39 წლის ულტრანაციონალისტი გიორგი (გიგა) ჭელიძის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც პოლიციამ შეიტყო, რომ მას სხეულზე სვასტიკა და სხვა აკრძალული სიმბოლოები ჰქონდა ამოტვიფრული.
სად და ვინ ნახა მის სხეულზე ტატუები და რატომ გადაწყვიტა პოლიციაში წასვლა?
„[ბრალდებაში] სასაცილო მიზეზია აღწერილი, თითქოსდა ჩემს ბინაში ვინმე მოწმემ დაინახა ჩემს ტანზე სვირინგები…არწივი, შვიდკუთხოვანი ბორჯღალო და ოთხკუთხოვანი ბორჯღალო, ე.წ. სვასტიკა“, - უხსნის თავის მხარდამჭერებს გიორგი ჭელიძე ვიდეოში, რომელიც ტელეგრამში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა.
ჭელიძე არ მალავს, რომ მას მართლაც აქვს ასეთი ტატუები სხეულზე, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს - ეს „თავდაპირველად ქართული სიმბოლოებია“, დატანილი ქართულ ფულზე, ქართულ ტაძრებზე, სხვადასხვა კულტურულ-ისტორიულ ძეგლებზე, - ამბობს იგი.
„ეს არის შეურაცხყოფა ქართული ისტორიის, გერმანიის ისტორიის, თეთრი რასის. სამართლებრივად ეს არის საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რადგან მე ვარ საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებული ორგანიზაციების მეთაური და ამ ორგანიზაციების ტერორისტულ ორგანიზაციებად წარმოჩენა საქართველოს შინაურ საქმეში ჩარევაა“.
ამავე ვიდეოში ჭელიძე გერმანიის სახელმწიფოს არადემოკრატიულ ნაბიჯებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „იქაური და აქაური მეგობრების დახმარებით“ ძლივს დააღწია თავი მას და საქართველოში დაბრუნდა.
სხეული ჩემია და უფლება მაქვს, რაც მინდა ის დავიხატო - რას ედავებიან ჭელიძეს?
„ჩემს ოთახში იმდენი ვინმე შემოსულა, აბა, როგორ მივხვდები [ვინ აცნობა პოლიციას]? - ეუბნება გიორგი ჭელიძე რადიო თავისუფლებას და ამატებს - და თან ჩემს ოთახში მე შიშველი ვიქნები თუ ჩაცმული, ვისი რა საქმეა. და რა ტატუ მეხატება, არც ეგ არაა ვინმეს სამართლებრივი საქმე. სხეული ჩემია და ჩემი დემოკრატიული უფლებაა, რაც მომწონს ის დავიხატო ტანზე, თუ ვინმეს არ მოსწონს, მეორედ ნუღარ შემოვა ჩემს ოთახში!“
დოკუმენტი, რომელიც ჭელიძემ მოგვცა, 9 სექტემბრით თარიღდება. მასში აღნიშნულია, რომ ბრანდენბურგის პოლიცია იძიებს ანტიკონსტიტუციური და ტერორისტული ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევას.
ბრალის დადგენილება
კანონდარღვევის დაფიქსირების, ანუ მის სხეულზე ტატუს დანახვის სავარაუდო დრო - 20 აგვისტო, დილის 08:00 - 08:10. ადგილი – ქალაქი აიზენჰიუტენშტადტი, გერმანიის აღმოსავლეთი, პოლონეთის საზღვართან.
„თქვენ ბრალდებული ხართ იმაში, რომ 2025 წლის 20 აგვისტოს თქვენს, 332-ე ოთახში, საჯაროდ გიჩანდათ ტატუები (სვასტიკა, „შავი მზე“, იმპერიული არწივი). ამით თქვენ შესაძლოა ჩაიდინეთ სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება“, – აღნიშნულია ბრალდებაში.
პოლიციამ ჭელიძეს უფლება მისცა, თავისი პოზიცია ბრალდებაზე წერილობით დაეფიქსირებინა:
„თუკი 2025 წლის 30 სექტემბრამდე თქვენგან არც პასუხს არ მივიღებთ და არც წერილობით ახსნას [პასუხის] შეყოვნების მიზეზების შესახებ, ჩავთვლით, რომ თქვენ არ გსურთ პოზიციის წარმოდგენა. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ოდერის ფრანკფურტის პროკურატურა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – ნათქვამი იყო წერილში.
