"თუ გიყვარვარ, დამეხმარე“ - როგორ სძალავენ ქალებს სამკაულებს, ხელფასს, ქონებას

სამკაულები - საილუსტრაციო ფოტო

ქალები საქართველოში ხშირად ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე შეფარული, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები, თუმცა სიმართლეს ვერ ამტკიცებენ და არც მოძალადე არ ისჯება.

19 წლისა იყო მარიამ გელაშვილი, როცა პირველი სესხი აიღო და ნანატრი მობილური ტელეფონი იყიდა. პირველი კურსი რომ დაამთავრა, იმ ზაფხულს სამი თვე იმუშავა და ბანკმაც სესხზე უარი არ უთხრა - ყოველთვიურ თანხას მშობლები უხდიდნენ, სტუდენტს მუდმივი შემოსავალი არ ჰქონდა და დედ-მამის დახმარება სჭირდებოდა.

მარიამს შეყვარებულიც ჰყავდა, რომელსაც ხშირად უმართავდა ხელს - ხან ფულს ასესხებდა, ხან სიგარეტს უყიდდა: “მიყვარდა და ეს ნორმალური მეგონაო”.

"თუ გიყვარვარ, დამეხმარე"

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ დღესაც ბიჭმა მარიამს მისი სესხით ნაყიდი ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება არ მოსთხოვა.

გოგომ უარი უთხრა: ტელეფონი განვადებით ჰქონდა ნაყიდი, სესხს მშობლები ფარავდნენ და ბოლო-ბოლო, სჭირდებოდა. ამ უარს ხანგრძლივი საუბარი მოჰყვა იმაზე, რომ მარიამი შეყვარებულს არ ენდობოდა, ესე იგი არც უყვარდა, არადა ბიჭი იფიცებოდა, ფულს ძალიან მალე გადავიხდი და ტელეფონს დავიბრუნებთო. თუ ტელეფონს ვერ გაიმეტებდა, მაშინ სესხის აღებას სთხოვდა. მარიამი არც ამაზე არ იყო თანახმა:

„არც უარის თქმა მინდოდა, რადგან ჩემი შეყვარებული იყო, არ მინდოდა ეფიქრა, რომ არ ვენდობოდი ან არ მიყვარდა და ხან რა მიზეზს ვიგონებდი და ხან რას უარის სათქმელად. ის კი სულ მანამუსებდა, აბა, ერთად რანაირად უნდა ვიყოთო, ესაა შენი სიყვარულიო?!“ - იხსენებს მარიამი.

ქალებს ხშირად აიძულებენ ლომბარდში ჩააბარონ ტელეფონი, მანქანა თუ სხვა ფასიანი ნივთები.

ერთ დღეს, ბიჭმა მარიამს შეხვედრა პირდაპირ ბანკთან დაუთქვა. და როცა გოგო ადგილზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული უკვე ბანკირთან იყო შეთანხმებული, რომ მარიამის სახელზე სესხს აიღებდნენ. იფიცებოდა, რომ ამ თანხას ძალიან მალე გადაიხდიდა. მარიამს იმედი ჰქონდა, რომ როგორც უმუშევარს და სტუდენტს, ბანკი სესხს არ დაუმტკიცებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

„რაღაც შეთანხმებით, ეს სესხი გაიცა. ფაქტის წინ რო დავდექი, ვეღარც ხმა ამოვიღე. თან ამბობდა, რომ ვალები აქვს, რომ ემუქრებიან და ეს გადამარჩენსო. მან ეს ფული გამომატანინა. ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ სირცხვილი იყო ამაზე ჩემგან, როგორც მისი შეყვარებულისგან ლაპარაკი. თუმც კი, მაშინვე უკვე ვიცოდი, რომ ის ამ თანხას არ გადაიხდიდა, რომ მომატყუეს და ეს ფული ჩემი გადასახდელი იქნებოდა“.

ეს იყო 2000 ლარი, რომელიც 19 წლის სტუდენტისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო და მარიამს მისი გადახდის არანაირი რესურსი არ გააჩნდა.

"ვერაფრით დავიცავი თავი. თან, ალბათ, მეშინოდა არ დამშორებოდა. თუმცა ამ ამბის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი ურთიერთობაც. ცხადია, მას ერთი თეთრიც არ გადაუხდია“.

დიდი წვალებით, პირველი ორი თვის გადასახადი მარიამმა გადაიხადა, თუმცა მომდევნო თვეებში სესხის დაფარვა ვეღარ შეძლო. მშობლების ყოველდღიური დახმარება ამ ვალის გადახდას ვერანაირად ვერ ეყოფოდა. მარიამმა მათ ვერც გაუმხილა თავისი გასაჭირი. ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ როგორმე ეს სესხი დაეფარა, თუმცა სანამ გამოსავალს იპოვიდა, ბანკმა ის ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. ყველა ანგარიში გაუუქმდა და 19 წლის გოგოს საქმე პრობლემური სესხების სააგენტოს გადაეცა.

ასევე ნახეთ „ხან მეცინება, ხან მეტირება“ - შრომა უფასოდ, ქალების უთქმელი დარდი

„ძალიან ბევრი ვიწვალე. ამ სააგენტოში მივედი. ვუხსნიდი და ვეხვეწებოდი, რომ მალე კაფეში ვიწყებდი მუშაობას (300 ლარად) და რაც მექნებოდა, ნელ-ნელა ყველაფერს გადავიხდიდი. ასე ას-ას ლარობით, დიდი წვალებით და ნერვიულობის ფასად ვიხდიდი სესხს. ორი წლის შემდეგ, როცა ჩემი პროფესიით მუშაობა დავიწყე და პირველი ხელფასი ავიღე, პირველი რაც გავაკეტე, ეგ სესხი დავფარე და აი, მაშინ ამოვისუნთქე შვებით“, - გვიყვება მარიამ გელაშვილი.

მარიამს ვკითხეთ, რატომ არ მიმართა პოლიციას. მაშინ საამისოდ ძალა არ მეყოო:

„ამ გამოცდილებამ მორალურად თუ ფინანსურად გამანადგურა და მინდოდა, ეს ადამიანი საერთოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. რომ მეჩივლა და კიდევ სადმე გადავკვეთილიყავით, ეს საშინლად არ მინდოდა. თან არც არავინ იცოდა, რომ ამ “შარში” ვიყავი და მრჩეველიც დიდად არავინ მყავდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი შეცდომა თავად გამომესწორებინა“.

მარიამმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ყოფილა შემთხვევები, როცა ყოფილმა ქმარმა ცოლის კუთვნილი ოქროულობა დაალომბარდა, თუმცა საფასური აღარ გადაუხდია.

რა არის ეკონომიკური ძალადობა?

ეკონომიკური ძალადობა გენდერული და ოჯახში ძალადობის ფორმაა, თუმცა ის ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ფორმად რჩება. კვლევების თანახმად, ეკონომიკური ძალადობა ქალებზე ხორციელდება ყველა სოციო-ეკონომიკურ დონეზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 94-99%-ს მიემართება. ეკონომიკური ძალადობა იძულებითი კონტროლის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ყველაზე ხშირად მოიცავს:

• ფულის ხარჯვას მსხვერპლის პირადი ან საერთო საბანკო ანგარიშიდან;

• გადასახადების წარმოებას მსხვერპლის სახელზე;

• საერთო საკუთრების გაყიდვის დროში გაწელვას;

• პირადი ნივთების მოპარვას ან დაზიანებას;

• მსხვერპლის დასაქმებაში ან სამსახურის შენარჩუნებაში ხელის შეშლას;

• მსხვერპლის ჩათრევას განგრძობით სასამართლო დავებში, რაც ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ხანდახან პარტნიორები ქალებს უკანასკნელ სამკაულსაც ართმევენ და ლომბარდში მიაქვთ.

ორგანიზაცია საფარის კვლევაში, “ეკონომიკური ძალადობა - შეუსწავლელი პრობლემა”, რომლის ავტორიც ქალთა უფლებების დამცველი, ფემინისტი აქტივისტი ბაია პატარაიაა, წერია, რომ ქვეყნების უმრავლესობა საერთოდ არ არეგულირებს ეკონომიკურ ძალადობას, როგორც ოჯახში ძალადობის ცალკე ფორმას.

საკმაოდ მცირეა იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც ცდილობენ ამ პრობლემის სამართლებრივ დარეგულირებას.

კვლევის ავტორს მაგალითად მოჰყავს ბრაზილიაში მარია დე პენას კანონის სახელით ცნობილი კანონი, რომელიც ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმას მოიცავს და მათ შორისაა ქონებრივი (patrimonial) ძალადობაც - ეს ტერმინი, როგორც ბაია წერს, ეკონომიკური ძალადობის სინონიმადაც გამოიყენება და მისი მიხედვით, ქონებრივ ძალადობას წარმოადგენს ნებისმიერი ქცევა, რომელიც გულისხმობს ქალის ნივთების, სამუშაო ინსტრუმენტების, პირადი დოკუმენტების, ქონების, აქტივების, ეკონომიკური უფლებების ან ეკონომიკური რესურსების, მათ შორის ქალისთვის საჭირო ნივთების სრულ ან ნაწილობრივ განადგურებას, შეზღუდვას ან შემცირებას.

ეკონომიკურ ძალადობა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ფორმად არის გამოყოფილი 2005 წელს ინდოეთში მიღებულ კანონში.

ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს ეკონომიკურ ძალადობას დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაც.

2013 წელს ახალი ზელანდიის კანონმდებლობაში შევიდა ოჯახში ძალადობის განმარტების შესწორება, რომლითაც ეკონომიკური ძალადობა განისაზღვრა, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.

რაც შეეხება საქართველოს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ეკონომიკურ ძალადობაზე რეაგირების ერთადერთი მექანიზმია შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა, სხვა ტიპის რეაგირების საშუალებას საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, ე.წ. სტამბოლის კონვენცია, ორჯერ ახსენებს ეკონომიკურ ძალადობას. პირველ შემთხვევაში, როცა ის განმარტავს ზოგადად გენდერულ ძალადობას, ამბობს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, მუქარა, იძულება ან თავისუფლების აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში“. სტამბოლის კონვენცია ეკონომიკური ზიანის მიყენებას გენდერული ძალადობის ფორმად განიხილავს.


სესხის აღებაც - ქალის სახელით და კაცის იძულებით - არცთუ იშვიათი პრაქტიკაა.

რა აზრის აქვს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს?

მოტყუებული ქალები რჩევის საკითხავად და იურიდიული კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავენ ქალთა უფლებების დამცველებს, თუმცა, როგორც „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჰყვება, ბოლოს ყველა უკან იხევს და პოლიციაში წასვლისგან თავს იკავებს.

მათ ან ეშინიათ, რომ პარტნიორი ან ყოფილი პარტნიორი მათზე შურს იძიებს, ან გამოძიების იმედი არ აქვთ. ამ უიმედობას აქვს თავისი მიზეზი - საქართველოში ეკონომიკური ძალადობა სისხლის სამართლით არ ისჯება.

„არცერთ ქალს არ მიჰყავს საქმე ბოლომდე. პარტნიორის გარდა, მათ აქვთ ხოლმე განკითხვის შიშიც, როგორ გაიგებს ამას ოჯახი, სანათესაო, საზოგადოება?“ - გვეუბნება ნინო ანდრიაშვილი.

ადვოკატებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ ასეთი საქმეების პოლიციამდე მიტანას, მთავარ დაბრკოლებად სწორედ ეს იქცევა - სისხლის სამართლის კოდექსში ეკონომიკური ძალადობის შესახებ ჩანაწერის არარსებობა.

“კანონში გვაქვს ოჯახში ძალადობის მუხლები, სადაც მოიაზრება მხოლოდ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ეკონომიკური ძალადობა სისხლის სამართლია კოდექსით აღიარებულიც კი არ არის. ის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება”, - გვეუბნება ნინო.

ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ძალადობის ჩამდენი ადამიანი არასოდეს აგებს პასუხს დანაშაულისთვის. შსს-ს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემა შეუძლია. ისიც - დროებით.

ნინო გვიყვება, რომ ქალები ხშირად პარტნიორის იძულების და ზეწოლის შედეგად იღებენ სესხს, რომლის გადახდაც, როგორც წესი, მათ უწევთ, რადგან კაცი ან საერთოდ იკარგება, ან გადახდის პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ქალებს აიძულებენ ლომბარდში ჩააბარონ პირადი ძვირფასი ნივთები - უფრო ხშირად ოქროული, ტელეფონი, მანქანაც კი.

თუ ეკონომიკური ძალადობა ოჯახში ხდება, ხშირია მემკვიდრეობით მიღებული ქონების იძულებით დათმობის შემთხვევები, ქალის შემოსავლის კონტროლი ან პირიქით, მისთვის ფინანსური რესურსის მაქსიმალურად შეზღუდვა.

საქართველოს გარდა, ნინო ანდრიაშვილი, რომელიც კარგად იცნობს საერთაშორისო გამოცდილებასაც, ამბობს, რომ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები ქალები არიან. ოღონდ, სწორედ იმის გამო, რომ ქალებს უჭირთ სიმართლის მტკიცება, ეკონომიკური დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე შეფარული ძალადობის ფორმად რჩება.

“ეკონომიკური ძალადობის გამო შსს-ს შემაკავებელი ორდერების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ 1%. ქალები არ ჩივიან. არცთუ იშვიათად, ისინი თავადაც ვერ აფასებენ, რომ ეს ეკონომიკური ძალადობაა. ქალების გარდა, ამ დანაშაულის იდენტიფიცირება უჭირს შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოს”, - გვეუბნება ნინო ანდრიაშვილი.

ქალები, როგორც წესი, თავად ცდილობენ დაიბრუნონ კუთვნილი ძვირფასი ნივთები.

მაშ, რა შეუძლია ქალს გააკეთოს ასე მწირი სამართლებრივი ბერკეტების იმედად?

ადვოკატები ამბობენ, რომ, სულ ცოტა, ქალმა პოლიციას შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით უნდა მიმართოს და მოითხოვოს, რომ კაცი დაავალდებულონ, მაგალითად, გადაიხადოს ფული სესხის შემთხვევაში.

ქალს შეუძლია სამოქალაქო დავის წამოწყებაც, რომ მის ყოფილ პარტნიორს სასამართლომ ვალდებულების შესრულება დაავალოს.

თუმცა მნიშვნელოვანია, არსებობდეს რაიმე მტკიცებულება, რომ ქალს აიძულეს ამ სესხის მისი სახელით აღება - ეს, შესაძლოა იყოს მიწერ-მოწერა, თანხის გადარიცხვის სქრინი ან სხვა რამ, რაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დაადასტურებდა.

“მქონდა შემთხვევა, როცა ქმარმა ცოლის თანხმობის გარეშე, ქალის კუთვნილი ოქროული მისი თანხმობის გარეშე დაალომბარდა. სასამართლოს ამ ნივთების დაბრუნების მოთხოვნით მივმართეთ, მაგრამ, როგორც ყველა მსგავს საქმეში, სასამართლო კაცის სასარგებლოდ გადაწყდა - სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩვენ გაგვიჭირდა მტკიცება, რომ ეს ოქროული ქალს ეკუთვნოდა და რომ მისი თანხმობით არ ჩააბარეს ლომბარდში ეს ძვირფასეულობა".

ნინო ანდრიაშვილთან რჩევისა და იურიდიული კონსულტაციისთვის მიდიან ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც ჰყვებიან, რომ მათი შეყვარებული ბიჭები სწორედ “სიყვარულის სახელით” აღებინებდნენ მათ სესხს, ჰპირდებოდნენ, რომ თავად გაისტუმრებდნენ და მერე იკარგებოდნენ.

როგორც წესი, ეს გოგოები სტუდენტები არიან, არ მუშაობენ და არ აქვთ საკუთარი შემოსავალი. ისინი ხშირად მომხდარს ვერც მშობლებს ვერ უმხელენ და მარტო უწევთ ამ სირთულეებთან გამკლავება.

ეკონომიკური ძალადობის საქმეების უმრავლესობა სასამართლოში კაცების სასარგებლოდ წყდება.

2022 წელსგაეროს ქალთა ორგანიზაციის ეროვნულ კვლევაში მონაწილე ქალები ჰყვებოდნენ, რომ ყველაზე ხშირად პარტნიორები მათ სამსახურის დაწყებას, მუშაობას, ვაჭრობის, ფულის შოვნის ან შემოსავლის მომტან საქმიანობაში ჩართვას უკრძალავდნენ (5,8 პროცენტი). ასევე, როდესაც ქალს ფული სჭირდებოდა საოჯახო ხარჯებისთვის, თუმცა მეუღლეს/პარტნიორს თვითონ ჰქონდა ფული სხვა მიზნებისთვის. (3,5 პროცენტი).

იმ ქალებს შორის, რომელთაც ცხოვრების მანძილზე გამოუცდიათ პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, 91,5 პროცენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ძალადობის ჩამდენი იყო მათი ამჟამინდელი/ბოლო მეუღლე/პარტნიორი, ხოლო 7,4 პროცენტის განცხადებით, ასეთი ადამიანი იყო მათი წინა მეუღლე/პარტნიორი. აი, რას ჰყვებოდნენ მსხვერპლები:

  • “მაშინ ვმუშაობდი კიდევაც... ფულის ჩარიცხვა იყო თუ რა იყო, ყველაფერს ვაკეთებდი… ფულს გამომძალავდა, მასესხე - 300-400 ლარებს ვაძლევდი და არასდროს აბრუნებდა.”
  • „გაიტანა სახლიდან ყველაფერი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დავიწყე მუშაობა. ხელფასს მე არ ვხედავდი, ყველაფერს ისე მართმევდა და სათამაშოდ მიდიოდა.”
  • " ვმუშაობდი, 30 ლარს ვაკეთებდი დღეში, წამართმევდა, ცემაში მომკლავდა, რომ არ მიმეცა ის თანხა. იმას ითამაშებდა, რომ წააგებდა, იმის გულიზა მცემდა, შენი გულიზა წავაგეო.“ (სიღრმისეული ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლ ქალთან).
  • „საკმაოდ შემოსავლიანი სამსახური მქონდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ესეთ დონეზე დავეცემოდი და ნულიდან დავიწყებდი”.


ქალები საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათი პარტნიორები იპარავდნენ მათ ფულს, აზიანებდნენ მათ ნივთებს და აკონტროლებდნენ მათ ქონებას. წინააღმდეგობის ნებისმიერი მცდელობა კი მხოლოდ ფიზიკური ძალადობის გამწვავებას იწვევდა.

ხშირ შემთხვევაში, ქალები, რომლებიც ტოვებდნენ ასეთ ეკონომიკურად ძალადობრივ ურთიერთობებს, რჩებოდნენ ფინანსური სახსრების გარეშე, ზოგჯერ კი - დიდი ოდენობის ვალით.

ხანდახან ქალები თავადაც ვერ ხვდებიან, რომ ის, რასაც მათი პარტნიორი კაცი ითხოვს, ეკონომიკური ძალადობაა.

ექსპერტი ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებში, ქალთა დამოუკიდებელი ადვოკატი ელისო რუხაძე თავისი პრაქტიკიდან იხსენებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ერთი და იგივე ბიჭი ერთ ქალაქში რამდენიმე გოგოს ერთდროულად ეფიცებოდა სიყვარულს და შეფარულად აიძულებდა მათ პატარ-პატარა სესხის აღებას.

ელისო ამბობს, რომ მოძალადეებიც სარგებლობენ იმით, რომ ეს დანაშაული სისხლის სამართლით არ ისჯება. ისინი, ადვოკატის შეფასებით, ფსიქოლოგიური მოძალადეებიც არიან, რადგან ჯერ თავის “მსხვერპლთან” ნდობას ამყარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ, რომანტიკული ურთიერთობის სახელით, დანამუსებით და ხანდახან დაშორებით დამუქრებითაც გოგონებს მათთვის არასასურველი ნაბიჯის გადადგმას აიძულებენ.

“ტელეფონის დალომბარდება. ან მათ მაგივრად სესხის აღება, ან თავდებში ჩადგომა, ან სულაც მემკვიდრეობით მიღებული სახლის გაყიდვის მოთხოვნა. და რაც ყველაზე ცუდია, ქალები ხშირად თანხმდებიან ამაზე “ურთიერთობის გადასარჩენად”. ათიდან სამი ქალი ჩემთან სწორედ ამ ჩივილით მოდის. თან, როცა უკვე ყველაფერი მომხდარია”.

ელისოც შენიშნავს, რომ სამართლის პოვნა ქალისთვის ასეთ დროს ძალიან რთულია, რადგან მისი სახელით და ნებით აღებული სესხის უკან სინამდვილეში შენიღბული მოძალადე რომ დგას, ამის მტკიცება თითქმის შეუძლებელი ხდება - მათი სახელი და კვალი არსად ჩანს.

ასე მოხდა იტალიაში ემიგრაციაში მყოფი გოგოს შემთხვევაშიც, რომელმაც პარტნიორ ბიჭს დიდი ხნის განმავლობაში ნაგროვები 10 000 ევრო ასესხა და ვეღარ დაიბრუნა.

ასეთ დროს, პოლიციის ყველაზე ხშირი პასუხია, რომ ასეთი შემთხვევები “სამოქალაქო დავას” ეკუთვნის და რომ ისინი ასეთ საქმეებს ვერ გამოიძიებენ.

PS: სოციალურ ქსელში ქალების რამდენიმე დახურულ ჯგუფში ვიკითხეთ, თუ გამხდარან მსგავსი ძალადობის მსხვერპლი, ოდესმე თუ აიძულეს სესხის აღება ან პირადი ნივთების ლომბარდში ჩაბარება, თუმცა, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როცა ქალებს აქტიურად სურთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოგვეხმაურა და თითქმის ყველამ გვითხრა, რომ საჯაროდ ამაზე ვერ ილაპარაკებდნენ.

ასევე ნახეთ ყოველი მეორე არ იხდის - ბრძოლა ალიმენტისთვის