სახაროვის პრემია: ვინ იბრძვის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოსთვის?

რიკარდ იოზვიაკი

დაჯილდოების სეზონი მოდის - ძლიერი პოლიტიკური რეზონანსის მქონე პრიზების დრო.

რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება ნორვეგიის ნობელის კომიტეტზე იქნება მიპყრობილი, როდესაც ის, 10 ოქტომბერს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარადგინა.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ამ შემოდგომაზე გამოცხადდება - სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

ამერიკის პრეზიდენტი არ არის წარდგენილი ამ პრემიაზე, რომლის გამარჯვებულსაც 50 000 ევრო გადაეცემა, თუმცა ნომინაციებში შეხვდებით არაერთ ადამიანსა და ორგანიზაციას ქვეყნებიდან, რომლებსაც რადიო თავისუფლება ფარავს, მათ შორის სერბ სტუდენტ მომიტინგეებს, ბუდაპეშტის პრაიდს, პოლონელ-ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტს და ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, მისი ქვეყნის პროდემოკრატიულ მოძრაობასთან ერთად.

ასევე ნახეთ „ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან

კონკურენცია დიდია. მათ გარდა ნომინირებულნი არიან პალესტინელი ჟურნალისტები, აქტივისტები და ცოტა ხნის წინ მოკლული ამერიკელი კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი ჩარლი კირკი.

პოლიტიკური ჭიდილი

ჯილდოს მთლიანად ევროპარლამენტი განაგებს.

ის 1988 წელს დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და შემდეგ ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა. რეპრესიული რეჟიმები ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე ევროპელ კანონმდებლებს ზოგიერთი ნომინაციისა და გამარჯვებულის გამო.

ასევე, არც ისე იშვიათია, რომ სახაროვის პრემიის ლაურეატებმა მოგვიანებით ნობელის მშვიდობის პრემია მიიღონ. ამის მაგალითებია განათლების პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი და კონგოელი ექიმი დენი მუკვეგე.

პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, ან, სულ მცირე, 40 ევროპარლამენტარისაგან შემდგარი ჯგუფი ნომინაციებს ოფიციალურად 23 სექტემბერს წარადგენენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია მიანიჭა მაჰსა ამინისა და ირანულ მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“

ამ ნომინაციების დასახელების ბოლო ვადა გასულ კვირას ამოიწურა და ჯგუფებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, თუ ვინ არიან მათი ნომინანტები.

ამგვარად, 23 სექტემბრის ღონისძიება არსებითად არის შესაძლებლობა, საჯაროდ წარადგინონ საკუთარი კანდიდატის ინტერესები და დაიწყონ პოლიტიკური ჭიდაობა, თუ რომელი სამი კანდიდატი მოხვდება მოკლე სიაში და, საბოლოოდ, თუ ვინ იქნება გამარჯვებული.

აქ მთავარ როლს მართლაც პოლიტიკა თამაშობს.

რიცხვებით თამაში

აქ ზომასაც აქვს მნიშვნელობა. მოკლე სია წელს 16 ოქტომბერს შეირჩევა, როდესაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტების წევრები ფარულ კენჭისყრას ჩაატარებენ.

თითო წევრს თითო ხმა აქვს. სამი კანდიდატი, რომლებიც ყველაზე დიდ მხარდაჭერას მიიღებენ, მოკლე სიაში შევლენ.

ვინაიდან კენჭისყრა ფარულია, ოფიციალურად არ აცხადებენ საბოლოო შედეგს. მიუხედავად ამისა, მედია ხშირად ახერხებს ხოლმე შედეგების გაგებას და ვიცით, რომ ბრძოლა ძალიან დაძაბულია ხოლმე. როგორც წესი, საბოლოო სამეულის ბედს სულ რაღაც რამდენიმე ბიულეტენი განკარგავს.

ყველაფერს პარტიული დისციპლინა წყვეტს. ევროპარლამენტარები ხშირად იძულებულნი არიან ხმა მისცენ მათი პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატს. ამ ორი კომიტეტის წევრობა კი პოლიტიკური ჯგუფების სიდიდით განისაზღვრება, რაც ამ კონკურსს რიცხვების თამაშად აქცევს.

საქმეს ისიც ართულებს, რომ ზოგ კანდიდატს მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი ევროპარლამენტარების დაჯგუფება.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადასცა

ეს ყველაფერს საკმაოდ არაპროგნოზირებადს ხდის.

ხშირად გაურკვევლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასტანს, რაც წელს 22 ოქტომბერს მოხდება.

გამარჯვებულს კი გამოავლენს არა რომელიმე კომიტეტი, არამედ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთა კონფერენცია, რომელიც შედგება პარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლასა და რვა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებისგან. კენჭისყრა აქაც საიდუმლოა და მსჯელობა შეიძლება ხანგრძლივი იყოს, მაგრამ ისევ და ისევ, ზომას მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო დიდია პოლიტიკური ჯგუფი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი ხმა.

მაშ, ვინ მოხვდება მოკლე სიაში და ვინ გაიმარჯვებს?

ლოგიკა გვიკარნახებს, რომ ეს იქნება ანდჟეი პოჩობუტი, იმის გათვალისწინებით, რომ მას მხარს უჭერს პალატის უდიდესი ჯგუფი, ცენტრისტული-მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტია (EPP).

„ისინი, როგორც წესი, თავიანთი მიზნის მიღწევას ახერხებენ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პრემიაზე საუბრისას.

მის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პოჩობუტი ასევე წარდგენილია ევროპარლამენტის ზომით მეოთხე ჯგუფის, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების (ECR) მიერ.

ამ ორმა პარტიამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით სახაროვის პრემია მიანიჭა ვენესუელის ოპოზიციურ პოლიტიკოსებს მარია კორინა მაჩადოს და ედმუნდო გონსალესს.

ევროპის სახალხო პარტიისა და ევროპის რეფორმის პარტიის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათი აზრით, პოჩობუტის გამარჯვება მას ციხიდან გათავისუფლებაში დაეხმარება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარულმა რეჟიმმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო.

თუმცა, პოჩობუტს გამარჯვება სულაც არა აქვს გარანტირებული.

სიდიდით მეორე ჯგუფმა, ცენტრისტულმა-მემარცხენე სოციალ-დემოკრატებმა, წარადგინეს „კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის პრესის ასოციაცია, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (PRCS) და გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტო (UNRWA)“.

უფრო მცირერიცხოვანმა მემარცხენე ჯგუფმა კი რამდენიმე პალესტინელი ჟურნალისტი წარადგინა.

თუ ეს ორი მხარე შეთანხმდება და ერთ პალესტინელ პირზე ან ორგანიზაციაზე შეჯერდება, მათ შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის ხმები მოაგროვონ თავიანთი კანდიდატის გასამარჯვებლად.

სხვა კანდიდატები

გამარჯვების დიდი შანსი არა აქვთ „ბუდაპეშტის პრაიდს“, რომელიც „მწვანეებმა“ წარადგინეს - ეს ჯგუფი დღეს დიდ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენს და სერბ სტუდენტ მომიტინგეებს, რომელიც სიდიდით მეხუთე ჯგუფმა, ლიბერალურმა „განახლების“ პარტიამ წარადგინა.

ასევე ნახეთ უნგრეთის პოლიციამ აკრძალა ბუდაპეშტის ლგბტ პრაიდის ჩატარება

შანსები არც ჩარლი კირკს აქვს, რადგან მას ყველაზე პატარა ფრაქცია, ულტრამემარჯვენე „სუვერენული ერების ევროპა“ უჭერს მხარს და მათთან სხვა არცერთ პოლიტიკურ ოჯახს არ სურს თანამშრომლობა.

შესაძლო კომპრომისული არჩევანი შეიძლება იყოს დაპატიმრებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 61 ევროპარლამენტარი უჭერს მხარს. როგორც წესი, ეს მოკლე სიაში მოსახვედრადაც კი არ იქნებოდა საკმარისი, თუმცა, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფი - მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიაც“ და „სოციალ-დემოკრატებიც“ - განიხილავდნენ მის ნომინირებას, ვიდრე არჩევანს სხვაზე არ შეაჩერებდნენ.

ამგვარად, მზია ამაღლობელს ევროპარლამენტში აღიარებენ და პატივს სცემენ. ქართველს აქამდე არასდროს მოუგია ეს პრემია და ევროპელ კანონმდებლებსაც სურთ, რომ თბილისს გზავნილით მიმართონ.

თუმცა, ამის შანსი მაინც მცირეა. პოლიტიკური ჯგუფები, როგორც წესი, დისციპლინირებულები არიან, მაგრამ წელს კონკურსი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ასევე ნახეთ ევროკავშირის შემოდგომის გამოწვევები: რუსული აქტივები, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო