როგორ აქცია მარიხუანის საკითხი "ოცნებამ" „საინტერესო ბიზნესიდან“ კრიმინალად

ფოტო არქივიდან - მიტინგი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, თბილისი, 2 ივნისი, 2015

ჯერ კიდევ 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის დაკანონების იდეას განიხილავდნენ.

წელს კი, პირველ ივლისს, იმავე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებულად მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომლითაც მარიხუანისა და მცენარე კანაფის ფლობისთვის (შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა) სასჯელი პატიმრობა იქნება. რა შეიცვალა?

რატომ მკაცრდება კანონი, თუ მარიხუანის შეძენა-შენახვა, აქამდეც ისჯებოდა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით?

“ჯდება იმ ავტორიტარული კანონშემოქმედების ლოგიკაში, რომელსაც აჩქარებული ტემპებით ატარებს ოცნების პარლამენტი”, - გვეუბნება იურისტი გურამ იმნაძე, რომლის აზრითაც, ეს ცვლილებები ნარკოპოლიტიკაზე მეტად, ნარკოპოლიტიკით - ხალხის კონტროლის სურვილის ნიშანია.

გურამ იმნაძემ გაიხსენა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, მმართველი პარტიის რიტორიკა ორიენტირებული იყო კანონის გამკაცრებასა და დასჯაზე, სავალდებულო იძულებითი მკურნალობის მექანიზმის შემოტანაზე და ეს მაშინ, როცა ყველა კვლევით დასტურდება, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან ბრძოლა მხოლოდ დასჯით უშედეგოა.

მაშ, რატომ აკეთებს ხელისუფლება იმას, რაზე პასუხიც წინასწარ ცნობილია?

“წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობას ჰქონდა განცდა, რომ ნარკოტიკების მოხმარება კრიტიკულად გაზრდილია და აი, ხელისუფლების პასუხი და საჩვენებელი სიმკაცრეც გამოჩნდა. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ “ქართული ოცნება” რეაგირებს”, - გვპასუხობს გურამ იმნაძე.

იურისტი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ასეთი მიდგომებით პრობლემა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს და ზიანს გაზრდის.

კიდევ რა მოჰყვება ამ ცვლილებას?

პატიმრობის შიშს და სასჯელის სიმკაცრეს, შესაძლოა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი ნაწილისთვის, გვეუბნება გურამ იმნაძე, თუმცა არა მასშტაბურად.

“კანაფის გაქრობა, მითუმეტეს, საქართველოში, სადაც ის ისედაც ენდემური მცენარეა და ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებაა ალკოჰოლის და თამბაქოს შემდეგ, ილუზიაა. სამაგიეროდ, რადგან კანონი გამკაცრდა, გაქრება ხელისუფლების პასუხისმგებლობაც - მეტად იზრუნოს მოქალაქეებზე”.

იურისტის აზრით, არც იმის გარანტია არსებობს, რომ გამკაცრებულ კანონს დამორჩილებული ადამიანები სხვა და შესაძლოა, უფრო საშიში ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებაზე იტყვიან უარს.

“ეს შეეხებათ “ოცნების” მომხრეებსაც, რადგან მათზე კონტროლიც სჭირდებათ”, - ამბობს გურამ იმნაძემ.

მისმა კოლეგამ, იურისტმა საბა ბრაჭველმა კი კანონში ცვლილებას უწოდა „სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებებისთვის”, რომელსაც, მისი ვარაუდით, ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე - ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ.

რა და როგორ გამკაცრდა?

„სისხლის სამართლის კოდექსში“, კერძოდ, 260-ე მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომლითაც მარიხუანა და კანაფი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს გაუთანაბრდება, ასევე ამოიღებენ იმ ჩანაწერს, რომელშიც წერია, რომ ამ ნივთიერებებზე გამონაკლისი მოქმედებდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის 10 წლის წინ, 2015 წლის 24 ოქტომბერს, მიიღო გადაწყვეტილება (საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის სასჯელის დაწესება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და ფლობისთვის.

ახლა კი, კანონპროექტის მიხედვით:

10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი (10 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა დაისჯება ადმინისტრაციული წესით, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმით, ან პატიმრობით, ანუ სისხლის სამართლის წესით.

  • 6 წლამდე პატიმრობით დასჯიან მათ, ვისაც 10 გრამიდან 155 გრამამდე კანაფს ან 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალ (ან 10 გრამიდან 150 გრამამდე ნედლ) მარიხუანას აღმოუჩენენ;
  • 5-დან 8 წლამდე პატიმრობა იქნება 155-დან 750 გრამამდე კანაფის ან 70-დან 250 გრამამდე გამომშრალი (140-დან 500 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის;
  • 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება 750 გრამზე მეტი კანაფის ან 50 გრამზე მეტი გამომშრალი (500 გრამზე მეტი ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის.


„წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებასა და გავრცელებას შეუწყო ხელი... აღნიშნული ფაქტი აწუხებს საზოგადოებას და წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისათვის", - ასე ახსნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კანონში შეტანილი ცვლილების საჭიროება.

კი მაგრამ, 2018 წელს ოცნების საარჩევნო კამპანიის ნაწილი ლეგალიზაცია არ იყო?

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ყოფილი წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის ამბობს, რომ ელოდა კანონის გამკაცრებას.

ასევე ნახეთ ჯარიმა პატიმრობის ნაცვლად – ბექა წიქარიშვილი ბრძოლას აგრძელებს

მიუხედავად იმისა, რომ 2017-2018 წლებში „ქართული ოცნების“ რიტორიკა განსხვავდებოდა და როგორც ბექაც იხსენებს, განსაკუთრებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მათი საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად ლეგალიზაციის იდეაზე იყო აგებული.

„მაშინ ეს აბსურდად გვეჩვენებოდა ყველას, ვინც თავის დროზე დეკრიმინალიზაციისთვის ვიბრძოდით და გვინდოდა, მოხმარების სფერო ჯანდაცვის საკითხად ქცეულიყო, შეწყვეტილიყო ადამიანების დევნა, პოლიციური კონტროლი და რეპრესიული პოლიტიკა, რაც ანგრევდა ადამიანების ცხოვრებას. გვეცინებოდა, რომ მაშინ „ოცნება“ ლამის ჩვენზე უფრო ჰუმანური იდეებით გამოდიოდა და ქვეყანას ნარკოტიკების ლეგალიზაციის სამოთხედ სახავდა...

ახლა კი ვხედავთ ამ შემოტრიალებას, რაც მოსალოდნელი იყო თუ პოლიციის ბოლო დროის ქმედებებს გადავხედავთ. კანონის გამკაცრება დღეს არის ძალიან მარტივი ბერკეტი პოლიციის ხელში - ჩაერიოს სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში“.

ასეთ ადამიანებად კი, ბექას თქმით, შეიძლება იქცნენ როგორც დღეს წინააღმდეგობაში მყოფი ხალხი, ისე, „ოცნების“ იდეების გამზიარებლებიც.

„მოჰკიდებ ხელს, გადაიყვან დაწესებულებაში, წაიყვან ნარკოლოგიურში, გზაში შეაშინებ... დააჯარიმებ, ან უკვე პატიმრობას მიუსჯი... მერე საპროცესოს გაუფორმებ. მერე ამ საპროცესოს წინასაარჩევნოდ გამოიყენებ, რადგან პირობითი სასჯელის ადამიანებს დაპირდები, რომ ამ სასჯელს მოუხსნი, სანაცვლოდ კი მისგან საარჩევნო ხმებს მიიღებ და ასე უსასრულოდ“, - უთხრა ბექა წიქარიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მარიხუანის ლეგალიზაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში, 2013.

ლეგალიზების იდეიდან კრიმინალიზაციამდე - რა ხდებოდა 8 წლის წინ

სულ რაღაც 8 წლის წინ, 2017 წლის ივნისში, მაშინდელი პარლამენტი აცხადებდა, რომ გეგმავდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე, მაგალითად, ამბობდა, რომ ნარკოპოლიტიკა გაცილებით ჰუმანური უნდა გამხდარიყო და დასჯიდან - პრევენციასა და ზრუნვაზე გადასულიყო.

და 2017 წლის 16 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის მარიხუანისა და კანაფის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.

იმავე 2017 წელს, ბერა ივანიშვილი ნარკოტიკების გამო დაჭერილ რეპერებს -“ბირჟა მაფიას” წევრებს მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას, მხარს საჯაროდ უჭერდა და ფეისბუკზე წერდა:

2017 წლის ივნისში რეპერები პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ.

ასევე ნახეთ „ბირჟა მაფია“ - გლდანის ციხიდან კვლავ ბირჟაზე

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეპერები ამბობდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან და, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს მათი კლიპისთვის, რომელშიც პოლიცია იყო გაშარჟებული.

იმავე პერიოდში გამოჩნდა იუტუბზე ბერას სიმღერა სახელწოდებით legalize (ლეგალიზაცია).

ერთი წლის შემდეგ კი, 2018-ში, პარლამენტს ცოტა დააკლდა, რომ დაეკანონებინა ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანის წარმოება მისი ექსპორტის მიზნით და მაშინ, "ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდაც დაადასტურა, რომ თავად მონაწილეობდა კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შედგენაში.

“საუბარი იყო წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნითო“, - ამბობდა ივანიშვილი და სამედიცინო და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის კანაფის წარმოებას „ძალიან საინტერესო“ ბიზნესად მიიჩნევდა.

ასევე ნახეთ რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილს და სხვებს საქართველოში კანაფის მოყვანა

„რენტაბელობა... 500 %-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთი, ორი და სამი წლის განმავლობაში” - ესეც ივანიშვილის სიტყვებია.

ეს კანონპროექტი, მაშინ პარლამენტმა დღის წესრიგიდან საპატრიარქოს წინააღმდეგობის შემდეგ მოხსნა.

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ რიცხვში საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ რიცხვში საპატრიარქოსთან”, - განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.

Your browser doesn’t support HTML5

კანაფი, ეკლესია და ივანიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

კანაფის კულტივაცია შეფერხდა