ლინგვოციდი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - რუსეთის ბრძოლა უკრაინულ ენასთან

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სკოლებში უკრაინული ენის სწავლება 1 სექტემბრიდან ოფიციალურად აიკრძალება.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სკოლები 1 სექტემბრიდან უკრაინული ენის სწავლებას შეწყვეტენ. საქართველოს ოკუპირებულმა ტერიტორიებმა რუსული ლინგვოციდის სიმწარე ბევრად უფრო ადრე გამოცადეს.

რუსეთი ოფიციალურად აუქმებს უკრაინული ენის სწავლებას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სკოლებში. 2014 წლიდან ოკუპირებული ქალაქებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რუსულმა ადმინისტრაციებმა დიდი ხანია ამოძირკვეს უკრაინული ენა როგორც განათლების სფეროდან, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. თუმცა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილებში სკოლის მოსწავლეებს აქამდე მაინც შეეძლოთ უკრაინული ენის, როგორც მშობლიური ენის შესწავლა. ყირიმში, მაგალითად, ფუნქციონირებდა ერთი სკოლა, რომელშიც უკრაინული ენა ისწავლებოდა. ოკუპანტებმა უკვე თითქმის მთლიანად გაანადგურეს უკრაინული წიგნები და სახელმძღვანელოები, დარჩნენ მასწავლებლები.

როგორია უკრაინული ენის სწავლების რეალური მდგომარეობა ოკუპირებულ სკოლებში და რატომ არის ეს რუსეთის იმ უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც უკრაინელებს რუსებად აქცევს?

ლინგვოციდი (Lingvocide) - ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ერთნაირ ან სისტემურ პროცესებს, სადაც ენა განადგურებულია ან გაუქმებულია მიზანმიმართულად, რაც ხშირად ემართება ეთნიკურ, კულტურულ ან პოლიტიკურ ჯგუფებს. ლინგვოციდი ენის განადგურებაა, რაც შეიძლება იყოს: აკრძალვა ან ხელშეუხებლობა ენის საჯარო სივრცეში (სკოლებში, მედიაში, სახელმწიფო დაწესებულებებში); ენის ჩასმა გაქრობამდე (მაგალითად, ბავშვების იძულება სხვა ენის სწავლაზე და მშობლიური ენის დაუფლების დაბრკოლება).

რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს უკრაინული ენის ამოღებას საშუალო სკოლების ფედერალური სასწავლო გეგმიდან. შესაბამისი ბრძანების პროექტი გამოაქვეყნა გამოცემა „კომერსანტმა“. ამ დოკუმენტის თანახმად, უკრაინული ენის არსებული სასწავლო გეგმა სრულიად დაკარგავს ძალას. ბრძანების პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს ხდება მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების გამო.

ასევე ნახეთ რა არის რაშიზმი?

რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მონაცემებით, წერს „კომერსანტი“, უკრაინული, როგორც მშობლიური ენა, სავალდებულო საფუძველზე მხოლოდ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ისწავლებოდა, ხოლო გასულ სასწავლო წელს მშობლების განაცხადის თანახმად, უკრაინული ენა უნდა ესწავლებინათ როგორც დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სამოქალაქო განათლების ცენტრ „ალმენდას“ მონაცემებით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1,6 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 600 ათასი სკოლის ასაკისაა. ამასთან, მხოლოდ 44 ათასი სწავლობს ონლაინ რეჟიმში უკრაინის სკოლებში, რაც მოსწავლეთა დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

ასეთი ცვლილებები იმის მანიშნებელია, რომ 2025 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსწავლეებს სკოლებში არ ექნებათ უკრაინული ენის შესწავლის შესაძლებლობა.

უკრაინული ენის სკოლის სასწავლო გეგმიდან ამოღება სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს უკრაინულ ენასა და კულტურას. მან ასევე განაცხადა, რომ „ახალ რეგიონებში“ რუსული ენის პოლიტიკა უნდა იყოს „რბილი და ბუნებრივი“.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სკოლებიდან უკრაინული უკვე განდევნილია

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული ენა ეროვნული უმცირესობების ენად გამოაცხადა, 2014 წლიდან უკრაინულ ენას მიზანმიმართულად ებრძოდნენ, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის, „დონბასისა და ლუგანსკის ოლქების უკრაინის სახალხო საბჭოს“ ხელმძღვანელი სტანისლავ ფედორჩუკი. თუ ვსაუბრობთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ იქაურობა ყოველგვარი უკრაინულისგან უკვე „გაწმენდილია“.

„ზუსტად ვიცით, რომ სახელმძღვანელოების კონფისკაცია ოკუპაციის პირველივე დღეებიდან ხდებოდა. პარალელურად მიმდინარეობდა მათი ჩანაცვლება რუსული სახელმძღვანელოებით. წიგნები გამოჰქონდათ ბიბლიოთეკებიდანაც. გადარჩა მხოლოდ ის წიგნები, რომლებსაც ხალხი სახლებში ინახავდა“, - ამბობს სტანისლავ ფედორჩუკი.

ომის პირველი 8 წლის განმავლობაში ოკუპანტებმა დახურეს ის სკოლები, რომლებშიც სასწავლო პროცესი უკრაინულ ენაზე მიმდინარეობდა. ამიტომ, უკრაინული ენის ცოდნისა და გამოყენების მდგომარეობა კატასტროფულია. უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ბავშვები ენას დამოუკიდებლად სწავლობენ.

სკოლა ოკუპირებულ დონეცკში, 2024 წლის სექტემბერი

აი, რას უყვებიან რადიო თავისუფლების პროექტის, donbass.realii-ს ყოფილი დონბასელი მოსწავლეები, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გააღწიეს და ახლა უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ:

ეველინი, 17 წლის: „2020 წლამდე, ჩემს სკოლაში ორ კვირაში ერთხელ უკრაინული ენის ერთი გაკვეთილი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის რუსულ ენაზე ტარდებოდა, მაინც გვესმოდა საფუძვლები: რა არის ზმნა, ქვემდებარე და შემასმენელი“.

ორ კვირაში ერთხელ გვქონდა უკრაინული ენის ერთი გაკვეთილი, თუმცა ისიც რუსულ ენაზე ტარდებოდა

ოლია, 18 წლის: „ოკუპაციის შემდეგ, უკრაინული ენა და ლიტერატურა ერთ გაკვეთილად გააერთიანეს: კვირაში ერთხელ 45 წუთი, ან უკრაინული ენა გვქონდა ან - ლიტერატურა. ამასთან ეს გაკვეთილი სულ უფრო და უფრო იშვიათად ტარდებოდა. 2020 წელს კი უბრალოდ გააუქმეს. უკრაინის ისტორიის გაკვეთილი კი არასოდეს გვქონია.“

სინამდვილეში უკრაინული ენა არა მხოლოდ არ ისწავლება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, არამედ ოკუპაციის პირობებში მისი გამოყენება სახიფათოა, - ამბობს ოლია, რომლის თქმითაც, სოფლად, უკრაინული ენა ჯერ კიდევ შეიძლება შეგვხდეთ, მაგრამ ქალაქად უკრაინულად საუბარი მიღებულ ნორმად არ აღიქმება.

ხერსონსა და ზაპოროჟიეში მშობლები გამოთქვამდნენ სურვილს, ესწავლებინათ შვილებისთვის მშობლიური ენა

2022 წელს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილის დაკავების შემდეგ (ამ ოლქების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბუნებრივია, უკრაინულად საუბრობდა), საოკუპაციო რეჟიმმა ჩაატარეს გამოკითხვა სკოლებში უკრაინული ენის შესწავლის სურვილთან დაკავშირებით, - იხსენებს ოლეგ ოჰრედკო, სამოქალაქო განათლების ცენტრის „ალმენდას“ ექსპერტი და ანალიტიკოსი.

„მშობლების დაახლოებით 50%-მა განაცხადა, რომ სურდათ მათ შვილებს უკრაინული ენა შეესწავლათ. წარმოიდგინეთ, ეს ხდებოდა იმ დროს, როცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მიმდინარეობდა“, - ამბობს ის.

ოკუპირებული ბერდიანსკის სკოლის მოსწავლეები პროპაგანდისტულ კონკურსში მონაწილეობენ

ამიტომ რჩებოდა უკრაინული ენა სკოლის სასწავლო გეგმაში. თუმცა ოკუპაციის დაწყების შემდეგ რუსეთი დაადგა ყოველივე უკრაინულენოვანის განადგურების გზას: ჩატარდა ბიბლიოთეკების რევიზია უკრაინულად დაწერილი წიგნების კონფისკაციის მიზნით.

„ზოგჯერ წიგნებს ბავშვების დახმარებით ანადგურებდნენ, წვავდნენ. ასევე იმართებოდა აქციები, რომლის ფარგლებშიც უკრაინულენოვან წიგნებს რუსულში ცვლიდნენ ან უბრალოდ იბარებდნენ გასანადგურებლად. უკრაინული სახელმძღვანელოები ეგრევე განადგურდა“, - ამბობს ოლეჰ ოჰრედკო.

არალოიალური მასწავლებლები ჯერ კუსტარულ საპატიმროებში გადაჰყავდათ, შემდეგ კი დეპორტირებას უკეთებდნენ

ოკუპაციის დროს უკრაინული ენის სწავლების განადგურება მხოლოდ წიგნებისა და სასწავლო საათების საკითხი არ არის. რუსეთი თავიდანვე ზეწოლას ახდენდა სკოლის მასწავლებლებზე, აიძულებდა მათ თანამშრომლობას. ზოგიერთმა მათგანმა, ვინც თანამშრომლობაზე უარი თქვა, ოკუპირებული ტერიტორიები დატოვა, ზოგი კი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამასთან ასეთი რეპრესიები მხოლოდ ენის მასწავლებლებს როდი შეეხოთ.

ჯერ ერთი კვირის განმავლობაში სარდაფში ამყოფეს, შემდეგ კი მიკროავტობუსში ჩასვეს და საქართველოში გადაიყვანეს". ოლეგ ოჰრედკო

„ცნობილია, რომ ბერდიანსკის მასწავლებლებს ყრიდნენ სარდაფებში, სადაც ერთ, ორ, სამ დღეს ამყოფებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ისინი გაათავისუფლეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი დეპორტირებულიც კი იქნა. პირადად ვიცნობ ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს, რომლებიც ჯერ ერთი კვირის განმავლობაში ამყოფეს სარდაფში, შემდეგ კი მიკროავტობუსში ჩასვეს და საქართველოში გადაიყვანეს, დეპორტირება გაუკეთეს. იგივე ხდებოდა მელიტოპოლში, სადაც დირექტორებსა და მასწავლებლებს ავტოფარეხებში ამყოფებდნენ, შემდეგ კი ნაცრისფერ ზონაში გადაჰყავდათ“, - ამბობს ოლეგ ოჰრედკო.

„ალმენდაში“ აცხადებენ, რომ მასწავლებლების წინააღმდეგ რეპრესიები და მათი ოკუპირებული ტერიტორიებიდან განდევნა დღესაც გრძელდება. ოკუპანტებს მასწავლებლები რუსეთის ტერიტორიიდან ჩაჰყავთ.

რა იქნება უკრაინული ენის სასწავლო გეგმიდან ამოღების შემდეგ?

რუსეთის ფედერალური სასწავლო გეგმიდან ნებისმიერი საგნის ამოღება ფორმალურად არ ნიშნავს იმას, რომ საგნის სწავლება საერთოდ შეუძლებელია.

„სკოლებს უფლება აქვთ გამოიყენონ საკუთარი პროგრამები, სასწავლო მასალები და ფაკულტატიურად ასწავლონ თავისუფალ დროს. თუმცა ამის გაკეთება არარეალურია რუსეთის ოკუპაციის პირობებში", - ამბობს სტანისლავ ფედორუკი.

ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე სკოლის დირექტორი გაბედავს ოფიციალური ბრძანების გაცემას ბავშვებისთვის უკრაინული ენის სწავლების შესახებ", სტანისლავ ფედორუკი

„ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე სკოლის დირექტორი გაბედავს ოფიციალური ბრძანების გაცემას, (მით უმეტეს, ქაღალდზე დაფიქსირებას), რომ ბავშვებს უკრაინული ენის სწავლის შესაძლებლობა მიეცეთ. რუსეთის ფედერაციაში განათლების სისტემის ცენტრალიზაციის დონე ძალიან მაღალია. დირექტორის დემარში მაშინვე გახდება ცნობილი. ამიტომ, ჩემი აზრით, მათ ეს მხოლოდ ხელების დასაბანად დატოვეს, იმის სათქმელად: შეხედეთ, ჩვენ თავისუფლება მივეცით ამ სკოლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა, სურვილის შემთხვევაში, შეძლონ უკრაინული ენის შენარჩუნება საგანმანათლებლო პროცესში“, - ამბობს სტანისლავ ფედორუკი.

"ალმენდაში" ამბობენ, რომ ოკუპაციის პირობებში მშობლიური ენის შესწავლის უფლების დაცვა სულ უფრო სახიფათო ხდება.

ყირიმში ოფიციალურად ერთი უკრაინული სკოლაა ევპატორიაში. თუმცა სინამდვილეში, ოლეგ ოჰრედკოს მტკიცებით, ოკუპანტებს არ შეუქმნიათ არანაირი ბაზა - მასწავლებლები და სახელმძღვანელოები, რაც ენის სწავლების გეგმაზე მიუთითებდა.

უკრაინული იდენტობის განადგურება ბავშვების მძევლად აყვანის გზით

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთისთვის საგანმანათლებლო პროცესი პროპაგანდა და უკრაინელების იდეურ რუსებად გადაქცევის საშუალებაა და არა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი. რუსიფიკაცია გრძელდება მილიტარიზაციასთან ერთად.

ოკუპანტები სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა მილიტარიზებულ, პარამილიტარულ სტრუქტურებში იზიდავენ, რათა შემდეგ ამ ბავშვებმა განაგრძონ ბრძოლა რუსეთისათვის", სტანისლავ ფედორუკი

„არსებითად, ისინი სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა მილიტარიზებულ, პარამილიტარულ სტრუქტურებში ექაჩებიან - იმ მიზნით, რომ ამ ბავშვებმა განაგრძონ ბრძოლა რუსეთის ფედერაციისთვის. ამ პროცესის ფარგლებში, უბრალოდ ადგილი არ რჩება არა მხოლოდ უკრაინული ენისათვის, არამედ ყოველივე უკრაინულისთვის“, - ამბობს სტანისლავ ფედორუკი.

ექსპერტის აზრით, სკოლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის კონტროლის საშუალებაა. სკოლებისა და ბავშვების კონტროლით შესაძლებელია მშობლებზე გავლენის მოხდენა. ამ შემთხვევაში, ბავშვები მძევლები არიან.

„გრძელდება ინდოქტრინაცია, ისტორიის გაყალბება, სხვადასხვა მითის შექმნა. სახეზეა რუსიფიკაცია, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ ენის ნიშნით, არამედ სხვა კულტურული ფაქტორებითაც: ჩნდება კოკოშნიკი, ბალალაიკა, როგორც ადგილობრივი ხალხური ინსტრუმენტი“, - დასძენს ოლეგ ოჰრედკო.

ეს ვლადიმირ პუტინის კონცეფციაშია ჩადებული, რომ უკრაინელები, როგორც ცალკე ხალხი, არ არსებობენ და რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. და სად არის რუსული ენა?

„ოკუპანტებმა შესანიშნავად იციან, რომ კულტურული იდენტობა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ადამიანმა იცის უკრაინული ენა, მას შეუძლია მომავალში გახდეს უკრაინული სამყაროს ნაწილი, უკრაინული საზოგადოების ნაწილი. შესაბამისად, ისინი ცდილობენ გაწყვიტონ კავშირი ენასთან, როგორც კომუნიკაციის საშუალებასთან, წაშალონ ის საგანმანათლებლო პროცესიდან“, - ამბობს სტანისლავ ფედორუკი.

რუსეთი ცდილობს მშობლიური ენის შესწავლის საშუალება მოუსპოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს, რაც არის რუსიფიკაციისა და დამონების იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც სათავეს იღებს საბჭოთა ეპოქიდან და დღემდე გრძელდება თანამედროვე რუსეთში, სადაც ბევრმა მკვიდრმა ხალხმა უკვე დაივიწყა როგორც მშობლიური ენა, ასევე ისტორია და საკუთარი იდენტობა.

ლინგვოციდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე

  • აფხაზეთი

1992–1993 წლების ომის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, ოკუპირებულ აფხაზეთში გაძლიერდა ე.წ. რუსიფიკაციის პოლიტიკა, რაც გულისხმობს რუსული ენის პრიორიტეტულობას განათლების, მედიასა და საჯარო სივრცეებში. ამ პოლიტიკამ სერიოზულად შეამცირა ადგილობრივი ეთნიკური ქართველების - ძირითადად გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის - შესაძლებლობა მიიღონ განათლება საკუთარ მშობლიურ ენაზე.

„გალში ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინეს რუსიფიკაცია და ყველა სკოლა გადაიყვანეს რუსულ ენაზე სწავლებაზე, რაც არის ყოვლად მიუღებელი მოცემულობა, რომელიც არ ჯდება არც ცივილურ, არც ჰუმანურ და არც გონივრულ საზღვრებში, მით უფრო, როცა საუბარია ბავშვების უფლებებზე, მათ მომავალზე“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა (2016-2020 წწ) ქეთევან ციხელაშვილმა.

2021 წელს, აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა. მანამდე ქართული ენა ეტაპობრივად იზღუდებოდა. მაგალითად, 2018 წელს გალის ე. წ. დაბალი ზონის 10 სკოლაში, სადაც მეშვიდიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით შენარჩუნებული იყო ქართულად სწავლა, ახალი სასწავლო წლიდან მეშვიდე კლასიც რუსულენოვანი გახდა. ქართულის პარალელურად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ნაკლები საათები ეთმობა აფხაზურს.

გალში თვალში საცემია ქართული ენის რეპრესირების ტენდენცია, რაც, სპეციალისტების თქმით, რუსული ენის პრიორიტეტულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული: ქართული ენა ჯერ უცხო ენად გამოაცხადეს, შემდეგ კი მისი სწავლება კვირაში 2 საათამდე შეამცირეს. მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასალის შესწავლას ორ საათში ვერ ასწრებენ, რაც საბოლოოდ პრობლემას უქმნის იმ მოსწავლეებსაც, ვისაც სწავლის გაგრძელება თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ფორმალურად ასწავლიან აფხაზურ ენასაც, რადგან სკოლებში არ ჰყავთ ენის სპეციალისტები, რაც აისახება კიდეც განათლების ხარისხზე. როგორც წესი, აფხაზური ენის პედაგოგებად დასაქმებული არიან სასაუბრო ენის მცოდნე პირები, რომლებიც ვერ წარმართავენ რთულ სასწავლო პროცესს.

ასევე ნახეთ აფხაზეთში ქართულთან ერთად აფხაზური ენაც ქრება

დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში განათლების დაბალი ხარისხისა და მთელი რიგი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია) აკრძალვის გამო მოსწავლეები იძულებული არიან მიატოვონ მშობლიური რაიონი და სასწავლებლად საქართველოს სხვა რაიონებს მიაშურონ, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის გაგრძელება შეძლონ.

ზოგადი სურათი: ქართულ ენაზე სწავლება გალის რაიონის სკოლებში პრაქტიკულად შეწყვეტილია; 2015 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულენოვანი სკოლები გადააქცია რუსულენოვან სკოლებად. ქართულენოვანი მასწავლებლები და დირექტორები ხშირად ექვემდებარებიან დევნას ან სამსახურიდან გათავისუფლებას. ქართული სახელმძღვანელოების შეტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალულია.

  • ცხინვალი

ქართული ენის სწავლება და ქართულენოვანი განათლება მნიშვნელოვნად იზღუდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. 2017 წლიდან, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ქართული სკოლების რუსულენოვან სისტემაში ინტეგრაცია. განსაკუთრებით ეს პროცესი შეეხო ახალგორის (ლენინგორის) რაიონის სკოლებს, სადაც ქართული ენის სწავლება შემცირდა საგნობრივ დისციპლინამდე, ხოლო სხვა საგნები სრულად რუსულ ენაზე ისწავლება. გარდა ამისა, აკრძალულია ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება ქართულ ენაზე და ქართული სახელმძღვანელოებით, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ საგნებში ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება ეწინააღმდეგება მათ ეროვნულ ინტერესებს.

ასევე ნახეთ ახალგორის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება უქმდება

ამ პროცესის შედეგად, ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად შეწყვეტილია, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად იძულებულია დატოვოს რეგიონი უკეთესი განათლების მიღების მიზნით.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯები წარმოადგენს "რუსიფიკაციის პოლიტიკის" ნაწილს და მიმართულია ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვისკენ. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული ენის სწავლება და განათლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული და საგანმანათლებლო უფლებების უხეში დარღვევაა.