“ჩორჩანის საგუშაგოსთან” დაკავშირებული ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენების ფონზე, ბევრმა გაიხსენა უსაფრთხოების საბჭო და დასვა შეკითხვა - რატომ არ გამოიყენა სუსის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს მექანიზმი, თუკი ხედავდნენ, რომ შს მინისტრი ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებდა.
თუმცა თავად უსაფრთხოების საბჭო ბოლო წლებში არაერთხელ გახდა პოლიტიკური საჯილდაო ქვა. დღეს, იმის ნაცვლად, რომ ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად ეს ინსტიტუცია გაძლიერებულიყო, მთავრობამ მისი გაუქმება გადაწყვიტა.
- თავისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა [2013 წელს] შექმნა იმ ხანად მოქმედი უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურა - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო; ღარიბაშვილი არ დადიოდა იმდროინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეულ სხდომებზე უშიშროების საბჭოში.
- როდესაც პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა, ის ესწრებოდა მარგველაშვილის უშიშროების საბჭოს სხდომებს.
- 2018 წელს [ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ] პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მოქმედი უშიშროების საბჭო გაუქმდა.
2019 წლის აპრილიდან ამოქმედდა უსაფრთხოების საბჭოს ამჟამად არსებული ფორმატი:
- საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი;
- მის გარდა, მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
- საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი ინიციატივით ან საბჭოს მუდმივი წევრის მოთხოვნით
პრეზიდენტი მუდმივ წევრებს შორის აღარ არის.
“ოცნებასთან” გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ანგარიშს აღარავინ უწევდა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებებს, ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე [მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი ვიზების სისტემის ამოქმედება] საბჭოს სხდომების გამართვის შესახებ. 2023 წლის მარტის დასაწყისში ზურაბიშვილის წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე საერთოდ არ მიიწვიეს. მაშინ პრემიერი ისევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
2022 წელს, საბჭოს სხდომა საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვის შემდეგ ჩაატარა.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას გეგმავს და ამისათვის საკანონმდებლო ინიციატივაც მზად აქვს.
პარლამენტში განხილვის შემდეგ, საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება და „მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს”.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“.
სიტუაციური ოთახი, საიდანაც კრიზისების მართვა არის შესაძლებელი, საქართველოს დედაქალაქში დიდი ბრიტანეთის დახმარებით შეიქმნა.
"ნებისმიერი ორგანოს შექმნა კანონით და გაუქმება შეიძლება, ის რაც არ არის კონსტიტუციური ორგანო", - განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სადავო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა - უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ასეთი საბჭო ბევრ სახელმწიფოს არა აქვს და საქართველოც უნდა მოიქცეს ისე, როგორც “კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყნის მართვას წაადგება”.
“ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი კი ამბობს, რომ “არაფერი არ უქმდება” და რომ საბჭოს ფუნქციები “გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ”. მაჭავარიანის თქმით, “ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს”; ხოლო “სახელმწიფო და შესაბამისი უწყებების” სიძლიერის დასტურად "ოცნების" დეპუტატი ასახელებს წარმატებულ ბრძოლას ტერორიზმთან და “4 თუ 5 რევოლუციის” თავიდან აშორებას ქვეყანაში. “ოცნება” ხშირად ლაპარაკობს ჩაშლილ რევოლუციებსა და, გარე დაკვეთით, ხელისუფლების დამხობის მცდელობებზე, რაც სამართლებრივად დადასტურებული არ არის.
უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას მიზანმიმართულ სვლად თვლიან ოპოზიციაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია, რომელიც 2014-2018 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, უკვე წლებია მიუთითებს საბჭოს თანმიმდევრული დაკნინების ტენდენციაზე. ის ტყუილს უწოდებს არგუმენტს, რომ თითქოს საპარლამენტო რესპუბლიკისთვის შეუთავსებელია უსაფრთხოების საბჭოს მუშაობა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაგალითები მოჰყავს.
“ეს კიდევ ერთხელ არის წერტილის დასმა ქვეყანაში ფორმალური ინსტიტუტების გაუქმების კუთხითაც, რაც დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთების შემდეგ სრულიად ღია განაცხადია, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, კრიზისების მართვა პოლიტიკურ დონეზე არ არის ივანიშვილისა და კობახიძის ამოცანა და მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და რეჟიმის დაცვაა პრიორიტეტი, როდესაც ფორმალური ინსტიტუტები აღარ სჭირდებათ და მარტო შსს-თი და სუსით აკეთებენ, ხალხის წინააღმდეგ და რა მეთოდებით, ამას ყველა ხედავს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია. მისთვის ეს ყველაფერი “კრემლის დავალების შესრულებას ჰგავს” და ნიშანდობლივია, რომ დღემდე არ განახლებულა სტრატეგიული დოკუმენტები:
- ამჟამად მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა;
- საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია - 2018 წლის შემდეგ.
უსაფრთხოების საბჭოს მუშაობის წესებს ასახავს კანონი “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ”. საბჭოს უფლებამოსილების ჩამონათვალშია, მათ შორის: საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები - “რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას”; საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება - შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვა და ანალიზი - აფასებს შესაბამის საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას.
ასევე ნახეთ სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში - დამაჯერებელია ეს?რატომ არ მოიწვიეს უსაფრთხოების საბჭო? - ჰკითხეს ჟურნალისტებმა, 16 ივნისს, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატს, “წულუკიანის კომისიის” წევრ - ალექსანდრე ტაბატაძეს, როდესაც ის “ჩორჩანის საგუშაგოსთან” დაკავშირებით პროკურატურაში გამოჰკითხეს.
ტაბატაძე, ისევე როგორც ბევრი სხვა ყოფილი თანაგუნდელი - დღეს აცხადებს, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ [2019 წლის აგვისტოში] საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგა, არავის დაეკითხა, ქვეყანას დამატებითი ტერიტორიები დააკარგვინა და “ომის ზღვარზეც” გაატარა.
გახარია კი ამბობს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა”, ყველა “თავს უქნევდა” და არავითარი ომის საფრთხე არ არსებობდა და რადგან არსებობდა "ოპერატიული ინფორმაცია" ბორდერიზაციის გეგმის შესახებ, სწრაფი მოქმედება იყო საჭირო.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არ არის პანაცეა, რომ გინდა თუ არა, ყველაფერზე - შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო“, - უპასუხა ალექსანდრე ტაბატაძემ ჟურნალისტებს. მის მსგავსად, გახარიასთან საკითხის წინასწარ შეთანხმებას უარყოფს სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაურიც, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის ირიცხებოდა.
თეონა აქუბარდია, ამჟამად გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ოპოზიციურ პარტიაში - “გახარია საქართველოსთვის”, გვეუბნება, რომ ბორდერიზაციის საფრთხეებიდან გამომდინარე, საგუშაგოს განთავსება აუცილებელი იყო, მაგრამ თუკი სუს-ის უფროსი ომის დაწყების საფრთხეს ხედავდა, მას შეეძლო მოეთხოვა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და ამ საკითხის ყველა წევრის თანდასწრებით განხილვა - კოორდინირებულად და დაბალანსებულად. სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გახარიას ვერ შეაჩერებდნენ.
“ჩორჩანის საგუშაგოს” ხმაურის ფონზე გამართული დისკუსია სიმპტომურია ექსპერტებისთვის.
“დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი მართალია, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ - რომ ერთმა კაცმა [გიორგი გახარიამ] მარტომ შეძლო ქვეყნის დამაქცევარი ღონისძიებების ჩატარება, მაშინ უსაფრთხოების სისტემა რა მდგომარეობაში გვქონია ჩვენ?!
…სუს-ის ყოფილმა უფროსმა თქვა, ტრაქტორებმა მუშაობა რომ დაიწყეს, ჩვენ მაშინ გავიგეთო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ თუ ეს ასე იყო, მაშინ ეს დაქცევაა, რადგან ამ ლოგიკით რუსული საოკუპაციო ჯარების ტანკების მოახლოება შეიძლება მხოლოდ მაშინ გაგვეგო, როდესაც მათ ხმას გავიგებდით ანდა საძინებელში მოგვადგებიან?! ეს არის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა?!” - უთხრა რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა ანდრო გოცირიძემ. 16 ივნისს ჩაწერილი საუბრისას უსაფრთხოების საბჭო მანაც გაიხსენა - განვითარებულ ქვეყანაში აუცილებლად მოიწვევდნენ, თუკი ერთი მინისტრის მხრიდან ამხელა საფრთხეებს ხედავდნენო.
17 ივნისს კი - “ქართული ოცნების” მთავრობამ უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.