მოკლედ
- საქართველოს უნივერსიტეტების რეფორმა მიზნად ისახავს ფაკულტეტების გადანაწილებას პრინციპით "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი".
- რეფორმა გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და პროგრამების ცვლილებებს, რაც აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად აღიქმება.
- აკადემიური წრეები და ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების უმეტესობა კი „ქართული ოცნების “ გეგმებს იწონებს.
თუ ილიაუნიში აბარებდი, შესაძლოა მომავალ წელს აღმოაჩინო, რომ შენი ფაკულტეტი სხვა უნივერსიტეტშია გადასროლილი - მაგალითად, ტექნიკურ ან ქუთაისის უნივერსიტეტში. თუ ბათუმის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი მოგწონდა, ხვალ შესაძლოა იქ მხოლოდ აგრონომიული ან პედაგოგიური ფაკულტეტი დაგხვდეს და ქუთაისში მოგიწიოს სასწავლებლად წასვლა.
ერთ დღეს აღმოაჩინო, რომ არჩევა აღარ შეგიძლია.
მომავალ წელს თუ სკოლაც 11-წლიანი გახდება, უნივერსიტეტებს ორჯერ მეტი აბიტურიენტი ეყოლება მისაღები.
ჯერაც არ არის ნათელი, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტს დაუტოვებენ. რა ბედი ელით პროფესორ-მასწავლებლებს. უნივერსიტეტის კუთვნილ სხვა რესურსებს. მათ შორის, შენობებსაც.
ეს მოსალოდნელი ცვლილებების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია, თუ „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო რეფორმა ამოქმედდება იმ შინაარსით, რაზეც “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს, კონცეფციის პრეზენტაციისას ილაპარაკა, როცა თქვა, რომ
- პრობლემაა სტუდენტების 85% თბილისში;
- პრობლემაა „ფაკულტეტების დუბლირება”;
- გადაჭრის გზად კი თვლის პრინციპს: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
“ოცნების” განათლების კონცეფცია ამბობს, რომ
- დიდი ქალაქები არასაკმარისადაა დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით - მაგალითად, ქუთაისი და რუსთავი;
- დაგეგმილია, რომ ქვეყნის მეორე მთავარ საუნივერსიტეტო კერად ქუთაისი იქცეს;
- თბილისის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, “ოცნების” გეგმით, ისე უნდა განვითარდეს, რომ დედაქალაქი განიტვირთოს, რუსთავი კი განვითარდეს;
- ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტები პროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებად უნდა იქცნენ;
- თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე - მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.
საქართველოში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია. რეფორმა ჯერ მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება.
,,ისტორიული გამოცდილება’’ ანუ საბჭოთა?
ჩაფიქრებული ცვლილებების წარდგენისას და განსაკუთრებით “ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის” კონცეფციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ ახსენა „ისტორიული გამოცდილება“ - ეს ფრაზა შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების ნაწილმაც ბევრჯერ გაიმეორა.
რა არის ეს “ისტორიული გამოცდილება”? რომელი წლები იგულისხმება მასში?
“ბოლო 20 ნამდვილად არა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე.
მისი აზრით, პრინციპში “ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი” იგულისხმება საბჭოთა გამოცდილება - დრო, როცა სამედიცინო ფაკულტეტი იყო მხოლოდ სამედიცინო ინსტიტუტში, ფილოლოგიური - თსუში, ტექნიკური ფაკულტეტები - პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ილიას უნივერსიტეტს ამ ლოგიკით მხოლოდ პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსი უნდა დარჩეს.
„ამ კონცეფციას რომ შინაარსი ჰქონდეს, როგორ შეიძლება, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს, რომელიც დღეს წარმატებული და საერთაშორისო რანჟირების სისტემაში მაღალ პოზიციაზე მდგომი უნივერსიტეტია, ჩამოართვა თავისი კვლევითი ინსტიტუტები და უთხრა: შენ ხდები პედაგოგიური უნივერსიტეტი! ამ გეგმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩამოიშლება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად ვერ გაძლიერდება ისე, რომ ამად ღირდეს”, - ეუბნება შალვა ტაბატაძე რადიო თავისუფლებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა
“უნივერსიტეტების გამოშიგვნა” დაარქვა დაწყებულ პროცესს 6 ნოემბერს, რექტორთა საბჭოს სხდომის შემდგომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და თქვა, რომ უკვე ცნობილი ცვლილებებით (რომელთა პირველი ეტაპი 2026 წლის თებერვლამდე უნდა დაიწყოს), სახელმწიფო დაუდგენს უნივერსიტეტებს, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება, კვოტასაც სახელმწიფო ადგენს.
“ეს ეწინააღმდეგება ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას”, - შენიშნავს ნინო დობორჯგინიძე.
ილიაუნის რექტორი წერს, რომ აბიტურიენტები ვეღარ აირჩევენ სასურველ უნივერსიტეტს, სადაც ჩაბარებისთვის ემზადებოდნენ.
მკვეთრად შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობაც.
ცვლილება იმოქმედებს სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების დატვირთვაზეც - შემცირდება ანაზღაურებაც და პედაგოგების რაოდენობაც.
“დეკემბრის ბოლოს როგორ უნდა დავგეგმოთ უნივერსიტეტებმა ბიუჯეტი და განვსაზღვროთ ფინანსური მოლოდინები? რის მიხედვით? თებერვალში რომ გვეტყვიან, როგორ გადაწყვიტეს ჩვენ გარეშე პროფილების, მისაღები რაოდენობის და საფეხურებზე ხანგრძლივობის საკითხი? ბიუჯეტის და ფინანსური მოლოდინების განსაზღვრა დამოკიდებულია სტუდენტების საგრანტო დაფინანსების ოდენობაზე. ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორ იცვლება საგრანტო დაფინანსება”, - წერს ნინო დობორჯგინიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო ქაოსი გარდაუვალია.
ასევე ნახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტიაკიდევ ერთი საკითხი, რომელმაც უმაღლესი განათლების ექსპერტების და აკადემიური წრეების კრიტიკა გამოიწვია, საქართველოს ქალაქებში ფაკულტეტების გადანაწილების პრინციპია - “ოცნების” გეგმით, რეგიონების უნივერსიტეტებში პედაგოგიური და აგრარული მიმართულებები უნდა გაძლიერდეს.
მაგალითად, აბიტურიენტს, რომელიც ცხოვრობს ბათუმში, მაგრამ არც აგრარულ მიმართულებაზე სწავლა არ სურს და არც პედაგოგიურზე, მოუწევს ქუთაისში ან თბილისში წასვლა, ბინის ქირაობა, გაეზრდება სხვა ხარჯები.
ჯერ უცნობია, სად და როგორ გადაანაწილებენ პროფესორ-მასწავლებლებსაც.
„მთლიანად სოციალური ქსოვილის შეცვლა სურთ, რაც აბსოლუტურად ხელოვნური პროცესია, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შალვა ტაბატაძე, - მხოლოდ იმიტომ გადაიტანო სხვა ქალაქში საგანმანათლებლო პროცესი, რომ შენობები მოგწონს და გჭირდება ჭავჭავაძესა თუ კოსტავას გამზირზე, ეს აბსურდამდე მიგვიყვანს. და ამ შენობებში არ იგულისხმება თსუს პირველი და მეორე კორპუსები. მათ გარდა, ჭავჭავაძეზე არის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 კორპუსი, ცალკეა მაღლივის კორპუსი, ავლაბარში - მე-7 კორპუსი… თავი რომ დავანებოთ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსებს კოსტავაზე”.
თსუს პირველი კორპუსი
“ქართული ოცნების” კონცეფციის პრეზენტაცია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის საჩივარი პროკურატურაში საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ქონების დაბრუნების მოთხოვნით, და შემდეგ გამოძიების დაწყებაც დროში ერთმანეთს დაემთხვა.
ასევე ნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ - დავა ქონებისთვის თუ ახალგაზრდების გონებისთვის?კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორ ნანა დიხამინჯიასათვის “ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი” უნივერსიტეტებს შორის კონკურენციის გაქრობის და განათლების ხარისხის ვარდნის წინაპირობაა.
მისი აზრთ, ის, რომ კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამები დღეს აქვს ილიას უნივერსიტეტსაც, თსუსაც და ტექნიკურ უნივერსიტეტსაც, სწორედ კონკურენციის შედეგია. სტუდენტებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა.
“ამბობენ, რომ ეს პროგრამები “ტრადიციულად ვისაც ჰქონდა, იმ უნივერსიტეტს დაუბრუნდესო” და ეს უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. ეს რას ნიშნავს, რომ სხვებს უნდა ჩამოერთვას და ამდენი წლის ნაშრომი უნდა გაქრეს? ან როგორ წარმოუდგენიათ ამხელა ფაკულტეტების აქეთ-იქით გადატანა თავისი ბაზებით, რესურსებით, პროფესორ-მასწავლებლებით?”
ქუთაისის უნივერსიტეტი
“სტუდენტებსაც გაუქრებათ მობილობის შესაძლებლობა, ერთი უნივერსიტეტის ფაკულტეტის მეორით შეცვლის არჩევანი მათთვის აღარ იარსებებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა ქეთევან ჩაჩხიანმა:
“მე მეჩვენება, რომ სახელმწიფო სტუდენტს უყურებს როგორც რაღაც ობიექტს, ვინც შრომის ბაზარზე კონკრეტული ადგილი უნდა შეავსოს. არადა, უმაღლესი განათლების სწორი მიდგომა არის ის, რომ ადამიანი იყოს ღირებული, ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, იყოს ბედნიერი და წარმატებული - ამ რეფორმას არა აქვს ეს შინაარსი”, - ამბობს ის.
თუ სამართლის ფაკულტეტი მხოლოდ თსუს დარჩება და ამ პროფესიის დაუფლების მოსურნე ყველა აბიტურიენტი ერთ უნივერსიტეტს მიაწყდება, საკმარისი იქნება მისი რესურსი? - ეს კითხვა დასვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტმა ქეთი ცოტნიაშვილმა, რომლის აზრით, აკადემიურ სივრცეში ერთი ხელის მოსმით რაღაცების შეერთება სერიოზულ კულტურული კონფლიქტს გამოიწვევს:
“მე მაქვს განცდა, რომ ამ რეფორმის მიზანი შემოსავლების გაზრდაა, ფულის კეთება. მათ უნდათ, რომ ცენტრში არსებული შენობები გაყიდონ, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა მოსპოს აკადემიური ტრადიცია და მოშალოს ეს ეკოსისტემა, რაც აქამდე არსებობდა… ეს არის ინტელექტუალური ცენტრის მოშლა, რაც ხშირად ახასიათებს ავტოკრატიისკენ მიმავალ ქვეყნებს”.
ქეთი ცოტნიაშვილი
მსგავსი კრიტიკული კითხვები სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს საჯაროდ არ დაუსვამთ - მათი უმრავლესობა “ქართული ოცნების” გეგმებს იწონებს.
“მთავრობამ [რექტორებისგან] მიიღო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა”, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
“განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი”, - თქვა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, რომელსაც სჯერა, რომ ეს რეფორმა განათლების ხარისხის ამაღლებას გამოიწვევს.
„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა… შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს დონეზე და ასევე დაიწყება მუშაობა საკმაოდ მასშტაბურ დოკუმენტზე“, - აცხადებდა განათლების კონცეფციის ავტორებთან შეხვედრის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ კი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, გვითხრა, რომ ამ რეფორმას საუნივერსიტეტო საზოგადოება 30 წელზე მეტხანს ელოდა და რომ მისთვის საფრთხის ნიშნების შემცველი არც “ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის” იდეაა. “ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, მაგრამ ის ამ საკითხებს არ წყვეტს ამას იმპერატიულად”, - ამბობს ის.
დავით გურგენიძე
მერე რა მოხდა?
- როცა ირაკლი კობახიძეს შეხვდით, თქვენ თუ გქონდათ კონკრეტული შენიშვნები ამ კონცეფციაზე?
- როგორ არ გვქონდა, გვქონდა! ეს ასე მარტივად კი არ ჩაივლის, ამას მოჰყვება აკადემიური საბჭოს შეხვედრები, ცალკე კომისია შედგება და ასე. არ იქნება ეს ისე, როგორც 2012 წლამდე იყო. ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული. მუშა პროცესია. ამას 3-4 წელი დასჭირდება.
- ფაკულტეტების ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადატანაში თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ? მაგალითად, სტუს ჩამოშორდეს სამართლის ფაკულტეტი და გადაეცეს თსუს ან ილიაუნის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა და გადაეცეს სხვას.
- მერე რა მოხდა?
- როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? რა ბედი ეწევა ადამიანებს, ტექნიკურ ბაზებს, შენობებს, ლაბორატორიებს.
- ეს ადამიანებიც გადმოვლენ აქეთ. აქედან გადავა იქით და ასე. არავინ ადამიანებს ქუჩაში არ უშვებს.
- საერთაშორისო სტუდენტების მიღების შეზღუდვაზე რა აზის ხართ? კონცეფციაში ესეც პირდაპირ წერია. თქვენც გყავთ ხომ ასეთი სტუდენტები?
- რა თქმა უნდა, გვყავს…ჩვენთვის მათი ყოლა შემოსავალზე მეტად სარეიტინგო სისტემაში ყოფნა და ინტერნაციონალიზაციაა. ჩვენთან, ვფიქრობ, ისინი დარჩებიან და დანარჩენთან დათქმით იქნება მათი მიღება, სულ კი არ აკრძალავენ… უნივერსიტეტი კი არის ბიზნესი, მაგრამ სახელმწიფოსთვის უნივერსიტეტი, პირველ რიგში, სულიერებაა, პროგრამაა, ცხოვრებაა, ახალგაზრდობის აღზრდაა.
- ამ კონცეფციას არაერთი პროფესორი, განათლების მკვლევარი და ზოგიერთი რექტორიც უნივერსიტეტების გაკონტროლების მცდელობად აფასებს და ფიქრობს, რომ უნივერსიტეტები დაკარგავენ ავტონომიას. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- მე რომ იმაზე საფიქრალი არ მექნება, რომ შუქის ფული მაქვს გადასახდელი, გაზის ფული არ მაქვს გადასახდელი და მექნება მარტო სწავლაზე და მეცნიერებაზე საფიქრალი, ძალიან ბედნიერი ვიქნები. დღესაც ხომ ვარ სახელმწიფოზე დამოკიდებული? პროგრამულ დაფინანსებას ხომ მიწევს? ის არაფერში არ ერევა. მაშინაც გადაიხდის გადასახადებს და დანარჩენი ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტი იქნება, ვის მივიღებთ პედაგოგად, რამდენი ასოცირებული პროფესორი იქნება და ა.შ. ავტონომია არ დაირღვევა.
- შენობების გაყიდვაზე თუ ილაპარაკეთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და რას ფიქრობთ ამაზე?
- კი, ვილაპარაკეთ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვაზე არც არის საუბარი, მაგრამ კორპუსები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, არ არის ლიფტები, სართულიანობა… მაგრამ არავის არ წაიღებს ამას უნივერსიტეტის გარეშე. ჩემთანაც არის ფართები, რომლის გარემონტებაც შეუძლებელია, მერე რა? და თუ კამპუსი აშენდება თბილისთან ახლოს და იქ გადავა რამე ფაკულტეტი, რა მოხდა მერე? ჩვენც ხომ დავდიოდით კორპუსიდან კორპუსში.
- ათიათასლარიან ხელფასზეც ილაპარაკეთ ამ შეხვედრაზე?
- კი, ათი ათასი და მეტიც იქნება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა
უნივერსიტეტების მოთვინიერება - რაში სჭირდება ეს სახელმწიფოს?
მიზანი ერთია - კონტროლი, ამბობენ ჩვენი რესპონდენტები, რომელთა აზრით, ცალკეული ცვლილებები, დაფინანსების წესის შეცვლა იქნება ეს, საერთაშორისო სტუდენტებზე კვოტის დაწესება, სკოლასა თუ უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება თუ ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის პრინციპი, ყველაფერი საბოლოოდ ემსახურება “ურჩი” აკადემიური სფეროს გაკონტროლებას.
ქეთი ცოტნიაშვილი ფიქრობს, რომ ავტორიტარიზმისკენ მიმავალ ქვეყნებში, მედიის და სამოქალაქო სექტორის შემდეგ სწორედ აკადემია ხდება მთავარი სამიზნე - რადგან ეს არის სივრცე, სადაც ჩნდება კითხვები, არსებობს განსხვავებული აზრი, იბადება პროტესტი.
“ეს კი რეჟიმებს არ აწყობთ", - ამბობს ქეთი.
საქართველოს აკადემიური სფერო კი, როგორც შალვა ტაბატაძეც შენიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, მოიცავს 5000-დან 10 000-მდე ადამიანს, რომელთაც, თავის მხრივ, შეხება აქვთ 180 000 ადამიანთან, სტუდენტებთან.
“ხელისუფლებამ იცის - თავისუფალი აკადემიური სივრცის არსებობის შემთხვევაში ავტორიტარიზმის და ავტოკრატიის მშენებლობაზე საუბარი ზედმეტია. ამას ვერ გააკეთებენ. ამიტომ დგას მის დღის წესრიგში მეტი კონტროლი და ნაკლები კრიტიკული აზროვნება, ნაკლები პროტესტი. მოსალოდნელი იყო, რომ ეს მოხდებოდა”, - ამბობს შალვა ტაბატაძე და ვარაუდობს, რომ შემდეგი სამიზნე კერძო უნივერსიტეტებია.
შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 7 ნოემბერი, 2025 წელი
იმ პროფესორებს შორის, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ საუნივერსიტეტო რეფორმას, არის ფილოსოფოსი, ილიაუნის ყოფილი რექტორი გიგა ზედანია. ის წერს, რომ “ოცნების” შემოთავაზებული რეფორმის შედეგად მიღებული სასწავლებელი იქნება იმაზე ბევრად უარესი, “ვიდრე არათუ დღევანდელი უნივერსიტეტებია, არამედ თვით საბჭოთა სისტემაც კი”.
“სახეზე გვექნება 'აბორტის მსხვერპლი', სადაც გეოგრაფიული იზოლაციისა და ინტელექტუალური პროვინციალიზაციის გამო, სერიოზული სახით ილაპარაკებენ იმის ,,კვლევაზე”, თუ როგორ ამოიკითხონ ჰემატრიის გამოყენებით ქართულ ენაში დაფარული საიდუმლოებები (ოღონდ ისიც კი არ ეცოდინებათ, რომ სინამდვილეში სწორი ტერმინია "გემატრია". და არ ეცოდინებათ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ ექნებათ ძველი ბერძნული თუ არამეული ენების შესახებ). ესაა პლინტუსი არა მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის, არამედ საზოგადოებისათვის, რომელიც ამას სერიოზულად აღიქვამს”.
ამ დრომდე ერთადერთი ადგილი, სადაც უნივერსიტეტების მომავალსა და საფრთხეებზე საჯარო დისკუსია მიდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია - 7 ნოემბერს იქ თორმეტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და განათლების მკვლევრების მონაწილეობით დისკუსიაც გაიმართა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და განათლების მკვლევრებს გააერთიანებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია 2025 წლის იანვარში შეიქმნა და მას სათავეში ჩაუდგა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მისი მოადგილე „ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძეა. კომისიაში ასევე არიან „ოცნების“ კულტურის, სპორტისა და იუსტიციის მინისტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სადავო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თბილისის მერი კახა კალაძე.