საგანგებო მდგომარეობის დროს, სატრანსპორტო გადაადგილება არ შეიზღუდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, სატრანსპორტო გადაადგილება არ შეიზღუდება. თუმცა, მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, თუ ქალაქებში ან საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შემცირდება, მთავრობა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.

„ყველამ უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და ყველა უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები. თუ საჭირო გახდა და ჩვენ თუ შევამჩნიეთ და ვნახეთ, რომ ქალაქში, საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის რაღაც გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვთ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალს შორის, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა ნომერი ერთი პრიორიტეტია. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ან ცალკე აღებული რომელიმე კომპანიის არ შეესაბამება პრევენციის, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის იმ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენი ზომები იქნება კიდევ უფრო მკაცრი“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდება.