სარემონტო სამუშაოების გამო კახეთის რამდენიმე სკოლა ვერ გაიხსნა

კაბალის პირველი საჯარო სკოლა

დღეს სიღნაღსა და ლაგოდეხში რამდენიმე საჯარო სკოლა ვერ გაიხსნა. მიზეზი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც წინასწარ დათქმულ დროში ვერ დასრულდა. ამის გამო ასეულობით მოსწავლეს სხვა სკოლაში მოუწია სწავლის განახლება. მათი ნაწილი მეორე ცვლაში ისწავლის. დააჯარიმებენ თუ არა კომპანიებს, რომლებმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს?

სიღნაღის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების ნიშნად დღეს საზეიმო ზარი არ დარეკილა. მიზეზი სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუსრულებლობაა. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 000 ლარი გამოიყო და დაიხარჯა. წინასწარ გაწერილი გეგმით, მშენებელი კომპანია ვალდებული იყო სამუშაოები 2020 წლის 10 აგვისტომდე დაესრულებინა და, შესაბამისად, ამ სკოლის კარი მოსწავლეებისთვის დღეს უნდა გახსნილიყო. სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სკოლაში სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს, მოსწავლეები კი დროებით ნუკრიანის საჯარო სკოლაში გადაიყვანეს.

სიღნაღი

„სამუშაოები მიმდინარეობს. მუშებმა დამატებითი დრო ითხოვეს. ამბობენ, რომ კვირა-ნახევარში მორჩებიან. ვიდრე სიღნაღის სკოლაში სამშენებლო პროცესი არ დასრულდება, ბავშვები ნუკრიანის სკოლაში ისწავლიან“.

პროექტმა რაღაც კორექტირება განიცადა და ამიტომ ვერ დასრულდა სამუშაოები დათქმულ დროში. დანარჩენზე კომენტარებს არ ვაკეთებ.
გიორგი გოგილაშვილი

რატომ არ შეასრულა მშენებელმა კომპანია შპს „სინერჯი სისტემსმა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება? ამის გარკვევა გვუსრდა კომპანიის დირექტორ ნანა თხელიძესთან, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული ტელეფონის ნომერი მას მთელი დღე გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ ჩვენ სიღნაღის მერ გიორგი გოგილაშვილს დავუკავშირდით. მან ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ პროექტმა კორექტირება განიცადა და ეს არის მიზეზი, რომ სამუშაოები ვერ დასრულდა.

„პროექტმა რაღაც კორექტირება განიცადა და ამიტომ ვერ დასრულდა სამუშაოები დათქმულ დროში. დანარჩენზე კომენტარებს არ ვაკეთებ. თავის დროზე გეტყვით ყველაფერს, ახლა უნდა დაგემშვიდობოთ“, - განაცხადა სიღნაღის მერმა სატელეფონო საუბრის დროს და ტელეფონი გათიშა. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სამშენებლო სამუშაოები ვერ დასრულდა ვერც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში. სიღნაღისა და ვაქირის სკოლების რეაბილიტაციას ერთი და იგივე კომპანია ახორციელებს. ამ სკოლის რეაბილიტაციისთვის შპს „სინერჯი სისტემსი“ 207 000 ლარს მიიღებს, თუცა დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულების დათქმულ დროში შეუსრულებლობის გამო, ეს ჯერ ცნობილი არ არის. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუსრულებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის პირველი საჯარო სკოლაც ვერ გაიხსნა. მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ სკოლაში ყველანაირი სამუშაოები 2 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.

კაბალის პირველი საჯარო სკოლა

არის მიზეზები, რატომაც კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. ეს არის ობიექტური მიზეზები...
ჯონდო მდივნიშვილი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თავდაპირველად კაბალის სკოლაში მხოლოდ სახურავის შეცვლა და შენობაში მინიმალური სამუშაოების ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა მუშებმა შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ ახალი სამშენებლო მასალა არ ჰქონდათ მომარაგებული. შესაბამისად, რამდენჯერმე მოსული წვიმის დროს თითქმის მთლიანად დაზიანდა შენობის სამივე სართული და შენობა მთლიანად სარემონტო გახდა. ახლა კაბალის პირველი სკოლის მოსწავლეები ორ სხვადასხვა სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიის მიმართ იმოქმედებენ კანონის მიხედვით.

„არის მიზეზები, რატომაც კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. ეს არის ობიექტური მიზეზები, თუმცა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და სანქცია იქნება გატარებული“.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო დღეს სასწავლო პროცესი ვერ დაიწყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ორ სკოლაში. ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სხვა მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ რიგი სკოლები სხვადასხვა მიზეზით ვერ გაიხსნა, კახეთის უმეტეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა მასალაზე მუშაობის დროს გავარკვიეთ, რომ რეგიონის სკოლების ნაწილში კვლავ მოუგვარებელია შენობებში სველი წერტილების პრობლემა - განსაკუთრებით, სოფლის სკოლებში, სადაც საპირფარეშოები და ხელსაბანები შენობებს გარეთ, ეზოებშია განთავსებული. ამ პრობლემის მოგვარება არაერთხელ მოითხოვა სახალხო დამცველმა, მაგრამ - უშედეგოდ.