ჭელიძის თქმით, ის გერმანიაში „პოლიტიკური და პირადი მიზეზებით“ ჩავიდა. სურდა „ერთობლივი პროექტების განხორციელება“, „ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება“ და რაც მთავარია, „დარჩენის უფლების თხოვნა“ 2028 წლის 1 მარტამდე, სანამ საქართველოში ნასამართლობა მოეხსნებოდა.
წერილი საელჩოში
რადიო თავისუფლებას გერმანიის საელჩოში უთხრეს, რომ დიპლომატიური მისიისთვის ეს საქმე ცნობილია, თუმცა „საკითხი არ შედის საელჩოს კომპეტენციაში“.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჭელიძე საელჩოს სთხოვს, გერმანიამ „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა და ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში.
გერმანიაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ტერორისტული ორგანიზაციების სიმბოლოების გავრცელება დანაშაულია, - განგვიმარტავენ საელჩოში და ჩამოთვლიან, რომ ასეთი სიმბოლოებია, მაგალითად, ნაცისტური სვასტიკა, SS-ის რუნები, ჰიტლერის მისალმება. სიმბოლოების გამოხატულებად კი შეიძლება სვირინგებიც ჩაითვალოს, - ამბობენ დიპლომატიურ მისიაში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86ა მუხლის მიხედვით, „ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციების ამოსაცნობი ნიშნების გამოყენება“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან ფულადი ჯარიმით.
ნაცისტური სიმბოლიკის, მათ შორის ნაცისტური სვასტიკის გამოყენება აკრძალულია და სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება არა მარტო გერმანიაში, არამედ არაერთ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
საილუსტრაციო ფოტო. გადახაზული სვასტიკა ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
ჭელიძის გეგმები
გიორგი ჭელიძე საქართველოში პარტიის დარეგისტრირებას გეგმავს და პირველ ეტაპზე მასში „300 სისხლით ქართველ მამაკაცს“ ეპატიჟება. რეგისტრაციის შემდეგ კი გერმანიის საელჩოზე „მძლავრ პოლიტიკურ დარტყმას“ გეგმავს. ჭელიძის თქმით, ის „მთელ მსოფლიოს“ მოუყვება გერმანიაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, როგორც თავად ამბობს, გერმანელი ერის მიგრანტებით ჩანაცვლების პოლიტიკაზე.
გიორგი ჭელიძე. 2018 წელი
ვინ არის გიორგი ჭელიძე?
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი ბოლო რვა წელიწადში რამდენჯერმე მოექცა მედიისა და პოლიციის ყურადღების ცენტრში.
2017 წლის ნოემბერში ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დააკავეს, როცა ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას ლგბტ თემის დროშიანი სამკლავურით ასპარეზობას აპროტესტებდა. დაკავების მიზეზი პოლიციასთან დაპირისპირება გახდა.
2018 წლის მაისში, როდესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ღამის კლუბის, მათ შორის „ბასიანის“ დარბევას და ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ, ჭელიძე რადიკალურად განწყობილი კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მაშინ პოლიციამ ორ აქციას შორის პოლიციელების რიგი ჩააყენა, ბარიერი აღმართა და დაპირისპირების თავიდან აცილება შეძლო.
ასევე ნახეთ 14 ადვოკატი გიორგი ჭელიძის გასამართლებლად2018 წლის 1 სექტემბერს ის ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ჭელიძე ციხიდან 2022 წლის 25 თებერვალს გამოვიდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჭელიძე ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა მისთვის მიუღებელი ორი კანონის დამტკიცების შემდეგ მიხვდა, რომ „კურსი, რომელიც ხელისუფლებას ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან აქვს, არ შეიცვლებოდა“.
ასევე ნახეთ 11 რამ ულტრანაციონალისტ გიორგი ჭელიძისა და მისი ორგანიზაციის შესახებსოციალურ ქსელებში გიორგი ჭელიძეს ხშირად „დედისერთა ფაშისტად“ მოიხსენიებენ. 2018 წელს ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში წამყვანს კითხვაზე, იყო თუ არა 2008 წლის ომში, მან უპასუხა:
„2008 წლის ომში არ ვიყავი, მე გახლავართ დედისერთა, მე იმ დროს ვსწავლობდი“.