რუსეთში 22 წლით დააპატიმრეს "ლამაზმანთა არმიის" ლიდერი - რისთვის?

მოხალისე ნადინ გეისლერი

ნადინ გეისლერი (ნადეჟდა როსინსკაია), ლიდერი ქალთა მოძრაობა „ლამაზმანთა არმიისა“ („Армия красоток“), ჯერ რუსეთიდან, შემდეგ თურქეთიდან, ბოლოს კი საქართველოდან ეხმარებოდა უკრაინელებს. რუსეთში დაბრუნებულს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

30 წლის მოხალისე ნადინ გეისლერი 2025 წლის 20 ივნისს 22 წლით გააწესეს საერთო რეჟიმის კოლონიაში. ქალი გაასამართლეს ღალატის, ტერორიზმის ხელშეწყობისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ საჯარო მოწოდებების ბრალდებით. როგორც პროექტი "ოკნო" წერს, სამივე სისხლის სამართლის საქმე ეფუძნებოდა ერთ ეპიზოდს - Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელთანაც განსასჯელის კავშირის დამტკიცება არც კი უცდია სახელმწიფო ბრალდებას.

ბრალდების მხარემ ნადინ გეისლერისთვის 27 წლით პატიმრობა მოითხოვა. თუმცა სასამართლომ „გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები“ და თავისუფლების „სულ რაღაც“ 22 წლით აღკვეთას დასჯერდა. ეს არის ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც რუსეთში არაძალადობრივი დანაშაულისთვის ქალისთვის გამოუტანიათ.

„სხვა ვადებს ასეთი საქმეებიდან არც ველით, - ამბობს გეისლერის დაცვის კოორდინატორი, ადვოკატი ალექსეი პრიანიშნიკოვი, - ბოლო წლების მთელი პრაქტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ასეთ საქმეებში გამამართლებელი განაჩენი არ არსებობს.“

ნადინ გეისლერი

ნადინ გეისლერი (ნამდვილი სახელი ნადეჟდა როსინსკაია) - ლიდერია ქალთა მოძრაობისა, „ლამაზმანების არმია“ („Армия красоток“), რომელიც რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეიქმნა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. „ლამაზმანები“ აგროვებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის, შველოდნენ ცხოველებს და მონაწილეობდნენ უკრაინელი ლტოლვილების ევაკუაციაში უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ იყო ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ.

ნადინ გეისლერი დააკავეს 2024 წლის თებერვალში ბელგოროდში, სადაც ის საქართველოდან დაბრუნდა. ბრალდების თქმით, 2023 წლის ზაფხულში ნადეჟდა როსინსკაიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა მოწოდება უკრაინულ ბატალიონ „აზოვისთვის“ თანხების გადარიცხვის შესახებ. თუმცა ანგარიში, საიდანაც პოსტი გაკეთდა, გეისლერს არ ეკუთვნის და ის ასევე არ მართავს მას, - აცხადებს დაცვის მხარე. ვოლონტიორმა-ქალმა დანაშაული არ აღიარა. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა კი გაავრცელა ცნობა, რომ გამოძიების თანახმად, როსინსკაია თავად ახდენდა „აზოვის“ დონაციას.

ნადინის დაპატიმრების შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა შეწყვიტეს საქმიანობა - სოციალურ ქსელებში „ლამაზმანების არმიის“ ანგარიშები აღარ ახლდება.

„მისთვის მოხალისეობა სამსახური კი არა, მისიაა“

ჟურნალისტმა ანტონ სტარიკოვმა ნადინ გეისლერი საქართველოში გაიცნო.

„მისთვის მოხალისეობა (ვოლონტიორად ყოფნა) სამსახური კი არა, მისიაა. ეს, ალბათ, ყველაზე შესაფერისი სიტყვაა იმის აღსაწერად, რასაც ის აკეთებდა. ომამდე ბელგოროდის ზოოპარკის მოხალისე იყო, კატებსა და ძაღლებს მკურნალობდა და უვლიდა“, - ამბობს ანტონ სტარიკოვი.

ნადინის დედა, ევგენია ამბობს, რომ მის ქალიშვილს ბავშვობიდან ყველა ავადმყოფი ცხოველი სახლში მიჰყავდა და რომ მას ყველა ვეტკლინიკაში ცნობდნენ:

„ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, როცა ჯგუფელ გოგონებს თავისი თოჯინები აჩუქა. მითხრა, დედა, მათ არ ჰქონდათ თოჯინები, ახლა კი აქვთო. ან კიდევ: ერთხელ სახლში დაბრუნებულს, თმაშეჭრილი დამხვდა. რატომ გააკეთე-მეთქი, ვკითხე. მიპასუხა, ჩემი მეგობარი ძალიან განიცდის იმას, რომ ნაწნავი არ აქვს, ჰოდა შევიჭერი იმის გამო, რომ აღარ იტიროსო. ცხოვრებაშიც ასეთია, ვერ შეცვლი“.

როდესაც ომი დაიწყო, ნადინს ხარკოველმა მეგობარმა დაურეკა, რათა დამშვიდობებოდა. უთხრა, რომ არაფერი ჰქონდათ საჭმელი, მხოლოდ ძაღლს თუ შეჭამდნენ. ნადინმა მთელი ოჯახი გამოიყვანა - შვიდი ადამიანი და ორი ძაღლი.

„ამ ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა, ისინი თავის ბინაში შეასახლა და მაშინვე დაიწყო ყველაფრის შესახებ ინსტაგრამზე წერა. დილით კი გვთხოვა, რომ მასთან ერთად წავსულიყავით მეზობელ ქალაქში სურსათის შესაძენად. მართლაც გავავსეთ ავტომობილი და ისე მივადექით მის ბინას, - იხსენებს ევგენია, - შემდეგ სხვებმა დაიწყეს მასთან რეკვა და დახმარების თხოვნა. სწრაფად გავრცელდა მისი ტელეფონის ნომერი. ბინა ისე გაივსო მედიკამენტებით, საფენებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომ დასაჯდომი ადგილი აღარ დარჩა. ნადინმა და მისმა დამ საწყობის დაქირავება გადაწყვიტეს. ამასობაში გულისხმიერმა ადამიანებმა დაიწყეს მოსვლა, ზოგი სამი დღით მიდიოდა დასახმარებლად, ზოგი - ერთი კვირით“.

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩნდებოდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

„თითოეული ლტოლვილი ისე გამოჰყავდა, თითქოს მისი ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე საათი ეძინა, ისიც წყვეტებით. დილის სამ ან ოთხ საათზე შეეძლო ტელეფონზე საუბარი და კონსულტაციის გაწევა. უწყვეტი ზარებისგან ტელეფონი ხშირად უჯდებოდა. ამიტომ ორი ჰქონდა: ვიდრე ერთ ტელეფონზე ლაპარაკობდა, მეორე იტენებოდა. საქართველოში, მის სამზარეულოში, სტიკერებით დაფარული დაფა ეკიდა, რომელზეც მიმდინარე დავალებები ეწერა. ვიღაცისთვის საფენები, ვიღაცისთვის წამალი და კიდევ სხვა რამე. ეს სტიკერები ყოველდღე იცვლებოდა, - ამბობს ანტონი, - რა თქმა უნდა, მას საოცარი შრომისუნარიანობა აქვს. ამასთან ძალიან მოკრძალებული ადამიანია ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

დახმარებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავდა. ამიტომ ბელგოროდში მდებარე მისი საწყობით მალე დაინტერესდა უსაფრთხოების სამსახური. გარდა ამისა, როგორც ნადინის მეგობრები იხსენებენ, მას კონფლიქტი ჰქონდა ბელგოროდელ Z-აქტივისტებთან. მალე მისი მშობლების სათბურს ბელგოროდის მახლობლად მდებარე სოფელში, სადაც ყვავილები მოჰყავდათ, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ეს გაფრთხილება იყო.

ამის შემდეგ ნადინმა რუსეთი დატოვა. მეგობრების თქმით, თავიდან მცირე ხნით თურქეთში ცხოვრობდა, სადაც ძალიან უჭირდა. ფული არასდროს ჰქონდა, ხანდახან ქუჩაში უწევდა ღამის გათენება. შემდეგ საქართველოში გადავიდა, ფოთში იქირავა პატარა ბინა.

ალექსანდრე ნადინს მოხალისეობრივ საქმიანობაში ეხმარებოდა. ახსოვს, რომ დღიდან დღემდე სულ უფრო მეტი საქმე ჰქონდათ.

„ბევრი მთხოვნელი იყო, ჩვენ კი არც საკმარისი ხალხი გვყავდა და არც ფინანსური საშუალებები გვყოფნიდა, ყველას რომ დავხმარებოდით, - ამბობს ის, - ნადინი ძალიან პატიოსანი, გულწრფელი და სუფთა ადამიანია. გული სტკიოდა, რომ ყველას ვერ ეხმარებოდა. წარმოუდგენელი რამ მოახერხა: გაურკვეველი მიმართულებით წაყვანილი და ყველასთვის დაკარგული ადამიანები მოძებნა და ნათესავებს მიაწოდა ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლის შესახებ; ბელგოროდში მყოფ პატიმრებს ეხმარებოდა, პოლიტპატიმრებისთვის შემოწირულებებს აგროვებდა.

ნადინის დაპატიმრების შემდეგ, ალექსანდრე სასწრაფოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ.

„ყველანი გაოგნებული დავრჩით, როდესაც ნადინისგან გავიგეთ, რომ ის რუსეთში დაბრუნებას აპირებდა, რადგან იმთავითვე ცხადი იყო, რომ მას არაფერს შეარჩენდნენ. ყველა ცდილობდა მის გადარწმუნებას. მაგრამ მან თქვა, რომ ძალიან ცოტა შემოწირულება იყო, უბრალოდ არსებობის საშუალება არ ჰქონდა და რომ მისთვის შინ უფრო ადვილი იქნებოდა. პირდაპირ ასე თქვა: „სხვა რა ვარიანტებია?“ ადგა და წავიდა“, – ამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი.

ვერავინ შეძლო მისი გადარწმუნება.

„სხვების გულისთვის თხოვნა არ უჭირს, მაგრამ საკუთარ თავზე სიტყვას არ დაძრავს. ამბობდა, რომ ბინის საფასურის გადახდა არ შეეძლო, საჭმელი არ ჰქონდა, რომ ძალიან დაიღალა და სახლში წასვლა უნდოდა. დაბრუნდა სახლში დაქანცული, გადამწვარი, მთელი ერთი კვირა ეძინა, - ამბობს ნადინის დედა, - შემდეგ უმცროს ძმასთან ერთად წავიდა ქალაქის ბინაში, სადაც ერთი დღე დაჰყვეს, 2 თებერვალს კი, დილის 7 საათზე, ოპერატიულმა თანამშრომლებმა მიაკითხეს.

ცოტა ხნით ადრე, დააკავეს მისი მეგობარი, რომელიც ნადინს ლტოლვილების დასახმარებლად შემოწირულებებს ურიცხავდა. დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ, ნადინ გეისლერი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მისმა მეგობრებმა სოციალური ქსელების საშუალებით სწრაფად შეაგროვეს ფული ადვოკატის დასაქირავებლად ( ერთ დღეში 600 ათასი რუბლი - 7,6 ათასი დოლარი - გადაურიცხეს).

„ნადინის მსგავსი ადამიანები, რომლებიც თავგანწირვით ეხმარებიან სხვებს, პუტინის რუსეთში არავის სჭირდება, - მიაჩნია ალექსანდრეს, – იმიტომ, რომ რეჟიმი სწყალობს კანიბალებს, რომლებიც გროშებად და ზედმეტი ყოყმანის გარეშე წავლენ სხვა ქვეყანაში ხალხის დასახოცად“.

„მინდა მჯეროდეს, რომ ოდესმე ნადინის მსგავსი ადამიანები რუსეთში სამინისტროებს უხელმძღვანელებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საათის მექანიზმით ზუსტად იმუშავებს, – ეჭვი არ ეპარება ანტონ სტარიკოვს, – პუტინის რეჟიმში ნადინის მსგავსი ადამიანების ადგილი მხოლოდ ციხეშია“.

„საქმეში ერთი მტკიცებულებაც კი არ არის“

როდესაც ნადინი დააკავეს, „მასზე ხელი ასწიეს, მაგრამ არ დაურტყამთ“, ამბობს პატიმრობაში მყოფი ვოლონტიორის დედა.

