრაელს აყენებდა ისეთი რასისტული ქვეყნების გვერდით, როგორიც სამხრეთი აფრიკა და როდეზია, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1991 წელს გააუქმა, საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ.

ნაწილობრივ გაეროს ამ რეზოლუციის მოშველიებითაც, საბჭოთა კავშირში სიონიზმს რასიზმს უთანაბრებდნენ. ხელისუფლება დევნიდა და ქვეყნის დატოვებას უშლიდა არა მხოლოდ მათ, ვინც სიონიზმის მრწამსს იზიარებდა, არამედ ყველა ებრაელს.


სწორედ ეს „საბჭოთა სტილის“ ახსნა გამოიყენა სალაჰ მეჟიევმა, როცა რაბი ლაზარს უპასუხა, - ამბობს პოლიტოლოგი და პრაღის კარლის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი დიმიტრი დუბროვსკი.

„საბჭოთა სტილის ახსნა ისაა, რომ ჩვენ ანტისემიტები კი არა, ანტისიონისტები ვართ. ეს ანტისემიტების საკმაოდ გავრცელებული ხრიკია - ისევე როგორც საკმაოდ გავრცელებული არგუმენტია ისრაელის ნებისმიერი კრიტიკის უკან ანტისემიტიზმის დანახვა“, - მიაჩნია ექსპერტს.


ახსნის საბჭოთა სტილი: „ჩვენ ანტისემიტები კი არ ვართ, არამედ ანტისიონისტები“.

მოსაზრებების „გაჟონვა“ და გავრცელება

დუბროვსკი მუფთისა და რაბინს შორის კონფლიქტს სერიოზულ ინციდენტად არ აღიქვამს. მისი აზრით, ეს იყო „ზოგიერთ რუს მუსლიმს“ შორის გავრცელებული მოსაზრების „გაჟონვის“ შედეგად გავრცელება.
„ანტისემიტიზმის დონე საკმაოდ მაღალია რუსი მუსლიმების მნიშვნელოვან რაოდენობაში, რაც დაღესტანში მომხდარმა მოვლენებმაც ნათლად აჩვენა. ამ შემთხვევაში კი ის გავრცელდა, რასაც, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, რუსი მუსლიმების ნაწილი საკმაოდ ხშირად განიხილავს ერთმანეთში“, - ამბობს პოლიტოლოგი.

დუბროვსკის მიერ ნახსენები დაღესტნის მოვლენები, ისრაელზე ჰამასის 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის შემდეგ მოხდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მხარი დაუჭირეს ღაზის სექტორის მოსახლეობას, რომელიც ისრაელის საპასუხო საომარი ოპერაციის შედეგად იტანჯებოდა.
დაღესტანში ამ განწყობებმა კულმინაციას მიაღწია მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში ანტიებრაული თავდასხმებით, რასაც წინ უძღოდა სპონტანური მიტინგი ხასავიურტში სასტუმროსთან და საბურავების დაწვა ნალჩიკში ებრაული კულტურის ცენტრის მშენებლობის ადგილზე.

მოგვიანებით აგრესიული ჯგუფი თელ-ავივიდან მომავალი ტრანზიტული თვითმფრინავის მოსაძებნად ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა. არეულობაში სავარაუდო მონაწილეებს ჯერ კიდევ ასამართლებენ. გამოძიებამ 140-ზე მეტი ეჭვმიტანილი გამოავლინა, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ მათ შორის შესაძლოა შემთხვევითი პირები იყვნენ.
ერთი წლის შემდეგ, 23 ივნისს, შეიარაღებულმა პირებმა მაჰაჩყალასა და დერბენტში ეკლესიებსა და სინაგოგებს შეუტიეს. 20 ადამიანი დაიღუპა - მათგან 16 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ეკლესიის 66 წლის წინამძღვარი მამა ნიკოლაი (კოტელნიკოვი).
რუსეთში უკვე აღირიცხა რელიგიურ ნიადაგზე ჩრდილოეთ კავკასიელების თავდასხმები მორწმუნე იუდეველებზე. ვოლგოგრადში დაღესტნის კიზილიურტის რაიონის მკვიდრ ჰასან აბუკოვს მკაცრი რეჟიმის პატიმრობა მიესაჯა ორწელიწად-ნახევრით, რადგან საავარიო ჩაქუჩი ურტყა გამვლელს, რომელსაც "დავითის ვარსკვლავი" ეკეთა და თავზე კიპა ეხურა. თავდასხმა დაიწყო შეკითხვით: „რატომ არის ომი პალესტინაში?“

რუსეთის ფედერაციის სამხრეთში - კავკასიაში - ანტისემიტიზმი ირიბად არის ნახსენები რუსეთის უშიშროების სამსახურის ანგარიშებშიც: დაღესტანში არეულობის შემდეგ სპეცსამსახურმა რეგულარულად დაიწყო იმ ადამიანების „დაჭერა“, რომლებიც ებრაულ თემზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

ბოლო ასეთი ინფორმაცია მოვიდა პიატიგორსკიდან, სადაც ეჭვმიტანილი სინაგოგაზე თავდასხმას აპირებდა. ერთი თვით ადრე, დაღესტანში დააკავეს 16 წლის ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, სინაგოგასა და მეჩეთზე თავდასხმას გეგმავდა. მაისში სოჭში დააკავეს ესენტუკის მკვიდრი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო რეგისტრირებული, მას შემდეგ, რაც სინაგოგაში ჩაქუჩით შესვლა სცადა და შენობას ქვებს ესროდა.

ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოები არ აქვეყნებენ რაიმე მტკიცებულებებს ეჭვმიტანილების შესაძლო მონაწილეობის შესახებ და არც მათზე ან მათ მოტივაციაზე გაუმჟღავნებიათ ინფორმაცია.

„ეს პრობლემები კვლავ იქნება და ეს ქსოვილი დაირღვევა.“

სისტემის კრიზისი?

პოლიტოლოგმა რუსლან აისინმა მუსლიმური და ებრაული თემების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტის სერიოზულობასთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა და მიმდინარე კონფლიქტს „ეპიკური ბრძოლა“ უწოდა. აისინის მოსაზრებით, ორივე თემს კრემლში განსაკუთრებული პოზიცია უკავია და იქ გავლენის მქონე კავშირები აქვს. მათი საჯარო კონფლიქტი სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს.

„ეს რუსეთის საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის დემონსტრირებაა. და ის არ ქრება, რადგან პუტინის ტოტალიტარული სისტემა უბრალოდ ცდილობს მის შენიღბვას და მიჩქმალვას“, - თქვა აისინმა.

დუბროვსკის თქმით, კრემლმა ვერ გაარკვია, როგორ დაეფარა მიმდინარე კონფლიქტი და უბრალოდ გადაწყვიტა მისი მიჩქმალვა.

ეს აშკარაა, მაგალითად, წითელ მოედანზე მინინისა და პოჟარსკის ძეგლთან ყვავილების დადების ცერემონიის ამსახველ კადრებში: როგორ აღნიშნავს ვლადიმირ პუტინი ეროვნული ერთიანობის დღეს. ცერემონიაზე წამყვანი სარწმუნოებების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. მოსკოვის ყოფილი მთავარი რაბინი პინჩას გოლდშმიდტი და რუსეთის მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი იდგნენ რუსეთის მუფთის, რავილ გაინუტდინის და მუსლიმთა ცენტრალური სასულიერო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ტალგატ ტაჯუდინის გვერდით, სწორედ მათთან, ვისგანაც ებრაულმა თემმა წინა დღეს ახსნა-განმარტება მოითხოვა.

იმავე დღეს, როგორც მუსლიმურმა, ასევე ებრაულმა თემებმა პუტინისგან პუშკინის მედლები მიიღეს - ერებისა და ხალხების კულტურების დაახლოებისა და ურთიერთგამდიდრებისთვის.

აისინი მიიჩნევს, რომ მუსლიმური თემის მხრიდან რეაგირების მიზეზი მარტივია: არავის სურს ჩეჩნეთთან კამათი. ამიტომ, ექსპერტი ვარაუდობს, რომ სკანდალი თანდათან ჩაცხრება.
„მაგრამ ეს წინააღმდეგობები, ეს პრობლემები დარჩება, ეს ქსოვილი დაირღვევა. რა თქმა უნდა, ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ე.წ. ერთიანობის დღის წინა დღეს მოხდა - სრულიად ხელოვნური, მოგონილი და ცინიკური დღესასწაული. არ არსებობს ეროვნული ერთიანობა იმ პირობებში, როდესაც პუტინის რეჟიმი ნაცისტურ მოსაზრებებს უწყობს ხელს“, - ასკვნი ის.

4 ნოემბერს, ეროვნული ერთიანობის დღეს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი ეროვნული დღესასწაულების - რუსეთის მკვიდრი ხალხების დღის (8 სექტემბერი) და რუსეთის ფედერაციის მკვიდრი უმცირესობების დღის (30 აპრილი) შემოღების შესახებ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა კანონს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში გაწვევას ითვალისწინებს. მის თანახმად, მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება მთელი კალენდარული წლის განმავლობაში - 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

სალაჰ მეჟიევი ჩეჩნეთის მუფთი 2014 წელს, 37 წლის ასაკში გახდა. ის ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უახლოესი წრის წევრია
და რეგულარულად იღებს სახელმწიფო ჯილდოებსა და ტიტულებს.

მეჟიევის თანხმობით გახდა შესაძლებელი სალმან ტეფსურკაევის, 1ADAT Telegram-არხის სავარაუდო ადმინისტრატორის, სექსუალური ხასიათის წამება, რომელიც ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა გაიტაცეს და შემდგომში, სავარაუდოდ, მოკლეს. ის „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებს „შურისძიებით“ დაემუქრა ჩეჩნეთში გეების დევნის შესახებ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ; მან საჯაროდ უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს „პირველი ტერორისტი“, ჩეჩნური წარმოშობის ლტოლვილის მიერ მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ.