რუსეთი „სახარჯ ცოცხალ ძალას“ სხვადასხვა გზით ეძებს

ბანერი მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ: „რუსეთის არმია — გამარჯვება იწრთობა ცეცხლში“, 2022 წლის 13 ოქტომბერი.

როცა რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ექვსი თვის თავზე ე.წ. სამამულო მობილიზაცია გამოაცხადა, ეს ქუჩებსაც დაეტყო და ქვეყნის საზღვრებსაც.

სამხედრო რეკრუტერები შედიოდნენ ოფისებში, ხალხს კორპუსებთან უსაფრდებოდნენ, მეტროს ვაგონებს ჩხრეკდნენ. მაშინ რუსეთის ასობით ათასმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა, რომ ფრონტზე არ წასულიყო - ემიგრანტების იმ ტალღას შეუერთდნენ, რომელიც რუსეთიდან ჯერ კიდევ თებერვალში დაიძრა.

პუტინს ძალიან არ სურს კვლავ მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯი გადადგას. ამიტომ ჯარისკაცების მარაგის შესავსებად რუსული სამხედრო ძალა ახლა სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. ხალხს ეძებენ ციხეებში და უსახლკაროების თავშესაფრებშიც კი. პოულობენ გზებს ომში გაგზავნონ წვევამდელები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონოა.

ასევე ნახეთ რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

2023 წლის დეკემბერში, რადიო თავისუფლების უკრაინული და რუსული ბიუროების გაერთიანებულმა საგამოძიებო განყოფილებებმა („სქემები და სისტემები“) გამოავლინეს, რომ„რედუტი“, სამხედრო დაქირავებულების თითქოსდა კერძო კომპანია, რომელიც უკრაინაში საომრად ათასობით კაცს აგზავნიდა, რეალურად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სტრუქტურაა: რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ მართული რეკრუტირების ქსელი.

„სისტემას“ ახალი გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ გაიფართოვა არეალი სამხედრო უწყებამ ახალი სისტემის („დობროკორი“) გამოყენებით. ეს სახელი „დობროვოლჩესკი კორპუსის“ შემოკლებული ვარიანტია და მოხალისეთა კორპუსს ნიშნავს. პლატფორმა მიზნად ისახავს მოიზიდოს ისეთი რეკრუტები, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებიან მოთხოვნებსა და პირობებს რომელსაც „რედუტი“ ან თავდაცვის სამინისტრო სთავაზობთ.

„რედუტში“ ან „დობროკორში“ ჩაწერა თავდაცვის სამინისტროს ტრადიციული კონტრაქტისგან ერთი მნიშვნელოვან ასპექტით განსხვავდება: სამინისტროს კონტრაქტები ავტომატურად გრძელდება რუსეთის ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულებამდე. ეს ნიშნავს, რომ სანამ უკრაინაში ომი არ მორჩება, ჯარისკაცები უკან ვერ დაბრუნდებიან. დაქირავებულების კონტრაქტებში ვადა განსაზღვრულია — ხშირად 6, 8 ან 12 თვე. ისინი ავტომატურად არ ახლდება.

მაგრამ არსებობს პოტენციური საფრთხე: არის მტკიცებულებები, რომ მოხალისეები მეთაურებმა შესაძლოა წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად გაგზავნონ, იქ, სადაც რუსეთი მცირე წარმატების საფასურად უამრავ ადამიანს კარგავს. ვარაუდობენ, რომ 2025 წლის ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო დანაკარგმა (დახოცილების და დაჭრილების ჩათვლით) მილიონს მიაღწია.

„მეორეხარისხოვანი ქვეითი“

შარშანდელი წლის ბოლოს გაჟონა ოფიცრების საუბრის ჩანაწერმა, სადაც რუსეთის პარლამენტარი ალექსანდრ ბოროდაი, რომელიც ე.წ. „დონბასის მოხალისეთა კავშირს“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ხელმძღვანელობა მოხალისეებს „მეორეხარისხოვან ქვეით ჯარად“ აღიქვამს, რომლის ამოცანა მტრის მაქსიმალურად დასუსტებაა მანამდე, სანამ რეგულარული არმიის ნაწილები შეტევაზე გადავლენ. იმავე ჩანაწერში იგი მოხალისეებს მოიხსენიებს, როგორ „სახარჯი ცოცხალი ძალა“.

ასევე ნახეთ "დიდი დანაკარგები": ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან გაქრნენ

„დობროკორსა“ და „რედუტს“ რუსეთის სადაზვერვო სამსახური მართავს. ისინი ახალწვეულებს, ძირითადად, ერთსა და იმავე ქვედანაყოფებში აგზავნიან. დანაყოფები ინტერესების ფართო სპექტრს ეხმიანება: ზოგი ნაციონალისტურ ან მართლმადიდებლურ იდეოლოგიას ეფუძნება, სხვა - კაზაკებს, ფეხბურთის ფანებს და ასე შემდეგ. „დობროკორის“ ვებგვერდზე 27 ასეთი ერთეულია ჩამოთვლილი.

„დობროკორსა“ და „რედუტში“ მოხვედრა შეუძლიათ 18-55 მამაკაცებს და 18-45 წლის ქალებს. ქალები ძირითადად სამედიცინო დანაყოფებში მსახურობენ. ხელფასი იწყება თვეში 205 000 რუბლიდან (დაახლოებით $2 600). შეიძლება მეტიც იყოს, ფუნქციას გააჩნია.

თუმცა, ამ ორ პროგრამას შორის არსებითი განსხვავებებია. „რედუტი“ ნახევრად ლეგალურ სივრცეში მოქმედებს. ამას თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც.

2023 წელს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში „რედუტის“ რეკრუტებმა პლუსად მოიხსენიეს ის, რომ ჯარის დატოვება კონტრაქტის დასრულებამდე შეიძლება და ამის გამო სასამართლოს წინაშე არ წარდგები. ასევე შეგიძლია ხელფასი ნაღდი ფულით მიიღო, რაც საშუალებას გაძლევს თანხა კრედიტორებს, სახელმწიფოს, სასამართლოს და ყოფილ მეუღლეს დაუმალო. ერთმა რეკრუტერმა „სისტემას“ განუცხადა, რომ „რედუტი“ შეიქმნა „იმისთვის, რომ ხალხს თავიდან აეცილებინა გადასახადები ან, მაგალითად, სასამართლოს ხარჯები“.

„რედუტში“ გაწევრიანება უფრო ადვილია, ვიდრე სხვაგან. სამედიცინო და ფიზიკური მოთხოვნები ნაკლებად მკაცრია. არც ნასამართლობა წარმოადგენს დაბრკოლებას, როგორც ეს თავდაცვის სამინისტროს ან „დობროკორის“ შემთხვევაშია.

თუმცა, „რედუტს“ აქვს ნაკლოვანებებიც: დაქირავებულები ვერ იღებენ რეგიონურ ბონუსს, რომელიც შესაძლოა საკმაოდ მაღალი იყოს. განსაკუთრებით რთულია ფინანსური კომპენსაციის მიღება ვეტერანებისთვის ან ოჯახებისთვის მებრძოლის ჯანმრთელობის დაზიანების, სიკვდილის ან სხვა შემთხვევების დროს.

„არ არსებობთ“

„დობროკორის“ მოხალისეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს, თავისი სოციალური გარანტიითა და ანაზღაურებით– უთხრა „სისტემას“ ნევსკის ქვედანაყოფის რეკრუტერმა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით „ოკულისტი“. „რედუტში“ კი იურიდიულად არ არსებობ. არც სამსახური არსებობს, არც არაფერი: არც ჰოსპიტლები, არც რეაბილიტაცია“, - თქვა მან.

ამ სტატიისთვის „სისტემას“ ჟურნალისტებმა რეკრუტერებს საჯაროდ გამოქვეყნებულ ნომრებზე დაურეკეს. სტატიაში მხოლოდ იმათი ვინაობაა გამჟღავნებული, ვინც ამაზე დათანხმდა.

„დობროკორის“ მეშვეობით გაწვევა მეტ უსაფრთხოებას გულისხმობს. ბონუსები და შეღავათებიც უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა განსხვავებით „რედუტისგან“, აქ მოხალისეს არ შეუძლია კონტრაქტი ვადამდე გაწყვიტოს. ამას შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი მოჰყვეს დეზერტირობისთვის.

„ვერსად გაიქცევი – უსიამოვნებების გარეშე არ გამოვა,“ – განუცხადა „სისტემას“ ირინამ, „დონბასის მოხალისეთა კავშირის“ რეკრუტერმა.

„მედიაზონის“ მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, სამხედრო პროკურორებმა დეზერტირობის ბრალდებით რუსეთის სასამართლოებს 20 000-ზე მეტი საქმე გაუგზავნეს.

ამასთან, „დობროკორის“ ბონუსები მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე თავდაცვის სამინისტროსი, სადაც ბონუსის მოცულობა შესაძლოა 3.6 მილიონ რუბლიც ($46,000) კი იყოს.

„ბიჭები სხვადასხვა რეგიონიდან ამბობენ: აქ ბონუსი არის 100 000 რუბლი ($1,280), იქ - 50 000 ($640),“ – უთხრა რადიო თავისუფლებას დაქირავებული ქვედანაყოფის „ვოსტოკის“ რეკრუტერმა.

„დობროკორისა“ და „რედუტის“ გარდა, თავდაცვის სამინისტრომ შექმნა საკუთარი გაწვევის არხი – BARS. ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „დონბასის მოხალისეთა კავშირი“, ახალწვეულებს ყველა ამ სამი სისტემის მეშვეობით აგროვებს.

2 ივლისის შეხვედრაზე, დმიტრი მედვედევმა (ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად პუტინის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) თქვა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში 18,000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა მოხალისეთა ქვედანაყოფებში, ხოლო 210,000-ზე მეტი – კონტრაქტის საფუძველზე - არმიაში.

გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტის ექსპერტის იანის კლუგეს შეფასებით, ეს რიცხვი ცოტა ნაკლებია – დაახლოებით 190 000.

კიდევ ერთი განსხვავება „რედუტსა“ და „დობროკორს“ შორის: „დობროკორში“ უნიფორმასა და საბაზისო აღჭურვილობას აძლევენ, „რედუტში“ - არაფერს“,– ამბობს „ვოსტოკის“ რეკრუტერი RFE/RL-თან.

რეკრუტერები ჰყვებიან, რომ „რედუტში“ აღჭურვილობის ხარჯის კომპენსირებისთვის 50 000 რუბლს ($640) აძლევენ. ფული მესამე თვის ხელფასთან ერთად გაიცემა, თუკი რა თქმა უნდა, ჯარისკაცები იმ დრომდე ცოცხლები მიაღწევენ.