„დაკავების შემდეგ სარდაფში ჩაიყვანეს. ერთ-ერთმა მილიციელმა იკითხა: „სტანდარტული მეთოდები?“ მეორემ უპასუხა, რომ არ არის საჭირო, ზედმეტად ცნობილი მედიაპერსონააო. ეს მოგვიანებით მითხრა ნადინმა", – ამბობს ევგენია, რომლის თქმითაც, მისი შვილი დროის უმეტეს ნაწილს სამარტოო საკანში ატარებს:

ასევე ნახეთ რუსი მეცნიერები ციხეში

„დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჰყავდა თანასაკნელი - სონია რიჟკოვა, - რომელიც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს (11 წელი მიუსაჯეს). წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებამდე სონია სამხედრო ბანაკში იმყოფებოდა, ელექტროშოკით სცემდნენ, მამაკაცების წინაშე აშიშვლებდნენ, ეროვნული ჰიმნის შესრულებას აიძულებდნენ - მოკლედ, აბუჩად იგდებდნენ. შემდეგ ოდინაჟონ ნაზიმოვასთან ერთად იჯდა საკანში. ამ ქალმა, რომელიც ორსულად იყო, უკრაინაში ბავშვებს 5 ათასი რუბლი გადაურიცხა. ორსულობის მიუხედავად, მაინც დააკავეს. ბადრაგით გადაიყვანეს სამშობიაროში. ბავშვი მაშინვე წაართვეს და მამას გადასცეს, თვითონ ქალი კი ეტაპით უფრო შორს გაგზავნეს. სონია ახლა სანქტ-პეტერბურგის კოლონიაშია, ოდინაჟონი კი - ვლადიმირში. წერილებს ვწერ ხოლმე მათ“.

ნადინ გეისლერის საქმე გამორჩეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღალატის ბრალდებით გამართულ ყველაზე ოდიოზურ სასამართლო პროცესებს შორისაც კი.

„როგორც წესი, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებასთან დაკავშირებულ მსგავს შემთხვევებში არსებობს რაღაც, რაც ობიექტურ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში ასეთი ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს! - ამბობს ადვოკატი პრიანიშნიკოვი, - ჩვენ ვიღებთ ყველაზე ცუდი მოწმეების ყველაზე ცუდ ჩვენებებს. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ, დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინულ ოჯახებს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაში ეხმარებოდაო. ეს ადამიანები უკრაინაში მართლაც დაბრუნდნენ. უფრო სწორად, უკრაინის იმ ნაწილში, რომელიც ოკუპირებული არ იყო. მაგრამ არვის, მათ შორის არც ფარულ მოწმეებსა და არც საკანში საგანგებოდ მიგზავნილებს, არაფერი უთქვამთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე. ამ თემაზე არსად არავისგან არაფერი ისმის. არ არსებობს არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ ნადეჟდა აკონტროლებდა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ინსტაგრამის ანგარიშს. IP მისამართთან დაკავშირებითაც არ არსებობს მტკიცებულება. ვერაფერს ამტკიცებენ. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ასეთი პროცესები, მაგრამ ამ შემთხვევაში თავიც კი არ შეუწუხებიათ, რომ უფრო კვალიფიციურად შეეკერათ საქმე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კავშირზე მიუთითებდა“.

სამივე ბრალდება ეფუძნება Instagram-ის სხვის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტს უკრაინული ბანკის რეკვიზიტებით და იმ ფაქტს, რომ „ლამაზმანების არმიის“ ერთ-ერთი მოხალისე უკრაინის მოქალაქეა, - განმარტავს დაცვის მხარე.


ალექსეი პრიანიშნიკოვი

„და კიდევ: ის ფაქტი, რომ იგი ეხმარებოდა უკრაინის მოქალაქეებს, ჩაითვალა მტრის დახმარებად. ის, რომ ამ ხალხსა და ამ ქვეყანას მტრები თქვენ უწოდეთ, თქვენ თვითონ მოიგონეთ ეს ყველაფერი, აღარავის აინტერესებს, - ამბობს ადვოკატი პრიანიშნიკოვი, - არადა, მისი ბრალდების მთავარი კრიტერიუმი სწორედ ის არის, რომ მან დახმარება გაუწია უკრაინის მოქალაქეებს. ამ დროს, რუსეთში ბევრი მოხალისეა, რომლებმაც იგივე გააკეთეს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნადინი ეხმარებოდა ადამიანებს უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლაში“.

ნადინ გეისლერის დაცვის კოორდინატორის თქმით, ФСБ-ის ოპერმუშაკები, რომლებიც საქმეს აწარმოებდნენ, თავადაც კარგად ხვდებოდნენ თავიანთი მტკიცებულებების სისუსტეს, რის გამოც მთელი 1,5 წლის განმავლობაში ცდილობდნენ გეისლერის დარწმუნებას დანაშაულის აღიარებაში. ხან არწმუნებდნენ, ხან ემუქრებოდნენ მას და მის ნათესავებს. საკანში შესახლებული მეზობელიც კი ცდილობდა გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიღებას.

ადვოკატები უკვე ემზადებიან სააპელაციო საჩივრის შესატანად, მაგრამ მათ მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ პატიმრობის ვადის მცირედით კორექტირებას შეძლებენ.

ასევე ნახეთ პუტინის სწორება პატიმრობის „სტალინურ ვადებზე“

„კი ხედავთ, მოსამართლემ როგორც წარმოაჩინა თავი ჰუმანისტად: მოთხოვნილი 27 წლის ნაცვლად, განსასჯელს მხოლოდ 22 წელი მიუსაჯა. მაგრამ როდესაც ადამიანი 30 წლისაა, როგორც ნადეჟდა, მისთვის დიდი შეღავათი არ არის 22 წელს მიუსჯიან თუ 27-ს. ორივე ვადა ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს არც ოჯახი არ ეყოლება და არც შვილები. ანუ არაფერი იმათგან, რისთვისაც ჩვენი სახელმწიფო, როგორც თვითონ ამბობს, ახლა იბრძვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

მას შემდეგ, რაც პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელი გამოცხადდა, ნადეჟდამ ხუმრობით თქვა, რომ სასამართლოს სთხოვს, 27 წელს დაუმატოს კიდევ ერთი დღე, რათა მოხსნას ქალისთვის გამოტანილი პატიმრობის ვადის რეკორდი, რომელიც დარია ტრეპოვას ეკუთვნის.

დარია ტრეპოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პროპუტინისტი სამხედრო კორესპონდენტის (ე.წ. ვოვენკორის), ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის საქმეზე. 2023 წლის 2 აპრილს ტრეპოვა მივიდა ვ. ტატარსკის „შემოქმედებით საღამოზე“, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, Street Food Bar No.1-ში იმართებოდა და Z-„ვოენკორს“ მისივე მოოქრული ბიუსტი გადასცა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქანდაკება აფეთქდა: ტატარსკი ადგილზე დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ნადინის დედა ამბობს, რომ მისი ქალიშვილის განწყობა, „როგორც ყოველთვის, საბრძოლოა“.

„როგორც კი გაიგო, რამდენი მიუსაჯეს, მაშინვე თქვა: „ასეთი დიდი სასჯელი იმის ნიშანია, რომ ბევრი კარგი რამ გამიკეთებიაო“, - ამბობს ევგენია.

ფრაგმენტი ნადინ გეისლერის სასამართლოში წარმოთქმული ბოლო სიტყვებიდან: "როდესაც რუსეთს ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა ინტერვიუში ამბობს, რომ მისი დახმარებით ბავშვი უკრაინაში, დედასთან დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისიც (ბავშვის დედა) უკრაინის არმიაში მსახურობს, ამაში პროუკრაინულ პოზიციას ვერავინ ხედავს. მაგრამ როდესაც იგივეს ვაკეთებ მე - თანაც არა თვეებში, არამედ ერთ კვირაში - ჩემი სიკეთე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ხდება. კითხვას ვსვამ: რაშია განსხვავება? რატომ არ მიხდიან მადლობას დახმარებისთვის? ამას ხომ არა სახელმწიფოს, არამედ ჩემი ხელებისა და სხვა გულისხმიერი ადამიანების დახმარებით ვაკეთებ. მიჩნდება განცდა, რომ ვცხოვრობ რაღაც ანტისამყაროში, სადაც ჩემი ყოველი სიტყვა და საქმე განზრახ მახინჯდება... მაგრამ მაშინაც კი, თუ დამნაშავედ მცნობენ, თუ ციხის კედლებში დავასრულებ სიცოცხლეს, არავითარ შემთხვევაში არ მოვკვდები უშვილოდ, როგორც ზოგიერთებს სურთ. მე თვითონ დავაჯილდოვე საკუთარი თავი უფლებით, ვიწოდებოდე მრავალშვილიან დედად, ყველა იმ ბავშვის დედად, რომელთა დახმარებაც მოვახერხე. და ვერცერთი სასჯელი ვერასდროს ვერ დაჩრდილავს იმ სიხარულსა და იმის გააზრებას, რომ ისინი ყველანი ცოცხლები არიან და რომ უსაფრთხოდ იმყოფებიან. შეგიძლიათ საქმის მასალების გაყალბება. შეგიძლიათ დაშინება და ცრუმოწმეების შექმნა. მაგრამ შეუძლებელია სიმართლის განადგურება ათიათასობით ადამიანის სახით, რომლებსაც დახმარება გაეწია და მილიონობით ადამიანის სახით, რომლებმაც ეს იხილეს. ყველა შესაძლო და შეუძლებელი საშუალებით ვიბრძოდი თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის. მე თავს უფლება მივეცი, მქონოდა პირადი აზრის და მისი საჯაროდ გამოხატვის ფუფუნება. მე ვამბობდი სიმართლეს, რომლის დამალვაც სურდათ. მაგრამ მე არც დამნაშავე არ ვარ და არც მკვლელი და ჩემს ხელებზე სისხლის ერთი წვეთიც კი არ არის. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც 27-წლიანი პატიმრობა მოითხოვეს. მაგრამ ჩემი პირველი რიგის მიზანი გარეთ ყოფნა კი არა, ადამიანობაა. თუ არ გამამართლებენ და თუ მოთხოვნილი ვადაც 27 წელი იქნება, მაშინ მომისაჯეთ 27 წელი და კიდევ ერთი დღე. დაე, რაიმე უჩვეულო მაინც იყოს. ქალთა ახალ რეკორდს დავამყარებ.“

ასევე ნახეთ ვინ არის ქალი, რომელმაც დაღუპა პუტინი

რუსეთში 1997 წლიდან მოყოლებული ღალატის ყველა საქმის თითქმის 80% 2022 წლის შემდეგ აღძრეს, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტის, „პირველი განყოფილების“ კვლევაში. რუსეთის აგრესიულმა თავდასხმამ უკრაინაზე ასეთი ბრალდებების მთელი ტალღა გამოიწვია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ომის დასრულება, რაც ადრე თუ გვიან მოხდება, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს საქმეები გადაიხედება.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ და როდის დასრულდება ომი. თუმცა გულუბრყვილობაა ვივარაუდოთ, რომ რეპრესიული აპარატის ტემპი ომის დასრულებისთანავე შენელდება ან შეჩერდება, - ამბობს „პირველი განყოფილების“ ხელმძღვანელი დმიტრი ზაირ-ბეკი, - სახელმწიფო არ იძლევა ამის ფიქრის არანაირ საფუძველს: მხოლოდ ღალატისა და ჯაშუშობის იმდენი საქმეა, რომ განაჩენები ლამის ყოველდღე ცხადდება“.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2022 წლიდან 2024 წლამდე, ქალებისთვის სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოტანილი განაჩენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა:

2020 წელს რუსეთში ამ მუხლით არცერთი ქალი არ ყოფილა გასამართლებული (გასამართლა მხოლოდ ექვსი კაცი);

2021 წელს გასამართლდა სამი ქალი (საქმეთა საერთო რაოდენობა - 14).

უკრაინაში შეჭრის წელს სამშობლოს ღალატისთვის არცერთი ქალი არ გაუსამართლებიათ, მაშინ, როცა 16 მამაკაცი წავიდა ციხეში ამ მუხლით.

2023 წელს გასამართლდა ორი ქალი და 37 მამაკაცი,

2024 წელს - შვიდი ქალი და 138 მამაკაცი.

ქალთა წინააღმდეგ აღძრული ჯაშუშობის საქმეების რაოდენობაც იზრდება, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელოდ: 2020 წლიდან 2024 წლამდე ოთხი ქალი გაასამართლეს, მათგან ორი - 2024 წელს. ამავე პერიოდში ჯაშუშობისთვის 36 მამაკაცი გაასამართლეს.

2025 წელს სასამართლოები აგრძელებენ ღალატის საქმეებზე განაჩენების გამოტანას. რადიო თავისუფლების პროექტმა Sever.Realii-მ გაარკვია, რომ ამ მუხლით პატიმრობა მიესაჯა, სულ ცოტა, 10 ქალს.

განაჩენთა ნაწილი გამოტანეს რუსეთის მიერ ანექსირებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედმა სასამართლოებმა.