სამიტისადმი ასეთ დიდ ინტერსს აღძრავდა მსოფლიოს ორ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოს შორის გამწვავებული ურთიერთობა, რაც უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემოზე.
თანამდებობის დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების ორი წყება დაუწესა, ხოლო სულ რამდენიმე თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს მკვლელი უწოდა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას უწოდა „უპრეცედენტო“ რამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ რუსეთი „აბსოლუტურად მკაფიო“ პასუხს გასცემდა აშშ-ის პრეზიდენტის ამ ნათქვამს.
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინს „ოდესმე აუცილებლად დაელაპარაკება“შესაბამისად, ჟენევის უმაღლესი დონის შეხვედრას უნდა ეპასუხა მთავარი შეკითხვისთვის: მოახერხებდნენ ბაიდენი და პუტინი საერთო ენის გამონახვას ძირითადი პრობლემატური საკითხების გარშემო, თუ შეხვედრა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით შემოიფარგლებოდა.
ჯო ბაიდენი ჟენევაში 15 ივნისს ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტი კი - 16 ივნისს. მაღალ სტუმრებს ვილა ლა გრანჟში შვეიცარიის პრეზიდენტი, გი პარმელენი, დახვდა. მისალმებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ მასპინძელი სტუმრებს დაემშვიდობა, ხოლო ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი თანმხლებ პირებთან ერთად მოსალაპარაკებლად დახურულ კარს მიღმა განმარტოვდნენ.
ელჩების დაბრუნება, ალექსეი ნავალნი და რადიო თავისუფლება
საბოლოო ჯამში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაგეგმილზე მცირედით ხანმოკლე აღმოჩნდა. 5 საათის ნაცვლად, უმაღლესი დონის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა, მთლიანობაში, თავისი შესვენებით.
მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ვილა ლა გრანჟი პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დატოვა, რომელსაც შენობის ეზოში შეკრებილი მრავალრიცხოვანი ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ცერის ზემოთ აწევით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
სამიტის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები შეხვედრის შემდეგ ცალ-ცალკე გამართავდნენ პრესკონფერენციას.
პირველი ჟენევაში აკრედიტებული ჟურნალისტების წინაშე რუსეთის ლიდერი გამოვიდა.
„ჩვენ პირისპირ ორი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენ ასე ყველა ლიდერთან ვსაუბრობთ. შეხვედრაზე არ ყოფილა არანაირი მტრული განწყობა. შეხვედრა ატარებდა პრინციპულ ხასიათს. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ საუბარი ერთობ კონსტრუქციული იყო“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
სამიტის შედეგებთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან მიღწეულია შეთანხმება ელჩების დაბრუნების თაობაზე.
„დიახ, რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას თავიანთ სამუშაო ადგილებზე, მოსკოვში აშშ-ის ელჩისა და, შესაბამისად, ვაშინგტონში - რუსეთის ელჩისას, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ისინი ბრუნდებიან თავიანთი მუდმივი საქმიანობის ადგილებში. თუ კონკრეტულად როდის მოხდება ეს, ხვალ თუ ზეგ, ეს არის წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხი. ჩვენ შევთანხმდით იმაშიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაიწყებენ კონსულტაციებს დიპლომატიურ ტრეკზე ურთიერთობის მთელი კომპლექსის თაობაზე“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ეს მცირე წინგადადგმული ნაბიჯია რუსეთსა და აშშ-ს შორის გაჩაღებული დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე.
ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ჩეხეთის დაბა ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ აშშ-მა გააფართოვა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ მოსკოვის „მავნებლური საგარეპოლიტიკური ქმედებები განსაკუთრებულ საშიშროებას“ უქადის აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამის პასუხად კრემლმა აშშ შეიყვანა მტრული სახელმწიფოების რიცხვში და აუკრძალა აშშ-ის საკონსულოს რუსეთის ფედერაციისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეების სამსახურში დაქირავება. ამასთან, დაპირისპირებულმა მხარეებმა გააძევეს დიპლომატიური თანამშრომლები.
ასევე ნახეთ მოსკოვში აშშ-ის საელჩომ დროებით განაახლა საკონსულო მომსახურება
ბაიდენისა და პუტინის სამიტის წინ როგორც მოსკოვი, ისე ვაშინგტონი მოლაპარაკებაზე განსახილველ საკითხებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ასახელებდა. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინის საკითხზე გარკვეული მსჯელობა მართლაც გაიმართა.
„რაც შეეხება უკრაინას, დიახ, ეს საკითხი წამოიჭრა. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დაწვრილებით, მაგრამ მე რამდენადაც მივუხვდი პრეზიდენტ ბაიდენს, ის თანახმაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგებას საფუძვლად დაედოს მინსკის შეთანხმება. რაც შეეხება ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას, ამ თემას გაკვრით შევეხეთ და აქ განსახილველიც არაფერია“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის მიმართ ნაკისრ ვალდებულებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ ერთადერთი ვალდებულება აქვს: მინსკის შეთანხმების რეალიზების ხელშეწყობა.
- პუტინის თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ კონსულტაციების დაწყებაზე კიბერთავდასხმებისა და კიბერუსაფრთხოების გარშემო.
- რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, რომელსაც პუტინმა „ორგზის მსჯავრდებული“ უწოდა, რუსეთის პრეზიდენტმა არსებითად გაიმეორა ის, რაც მანამდე NBC-ის ჟურნალისტს უთხრა ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუში. „ის შეგნებულად მიდიოდა იმისკენ, რომ დაეპატიმრებინათ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც რუსი ოპოზიციონერი კვლავ დაადანაშაულა კანონის დარღვევაში. პუტინმა დაადასტურა, რომ სამიტის დროს ნავალნის თემა განიხილეს ჯო ბაიდენის ინიციატივით, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია და, ტრადიციისამებრ, არც ნავალნის სახელი უხსენებია.
- ნავალნიზე საუბრის დროს პუტინმა, ფაქტობრივად, აშშ რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ხოლო ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს რუსეთის ლიდერმა „ექსტრემისტული“ ორგანიზაცია უწოდა.
„ეს ორგანიზაცია საჯაროდ მოუწოდებდა მასობრივი არეულობისკენ, ქუჩის აქციებში აბამდა არასწულწლოვნებს, რაც რუსეთში კანონით არის აკრძალული, იძლეოდა ინსტრუქციებს, თუ როგორ მოემარაგებინათ „მოლოტოვის კოქტეილი“ და საქვეყნოდ გამოჰქონდა პოლიციელთა პირადი მონაცემები“,- განაცხადა პუტინმა.
- რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ასევე, რომ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრის დროს წამოიჭრა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, მედიაორგანიზაცია სრულად არ იცავს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონს (რთე/რთ-ი რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნას კი არამართებულად მიიჩნევს), მაგრამ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილული იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.
- რაც შეეხება მის მოხსენიებას „მკვლელად“, რასაც ცოტა ხნის წინ ბაიდენიც დაეთანხმა, ვლადიმირ პუტინმა ამის პასუხად აშშ გააკრიტიკა ერაყში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასა და გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე საიდუმლო ციხის არსებობაში.
დაბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერთან შეხვედრის დროს მათ შორის არ ყოფილა სრული ნდობა, არამედ მხოლოდ „ნდობის ნაპერწკლებმა გაიელვა“.
„მე ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ, სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ. ჩვენ ჩვენი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ და ეს ურთიერთობები ყოველთვის პრაგმატიზმზეა დამყარებული“, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ასევე ნახეთ პუტინი: არ არის აუცილებელი ერთმანეთის სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ
რა უთხრა ბაიდენმა პუტინს თავის მისიაზე, უკრაინასა და ავღანეთზე
ჟენევის სამიტის დაწყების წინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს „ორი დიდი ზესახელმწიფოს“ გადაწყვეტილებაა და თქვა, რომ „ყოველთვის ჯობია პირისპირ შეხვედრა“. იგივე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით პრესკონფერენციაზე, რომელიც მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრიდან ერთი საათის შემდეგ გაიმართა. ჯო ბაიდენმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ მისთვის რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რათა თავიდან აეცილებინა არასწორი ინტერპრეტაციები იმისა, რაც თანამოსაუბრისათვის სურდა ეცნობებინა.
„ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ორი საათი დავყავით და ორივეს გვაკისრია უნიკალური მოვალეობები. ჩვენ შორის არსებობს განსხვავება, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობები. არავითარი მუქარა არ ყოფილა არც ერთი მხრიდან. უბრალოდ, ისმოდა მტკიცებულებები. ჩვენ ვსაუბრობდით საბაზისო საკითხებზე. მე პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი ამოცანა ამერიკელი ხალხის დაცვაა და არა რუსეთისთვის ზიანის მიყენება“, - თქვა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას.
„შეხვედრაზე განვაცხდე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას მინსკის შეთანხმების ფარგლებში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი კვლავაც გააგრძელებს ალექსეი ნავალნისა და ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელთა უფლებები ირღვევა. აქ ბაიდენმა ახსენა ის ამერიკელი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის საპატიმროებში იხდიან სასჯელს.
„მე მას ვუთხარი, როგორ შეიძლება ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და ხმა არ ავიმაღლო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ? მე მას ვუთხარი, რომ თუ ნავალნი მოკვდება, შედეგი რუსეთისათვის დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ჯო ბაიდენმა, რომლის თქმით, პუტინს სულ ჰგონია, რომ აშშ მის „დამარცხებას ცდილობს“ .
„მე ვფიქრობ, რომ პუტინს ყველაზე ნაკლებად სურს ცივი ომი. ეს არ არის არც აშშ-ის და არც რუსეთის ინტერესებში“, - თქვა აშშ-ის პეზიდენტმა.
ადამიანის უფლებების გარდა, ჯო ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს ილაპარაკა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებსა და ბელარუსში შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ აქ პუტინთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჟენევის სამიტზე წამოჭრილა და რაც თავის პრესკონფერენციაზე არ უხსენებია ვლადიმირ პუტინს, ავღანეთის უსაფთხოებას შეეხება. „რუსეთის ინტერესებშიც არის ის, რომ ავღანეთში არ იყვნენ ტერორისტები“, - თქვა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ მან პირდაპირ უთხრა ვლადიმირ პუტინს, რომ ავღანეთის უსაფრთხოების პრობლემა უშუალოდ უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტს.
პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა, საერთოდ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, თუკი ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა და პოზიციების დაახლოება, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს:
„პირველი ესაა იმ სფეროების განსაზღვრა, რომლებშიც ჩვენ შეგვიძლია ურთიერთმოქმედება, მეორეა პირადი შეხვედრა, მესამე - საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება. წინ ბევრი სამუშაოა და მე არ ვამბობ, რომ რაღაც უკვე შევძელით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა განცხადება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ. „ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში ვერავინ იქნება გამარჯვებული და ის არასოდეს არ უნდა გაჩაღდეს. ამ მიზნის მისაღწევად აშშ და რუსეთი უახლოეს ხანში აამოქმედებენ კომპლექსურ ორმხრივ დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე“, - ნათქვამია ამ დოკუმენტში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ჟენევის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამიტი ჩატარდა იმ დროს, როცა პუტინი განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი კონტროლის კონსოლიდაციას, ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნას და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროებას.