დადიანის ქუჩა, რომელიც თვეზე მეტხანს იყო გადაკეტილი, დღეს გახსნილია. ტერიტორია შემოღობილია და სახლის დემონტაჟი დასასრულისკენ მიდის. დადიანის 2-ის დროებით გასახლებული ბინადრები ელიან, რომ მალე ისევ აქ, ოღონდ ახალ სახლში დაბრუნდებიან - ეს პირობა მათ თბილისის მერიამ მისცა.
ასე გამოიყურება ახლა სახლი დადიანზე. 2025 წლის 16 ივლისი
თუმცა მათთვის დაზუსტებით არავის უთქვამს, როდის აშენდება ახალი საცხოვრებელი ან როგორი იქნება ის - სამსართულიან სახლს ძველის მსგავსი შენობა ჩაანაცვლებს?
ესეც ამ საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილია.
თუ მის ადგილას მაღალსართულიანი კორპუსი გაჩნდება? ისე, მაგალითად, როგორც ვარკეთილში, სადაც თბილისის განვითარების ფონდმა ავარიული შენობების ე.წ. ჩანაცვლების წესით ერთი კორპუსი უკვე დაასრულა და იქ, ოთხსართულიანი ავარიული სახლის ადგილას, ათსართულიანი ახალი სახლი აშენდა.
მაისში, როცა კორპუსის ერთი სადარბაზო ჩაინგრა, ეს სახლი ასე გამოიყურებოდა.
საცხოვრებელი კორპუსი დადიანის ქუჩაზე, რომელიც ას წელზე მეტს ითვლიდა, მეტრო „სადგურის მოედნის“ თავზე იდგა. პირველ სართულზე აფთიაქები და მაღაზიები იყო. სწორედ ერთ-ერთი მათგანის, „ავერსის“ აფთიაქის თავზე მესამე და მეორე სართულები ჩამოინგრა 2025 წლის 4 მაისს, დღისით. აფთიაქი დროებით დაკეტილი იყო, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ იქ რემონტი მიდიოდა. ხალხმა საფრთხე დროულად იგრძნო და საცხოვრებელი კორპუსი ცოტა ხნით ადრე დაცალა.
დადიანის 2-ში, განსხვავებით 14 ივლისს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარისგან, არავინ დაღუპულა, მსუბუქად დაშავდა იქვე ახლოს მყოფი ორი ადამიანი.
ასევე ნახეთ „ჩემი სახლი ჩავიდა მეორეზე, მეორე პირველზე“ - ნგრევა დადიანზეამ სახლის ყოფილი მობინადრეები ახლა თბილისის სხვადასხვა უბანში ქირით ცხოვრობენ - მერია მათ ამისთვის თვეში 1000 ლარს ურიცხავს.
ასე გამოიყურება დღეს დადიანზე ჩამონგრეული შენობის წინა ფასადის ერთ-ერთი ნაწილი.
ქირით გაყვანილ ხალხს თბილისის მერია დაჰპირდა, რომ მათი ახალი საცხოვრებლის მშენებლობა 2-3 წელიწადში დასრულდება.
“გვითხრეს, რომ გარემონტებულს ჩაგვაბარებენ, იგივე ფართის ბინებს და რომ ეს ჩანაცვლების პროგრამით მოხდება, მაგრამ მეტი არაფერი ვიცით. მე რატომღაც მგონია, რომ ახალ შენობას მეტი სართული ექნება, ვიდრე ჩვენს სახლს ჰქონდა”, - ამბობს ანა მეჩეხია.
დადიანის ქუჩა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი, ახლა მოძრაობა გახსნილია.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ გვითხრა, რომ შსს-მ დაასრულა გამოძიება, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც, რომლის თანახმად, ნგრევის მიზეზი შენობის სიძველე გახდა. მომხდარის გამო არავინ დასჯილა. ასევე, ამ დასკვნის თანახმად, ნგრევის მიზეზი არ გამხდარა არც აფთიაქში მიმდინარე რემონტი და არც დაზიანებული მზიდი კედელი.
დადიანის #2. 2025 წლის მაისი
ირაკლი ანდღულაძემ ასევე დაგვიდასტურა, რომ შენობა სრულად დაიშლება. დაინგრევა ასევე მის გვერდით, გაყოლებაზე კიდევ ორი ძველი საცხოვრებელი სახლი - დადიანის #4-სა და #6-ში მდებარე სახლები.
"დადიანის 2-ში და მის გვერდით, #4-ში მდებარე სახლებს ფაქტობრივად ერთი კედელი ჰქონდა. ამ ავარიული სახლის დემონტაჟისას, ისიც დასუსტდა და იქიდანაც გავიყვანეთ ხალხი. თუმცა ამ ეტაპზე ამ ორ შენობას დადიანის #6-ც მიემატება".
დღეისათვის დადიანის ქუჩის ორი საცხოვრებელი სახლიდან, გამგებლის თქმით, მერიას ჯამში 75 ოჯახი ჰყავს გაყვანილი ქირით.
ახალი საცხოვრებლის აშენების ვადად ანდღულაძეც სავარაუდო 2 წელს ასახელებს, "თუ რაიმე დაბრკოლება არ გამოჩნდა ან მოსახლეობამ არ შეიცვალა აზრი".
ირაკლი ანდღულაძისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი კორპუსის პროექტი და რამდენსართულიანი იქნება ახალი შენობა. მისი თქმით, ამას მთავრობა გადაწყვეტს. თუმცა ამბობს, რომ "ძველი იერ-სახე შენარჩუნებული იქნება".
დადიანზე ისევ მიდის დემონტაჟის სამუშაოები.
სავარაუდოდ, იგივე მომავალი ელის სადგურის მოედნის მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს ჩამონგრეულ სახლსაც, რომლის ბინადრების უმრავლესობა - 84 ადამიანი - დიდუბის გამგეობის ინფორმაციით, კვლავ სასტუმროებში რჩება.
დიდუბის გამგეობიდან მიღებული ბოლო ცნობით, დაახლოებით ათამდე ადამიანმა ახლობლებთან გადასვლა არჩია.
ახლა მათ საცხოვრებელი ბინებიდან პირადი ნივთები გამოაქვთ. შენობა სრულად უნდა დაიცალოს და შემდეგ, როგორც ეს დადიანის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის შემთხვევაში მოხდა, შენობას ბოლომდე დაანგრევენ.
საცხოვრებელი კორპუსი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფასადის ჩამონგრევას 14 ივლისს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან მეორე დღეს, რადიო თავისუფლებას თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა უთხრა, რომ საცხოვრებელი კორპუსი ვეღარ გარემონტდებოდა - ის უნდა დაინგრეს და მის ადგილას ახალი აშენდესო.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და რომ პარაპეტის ჩამონგრევამ დამატებითი ზიანი მიაყენა შენობის მდგრადობას.
"რაც შეეხება მოსახლეობის თანხმობას, ერთი ოჯახია უარზე, რაც, ცხადია, აბრკოლებს ჩანაცვლების პროგრამის პროცედურის დაწყებას, თუმცა იმედი გვაქვს, საბოლოოდ თანხმობა იქნება. დაწყებულია ამ ოჯახების ქირით უზრუნველყოფისთვის ბინების მოძიება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება", - ამბობენ მერიაში.
ასევე ნახეთ "ერთი პატარა ხის ბარიერი ტრაგედიას აგვაცილებდა" - მერია და ხალხი ხელს ერთმანეთისკენ იშვერენსულ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლებს თუ არ ჩავთვლით, დაახლოებით 10 000-მდე ავარიული შენობაა.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია.