რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?

ფეოდოსიის ნავთობის ბაზა უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ. ბენზინის კრიზისის მთავარი მიზეზი - უკრაინული დრონების იერიშები რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ბაზეზებზე.

თვეზე მეტია, რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ბენზინის მწვავე დეფიციტია, რის გამოც იზრდება საწვავის ფასები და იხურება ბენზინგასამართი სადგურები. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბენზინი ლიმიტირებულად, (1 მძღოლი - 20 ლ) ტალონებით იყიდება.

რუსეთში საწვავის კრიზისი სულ უფრო მწვავდება და მწვავდება: 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ბენზინის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, ბევრი ბენზინგასამართი სადგური დაიხურა, ზოგიერთი რეგიონის ხელისუფლებამ კი შეზღუდა გასაყიდი ბენზინის როგორც მოცულობა, ასევე ფასი. გარდა ამისა ფედერალურ დონეზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება - 2025 წლის ბოლომდე შეჩერდეს ბენზინის ექსპორტი რუსეთიდან. შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რუსეთის მთავრობა ასევე აპირებს ძვირი ბენზინის იმპორტს, მათ შორის, ჩინეთიდან, სამხრეთი კორეიდან და სინგაპურიდან

გაზეთი „იზვესტია“ იუწყება, რომ საწვავის მიწოდებაში შეფერხებებია რუსეთის ფედერაციის ათზე მეტ რეგიონში, გამოცემა RBC-ის (როსბიზნესკონსალტინგი) ცნობით კი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის სიმძლავრე დაახლოებით 38%-ით არის შემცირებული.

რუსეთშიც აღარ მალავენ, რომ საწვავის კრიზისი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე რამდენიმეთვიანი ეფექტიანი თავდასხმების შედეგად შეიქმნა.

ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი უმთავრდება?

ბოლო თვეებში განმავლობაში უკრაინული დრონების თავდასხმები განხორციელდა ტიუმენის, უხტის, რიაზანის, სარატოვის, ვოლგოგრადის, სიზრანის, ნოვოკუიბიშევსკის, სამარის, სლავიანსკის, ილსკის, ნოვოშახტინსკის, აფიპსკის და კიდევ რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მთლიანობაში, რუსეთის მასშტაბით არსებული 38 ასეთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან დაზიანდა, სულ მცირე, 16.

რუსული გამოცემის “კომერსანტის” მონაცემებით, ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგად რუსეთმა დაკარგა ნავთობგადამამუშავებელი წარმოების 20%-მდე, ბენზინის წარმოება კი დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ანალიტიკური კომპანიის OMT-Consult-ის გამოთვლებით, 28 ივლისიდან 22 სექტემბრამდე, რუსეთში ბენზინის გამყიდველი ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა 2,6%-ით ანუ 360 ერთეულით შემცირდა. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ცალკეულ რეგიონში პრობლემა ბევრად მასშტაბურია: რუსეთის სამხრეთში ბენზინგასამართი სადგურების 14%-მა შეწყვიტა ფუნქციობა, ხოლო ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში - 50%-მა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსებმა ომის ფასი უნდა იგრძნონ“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მალავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულ იერიშებს ახორციელებენ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რათა რუსებმა ომის გაგრძელების ფასი საკუთარ თავზე იგრძნონ.

„რუსებს არ ესმით ამ ყველა blackout-ის (ჩაბნელების) და გამოწვევის ფასი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეები განიცდიან ამ ომის დროს. აქ საუბარი არაა მორალზე, რომელიც მათ არ გააჩნიათ, არამედ საუბარია ფიზიკურ შეგრძნებებზე. უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას არ კლავს, მაგრამ მათ უნდა გაიგონ ამის ფასი“, - განაცხადა 6 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურის მორიგ ობიექტებზე მიტანილი იერიშების კომენტირებისას:

ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის დარტყმების პასუხად, უკრაინის არმიას იერიში მიაქვს „სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე. <...> ჩვენ სიამოვნებით არ გავაკეთებდით ამას; ჩვენ ვისურვებდით, რომ ომი არ ყოფილიყო, მაგრამ რუსებს ეს არ სურთ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც რუსეთის მცხოვრებლები „თავს კომფორტულად არ იგრძნობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებლად დაიწყებენ კითხვების დასმას თავიანთი ხელმძღვანელებისთვის“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ თუ რუსეთის საჰაერო იერიშები გამოიწვევს კიევში ელექტროენერგიის გათიშვას, უკრაინაც შეძლებს მოსკოვის ჩაბნელებას და ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას.

უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში რუსეთი უარყოფდა, რომ ბომბავდა ე.წ. სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, თუმცა 2022 წლის 10 ოქტომბერს კრემლმა გამოაცხადა, რომ იხსნის შეზღუდვას ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის პასუხად. ამ დროიდან მოყოლებული რუსული დრონები, არტილერია და ავიაცია, ფაქტობრივადა, შეუზღუდავად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას, თუმცა პუტინის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი მაინც აცხადებს, რომ რუსეთის არმია არ ესხმის თავს საცხოვრებელ შენობებსა და სოციალურ ინფრასტრუქტურას და, რომ დარტყმები თავდაცვის მრეწველობის, სამხედრო სარდლობისა და კომუნიკაციების ობიექტების წინააღმდეგაა მიმართული.

ასევე ნახეთ პოლტავა, სუმი, ხარკოვი - რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზას

სამიზნეშია ყველა რუსული ენერგოობიექტი მთელ რუსეთში

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ გაზარდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების რაოდენობა, მათ შორის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც. 6 ოქტომბერს სამმა უკრაინულმა დრონმა შეუტია უკრაინის საზღვრიდან 2000 კმ მანძილზე მდებარე ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

გამოცემა Daily Storm აღნიშნავს, რომ ეს იყო ტიუმენში დრონების პირველი იერიში.

უკრაინული OSINT პროექტი Exilenova+ კი აცხადებს, რომ ტიუმენზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქ ტიუმენის ანტიპინოს მიკრორაინის მახლობლად მართლაც მდებარეობს კომპანია „რუსინვესტის“ საკუთრებაში არსებული ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

6 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს ბელგოროდში, ელექტრო ქვესადგურ „ლუჩ“-ზე. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. პირველი იერიში 5 ოქტომბრის საღამოს იქნა მიტანილი. შედეგად, რეგიონის თითქმის 40 000 მცხოვრები დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს კი წყალი არ მიეწოდებოდა.

28 სექტემბრის საღამოს, უკრაინის არმიამ ბელგოროდის თბოელექტროსადგურს შეუტია, რამაც ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ბელგოროდი, შებეკინო, სტარი ოსკოლი, დუბოვი, სევერნი, ბორისოვკა, რაკიტინო და რეგიონის სხვა სხვა დასახლებული პუნქტები.

ბელგოროდი. ხანძარი როსნეფტის ნავთობის ბაზაზე

6 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, გააჩერა თავისი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი. წინასწარი მონაცემებით, მის შეკეთებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

„ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელსაც 4 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს, გაჩენილი ხანძრის გამო გათიშა ნავთობის დისტილაციის ბლოკი CDU-6“, - იტყობინება სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ბლოკის სიმძლავრე დღეში 160 000 ბარელია (1 ბარელი - 158,9 ლ), რაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მთლიანი სიმძლავრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. წყაროების ცნობით, მის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლენინგრადის ოლქში, რუსეთი, არქივის ფოტო

ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშინეფტეორგსინტეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „სურგუტნეფტეგაზის“ საკუთრებაა და რუსეთის ერთ-ერთი უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნად მიიჩნევა. 2024 წელს ქარხანამ 17,5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთში ნავთობის გადამუშავების მთლიანი მოცულობის 6,6%-ს შეადგენდა.

ანექსირებულ ყირიმში მეორე დღეა იწვის ნახევარკუნძულის უდიდესი ნავთობტერმინალი, რომელიც ქალაქ ფეოდოსიაში მდებარეობს. ხანძარი 6 ოქტომბრის ღამეს, უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. როგორ ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძრის ალი 30 კილომეტრზე ჩანს, რაც დასტურდება ყირიმის კიროვის რაიონის სოფელ პრივეტნოედან გადაღებული კადრებით.

NASA FIRMS-ის თანამგზავრული ფოტოების თანახმად, ფეოდოსიის ნავთობტერმინალში ხანძრის ორი კერა მძვინვარებს: ერთი ნავთობბაზის ჩრდილო-დასავლეთ, მეორე კი - აღმოსავლეთ ნაწილში. 6 ოქტომბრის თანამგზავრულ სურათზე ჩანს, რომ ცეცხლმოკიდებული ნავთობბაზიდან ამოსული კვამლი 12 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ფეოდოსიის ნავთობტერმინალს უკრაინულმა დრონებმა ადრეც (2024 წლის 7 ოქტომბერს) შეუტიეს. მაშინ ხანძარი ერთ კვირაზე მეტხანს მძვინვარებდა. ფეოდოსიის ტერმინალი ყირიმში ყველაზე დიდია: მისი წლიური გამტარუნარიანობა 12 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტია, ტევადობა კი 250 000 ტონა.

ყირიმი - ყველაზე მძიმე კრიზისში

განსაკუთრებულად რთული ვითარებაა შექმნილი ყირიმში. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე საწვავის გაყიდვის ლიმიტი შემცირდა: 30 ლიტრის ნაცვლად, ერთ მომხმარებელზე ახლა 20 ლიტრია დაშვებული. ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტი ზაფხულის ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ სულ უფრო უარსდება.

რუსული გამოცემის „კომერსანტის“ ინფორმაციით, ყირიმის ბენზინგასამართი სადგურების დაახლოებით ნახევარმა შეწყვიტა მძღოლების მომსახურება, დანარჩენები კი საწვავს კუპონებით ყიდიან.

უზარმაზარი რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე, გაზრდილი ფასები და ტალონები.

ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც მოქალაქეებს „მოთმინებისკენ“ მოუწოდა. აქსიონოვი ადრე ბენზინის დეფიციტს ლოგისტიკურ პრობლემებს მიაწერდა, ახლა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ესხმიან თავს და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

„კრიზისის მთავარი მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საწვავის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი დარტყმებია", - უთხრა ტელეკომპანია The Current Time-ს (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი) ნავთობისა და გაზის ანალიტიკოსმა ბორის არონშტეინმა, - "აქამდე ეს დარტყმები წერტილოვანი იყო, ახლა ჩვენ ვხედავთ მასობრივ, ეტაპობრივ იერიშებს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც დარტყმის პირველ ტალღაში მოყვნენ, არ აცლიან აღდგენას, იერიშების მეორე და მომდევნო ტალღებში ხვდებიან. ამიტომ კრიზისი სულ უფრო სისტემურ ხასიათს იღებს.“

ბორის არონშტეინის თქმით, რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურა უკიდურესად დაუბალანსებელია: დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა ქვეყნის ევროპულ ნაწილშია კონცენტრირებული. 38 ქარხნიდან ციმბირში მხოლოდ ორია - ომსკსა და ანგარსკში. შორეულ აღმოსავლეთშიც ორი ქარხანაა - ხაბაროვსკსა და კომსომოლსკ-ნა-ამურეში.

ბორის არონშტეინი

„შორეულ აღმოსავლეთში, რომელიც ამჟამად ასევე მნიშვნელოვან ნავთობპროდუქტების კრიზისს განიცდის, ეს ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 4 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მაშინ როცა რეგიონის ნავთობპროდუქტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა 6 მილიონს შეადგენს ანუ 2 მილიონი სხვა რეგიონებიდან იმპორტირებული საწვავია. ახლა, როდესაც სხვა რეგიონებში დეფიციტი გაჩნდა, ამან გავლენა მოახდინა შორეულ აღმოსავლეთზეც, სადაც, ბუნებრივია, უკრაინული დრონები არ დაფრინავენ. ამასთან ბენზინგასამართი სადგურების 70% მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნების ხელშია. ამის გამოც არათანაბრად ხდება საწვავის განაწილება სადგურებს შორის“, - ამბობს ბორის არონშტეინი, რომლის თქმითაც, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ ნავთობპროდუქტებს აწარმოებს, კრიტიკული იქნებოდა მისი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 40%-ის დაკარგვა.

„რუსეთის შემთხვევაში ამჟამად სხვადასხვა რიცხვი სახელდება: 17-23%-მდე. მაგრამ თუ კუმულაციური ეფექტი გაიზრდება, შესაძლებელია მთელი სიმძლავრის 25, 28 ან თუნდაც 30% გამოვიდეს ექსპლუატაციიდან“, - ამბობს ექსპერტი.

რას უშველის რუსეთს სინგაპურული ბენზინი?

რუსეთის მთავრობა შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად რეგულაციების გამკაცრებით ცდილობს. 25 სექტემბერს, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მთავრობა ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მართალია ნოვაკმა საწვავის ინდუსტრიაში შექმნილი ვითარება შეაფასა, როგორც „ნავთობპროდუქტების მცირე დეფიციტი”, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ნოვაკის მიერ ორიოდე დღის წინ გაჟღერებული ინიციატივები აშკარად შექმნილი ვითარების სირთულეებზე მეტყველებს.

საქმე ის არის, რომ ბაზრის სტაბილურობისთვის რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბენზინის შეძენას ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში, რისთვისაც ნულამდე ამცირებს ნავთობპროდუქტების იმპორტზე 5%-იანი გადასახადს, თუმცა, ნოვაკის ინიციატივის მიხედვით, ნულოვანი გადასახადი იმოქმედებს მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის ცალკეულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე და მხოლოდ საგანგებო რწმუნების მქონე ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Роснефт-ი (როსნეფტი), ННК (Независимая нефтегазовая компания - ნავთობის დამოუკიდებელი კომპანია) და საგარეო ეკონომიკური გაერთიანება „Промсырьеимпорт“ (პრომსირიიმპორტი).

ალექსანდრ ნოვაკი

„რუსეთში ბენზინი უფრო იაფია, ვიდრე საზღვარგარეთ, ამიტომ მთავრობა რუსული ნავთობკომპანიებისთვის მოქმედი საწვავის დემპფერის ფარგლებში დააფინანსებს შიდა ფასებს. ხოლო იმისათვის, რომ ამ სუბსიდიებში არ გაეჩხირონ შემთხვევითი მოთამაშეები, სინგაპურის ბენზინით რუსეთის ბაზრის გადარჩენის საპასუხისმგებლო საქმე მიანდვეს მხოლოდ სამ მსხვილ, უფლებამოსილ კომპანიას“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ანალიტიკოსი მაქსიმ ბლანტი.

დემპფერი - მექანიზმი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სისტემაში რყევების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად. მისი ძირითადი ფუნქციაა დარტყმების შერბილება და ზედმეტი რყევებით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება.

რუსეთის მთავრობის ჩანაფიქრით იმპორტულმა საწვავმა უნდა დააკმაყოფილოს ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონების მოთხოვნილება, ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ციმბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მიაწოდოს 150 000 ტ ბენზინი თვეში რუსეთის ცენტრალურ რეგიონებს.

მაქსიმ ბლანტი


„გარდა ამისა კრემლი დახმარებას ელის ბელარუსიდან, რომელიც ისედაც აწვდის რუსეთს თვეში 40 000 ტონა ბენზინს. მინსკმა უნდა გაზარდოს მიწოდების მოცულობა. ხოლო რუსულმა ტრანსნეფტმა უნდა გამოძებნოს დამატებითი ნედლი ნავთობის მოცულობების მიწოდების გზები“, - ამბობს მაქსიმ ბლანტი.

ბენზინის კრიზისის გადაჭრის კიდევ ერთი გზის სახით რუსეთის მთავრობა აპირებს ერთი წლით გააუქმოს ბენზინის წარმოებაში მონომეთილანილინის გამოყენების აკრძალვა. სპეციალისტების განმარტებით, ამ ნივთიერების გამოყენებით შესაძლებელია ბენზინის ოქტანობის მნიშვნელოვნად გაზრდა, თუმცა მონომეთილანილინის როგორც ძლიერი ტოქსიკური ნივთიერების გამოყენება აკრძალულია ეკოლოგიური მოსაზრებებით, რადგან არ უპასუხებს Евро-5 სტანდარტს.

მონომეთილანილინი (Monomethylaniline) — ეს არის არომატული ამინი, რომელსაც ქიმიური ფორმულაა C₇H₉N. ფიზიკური მახასიათებლები: ფერი - უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე, სუნი ამინისებური, მძაფრი. ხსნადია ორგანულ გამხსნელებში (მაგ. ეთანოლი, ეთერი), მაგრამ ცუდად იხსნება წყალში. გამოიყენება ფერადების, ფარმაცევტული ნაერთებისა და გაუაზრებელი ნივთიერებების სინთეზში. ასევე შეიძლება იყოს საწვავის დანამატი, რომელიც აუმჯობესებს ოქტანურ რიცხვს. მონომეთილანილინი ტოქსიკურია, განსაკუთრებით სასუნთქ გზებში მოხვედრისას ან კანზე შეხებისას. შეიძლება გამოიწვიოს: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, სისუსტე, სისხლში ჟანგბადის გადამტანი უნარის დაქვეითება. ხანგრძლივი ზემოქმედება აზიანებს ღვიძლსა და თირკმელებს.

მაქსიმ ბლანტის განმარტებით, ექსპორტის წყალობით რუსული ნავთობკომპანიები რუსეთის ბიუჯეტის მსხვილი შემავსებლები იყვნენ, თუმცა უკრაინული დრონების მიერ გამოწვეული პრობლემების გამო რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აიკრძალა, შედეგად ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი თანხები დაკარგა. მეტიც, ვიცე-პრემიერ ნოვაკის ინიციატივის შემდეგ ეს სფერო საერთოდ დოტაციური და ხარჯიანი გახდა, რაც რუსეთის ეკონომიკაში შექმნილ სისტემურ პრობლემებს კიდევ უფრო დაამძიმებს.