ბაქოში „სამშობლოს ღალატში“ ბრალდებულ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა ემუქრება

ბაჰრუზ სამადოვი იყო კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემის, OC Media-ს კონტრიბუტორი

აქტივისტს, მკვლევარსა და ჟურნალისტ ბაჰრუზ სამადოვს, რომელიც აზერბაიჯანში „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებითაა დაკავებული, 16-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სწორედ 16 წლით პატიმრობა მოითხოვა ბრალდების მხარემ დღევანდელ დასკვნით სასამართლო სხდომაზე.

20 ივნისს სასამართლო განხილვა დასრულდა და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა. უცნობია, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება.

თანამოაზრეები მის დაკავებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ. ის 2024 წლის 21 აგვისტოს ბაქოში, ქუჩაში დააკავეს.

სამადოვი მხარს უჭერდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და აზერბაიჯანის მზარდ მილიტარისტულ რიტორიკას აკრიტიკებდა.

ასევე ნახეთ ბაჰრუზ სამადოვი: ვინ არის აქტივისტი, რომელიც ბაქოში „ღალატის“ ბრალდებით დააკავეს

პუბლიკაციებში, - ისევე, როგორც სოციალურ ქსელებში, - ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება ომს.

ბაჰრუზ სამადოვი 2019 წლიდან ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, არაერთხელ მოუწოდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბაჰრუზ სამადოვი.

ასევე ნახეთ Amnesty International-ი აზერბაიჯანს მოუწოდებს გაათავისუფლოს სამადოვი და მთავრობის სხვა კრიტიკოსები

დღეს, 20 ივნისს, აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტსა და ეკონომისტ ფარიდ მეჰრალიზადეს - რადიო თავისუფლების ჟურნალისტს - ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ გადაწყვეტილება 20 ივნისს გამოაცხადა და მეჰრალიზადეს და Abzas Media-ს ექვს ჟურნალისტს მიუსაჯა პატიმრობა.

ასევე ნახეთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს აზერბაიჯანში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს