„სოროკ ადინმა დაგვაფინანსა“ - როგორ ირჩევდნენ რუსთაველები ქალაქის მერს

რუსთავის ქუჩებში დღეს არც დაძაბული პოლიტიკური კონკურენცია იგრძნობოდა, არც დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" მოლოდინი.

მოკლედ

  • რუსთავში მერის პოზიციაზე ორი ქალი კანდიდატი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
  • საარჩევნო უბნებზე ძირითადად ხანდაზმული ამომრჩევლები იდგნენ, ახალგაზრდები ნაკლებად აქტიურობენ.
რუსთავის საარჩევნო უბნებზე დღეს ხალხმრავლობა არ ყოფილა. საარჩევნო უბნებთან ხმას ძირითადად ხანდაზმული ადამიანები აძლევდნენ. ბიულეტენზე ორი - „ქართული ოცნების“ კანდიდატის, რუსთავის მოქმედი მერის ნინო ლაცაბიძის და „გახარია საქართველოსთვის“ თამარ კეკენაძის სახელები იყო.

- რა გინდა, ძმაო, ვიყავი არჩევნებზე! - თითქოს ანგარიშს აბარებდა შუა ხნის კაცი ვიღაცას ტელეფონის მეორე მხარეს. ის ძველ რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის წინ ღია ავტოფარეხთან იდგა. შიგნით სუფრა იყო გაშლილი, წუხანდლიდან რუსთავის ბევრ ეზოში გაიშალა წინასაარჩევნო სუფრა. მენიუ სტანდარტული - 20 ლიტრამდე ღვინო, ხაშლამა, ბარკლები, ჯიგარი, კიტრი-პომიდორი - ეს ყველაფერი სულ 200 ლარამდე ჯდება.

- სოროკ ადინმა დაგვაფინანსა, - მხიარულად მიპასუხა ერთ-ერთმა მოქეიფემ, დათომ. თუმცა თავისი არც გვარი მითხრა და არც გადაღებაზე დამთანხმდა.

- პაატა ბურჭულაძემ მარტო გვიმღერა და არ გადაგვიხადა, - აჰყვა მეორეც, თან სუფრის თავკაცს საყვედურობდა - სხვა ეზოებში სამწვადეც ჰქონდათ, ჩვენ კიდევ კაცზე 11,50 ლარი გამოგვივიდა.

სხვა დღეებში რუსთავის ქუჩებში უფრო მეტი ახალგაზრდა ჩანს ხოლმე. დღეს თითქოს სადღაც გაიკრიფნენ. სამაგიეროდ სასიამოვნო მზიანი ამინდის გამო, თუ საარჩევნოდ, თითქოს უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი, ძირითადად ქალები, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებთან, ბევრს ხელჯოხი ეკავა, ბევრს თანმხლები ახლდა.

ნინო ლაცაბიძის სიყვარულმა მომიყვანა აქ, - ამბობს სვენებ-სვენებით მზია დოდაშვილი, რუსთავის მე-17 სკოლაში გახსნილ მე-19 საარჩევნო უბანთან. 70 წელს გადაცილებული ქალბატონი, ადრე საბავშვო ბაღის გამგე, ახლა ფსიქოლოგად მუშაობს. სხვა დანარჩენზე ლაპარაკი არ სურს. მხოლოდ მერზე, ნინო ლაცაბიძეზე.

იქვე სკოლის ეზოში, ნატვრის ხედ მორთული ფიჭვის ჩრდილს ორი ქალი ეფარება, ხელში ტელეფონები უკავიათ და „სქროლავენ“. მათ საარჩევნო უბნიდან გამოსული კაცი ბარბაცით უახლოვდება: „მე ჩემი საქმე გავაკეთე, ვისაც საჭირო იყო იმას მივეცი ხმა“. ერთ-ერთი ქალი პასუხობს: „ შენს ძმაკაცსაც გადაეცი, დროზე მოვიდეს“.

- მაგაზე მე „ატვეჩაი“ არ ვარ,- უკვე ზურგშექცეულმა ჩაიბურტყუნა არა ფხიზელმა, მაგრამ პასუხისმგებლობიანმა ამომრჩეველმა და გზას გაუყვა.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მარიამ გოგიძე, ხმის მიცემის პროცესით კმაყოფილია: „12 საათისთვის დაახლოებით 300 ამომრჩეველია მოსული. ერთი 700-800 ადამიანამდე მაინც მოვა. სულ 1297 ამომრჩეველია ამ უბანზე რეგისტრირებული".

უბანზე იმ მომენტისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები არ ყოფილან, თუმცა ელოდნენ. ადგილობრივიდან კი შემდეგი ორგანიზაციები ჩამოთვალეს: „ასოციაცია თავისუფალი თაობა", „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორია" და „პოლიტიკის და სამართლის ობსერვატორია".

უმეტესობას არ სურს არც ხმოვანი, მით უმეტეს არც ვიდეოკომენტარი, ფოტოს გადაღებაზეც არ არის ყველა თანახმა.

საარჩევნო უბნიდან გამოსულმა კაცმა, რომლის პუდელსაც მივეფერე, ძაღლის ხათრით ნება დამრთო ფოტო გადამეღო - ოღონდ მე კი არა, ჩემი ძაღლი გამოაჩინეო. მერე მაინც გაგვეცნო - „ვახტანგ კობახიძე პუდელით“.

- საშუალებას არ აძლევენ, თორემ უფრო მეტს გააკეთებდა რუსთავისთვის ნინო. ვინ არ აძლევს ხმას? ოპოზიცია - მეუბნება იქვე მცხოვრები ნინო, ორი შვილის დედა.

მას ქალბატონი ლიაც შეეშველა:

- ეს ოპოზიცია ქუჩაში კი არ უნდა იდგეს, პარლამენტში უნდა შევიდეს და იქ ილაპარაკოს. ევროპაში კი არ უნდა დადიოდეს!

კითხვაზე, თქვენ ევროინტეგრაციის მომხრე ხართ? ლია ამბობს:

„ყველასთან უნდა ვიყოთ ნორმალურად, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. არც არავისი ყმა და მონა“, - ის დარწმუნებულია რომ, ოპოზიცია რომ პარლამენტში შესულიყო, ხელისუფლებასთან ერთად ამას მოახერხებდა.

გვერდზე მდგომმა ჭაღარათმიანმა მოხუცმა ქალმა საპასუხოდ ხელი ჩაიქნია, ლაპარაკი არ ისურვა. ერთი ეს თქვა:

- არ მინდა 41, სხვა პარტიას მივეცი ხმა, - და წავიდა.

კიდევ ერთ, მე-17 საარჩევნო უბანზე (24-ე სკოლა-კლასიკური გიმნაზია) დღის 3 საათისთვის იგივე სურათი იყო. ძირითადად პენსიონერები, თითო-ოროლა ახალგაზრდა ქალი და კაცი თუ შემხვდა, სალაპარაკოდ არ ჩერდებოდნენ. არც სკოლის შენობაში სკამზე ჩამომჯდარმა ორმა ასაკოვანმა ქალმა ისურვა საუბარი, აშკარად მესამის, თითქოს თავზე რომ ადგა, იმისგან ელოდნენ ნებართვას. მან ზურგშექცევით დგომა ამჯობინა.

სპორტულ დარბაზში მოწყობილ ოთახში კანტიკუნტად ირეოდა ხალხი.

426 ამომრჩეველი უკვე იყოო, უბანზე 2088 არის რეგისტრირებული - საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.

სამი დამკვირვებლიდან ორი „ქართული ოცნების", ერთი კი „ლელოს" წარმომადგენელი აღმოჩნდა. როგორც ოპოზიციური ძალის წარმომადგენელეს, დარეჯან ხუციშვილს, პრეტენზიები და შენიშვნები არ ჰქონდა. გვერდით მჯდომი სახელისუფლებო პარტიის 2 წარმომადგენელი დასტურად თავს უქნევდნენ, თითქოს მოსწავლისგან გაკვეთილს იბარებდნენ.

თავადაც ყველაფრით კმაყოფილები იყვნენ.

- ფოტოს თუ გადაიღებთ, მე თავს დავხრი და მობილურში ჩავიხედავ, კარგი? ფოტოგენური არ ვარ ვარ, - მეუბნება ერთ-ერთი.

აი, 74 წლის სუსანა ათანბეგიანი და მისი მეზობელი თეიმურაზ ბურჯანაძე ენაწყლიანები აღმოჩნდნენ. რუსულად საუბრობდნენ, საარჩევნო უბნიდან გამოსულები და მეც რუსულად გამომელაპარაკნენ. აღმოჩნდა რომ ქალბატონ სუსანას, რუსთავის მერზე შეყვარებულს, მეზობელიც დაუყოლებია. თეიმურაზს წამოსვლა არ უნდოდა:

„შეიძლება ქუჩებს ღებავენ, რაღაცეებს აკეთებდნენ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ კეთდება. მე ნინო ლაცაბიძეს მივეცი ხმა, საკრებულოში კი სხვა პარტიის წარმომადგენელს".

სუსანა ათანბეგიანი სხვანაირად ფიქრობს, მას ყველაფერი მოსწონს, თუმცა ოპოზიციასაც საჭიროდ მიიჩნევს:

„მაგრამ ასეთს არა, ახლა რომ არის. ოპოზიცია სჭირდება ხელისუფლებას, რომ სტიმული მისცეს, უბიძგოს, ზოგჯერ წიხლიც კი ამოჰკრას, რომ იმან საქმე უკეთესად გააკეთოს".

აღმოჩნდა რომ ბატონ თეიმურაზს საფრანგეთის ოპოზიცია უფრო მოსწონს, ვიდრე საქართველოსი. არც ევროპელი ლიდერები მოსწონს, თუმცა კმაყოფილია რომ მისი მეუღლე „1991 წლიდან პრაღაში ცხოვრობს".

- ჩემი გოგო კიდევ იტალიაში, - სიხარულით მატყობინებს ქალბატონი სუსანა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების „რიმეიკივით" კი იყო ზოგიერთი სცენა რუსთავში, საბჭოთა კავშირის დროს „ქურდების ქალაქში". მაშინ ბევრისთვის სწავლა „გრეხი იყო", ქუჩაში დგომა, კაი ბიჭობა და „შავს აწვება, კანონიერი ქურდობისთვის ემზადება" - პრესტიჟული.

არაბუნებრივად ჩანდა, ანაქრონიზმად თუ არა, თუნდაც თეატრის შენობის წინ შეკრებილი ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი. ზოგი ჩაცუცქული, ზოგიც შუბლზე სათვალე დასკუპებული, გამხდრები, ბეჭებში მოხრილი, ტელეფონზე „დარეკე - დაუბარეს" გარკვევაში. არაფერს აშავებდნენ, მაგრამ რატომღაც მაინც ყველა გამვლელი გვერდით ჩავლისას თავს დახრიდა, ჩანთას ხელს მაგრად მოუჭერდა და ნაბიჯს აუჩქარებდა ხოლმე, სწრაფად რომ გასცლოდნენ.

სადღაც 200 მეტრში კი დაცვის პოლიციისა და პოლიციის შენობებთან თანამშრომლები ფორმებში მრავლად გამოფენილიყვნენ.

ზოგიერთ მათგანი ქსელური მაღაზიების მოლარეებს, როგორც თავად შემდეგ მოლარეები უკვე მომხმარებლებს უყვებოდნენ, „შინაურულად" ამცნობდნენ რომ წითელ ხიდთან არეულობა იგეგმებაო.

- ნეტა მშვიდობა იყოს, - თან დააყოლებდნენ ხოლმე მოლარეები.

ძველ ბიჭებზე, კოორდინატორებზე, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეების მობილიზებაზე საუბრობდნენ რადიო თავისუფლებასთან „გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბში. ქალბატონი თამარი (თამარ კეკენაძე, მერობის კანდიდატი) ხმის მისაცემად არის გასული და იქნებ დაელოდოთ, რომ ჩაწეროთო. უარის შემდეგ თავად დაიწყეს საუბარი, პარტიული სიით ნომერ პირველი საკრებულოში ნათია შელეგია, ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

„რუსთავში 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში დილის 10 საათისთვის 8 527 ადამიანი იყო მისული საარჩევნო უბნებზე, დღევანდელი მონაცემებით ეს არის 1000-ით მეტი, 9 580 ადამიანი იყო მისული. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა, წინა არჩევნების მსგავსად საკმაოდ მაღალია, ვნახოთ".

წინა არჩევნების შედეგად რუსთავის საკრებულოში ოპოზიცია აღმოჩნდა უმრავლესობაში. გადამწყვეტი 3 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობის" 16 მანდატთან ერთად „ქართული ოცნება" უმცირესობაში დატოვა.

ამის არდაშვებას სთხოვდა თავის წინასაარჩევნო კლიპში ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნების" ამომრჩეველს. და ჰპირდებოდა რომ ქალაქის მოუგვარებელ ეკოლოგიურ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მეორე ვადით არჩევისას აუცილებლად გაუმკლავდება.

რას ჰპირდება ოპოზიციონერი თამარ კეკენაძე რუსთაველებს ბევრისთვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია ნინო ლაცაბიძეც თბილისელია, ბევრისთვის ის მაინც უფრო ნაცნობია, რადგან რუსთავში აქვს საშუალო სკოლა დამთავრებული. მერე რა, რომ თბილისში ცხოვრება ურჩევნია, რუსთავის კიდევ მართვა? - უპასუხებენ ზოგჯერ ოპონენტებს მისი მომხრეები.

რუსთავის ქუჩებში დღეს არც დაძაბული პოლიტიკური კონკურენცია იგრძნობოდა, არც დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" მოლოდინი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქალაქის ავტობუსში წუხელ საღამოს ჭაღარა კაცი შემხვდა გრძელ ტარზე დამაგრებული საქართველოს დროშით ხელში, დროშის ტარი ავტობუსის ჭერს ებჯინებოდა, ოღონდ სურათის გადაღება იუარა, არც ის უთქვამს არჩევნების წინაღამეს, ავტობუსით, რომლის ბოლო გაჩერება მეტალურგიული ქარხანაა, საით მიდიოდა.

ცესკოს პირველად მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ 91,9% (30 962 ხმა) მიიღო.