15 მაისს მოსკოვის ზამოსკვორეჩიეს რაიონულმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა გამომცემლობების Popcorn Books-ისა და Individuum-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ დიმიტრი პროტოპოპოვს, გაყიდვების დირექტორ პაველ ივანოვსა და ლიტერატურის შენახვასა და დისტრიბუციაზე პასუხისმგებელ არტემ ვახლიაევს. თავდაპირველად გამოძიება მოითხოვდა დმიტრი პროტოპოპოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობის მუხლით, რაც, გამოძიების განმარტებით, გამოიხატა ლგბტ თემატიკის წიგნების გამოცემით, თუმცა, როგორც დაცვის მხარე განმარტავს, სადავო წიგნები დაიბეჭდა მანამ, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება „ლგბტ მოძრაობას“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებდა.
14 მაისს გაჩხრიკეს გამომცემლობების "Эксмо" („ექსმო“), Popcorn Books და Individuum ოფისები; გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს დაახლოებით ათი ადამიანი, მათ შორის „ექსმოს“ დისტრიბუციის დირექტორი ანატოლი ნოროვიატნიკი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს მოწმის სტატუსით, ხოლო გამომცემლობების სამ თანამშრომელს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
როგორც „ექსმო“ იტყობინება, უსაფრთხოების ძალები გამომცემლობაში მივიდნენ ლგბტ-პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებული წიგნების ამოღების დადგენილებით.
Popcorn books - თანამედროვე ახალგაზრდულ ლიტერატურაზე სპეციალიზებული გამომცემლობა, რომელიც ადრე დამოუკიდებელი გამომცემლობის Individuum-ის ერთ-ერთი განყოფილება იყო. ამჟამად, ორივე კომპანიის აქციების 51% ეკუთვნის „ექსმო-აქტს“.
ასევე ნახეთ რუსეთში იქმნება „სწორი სათამაშოების“ რეესტრიადვოკატ მაქსიმ ოლენიჩევის თქმით, ბრალდების ფაბულის მიხედვით, საქმეში ათი წიგნია, მათ შორის Popcorn Books-ის გახმაურებული ბესტსელერი „ზაფხული პიონერის ყელსახვევით“ („Лето в пионерском галстуке") და მისი გაგრძელება „რაზე დუმს მერცხალი ("О чем молчит ласточка". ადვოკატის თქმით, ყველა წიგნი 2022 წლამდეა გამოქვეყნებული.
გამომცემლობები Popcorn books და Individuum რუსეთის უმსხვილესმა გამომცემლობამ "Эксмо" („ექსმო“) შეიძინა 2023 წელს. სამივე გამომცემლობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ როგორც ექსტრემიზმისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე, ასევე მის შემდეგაც.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ე.წ. აკრძალული თემატიკის წიგნები იყიდებოდა „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ (ორგანიზაცია, რომელიც რეალურად არ არსებობს) ექსტრემისტულად გამოცხადების შემდეგაც.
„გამოძიების თანახმად, 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე, შპს „ინდივიდუუმ პრინტის“ სამმა თანამშრომელმა, ანგარებიდან გამომდინარე გამოსცეს და გაავრცელეს წიგნები, რომლებიც ხელს უწყობდნენ რუსეთში ექსტრემისტულად გამოცხადებული ლგბტ მოძრაობის საქმიანობის პროპაგანდას“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზში, რომლის მიხედვითაც „ბრალდებულებმა წიგნების 1000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდეს შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვანებზეც.“
საგამოძიებო კომიტეტმა „ბრალდებულების საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში“ ჩატარებული ჩხრეკის დროს კიდევ ათასი წიგნი „ამოიღო“.
ასევე ნახეთ „სატანის ლუკმა“ - ქართველ ხელოვანებზე თავდასხმების გახმაურებული ამბები ერთად„ამ წიგნებს საგამოძიებო კომიტეტში „აკრძალულ ლიტერატურას“ უწოდებენ. თუმცა, დღემდე, Popcorn Books-ის მიერ გამოცემული არც ერთი წიგნი არ შესულა ექსტრემისტული მასალების სიაში“, - აღნიშნავს გამოცემა Meduza, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გამოძიების დაწყების შესახებ, გამომცემლობა „ექსმომ“ მაღაზიებს გაუგზავნა ქსელიდან ამოსაღები წიგნების ვრცელი სია:
„დამიძახე შენი სახელი“ — ანდრე ასიმანი;
„გოგონა დანიიდან“ — დევიდ ებერსჰოფი;
„ზაფხული პიონერული ყელსახვევით“ — კატერინა სილვანოვა და ელენა მალისოვა;
„რას ამბობს მერცხალი“ — კატერინა სილვანოვა და ელენა მალისოვა;
„იცეკვე ჩემს საფლავზე“ — ეიდენ ჩემბერსი;
„გოგონა ნულოვან ხარისხში“ — მიკიტა ფრანკო;
„ჩვენი ცხოვრების დღეები“ — მიკიტა ფრანკო;
„ჯენტლმენის სახელმძღვანელო მანკიერებასა და სათნოებაში“ — მაკენზი ლი;
„ავტოქვიაროგრაფია“ — კრისტინა ლორენი;
„დამწყვდეულები: ჰომოსექსუალების ცხოვრება სსრკ-ში“ — რუსტამ ალექსანდრი;
„ეზოზე გამავალი ფანჯრები“ — მიკიტა ფრანკო;
„რას ელის კეიტი“ — ბეკი ალბერტალი;
„საიმონი და ჰომო საპიენსის პროგრამა“ — ბეკი ალბერტალი;
„რა იქნება, თუ ეს ჩვენ ვართ?“ — ბეკი ალბერტალი და ადამ სილვერა;
„ალმოდებული“ — მაიკ კურატო;
„ერთი ქორწინების ისტორია“ — ენდრიუ შონ გრირი;
„ქამერონ პოსტის არასწორი აღზრდა“ — ემილი დანფორტი;
„მოფარიკავეები“ (ოთხი ტომი) — კ. ს. პაკატი;
„დატყვევებული პრინცი“ — კ. ს. პაკატი;
„ენიგმა-ვარიაციები“ — ანდრე ასიმანი;
„ჰარვარდის მოედანი“ — ანდრე ასიმანი;
„ყორანთა მეფე“ — ნორა საკავიჩი;
„მეფის ამალა“ — ნორა საკავიჩი;
„სწორედ ის“ — იულია ვერესკი;
„Heartstopper“ — ელის ოსმანი;
„არისტოტელე და დანტე სამყაროს საიდუმლოს ხსნიან“ — იულიე ანდემი;
„ველურები“ — რორი პაუერი;
„დარიოს დიდი მეტს იმსახურებს“ — ადიბ ჰორამი;
„წაშლილი ბიჭი“ — გარარდ კონლი;
„კმარა ტყუილი“ — ფილიპ ბესონი;
„კარგად ვართ“ — ნინა ლაკური;
„გამოდი კარადიდან“ — ოლგა პტიცევა;
„მელიის სორო“ — ნორა საკავიჩი;
„ელიზიუმი“ — ნორა საკავიჩი;
„შორს ვაშლის ხიდან“ — [ავტორი უცნობია];
„Skam 3“ და „Skam 4“ — იულიე ანდემი;
„ბოლოს ორივე მოკვდება“ — ადამ სილვერა და სხვ.
„ლგბტ პროპაგანდის“ პირველი საქმე რუსეთში
2022 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთლიანად კრძალავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას რუსეთში - იქამდე ის მხოლოდ არასრულწლოვანებში იყო აკრძალული. კერძოდ, კანონი „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის“ ითვალისწინებს 5 მილიონ რუბლამდე (62 000$) ჯარიმას. მოგვიანებით, 2023 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა.
2023 წლის იანვარში გახდა ცნობილი, რომ რუსეთში ახალი მუხლით პირველი საქმე აღიძრა გამომცემლობა Popcorn Books-ის წინააღმდეგ, რომელმაც 200 ათასიანი ტირაჟით გამოსცა წიგნი „ზაფხული პიონერის ყელსახვევით“.
წიგნს „ზაფხული პიონერის ყელსახვევით“ („Лето в пионерском галстуке“) ორი ავტორი ჰყავს, ელენა მალისოვა და კატერინა სილვანოვა. რომანი პირველად გამოქვეყნდა 2021 წელს და მალევე გახდა ბესტსელერი. წიგნში მოქმედება ვითარდება 1986 წელს, საბჭოთა კავშირის პერიოდში, და მოგვითხრობს 16 წლის პიონერის, იურისა და 19 წლის პიონერხელმძღვანელის, ვოლოდიას ურთიერთობაზე, როგორ გადაიზრდება მათი მეგობრობა რომანტიკულ გრძნობებში, თუმცა საბჭოთა საზოგადოების ჰომოფობიურობის გამო რომანის გმირები იძულებული არიან დამალონ თავიანთი ურთიერთობა.
"ზაფხული პიონერის ყელსახვევით". წიგნის ყდა
როგორც რუსული მედია წერს, რომანი გამოირჩევა თავისი თამამი და ემოციური მიდგომით LGBTQ+ თემის მიმართ. წიგნმა გამოიწვია ფართო დისკუსიები და ემოციური რეაქციები სოციალურ ქსელებში. რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერებმა, მწერალმა ზახარ პრილეპინმა და რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა საჯაროდ გააპროტესტეს წიგნი.
2022 წლის მაისში პრილეპინმა თავის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ის მზადაა გადაწვას Popcorn Books-ის ოფისი, სადაც წიგნი გამოიცა. ზახარ პრილეპინის აზრით, წიგნი შეიცავს პედოფილიის პროპაგანდას და შეურაცხყოფს საბჭოთა ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა პიონერული ყელსახვევი და წითელი დროშა. ამასთან, პრილეპინმა მოითხოვა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა დაიცვას „საბჭოთა სიმბოლოები“ და „წმინდა“ საბჭოთა მემკვიდრეობა.
„რაზე დუმს მერცხალი“ („О чём молчит Ласточка“) - ელენა მალისოვასა და კატერინა სილვანოვას ბესტსელერის გაგრძელებაა. რომანში მოქმედება ამჯერად ვითარდება 2006–2007 წლებში, როდესაც მთავარი გმირები, იური და ვოლოდია, 20 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. მათი ურთიერთობა, რომელიც დაიწყო 1986 წელს საბჭოთა პიონერულ ბანაკში, კვლავ აქტუალურია, თუმცა ახლა ისინი უკვე სხვა ადამიანები არიან. წიგნი ასახავს მთავარი პერსონაჟების შიდა კონფლიქტებს, ვნებებსა და ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია წარსულთან და წარსულის გავლენასთან.
ასევე ნახეთ ფეხმძიმე მოსწავლეები, სტუდენტები, მათი დედები... - გამრავლება ყველაფრის ფასადსხვა წიგნების დევნის საქმეები
2025 წლის აპრილის ბოლოს, სანქტ-პეტერბურგში მდებარე წიგნის მაღაზიის „პოდპისნიე იზდანიას“ წინააღმდეგ შედგენილი იქნა ოქმი „ლგბტ პროპაგანდის გავრცელებისათვის“ - რაშიც იგულისხმებოდა სიუზან ზონტაგისა და ოლივია ლენგის წიგნების - „ქალებზე“ (“On Women”), „ინტერპრეტაციისა და სხვა ესეების წინააღმდეგ“ (“Against Interpretation and Other Essays”) და „Every-body“ - თარგმნა და სავაჭრო ქსელში გატანა.
რუსეთში, დისკრიმინაციული კანონებისა და რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და მისი საქმიანობა ქვეყანაში აკრძალა, ქვიარ-ლიტერატურის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. კონკრეტული წიგნის გავრცელების ასაკრძალად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სასამართლოს ცალკე გადაწყვეტილება, რომლითაც მოცემული წიგნი იქნება აღიარებული ექსტრემისტულ მასალად. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ასეთი წიგნებისთვის სპეციალურ რეესტრს ქმნის.
2023 წლის დეკემბერში, „ექსმო“ დააჯარიმეს 900 ათასი რუბლით „ლგბტ პროპაგანდისთვის“: მიზეზად დასახელდა უკრაინელი მხატვრის, კოგოს კომიქსი „მტრედი გენადი“, რომელშიც ფრინველი თავის პანსექსუალობაზე საუბრობდა.
პანსექსუალი — ადამიანი, რომელიც განიცდის სექსუალურ, რომანტიკულ, ფიზიკურ, და/ან სულიერ ლტოლვას ყველა სქესისა და იდენტობის მატარებელი ადამიანების მიმართ და არა მხოლოდ მათ მიმართ, ვინც ორ სტანდარტულ გენდერს მიეკუთვნება (ანუ ქალები და მამაკაცები). ეს არის ინდივიდი, რომელსაც შეიძლება ხიბლავდეს ქალები, კაცები, არაბინარული თუ ინტერსექსი ადამიანები. პრეფიქსი „pan“ ბერძული ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ყველას“ ან „ყოველს“.
როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ხშირ შემთხვევაში, წიგნებს, რომლებიც სექსუალური და გენდერული იდენტობის საკითხებს ეხებიან, თავად რუსი გამომცემლები იღებენ სავაჭრო ქსლიდან. სწორედ ასე მოხდა რომანის „ზაფხული პიონერის ყელსახვევში“ (და მისი გაგრძელების, „რაზე დუმს მერცხალის“), შემთხვევაში, რომელიც ახლა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. 2024 წლის აპრილში, გამომცემლობა АСТ -მა დამოუკიდებლად ამოიღო გაყიდვიდან ექვსი ნაწარმოები: ვლადიმირ სოროკინის „მემკვიდრეობა“, ჯეიმს ბოლდუინის „ჯოვანის ოთახი“, მაიკლ კანინგემის „სახლი სამყაროს კიდეზე“, მადლინ მილერის „სიმღერა აქილევსზე “ და ჰანია იანაგიჰარას „პატარა სიცოცხლე“. АСТ -მა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეს რომანები შეიცავდა ელემენტებს, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდისა და სქესის შეცვლის“ შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა. ამავე პერიოდში, გამომცემლობა „ექსმომ“ გაყიდვიდან ამომიღო ბრენდონ ტეილორის წიგნი „ნამდვილი ცხოვრება“.
ასევე ნახეთ ძალადობა, შანტაჟი, მუქარა - როგორ დევნის პოლიცია დაღესტანში გეებსრუსული კანონმდებლობა
რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს LGBT+ თემის ე.წ. პროპაგანდას, მათ შორის წიგნებში, ფილმებში, ინტერნეტში, რეკლამასა და სხვა მედიაში. რუსული კანონმდებლობა ზღუდავს ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც შეიძლება მიიჩნეოდეს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ პროპაგანდად, მათ შორის იგულისხმება ტრანსგენდერობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
კანონმდებლობა ეხება შემდეგ სფეროებს:
- ინტერნეტი და მედიასაშუალებები: კრძალავს ნებისმიერი ფორმით LGBT+ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ვებგვერდებზე და ონლაინ პლატფორმებზე.
- წიგნები და გამოცემები: მოქმედებს აკრძალვები და სანქციები ისეთი წიგნებისა და გამოცემების მიმართ, რომლებიც შეიცავს LGBT+ თემის შესახებ ინფორმაციას.
- რეკლამა და კინო: აკრძალებულია LGBT+ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეკლამის ან კინოს საშუალებით.
- საჯარო ღონისძიებები: აკრძალულია LGBT+ თემის მხარდამჭერი ღონისძიებები და აქციები.
კანონმდებლობა აწესებს მკაცრ სანქციებს:
- ფიზიკური პირებისთვის: შესაძლებელია ჯარიმები 50,000–400,000 რუბლამდე
- იურიდიული პირებისთვის: შესაძლებელია ჯარიმები 800,000–5,000,000 რუბლამდე ან საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე.
- უცხოელებისთვის: ადმინისტრაციული გაძევება რუსეთის ფედერაციიდან.
კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ისეთ დამატებით ზომებს, როგორიცაა ასაკობრივი მარკირება და ტექნიკური შეზღუდვები, რათა შეიზღუდოს არასრულწლოვანთა წვდომა LGBT+ თემის შესახებ ინფორმაციაზე.
დევნის ძირითადი მიმართულებები:
- ლგბტ+ სიმბოლიკის ჩვენება: მათ შორის, ცისარტყელას დროშის ან სხვა ლგბტ+ სიმბოლიკის გამოჩენა საჯაროდ ან სოციალურ მედიაში.
- ლგბტ+ თემის მხარდაჭერა: ლგბტ+ უფლებების მხარდამჭერი განცხადებები, ღონისძიებები ან ორგანიზაციები.
- ლგბტ+ შინაარსის მქონე მედია კონტენტი: ფილმები, სერიალები ან წიგნები, რომლებიც შეიცავს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს ან ურთიერთობებს.
დევნის სტატისტიკა - რუსეთში მოქმედი LGBT+ პროპაგანდის წინააღმდეგი კანონის გამკაცრების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის შუა პერიოდის ჩათვლით, აღინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ დევნაში.
ასევე ნახეთ რუსული და უნგრული კანონები: ვინ და როგორ აკრძალა „ლგბტ პროპაგანდა“ჯარიმები და ადმინისტრაციული სანქციები: 2023 წლის განმავლობაში რუსულმა სასამართლოებმა 16.2 მილიონი რუბლის 101 ჯარიმა დააკისრეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 2024 წლის პირველ ნახევარში კი ამ მუხლით დდაკისრებული ჯარიმების მოცულობამ 13.7 მილიონი რუბლი შეადგინა. საერთო ჯამში, ამ პერიოდში დაჯარიმებული იქნა 125 ფიზიკური პირი, 27 იურიდიული პირი და 44 საჯარო მოხელე.
სისხლის სამართლის საქმეები: 2024 წელს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა პოლიციის 24 რეიდი LGBTQ+ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რასაც ხშირად ახლდა დაკავება, ძალადობა და ადმინისტრაციული სასჯელის გამოყენება.
პროპაგანდისგან დაცული ბაყაყის ამბავი
რუსეთის კანონმდებლობით, დევნის ძირითადი მიმართულებებს შორისაა ლგბტ+ სიმბოლიკის ჩვენება. კერძოდ დასჯადია ცისარტყელის დროშის ან სხვა ლგბტ+ სიმბოლიკის გამოჩენა საჯაროდ ან სოციალურ მედიაში.
2025 წლის 15 მაისს ნოვგოროდის ოლქის სასამართლომ ადგილობრივ მკვიდრს, გეორგი რეზანკოვს 1500 რუბლის ჯარიმა დააკისრა „ექსტრემისტული სიმბოლოების გამოქვეყნების გამო“. როგორც ირკვევა, რეზანკოვმა სოციალურ ქსელ Vkontakte-ში გამოაქვეყნა ბაყაყ პეპეს ნახატი და კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის ფოტო. ამის შესახებ დაწერა „ვერსტკამ“, რომელმაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებას სასამართლოს კარტოთეკაში მიაკვლია.
ოქმის შემდგენმა პოლიციელმა მიუთითა, რომ სურათებზე გამოსახული იყო „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის სიმბოლო“, კერძოდ, ცისარტყელის დროშა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახსენებია როგორც „კომიქსების პერსონაჟი ანთროპომორფული ბაყაყი, რომელსაც თავზე ახურავს ექვსფერიანი პარიკი“, ასევე ესფერაინი დროში ფონზე განთავსებული ისტორიული ფოტო, რომელზეც, გამოსახული არიან კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი.“
გეორგი რეზანკოვმა დანაშაული არ აღიარა და განმარტა, რომ მას დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
მისი განმარტებით, პარიკში გამოსახული ბაყაყი „კლოუნ პეპეს მემია, რომელიც მოგვიანებით მეტსახელ Honkler-ად („ჰონკლერ“) და ერთგვარ ფილოსოფიად იქცა და, რომელსაც ლგბტ თემთან საერთო არაფერი აქვს. ბრალდებულის თქმით, არც ცეტკინისა და ლუქსემბურგის ფოტო „არ მიუთითებს ლგბტ პროპაგანდაზე“.
ასევე ნახეთ ყალბი რუსული Pravda, რომელიც სოციალური ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის მოწამვლას ცდილობსამ და სხვა საკითხებთან ერთად, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მან სურათები 2020 წელს გამოაქვეყნა, როდესაც „ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად არ იყო აღიარებული. თუმცა, მოსამართლემ განაცხადა, რომ რეზანკოვმა ჩაიდინა განგრძობადი დანაშაული, რადგან „ვალდებული იყო თავისი სოციალური გვერდი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა“.
პეპე (Pepe the Frog) - ანთროპომორფულ ბაყაყი და ცნობილი ინტერნეტ-მემია, რომელიც პირველად გამოჩნდა ამერიკელი მხატვრის, მეთ ფიურის (Matt Furie) 2005 წლის კომიქს „Boy’s Club“-ში. მხატვარმა პეპე შექმნა როგორც კომიქსის პერსონაჟი, რომელიც გამოხატავდა სხვადასხვა ემოციებს - სევდას, გაოცებას, გაბრაზებას და სხვ. 2008 წელს პეპე გახდა ინტერნეტ-მემი, როდესაც მისი გამოსახულება გავრცელდა ონლაინ-ფორუმებზე Myspace, Gaia Online და 4chan. მომხმარებლები იყენებდნენ პეპეს გამოსახულებას სხვადასხვა ემოციების გამოსახატავად, რაც განაპირობებდა მემის პოპულარობას. 2016 წელს პეპე იქცა ალტერნატიული მემარჯვენე მოძრაობის სიმბოლოდ, რამაც გამოიწვია მისი შეტანა ანტი-დიფამაციური ლიგის (ADL) სიძულვილის სიმბოლოების ბაზაში. მეთ ფიურიმ გამოთქვა უკმაყოფილება პეპეს გამოყენების გამო სიძულვილის სიმბოლოს სახით და სცადა მისი პირვანდელი, პოზიტიური იმიჯის აღდგენა.
ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის