რუმინელები 18 მაისს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ უპრეცედენტო, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური ქაოსის შემდეგ, რომლის შედეგადაც წინა არჩევნები გაუქმდა და მის ლიდერს შემდგომში მონაწილეობის უფლება აეკრძალა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალისტი კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დაუპირისპირდება ბუქარესტის მერს, ცენტრისტ ნიკუშორ დანის.
ასევე ნახეთ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართებასიმიონი კანდიდატად მას შემდეგ დაასახელეს, რაც კალინ ჯორჯესკუს, რომელმაც ნოემბრის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა, აღარ მისცეს უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. რუმინეთის ხელისუფლებამ შედეგები რუსეთის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდებების ფონზე გააუქმა.
4 მაისს ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში სიმიონმა ხმების 41 პროცენტამდე მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა დანიმ კი - მხოლოდ 21%.
მას შემდეგ ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობაში სიმიონი ლიდერობდა, თუმცა უახლესი გამოკითხვებით, კანდიდატები ერთმანეთთან ახლოს არიან.
რუმინეთის პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თანხმობით და წარმოადგენს რუმინეთს ნატოს და ევროკავშირის სამიტებზე. მას ასევე შეუძლია ევროკავშირში ქვეყნის ვეტოს გამოყენება.
ვინ არის ჯორჯე სიმიონი?
სიმიონი პირობას დებს, რომ მთლიანად შეცვლის რუმინეთის პოლიტიკას, ევროკავშირში ევროსკეპტიკურ პოზიციას დაიკავებს და უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს.
„ჩვენი პოზიციაა... ნეიტრალიტეტი, არა ესკალაცია, იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან სრულყოფილი თანხვედრა“, - განაცხადა მან 8 მაისს.
სიმიონმა ასევე ხაზი გაუსვა თავის იდეოლოგიურ კავშირს „MAGA მოძრაობასთან“ და ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გადაღებულია ბეისბოლის წითელი ქუდით, რომელსაც აწერია: „ტრამპო, გადაარჩინე ამერიკა“.
ჯორჯე სიმიონი
ეს, როგორც ჩანს, ორმხრივი პოლიტიკური სიმპათიაა, რადგან ვაშინგტონმა მკვეთრად გააკრიტიკა არჩევნების პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება.
სიმიონმა ასევე გააღიზიანა რუმინეთის მეზობლები. მან მიანიშნა ტერიტორიულ პრეტენზიებზე უკრაინის მიმართ და მოლდოვასთან გაერთიანება მოითხოვა, რის შემდეგაც ორივე ქვეყანამ აუკრძალა შესვლა თავიანთ ტერიტორიებზე.
19 მაისს მოლდოვას სასამართლო გადახედავს ამ აკრძალვას, რომელიც დაუწესეს 2015 წელს კიშინიოვში ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე მისი დაპატიმრების შემდეგ.
რამდენიმე წლით ადრე, 2011 წელს, მას საკუთარ ქვეყანაშიც ჰქონდა შეხება კანონთან - რუმინეთ-ბოსნიის მატჩზე რასისტული შეძახილების გამო ჯარიმა დაეკისრა და ექვსი თვით აეკრძალა საფეხბურთო სტადიონებზე შესვლა.
2019 წლის დეკემბერში მან თანადააფუძნა რუმინელთა ერთიანობის ალიანსი (AUR), რომელიც ამჟამად პარლამენტში სიდიდით მეორე ჯგუფია. პარტიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ის ქრისტიანული რწმენის, დაბალი გადასახადების, ოჯახური ღირებულებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის მომხრეა.
AUR-ის მხარდამჭერები 26 მარტს, გეორგესკუს დაბადების დღეს, არჩევნების შედეგების გაუქმებას აპროტესტებენ.
2023 წელს მოლდოვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ანატოლ სალარუმ განაცხადა, რომ სიმიონი საიდუმლოდ შეხვდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აგენტს უკრაინაში.
სიმიონი ამ ინციდენტსაც უარყოფს და უფრო ფართოდ გავრცელებულ შეხედულებასაც, რომ ის პრორუსია. მან ცოტა ხნის წინ წააგო სასამართლო პროცესი, რომელზეც სალარუს უჩიოდა ამ ბრალდების გამო.
მან ასევე განაცხადა, რომ გეორგესკუს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს. 63 წლის გეორგესკუმ 38 წლის სიმიონს „ჩემი ახალგაზრდა პროტეჟე“ უწოდა.
ვინ არის მეორე კანდიდატი?
ნიკუშორ დანი არცერთი პარტიის წევრი არ არის, ბუქარესტის მერის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გაიმარჯვა და ახლაც ცდილობს იგივე გააკეთოს - ახლა უკვე საპრეზიდენტო არჩევნებში.
55 წლის დენი პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩნდა და დედაქალაქში კორუფციასთან ბრძოლის პირობა დადო.
მანამდე ის მათემატიკოსი იყო. დოქტორის ხარისხი 1998 წელს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი მუშაობა რუმინეთის მათემატიკის ინსტიტუტში გააგრძელა.
ნიკუშორ დანი
სწორედ ამ დროს დაიწყო მან აქტივისტად კამპანია უკანონო მშენებლობასთან, ურბანულ დაგეგმარებასა და მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ორჯერ წარუმატებლად სცადა ბუქარესტის მერის არჩევნებში გამარჯვება, 2020 წელს კი მიზანს მიაღწია. ის ხელახლა აირჩიეს 2024 წელს - მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ხშირად აკრიტიკებდნენ - ცუდი კომუნიკატორიაო.
ბევრს გაუკვირდა მისი გადაწყვეტილება, პრეზიდენტობისათვის ეყარა კენჭი, დედაქალაქის მერად ის ხომ სულ ახლახან აირჩიეს. თავად დენი ამ გადაწყვეტილებას რუმინეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით ხსნის.
დენმა თქვა, რომ კორუფციასთან და ინტერესთა ჯგუფებთან ბრძოლა მისი პრეზიდენტობის მთავარი საკითხი იქნება.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, დენი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობების და პროევროპული პოზიციის შენარჩუნების მომხრეა.
4 მაისს, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოსვლისას, დენმა თქვა, რომ შემდეგი ტური იქნება „დებატები რუმინეთის პროდასავლურ და ანტიდასავლურ მიმართულებას შორის“.
ამ გზავნილს დიდ ქალაქებში მცხოვრები განათლებული ამომრჩევლები იწონებენ, ამგვარად მეორე ტურში გამარჯვების შანსი მასაც აქვს.
ასევე ნახეთ ტრამპის ადმინისტრაციის რჩეულ პრეზიდენტობის მსურველს წლობით ციხე ემუქრება – რა ხდება რუმინეთში?