რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა - ДНР) საცხოვრებელ კორპუსებს წყალი სამ დღეში ერთხელ, რამდენიმე საათით მიეწოდება. უწყლობით გატანჯული დონბასელი ბავშვები ვიდეომიმართვებს უგზავნიან ვლადიმირ პუტინს და სასმელ წყალს ევედრებიან; ქალაქის მოსახლეობა, რომელიც ოკუპაციის შემდეგ 900 ათასიდან 250 ათასამდე შემცირდა, იძულებულია ცენტრალური კანალიზაციის ნაცვლად პოლიეთილენის პაკეტები გამოიყენოს. უწყლობის გამო ფერმებში ფრინველები იხოცებიან, იზრდება ქალაქში ნაწლავური დაავადებების ეპიდემიის რისკი.
ანდრეი პურგინი - ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ერთ-ერთი იდეოლოგი, დამფუძნებელი და 2014-2015 წლებში ДНР-ის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვრცელ ვიდეოჩანაწერში, ჰყვება, რა საშინელი ვითარებაა შექმნილი რუსების მიერ ანექსირებულ დონეცკის ოლქსა და საკუთრივ ქალაქ დონეცკში. როგორ კვდება ქალაქი უწყლოდ, როგორ დაიცალა ადგილობრივი მოსახლეობისგან ერთ დროს თითქმის მილიონიანი ქალაქი და როგორ დაიკავა მათი ადგილი რუსეთის პერიფერიებიდან ჩასახლებულმა ადამიანებმა.
ანდრი პურგინი
"ჩემი შეფასებით, დონეცკში ძველი მოსახლეობის მაქსიმუმ 25% დარჩა, შეიძლება 30%. დანარჩენი ბოლო დროს რუსეთიდან ჩამოსახლებული ხალხია, საუკეთესოები წავიდნენ", - ამბობს ანდრეი პურგინი, - "შედეგად, ჩვენ ვდგებით დეგრადაციის წინაშე. ქალაქის ცენტრი მთლიანად ნაგავშია ჩაფლული, მსგავსი რამ დონეცკში არასდროს ყოფილა, არც 90-იან წლებში. ასეთი ვითარება შეიქმნა უწყლობისა და დღევანდელი მმართველობის გამო“.
ანდრეი პურგინი - რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) სახალხო საბჭოს თავმჯდომარე (2015 წლის 4 სექტემბრამდე), მოძრაობა „დონეცკის რესპუბლიკის“ დამფუძნებელი. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს მე-3 თავმჯდომარე. 2004 წელს პურგინი ეწინააღმდეგებოდა ნარინჯისფერ რევოლუციას. 2005 წელს დააფუძნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „დონეცკის რესპუბლიკა“. იყო პრორუსული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. 2014 წლის 5 სექტემბერს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელით ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებას. ედუარდ ლიმონოვი, მწერალი და რუსეთის ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის ლიდერი პურგინის შესახებ: „ანდრეი პურგინი დონბასში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი 2004 წელს ეწინააღმდეგებოდა ნარინჯისფერ რევოლუციას. 2005 წლიდან პურგინი უკვე ლეგენდარული პოლიტიკური ორგანიზაციის „დონეცკის რესპუბლიკის“ (ДР) თანადამფუძნებელია. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) დროშაც კი მისი გაკეთებულია. <...> ახლა კი [2015 წ] პურგინი მოხსნეს. არ მომწონს კრემლის მიერ დონბასში წახალისებული უპრინციპოების ხროვა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა რუსული აჯანყების ინტერესებიდან“.
უკრაინელი ჟურნალისტისა და ბლოგერის, დენის კაზანსკის თქმით, დონეცკში შექმნილი კატასტროფის გამო ანდრეი პურგინი დამნაშავედ მიიჩნევს არა უკრაინას, როგორც ბევრმა შეიძლება იფიქროს, არამედ ДНР-ის მეთაურს, დენის პუშილინსა და მის რუსულ ადმინისტრაციას, რომელმაც, ანდრეი პურგინის თქმით, სრულ განადგურებამდე მიიყვანა ოლქი.
„რა გამოდის, რუსული სამყაროს მოსვლის შემდეგ დონბასიდან გაიქცა მოსახლეობის 70-75%?" - კითხულობს დენის კაზანსკი, - "ასეც არის რუსეთი ატარებს წმენდას დონბასში, ანადგურებს ან დევნის ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ უკრაინელებს და მათ მაგივრად რუსეთის სიღრმიდან ჩაჰყავს ხალხი... ეს ცნობილი იყო, მაგრამ ამ მასშტაბის თუ იყო, ვერავინ წარმოიდგენდა. ამას ჰყვება არა ე.წ. მტრის პროპაგანდა, არამედ რუსული სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რომელიც ახლაც დონეცკში ცხოვრობს“.
ანდრეი პურგინის თქმით კი, სახეზეა ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან, მისი თქმით, დონეცკსა და ოლქის სხვა დიდ ქალაქებში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია.
„ეს არის მტანჯველი მდგომარეობა, რომელშიც მუდმივად ვიმყოფებით: უსასრულო დღეები წყლის გარეშე, მუდმივი პრობლემები, მათ შორის ელემენტარული საყოფაცხოვრებო ხასიათისა. ამის გამო საუკეთესო ადამიანები, მათ შორის განათლებისა და მედიცინის სფეროებიდან, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქალაქის ცივილიზაციურ ხერხემალს, პირველები ტოვებენ რეგიონს ბოლო ათი წლის, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რადგან ადამიანებს ურჩევნიათ სხვაგან იცხოვრონ ნორმალურად, ვიდრე ვედროებით ირბინონ, მეზობლებთან ერთად და ისუნთქონ კანალიზაციის სიმყრალე, რომელიც ქუჩებსა და სარდაფებში მიედინება. ძალიან რთული ვითარებაა. ეს არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ ზოგადად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სიცოცხლის პერსპექტივის საკითხია“, - ამბობს ანდრეი პურგინი.
დენის კაზანსკი
დენის კაზანსკის თქმით, ვიდრე დონბასი უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო, ხალხი „რატომღაც“ არსად გარბოდა, პირიქით დონეცკში ცხოვრობდნენ და დონეცკიც ვითარდებოდა, უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყო.
„როგორც კი დონბასი რუსეთმა მიიერთა, „საუკეთესო ხალხმა“, როგორც ანდრეი პურგინი ამბობს, დონეცკის ცივილიზაციურმა ხერხემალმა დაიწყო ქალაქის დატოვება. ამას ეძახის რუსეთის ხელისუფლება რუსების დაცვას. თუმცა ვიმეორებ, ვიდრე ამ ხალხის დაცვას არ დაიწყებდნენ, ისინი არ გარბოდნენ დონეცკიდან“, - ამბობს დენის კაზანსკი.
ანექსია და უწყლობა
ანდრეი პურგინის თქმით, თუ დონბასის რუსული ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების ნორმალურ პირობებს, ДНР მოსახლეობისგან დაიცლება და იქცევა მორიგ დეგრადირებულ სივრცედ, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსკოვის მიერ დანიშნულ პუშილინსა და მის ამალას.
„მოსკოვის დანიშნულმა პუშილინმა საგანგებოდ მოახდინა წყლის კრიზისის (კატასტროფის) პროვოცირება, რათა ბანალურად მოითბოს ხელი. პუიშილნი და მისი გარემოცვა აკონტროლებს დონეცკში მდებარე სასმელი წყლის ექვს ქარხანას", - ამბობს პურგინი, - "თერთმეტი ჭაბურღილიდან დღეს მხოლოდ ორი მუშაობს. მათ შორის ერთი სასმელი წყლის ქარხანაზე, რომელიც უშუალოდ დნრ-ის მაღალჩინოსნების ბიზნესს უკავშირდება, მეორე კი ნაწილობრივ სტარობეშევოსა და ლენინის რაიონს ემსახურება. დანარჩენ ცხრა ჭაბურღილს არავინ ეხება, რადგან მოსახლეობაზე არავინ ზრუნავს. უფრო იოლია ტბორებიდან და წყალსაცავებიდან ამოტუმბვა. ამიტომ დონეცკის მოსახლეობა იძულებულია იყიდოს წყალი. დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ფლობს ამ ქარხნებს, ჩვენგან იღებს ფულს. მათ კარგად იცოდნენ, რომ წყალი დონბასში აღარ იქნებოდა, ამიტომ თავიდანვე დაალაგეს ყველაფერი. პირველი ბიზნესი, რაც რუსეთის ფედერაციასთან „მიერთების“ შემდეგ დონეცკში გაჩნდა, სასმელი წყლის გაყიდვა იყო“.
რატომ არ არის დონეცკში წყალი და რატომ არის ფიზიკურად შეუძლებელი მისი მომარაგების აღდგენა უახლოეს მომავალში? რა დაემართა რეზერვუარებს და რა კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ტიმურ ივანოვს დონეცკის წყლის პრობლემასთან?
როგორც მარიუპოლის მკვიდრმა და დარგის სპეციალისტმა მიკოლა ოსიჩენკომ უთხრა The CurrentTime-ის (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი) რედაქციას, 2014 წლიდან 2022 წლამდე, 8 წლის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინის ტერიტორიიდან წყალი დონეცკში შეუფერხებლად მიეწოდებოდა „სევერსკი დონეცკ-დონბასის“ არხით, თუმცა 2022 წელს, როდესაც პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, სრულად განადგურდა ფილტრაციის სადგურები, კაშხლები და არხის სხვა ინფრასტრუქტურა, რის გამოც შეუძლებელი გახდა წყლის მიწოდება:
„2022 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო წყლის მოხმარება სარეზერვო წყალსაცავებიდან, რომლებიც იმ დროს რეგიონში საკმაოდ ბევრი იყო. მაგრამ ეს წყალსაცავები მართლა სარეზერვო ანუ მცირე მოცულობისა იყო, ერთი კვირის ან მაქსიმუმ ერთი თვის სამყოფი მოცულობით. ახლა ყველა მათგანი დამშრალია“.
მიკოლა ოსიჩენკო
რუსეთის ხელისუფლება 2022 წლიდან ლაპარაკობს დონი-დონბასის 194 კმ-იანი წყალსადენის ამოქმედებაზე, თუმცა როგორც მოკოლა ოსიჩენკო ამბობს, სწორედ ამ წყალსადენის მშენებლობაზე გაიფლანგა 170 მილიარდი რუბლი და პროექტი დაუსრულებელი დარჩა. მეტიც, ციხეში მოხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელიც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელმძღვანელობდა წყალსადენის მშენებლობით დაკავებულ კომპანიას.
„თუმცა დონბასის პრობლემას ეს წყალსადენი მაინც ვერ უშველის", - ამბობს მიკოლა ოსიჩენკო, - "წყალსადენი მხოლოდ ერთი ხაზია, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში 350 ათას ლიტრ წყალს იძლევა. მაშინ როცა დღეში საჭიროა 1 მილიონი“.
დონი-დონბასის წყალსადენის მშენებლობა
ექსპერტის თქმით, დონეცკის უწყლობის პრობლემას ვერც ის წყლის ავზები (ავტოცისტერნები) გადაჭრიან, რომლებიც დონეცკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო:
„ДНР-ის თავკაცის განკარგულებაშია 75 წყლის ავტოცისტერნა, თითოეულის ტევადობა 10 ტონა, ანუ 10 ათასი ლიტრი, ჯამში 750 ათასი. იმის გათვალისწინებით, რომ საოკუპაციო ხელისუფლების მონაცემებით, მხოლოდ მაკეევკასა და დონეცკის მოსახლეობა 1 200 000 ადამიანია, ერთ სულ მოსახლეზე 0,6 ლიტრი გამოდის“.
- ადგილობრივი მედია უწყლობაზე
როგორც დონეცკის მედია და ტელეგრამ-არხები წერენ, ოკუპირებულ დონეცკსა და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში ნამდვილი კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი. უწყლობის გამო ადამიანები ვერ ახერხებენ ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვას. დონეცკსა და მაკეევკას ფაქტობრივად არ მიეწოდება სასმელი წყალი. მარიუპოლში ადამიანები ჩივიან, რომ „განთავისუფლების“ შემდეგ დასაბან წყალსაც კი ვერ შოულობენ. ქალაქში წყალი არსად მოდის, გარეუბნებში მდებარე წყაროებიდან ტარება კი რთულია, მით უფრო, რომ საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობაში არ მუშაობს ლიფტი. მაგალითად მარიუპოლში კუპრინის ქუჩაზე ბოლო ორი კვირა საერთოდ არ ყოფილა წყალი.
დონეცკის მოსახლეობას წყალი საუკეთესო შემთხვევაში სამ დღეში ერთხელ მოეწოდება. ასეთივე ვითარებაა ქალაქ მაკეევკაში, ხოლო ხარციზსკში, ილოვაისკსა და ზუგრეშში წყალს ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით იღებენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, გრაფიკიც ხშირად ირღვევა.
„სულზე 330 ლიტრია ნორმაო, გვეუბნებიან, მაგრამ ვის აქვს ამდენი წყალი? ჭაბურღილები გააკეთეთო. 300 000 რუბლი ჯდება. რაც უნდა მიწერო პრეზიდენტს, ყველა წერილი ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ბრუნდება. მოსკოვში არაფერი მიდის. რა ქნას ხალხმა? წყალი არ არის. ახლა გვეუბნებიან, რომ წყლისთვის არ გვცალია, ზამთრის (გათბობის) სეზონისთვის ვემზადებითო. როცა ზამთრის სეზონი დადგება, გათბობა არ გვექნება, სიცივისგან გავიყინებით“, - ჩივიან რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის მაცხოვრებლები.
მიკოლა ოსიჩენკოს თქმით, დონეცკში, სადაც წყლის საშინელი უკმარისობაა, მაღაზიები სავსეა ე.წ. ბოთლის წყლით, რომელზეც ყველას ისედაც არ მიუწვდება ხელი, ბოლო დროს კი თითქმის ორჯერ გაძვირდა.
„დონეცკში გაძვირდა ბოთლის წყლის ფასი. 1 ლიტრი 5-6 რუსული რუბლი გახდა. პუშილინმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 1 ლიტრის ფასად 3,50 რუბლი დადგინდა. თუმცა ამ ფასად წყალს ვერსად იშოვი, - ამბობს მოკოლა ოსიჩენკო, რომლის თქმითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ დენის პუშილინი ფლობს ბოთლის წყლის მწარმოებელი 7 ქარხანა და, რომ დონბასის წყალსადენიდან წყალი ამ ქარხნებსაც მიეწოდება. შესაბამისად, ДНР-ის მთავრობის მეთაურის, დენის პუშილინისათვის შექმნილი ვითარება ძალიან მოგებიანია.
"ასეთი რამ გერმანელ ნაცისტებსაც არ უქნიათ დონბასში"
ანდრეი პურგინიც ამტკიცებს, რომ ДНР-ის ადმინისტრაციამ იცოდა, რომ 2022 წლის სრულფასოვანი შეჭრის შემდეგ დონეცკში წყლის მიწოდება შეფერხდებოდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მომზადებულიყვნენ, ალტერნატიული ინფრასტრუქტურა შეექმნათ, პუშილინმა და მისმა ხალხმა შეისყიდეს ქარხნები და დაიწყეს წყლით ვაჭრობა.
„მათთვის მოგებიანია ასეთი ვითარების შენარჩუნება, წყლის დეფიციტში ცხოვრება. ამიტომ არ შენდება ახალი წყალსადენები და ამიტომ იძარცვება ძველი წყალსადენები. დენის პუშილინის მმართველობისას დაიხურა 67 შახტი ამოტუმბვის და აღდგენის გარეშე. ამით 400-წლიანი ჰიდროლოგია დაინგრა. დღეს ყველაფერი ქრება და შრება. ვერხნეკალმიუსკის წყალსაცავში წყლის დონე 3 მეტრით დაეცა. პირველი ვეტკოვსკის ტბორი ახლა ჭაობად არის ქცეული. ყველა წყალსაცავს ასეთი ბედი ელის. არავინ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, თითქოს არაფერი ხდება. სრული განუკითხაობაა - წყალსაცავებისა და ტბორების ნულამდე დაცლა უზარმაზარ ზიანს აყენებს გარემოს. გადაწყვეტილებები ვოლუნტარისტულია, ფედერალური კანონები იგნორირებულია. დონეცკის პროკურატურა არაფერზე რეაგირებს“, - ამბობს ანდრეი პურგინი.
ანდრეი პურგინი და დენის პუშილინი (მარჯვენა). 2014 წ.
დენის პუშილინმა, ДНР-ის ე.წ. მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთ სხდომაზე ვლადიმირ პუტინს მოახსენა, ქსლის ავარიულობის გამო წყლის დანაკარგები 65%-ს აღწევსო.
„დონცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების (ДНР-ЛНР) ხელისუფლებაში მოსული ადამიანების ამ ტიპს ვუწოდებდი საბჭოთა ბანდიტების ტიპს. სწორედაც რომ საბჭოთა და სწორედაც რომ ბანდიტები - ანუ ბრეჟნევის დროინდელი პროვინციული საბჭოთა კავშირის რიტორიკისა და სიმბოლიზმის ნაზავი ტამბოვ-სოლნცევოს (ან ნებისმიერი სხვა) კრიმინალური დაჯგუფების ყოველდღიურ პრაქტიკასთან. და ეს ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, რადგან მეცოდება ის ადამიანები, რომლებსაც ამ კრიმინალური სუბსტანციის მმართველობის ქვეშ უწევთ ცხოვრება“, - დიმიტრი ოლშანსკი, ჟურნალისტი
ანდრეი პურგინის თქმით, სინამდვილეში არაფერი იკარგება, პუშილინი და მისი ხალხი უმოწყალოდ ჰყიდიან წყალს, რომლის მოპოვება ყოველგვარი კონტროლისა და სტანდარტის გარეშე ხდება მეჩხერი წყალსაცავებიდან და ტბორებიდან:
„არაფერს დატოვებენ, ყველაფერს ამოტუმბავენ საველე მილსადენებით. ვიღაც სამხედროები მოვლენ, ჩაყრიან მილებს და ადგილობრივ ტბორს, წყალსაცავსა თუ ჭას ამოტუმბავენ, ადამიანებს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დატოვებენ. ამოაშრობენ ტბორს, რომელიც 20 წელი ივსებოდა. ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა“.
უკრაინელი ჟურნალისტისა და ბლოგერის, დენის კაზანსკის თქმით, რასაც პურგინი ჰყვება, ნამდვილი გენოციდია: „ასეთი რამ დონბასში ნაცისტებსაც არ უქნიათ და ამას აკეთებს არა უკრაინა, არამედ რუსეთის არმია და მთავრობა“.
პურიგინის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად არავინ არაფრის გაკეთებას, მათ შორის დიდი პროექტების განხორციელებას არ აპირებს. უბრალოდ მილებს გადაათრევენ ერთი ადგილიდან მეორეში, მთელი დონბასის მასშტაბით და დარჩენილ მსხვილ წყალსაცავებს ამოტუმბავენ.
„დღეს ეს პავლოპოლსკაიაა, რამდენადაც მე ვიცი. იქ უნიკალურ თევზებს ამრავლებენ და ა.შ. ეს აღარ სჭირდებათ. ზოგადად, ჩვენი გარემო არ სჭირდებათ.“
მიკოლა ოსიჩენკოს თქმით, დონეცკში წყლის პრობლემის გლობალურად მოგვარება უკრაინის გარეშე საერთოდ შეუძლებელია, რადგან წყლის ყველა წყარო იმ ტერიტორიებზე მდებარეობს, რომლებიც ამჟამად უკრაინის კონტროლის ქვეშაა:
„გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები, რადგან სევერსკი დონეცკ-დონბასის არხი ამჟამად ადამიანების გვამებით და დამწვარი ტექნიკითაა სავსე. დამბები და საფილტრაციო სადგურებიც დანგრეულია. ასევე საჭირო იქნება დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია“.
უწყლობას უჩივიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ან ანექსირებული სხვა ტერიტორიებიც, მათ შორის, ყირიმი. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით რთული ვითარებაა შექმნილი რუსეთის სამხრეთში.
ასევე ნახეთ ყირიმი უწყლობისგან რომ იხსნას, რუსეთი ხერსონის შენარჩუნებას შეეცდება