ოლისოვი ამ დრომდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. სწორედ ეს დეპარტამენტია პასუხისმგებელი რუსეთის საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაზე.
ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2 ივნისს.
ოლისოვმა 2022 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО) და მას შემდეგ დიპლომატიურ სამსახურშია.
მუშაობდა რუსეთის წარმომადგენლობებში ლატვიაში, ბრიუსელსა და გერმანიაში.
სამინისტროს თანახმადვე, 45 წლის დიპლომატი საუბრობს ინგლისურად, ლატვიურად და გერმანულად.
რუსეთის ინტერესების სექციას შვეიცარიის საელჩოში 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა დმიტრი ტროფიმოვი.
ასევე ნახეთ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვარუსეთის სამთავრობო მედიის თანახმად, მისი გადადგომა დიპლომატიურ სამსახურში გეგმურ როტაციას უკავშირდება. თუმცა 2025 წლის თებერვალში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც, ტროფიმოვი გაიწვიეს, რადგან მოსკოვში უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ საქართველოში „იმ მსახიობებისა და რეჟისორების სპექტაკლების ბილეთების ყიდვით, ვინც რუსებს შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთს და პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს“. ეს ცნობა თებერვალშივე უარყო რუსეთის საგარეო უწყებამ და სპეკულაცია უწოდა.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა და მას შემდეგ ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ;
- რუსეთსა და საქართველოს შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ჰყავთ წარმომადგენლობები („ინტერესების სექციები“) თბილისსა და მოსკოვში.
ტროფიმოვის კოლეგა რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციაში 2024 წლის 9 მარტიდან არის მამუკა მერკვილაძე, - ბიზნესმენი, რომელიც მანამდე რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ჩართული იყო რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში.