ვენეციის კინოფესტივალი - სკანდალი, პოლიტიკა, ხელოვნება

...„ოქროს ლომს“ ნამდვილად არ მოველოდით. ჯიმიც არ ელოდა. სცენაზე ავიდა და სამადლობელი სიტყვა ასე დაიწყო: „ohh Shiiiiit”…

6 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა ვენეციის კინობიენალე - ყველაზე ძველი ფესტივალი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში მუსოლინის ხელშეწყობით დაიბადა.

იმხანად კინო მთავარი მედიუმი იყო, ამიტომ დიქტატორები ფილმის ზემოქმედებას განსაკუთრებით აფასებდნენ. ვიკიპედიაში თუ შეხვალთ და ვენეციის კინოფესტივალის ისტორიას გაეცნობით, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გამარჯვებული ფილმების ჩამონათვალს. 30-იან წლებში აქ ნაცისტური გერმანიის კინო ლიდერობს. თუმცა იტალიურ და საბჭოთა ფილმებსაც წარმატებით უჩვენებენ. სხვათა შორის, ვენეციის კინოფესტივალის პირველ სეანსზე, რომელიც კუნძულ ლიდოზე 1932 წლის 6 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე გაიმართა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ამერიკელი რეჟისორის, რუბენ მამულიანის ფილმი „დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი“ უჩვენეს.

შარშანდელი ფესტივალისგან განსხვავებით (შარშან დეა კულუმბეგაშვილი „აპრილი“ ვენეციის ფესტივალის ჟიურის სპეცპრიზით აღინიშნა), ქართული კინო წლევანდელ პროგრამაში არ ყოფილა. სოციალური ქსელებით შევიტყვე, რომ ბიენალეზე ჩამოვიდნენ ქართველი ქალები, რომლებმაც ვენეციის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გაიარეს. თუმცა ეს არანაირი მიღწევა არაა - გადაიხადე ფული და გინდა გაიარე, გინდა გამოიარე! ფესტივალების სასახლის წინ დაფენილ ხალიჩაზე მთელი დღის განმავლობაში მოძრაობენ კინოვარსკვლავობაზე მეოცნებე გოგო-ბიჭები და ფოტოკორესპონდენტები. რაც შეეხება კინოს... რამდენიც უნდა გადაიხადო, როგორი კავშირებიც უნდა გქონდეს, „ა“ კლასის ფესტივალის კონკურსში ვერ მოხვდები, თუკი ფილმის ხარისხი და მნიშვნელობა არ უპასუხებს კინოს სამყაროში დადგენილ სტანდარტებს. ჩვენ მუსოლინის ეპოქაში არ ვცხოვრობთ, როცა კინოს პოლიტიკური პროპაგანდის საშუალებად განიხილავდნენ.

მიუხედავად ამისა იტალიელი ფაშისტების ლიდერი წელს არაერთხელ გაიხსენეს დაძაბული პოლიტიკური ფონის გამო, რომელიც თან ახლდა ფესტივალს მისი გახსნის პირველივე დღიდან.

„გრანპრის“ სკანდალი

1987 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი სკანდალით დასრულდა. ჟიურის თავმჯდომარემ, ივ მონტანმა „ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატად გამოაცხადა არა თენგიზ აბულაძის „მონანიება“, რომლის გამარჯვებაში თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, არამედ ფრანგი რეჟისორის, მორის პიალას „სატანის მზის ქვეშ“. დარბაზი სტვენით შეხვდა ჟიურის გადაწყვეტილებას. სცენაზე ასულმა პიალამ განაცხადა: „თუ თქვენ არ გიყვარვართ, მეც მეზიზღებით...“ აბულაძის ფილმისთვის მინიჭებულმა „გრანპრიმ“ არ დააკმაყოფილა პერესტროიკის ეპოქის საბჭოთა კინემატოგრაფიული სამყარო, რომელიც „მონანიებას“ ახალი ეპოქის მთავარ ფილმად აღიქვამდა. მახსოვს ჩემი ერთი მოსკოველი კოლეგის სიტყვებიც: „ივ მონტანი კომუნისტია და როგორც ჩანს, ვერ ეგუება კომუნიზმის ნგრევას მსოფლიოში“.

ეჭვი და შეთქმულების თეორიები არ აკლდა არც ვენეციის წლევანდელი ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ „გრანპრით“ აღენიშნათ ფილმი, რომლის პრემიერას მაყურებლის სარეკორდო ხანგრძლივობის ტაში (23 წუთი!) მოჰყვა ვენეციის ბიენალეს ისტორიაში. ფესტივალი ჯერ დაწყებული არ იყო, როცა კრიტიკოსები „ოქროს ლომს“ უწინასწარმეტყველებდნენ ტუნისელი რეჟისორის, კაუტერ ბენ ჰარიას ფილმს „ჰინდ რაჯაბის ხმა“ - ღაზაში, მანქანაში გამოკეტილ 5 წლის გოგონაზე, რომელიც დახმარებას სთხოვს წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომლებს. ფილმის პრემიერამდე 2 დღით ადრე კუნძულ ლიდოზე პალესტინის მხარდამჭერი გრანდიოზული აქცია გაიმართა - საპროტესტო პლაკატები წითელ ხალიჩასთანაც გაშალეს. ზოგიერთი დემონსტრანტი ისრაელში მოღვაწე კინემატოგრაფისტების მიმართ ბოიკოტის გამოცხადებას და ისრაელში გადაღებული ფილმების „გაუქმებას“ მოითხოვდა. დემონსტრანტებს ვენეციის ფესტივალის სტუმრებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა, მათ შორის ჰოაკინ ფენიქსმა, რომელსაც ბრედ პიტთან და ჯონათან გლეიზერთან ერთად მადლობას უხდიან „ჰინდ რაჯაბის ხმის“ ავტორები ფილმის ფინალურ ტიტრებში.

ტუნისური ფილმის ეს ფინალური ტიტრები მედიისთვის გამართულ სეანსზეც ტაშის, კმაყოფილი შეძახილების ფონზე იცვლებოდა. „ჰინდ რაჯაბის ხმა“, რომელშიც ერთმანეთს უკავშირდება დოკუმენტური (დახმარების მოლოდინში მყოფი ბავშვის ავთენტიკური ხმა) და მხატვრული (ოფისის თანამშრომლების როლებს პალესტინელი მსახიობები თამაშობენ), უაღრესად ემოციური ფილმია თავისი შინაარსით. თუმცა ვენეციის ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილება, გადაეცეს კაუტერ ბენ ჰარიას მხოლოდ რიგით მეორე მნიშვნელობის პრიზი, სრულიად მართებულად მიმაჩნია... და არა იმიტომ, რომ „ჰინდ რაჯაბის ხმა“ "მანიპულირებადი კინოა", რომელიც მაყურებლის ემოციებზე თამაშობს. „მანიპულირებადი კინოს“ არაერთი შედევრი გვახსოვს კინოს ისტორიაში... ფილმის ნაკლი უფრო გათამაშებულის და ნამდვილის გამთლიანების უუნარობაა, რაც ბენ ჰარიას წინა ფილმებშიც აშკარა იყო. პედალი, რომელსაც ფაქტობრივად პირველივე ეპიზოდიდან ხმარობს ავტორი, საერთოდ არ სჭირდება ამ ტრაგიკულ ისტორიას. შესაბამისად, ემოცია, რომელსაც ბადებს ამბავი არის უფრო რეაქცია ამბავზე და არა ფილმზე, როგორც მხატვრულ ნაწარმოებზე. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო „მონანიების“ პრობლემაც, რომელიც სავარაუდოდ 1987 წლის კანის ფესტივალის ჟიურიმაც შენიშნა. თუმცა, როგორც ამბობენ, ვენეციის წლევანდელი ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაუჭირდა, ვიდრე ივ მონტანის მსაჯულებს.

"კრიტიკოსები „ოქროს ლომს“ უწინასწარმეტყველებდნენ ტუნისელი რეჟისორის, კაუტერ ბენ ჰარიას ფილმს „ჰინდ რაჯაბის ხმა“... ისიც გავიგეთ, ვინ არ დაუჭირა მხარი „ოქროს ლომით“ ტუნისური ფილმის აღნიშვნას..."

6 სექტემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ვენეციის ბიენალეს საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეთერი მოულოდნელად შეწყდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრიზების გადაცემის შემდეგ. პაუზა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟიურის ზოგიერთი წევრი სცენაზე გამოსვლაზე უარს ამბობდა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღეს მსაჯულებმა ამერიკელი რეჟისორის ალექსანდრ პეინის ხელმძღვანელობით. ისიც გავიგეთ, ვინ არ დაუჭირა მხარი „ოქროს ლომით“ ტუნისური ფილმის აღნიშვნას - ალექსანდ პეინმა (ჟიურის თავმჯდომარეს ორი ხმა აქვს) და შესანიშნავმა ბრაზილიელმა მსახიობმა ფერნარდა ტორესმა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა წელს ამერიკული „ოსკარით“ აღნიშნულ ფილმში „მე ისევ აქ ვარ“.

პრიზების განაწილებამ, ვფიქრობ, მხოლოდ ჯიმ ჯარმუშის ფანები გაახარა. თუმცა „ოქროს ლომი“ ფილმისთვის „მამა, დედა, და-ძმა“ მათთვისაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზეწოლამ, რომელსაც ჟიური და ფესტივალის დირექცია ვენეციის კინობიენალეს გახსნის დღიდან ერთდროულად ორი მხრიდან განიცდიდა. ხალხი, - ვინც არ მიჯნავს ერთმანეთისგან კინოს და პოლიტიკას, ადანაშაულებს თანამედროვე კინოს სამყაროს გულგრილობაში იმის მიმართ, რაც დღეს ღაზაში ხდება, - დაჟინებულად მოითხოვდა „ოქროს ლომს“ ფილმისთვის „ჰინდ რაჯაბის ხმა“, მაგრამ საკმაოდ თვალსაჩინო იყო ზეწოლა მეორე მხრიდანაც. „ლენი რიფენშტალის ფილმსაც ოვაციებით შეხვდნენ. ბარემ აღადგინეთ მუსოლინის პრიზი და გადაეცით ტერორისტებს“, - დაწერა ფეისბუკში ერთმა რუსმა კინოკრიტიკოსმა, რომელიც პუტინის რეჟიმს გაექცა და დღეს ისრაელში ცხოვრობს.

რუსებს უკავშირდება წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი სკანდალი - რეაქცია რუსეთის დროშაზე, რომელიც ფესტივალის გახსნის დღეს ლიდოზე, ვენეციის კინობიენალეს სასახლეზე ჩამოკიდეს. ფესტივალის დირექციამ ეს სიახლე იმით ახსნა, რომ ბიენალეს პროგრამებში წელს რუსი რეჟისორების 3 ფილმი იყო ჩართული. ერთ-ერთმა, ნასტია ქორქიამ პრიზიც მოიპოვა საუკეთესო დებიუტისათვის (ფილმი „მოკლე ზაფხული“). მიუხედავად იმისა რომ სამივე ეს ფილმი დასავლური ფულითაა გადაღებული, ქორქია კი საერთოდ არ ცხოვრობს რუსეთში (იგი ერთადერთი იყო ვინც დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინის ომი ახსენა), ფესტივალის სასახლეზე აფრიალებულ სამფერ დროშას საპროტესტო განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დებატები გაიმართა თავად უკრაინელებს შორისაც. არაერთგვაროვანი იყო მათი რეაქცია კიეველი დოკუმენტალისტის და პროდიუსერის ალექსანდრ როდნიანსკის ფილმზე „ნამდვილი კრიმინალის ჩანაწერები“, რომელშიც პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერი ცდილობს გააერთიანოს მეოცე საუკუნის უკრაინის ისტორია და პირადი ბიოგრაფია. ვენეციაში როდნიანსკის რუს ბიზნესმენებთან, მათ შორის, დასანქცირებულ ბიზნესმენებთან მეგობრობა გაახსენეს.

ჩემი აზრით, ამ ძალიან საინტერესო ფილმის პრემიერა ერთგვარად დაჩრდილა ზუსტად ამავე თემაზე გადაღებულმა, ოღონდ მხატვრულმა ფილმმა - ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის „კრემლის ჯადოქარმა“, რომელიც ფესტივალის გახსნამდე ასევე „ოქროს ლომის“ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.

ჯუდ ლოუ - პუტინი და სხვები

ჯულიანო და ემპოლი, ავტორი წიგნისა „კრემლის ჯადოქარი“, რომლის ეკრანიზაციაა ასაიასის ფილმი, თავის დროზე ვენეციის ბიენალეს აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო, ამიტომ ევროპაში დღეს საკმაოდ პოპულარულ პოლიტიკურ ესეისტს და მწერალს ვენეციის ფესტივალი „შინაურ კაცად“ აღიქვამს. „კრემლის ჯადოქარი“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიან შეჭრამდე დაიწერა. ასაიასს, ცხადია, შეეძლო დაემატებინა უკრაინის ამბები და ამით უფრო აქტუალური გაეხადა ეს ფილმი კრემლის პოლიტტექნოლოგ ვადიმ ბარანოვზე, რომელიც ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის სავარძლამდე მიიყვანს. მაგრამ ეს უკვე სხვა კინო იქნებოდა, იქნებოდა უფრო პუტინის და არა ვადიმ ბარანოვის, ანუ რეალური ისტორიული პიროვნების, პუტინის ყოფილი მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის ბიოგრაფია. კი, ფილმის მთავარ გმირს გვარ-სახელი შეცვლილი აქვს. განსხვავებით სხვა პერსონაჟებისგან. „კრემლის ჯადოქარში“ პუტინის გარდა, რომელსაც ჯუდ ლოუ მართლაც შესანიშნავად ასახიერებს (არ „აკოპირებს“... სწორედაც რომ თამაშობს პუტინს), შევხვდებით ბორის ბერეზოვსკის, ედუარდ ლიმონოვს, გარი კასპაროვს... ბადრი პატარკაციშვილსაც კი. მაგრამ მთავარი აქ პოლ დანოს მიერ განსახიერებული კრემლის ნაცრისფერი კარდინალია ბარანოვი-სურკოვი, საბჭოთა ეპოქაში, კომპარტიის ელიტარულ სივრცეში გაზრდილი, განათლებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჯერ შექმნის პუტინს, შემდეგ კი მას დაშორდება...

“კრემლის ჯადოქარს“ მაგრად მოხვდა იმ ხალხისგან, ვინც თანამედროვე რუსეთის ისტორია კარგად იცის... ვენეციის ფესტივალს ესწრებოდნენ ადამიანები, რომლებიც თავადაც მონაწილეობდნენ პოსტსაბჭოთა რუსული სახელმწიფოს მშენებლობაში. ასაიასის ფილმს მათ "клюква” („შტოში", "კენკრა") შეარქვეს, „პრიალა ფილმი“, განკუთვნილი იმისთვის, „ვისაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს რუსეთზე“.

მე კი მგონია, რომ „კრემლის ჯადოქარს“ არც აქვს პრეტენზია ისტორიულ სიმართლეზე და მითუმეტეს, რუსეთის, თუ პუტინის დახასიათებაზე. გასაგები მიზეზების გამო ფილმი არა რუსეთში, არამედ რიგაშია გადაღებული. მსახიობები საუბრობენ ინგლისურად (ღიმილს ბადებს სცენები ერთმანეთთან, ინგლისურად მოსაუბრე პუტინით და სურკოვით). ძალიან ზედაპირულად თუ შევხედავთ (როგორც „კენკრას“), „კრემლის ჯადოქრის“ მთავარი გზავნილი იქნება კატეგორიული უარი ე.წ. „იდუმალი რუსული სულის“ არსებობაზე, იმის თქმა, რომ მიუხედავად შანსისა გადაქცეულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ტოტალიტარიზმი რუსეთის ბუნებრივი მდგომარეობა აღმოჩნდა. მაგრამ ასაიასის ფილმის ღირსება სწორედ ის მგონია, რომ „კრემლის ჯადოქარი“ ამ ზედაპირზე არ რჩება. ფილმში მნიშვნელოვანია რუსეთის ისტორიის ის გარდამტეხი ეტაპი, როდესაც პუტინი ემიჯნება მემარჯვენე-ლიბერალურ ელიტას და სწორედ სურკოვის რჩევით დასაყრდენს ეძებს ნაციონალისტურ, პროფაშისტურ და პრობოლშევიკურ ჯგუფებში.

„რუსეთი ცნობს მხოლოდ მმართველობის ვერტიკალურ ფორმას“ - გაისმის ეკრანიდან, რაც ძალაუნებურად დააფიქრებს მაყურებელს - სად, პლანეტის რომელ კუთხეში დაგვრჩა დღეს ჰორიზონტალური მმართველობა?

ჯუდ ლოუ

კლასიკოსების დარდები

ვენეციის კინოფესტივალი, არსებითად, ისევე როგორც კანისა, „სახელების დათვალიერებაა“. იშვიათია თანამედროვე „საავტორო კინოს“ რომელიმე ლიდერის ფილმი შემრჩევმა კომისიამ ნახოს და დაიწუნოს. უბრალოდ, შესაძლებელია ავტორს კონკურსგარეშე პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზონ, რასაც ზოგიერთი რეჟისორი არ თანხმდება ხოლმე. მაგრამ ეს უფრო მაისში, კანში, რადგან ხელმეორედ ცდიან ბედს ვენეციის ფესტივალის კონკურსისთვის. აი, უარი ვენეციის ბიენალეში მონაწილეობაზე ფილმის რეჟისორს და პროდიუსერს შეიძლება ძვირად დაუჯდეს. კინოს სამყაროში არაფერი იმალება და ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება.

წელს ვენეციის კონკურსისთვის დაიწუნეს, მაგრამ ფესტივალის პროგრამაში მაინც ჩართეს ლუკა გუადანინოს „ნადირობის შემდეგ“ ჯულია რობერტსით მთავარ როლში; ჯულიან შნაბელის „დანტეს ხელებში“; გას ვან სენტის „ასაფეთქებელი მოწყობილობა“; ვერნერ ჰერცოგის „სპილოები-აჩრდილები“... საკმაოდ ორაზროვანია ხოლმე ე.წ. „გახსნის ფილმის“ ბედი. ცხადია, ფესტივალის გახსნა დიდი პატივია რეჟისორისთვის, თუმცა იშვიათია შემთხვევა ფესტივალის პირველ სეანსზე ნაჩვენებ ფილმს (მათ შორის, საკონკურსოს) მოეგოს „ოქროს პალმა“ კანში, ან „ოქროს ლომი“ ვენეციაში. ვენეციის წლევანდელი ფესტივალი გაიხსნა იტალიური კინოს ერთ-ერთი ლიდერის, პაოლო სორენტინოს ფილმით „მადლი“.

ესაა ამბავი იტალიის პრეზიდენტზე (სორენტინოს საყვარელი მსახიობი ტონი სერვილიო ვენეციის ფესტივალის ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ცნო), რომელმაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე უნდა მიიღოს კანონი ევთანაზიის შესახებ და პატიმრობის ვადა შეუმციროს მკვლელობისთვის დაპატიმრებულებს. როგორც გვიანდელი სორენტინოს ყველა ფილმში, კლიპის ესთეტიკა (საუკეთესო საუნდტრეკი) ერთი წამითაც არ მოგაწყენთ, თუმცა, ვფიქრობ, სიცარიელის განცდა მაინც დაგრჩებათ.

იგივე შეიძლება ითქვას ფრანსუა ოზონის „უცხოზე“, ალბერ კამიუს ტექსტის რიგით მეორე ეკრანიზაციაზე კინოს ისტორიაში. პირველს, სრულიად წარუმატებელს, მისმა ავტორმა ლუკინო ვისკონტიმ, 60-იან წლებში „დაწყევლილი“ უწოდა... მას შემდეგ ვერავინ გაბედა კამიუს გენიალურ ნაწარმოებთან შეჭიდება კინოში. ოზონის სითამამემ და ამბიციურობამ უთუოდ გაზარდა მისი ახალი ფილმის მიმართ ინტერესი, თუმცა, ვფიქრობ, ბევრი არ მოელოდა მისგან აქცენტების ასეთ თავისუფალ გადანაცვლებას კამიუს ტექსტში, კერძოდ, კოლონიზაციის თემის მნიშვნელობის გამოყოფას და წიგნზე მეტად გაძლიერებულ მახვილს მისი ბოლო ფილმებისთვის დამახასიათებელ ანტიკათოლიკურ მოტივებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრანსუა ოზონის „უცხო“ ამ „შეუმდგარი ფრანგი ფასბინდერის“ კიდევ ერთი ფრიადოსნული ფილმია მსახიობ ბენჟამენ ვუაზენის თითქმის ანგელოზად ქცეული მერსოთი. ყველაფერი სწორია, ყველაფერი მაღალ დონეზეა როგორც ოზონის სხვა ფილმებში, მაგრამ ძარღვი და მასშტაბი ისევ აკლია. უსისხლოა - გაკეთებული და შეკოწიწებული.

ვენეციის ფესტივალის წლევანდელი პროგრამით თუ ვიმსჯელებთ, დიდ ოსტატებს, თანამედროვე საავტორო კინოს კლასიკოსებს სულ უფრო ნაკლებად აქვთ სურვილი რაღაც შეცვალონ იმ ენაში, რომელმაც მათ სახელი და წარმატება მოუტანა. ფორმა იხვეწება, ზოგჯერ იმდენად იხვეწება, რომ იქმნება შთაბეჭდილება, დიდი ავტორის ოსტატობა თვითტკბობაში გადადის. საგულისხმოა ამ მხრივ კორეელი რეჟისორის პაკ ჩხან უკის ვენეციის ბიენალეს კონკურსში ჩართული ფილმი „გამონაკლისის მეთოდი“, ფრანგი რეჟისორის, კოსტა-გავრასის “ნაჯახის“ (2005) რიმეიკი (ამ ფილმს მეორე სახელიც აქვს - „გილიოტინა“), რომლის მოქმედება პარიზიდან თანამედროვე სეულშია გადატანილი.

„გამონაკლისის მეთოდის“ გმირია მოსიყვარულე ოჯახის მამა, ქაღალდის წარმოების გამოცდილი მენეჯერი, რომელიც ქუჩაში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მის ქარხანას ამერიკელები იყიდიან და თანამშრომლების შემცირებას დაიწყებენ. სასოწარკვეთილი კაცი გადაწყვეტს... დახოცოს თავისი კონკურენტები. ამის შემდეგ სოციალური დრამა ტრილერში გადაიზრდება. როგორც კორეელი რეჟისორი ჰყვება, მას წლები დასჭიდა, რათა კოსტა-გავრასისგან ფრანგული ფილმის რიმეიკის გადაღების უფლება მიეღო. არ ეშვებოდა. სასოწარკვეთილი ელოდებოდა პასუხს. თუმცა ჩემთვის მაინც გაუგებარი რჩება, რის დამატებას აპირებდა კორეელი რეჟისორი ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში ფრანგული კინოს ისტორიაში. რა არ თქვა კოსტა-გავრასმა, რა დააკლდა კორეელ რეჟისორს? „გამონაკლისის მეთოდით“ თუ ვიმსჯელებთ, დააკლდა მხოლოდ კინემატოგრაფიული ეფექტები - კამერის ტრაექტორიის მუდმივი ცვლა, რთული სივრცითი კონსტრუქციები, განსხვავებული მასშტაბების შეჯახება, კინემატოგრაფიული სახეების ნამდვილი ბალეტი („მექანიკური ბალეტი“?) - ის, რაც ყოველთვის ხიბლავდა კინოს მოყვარულებს პაკ ჩხან უკის ფილმებში... ირონია კაპიტალიზმის მიმართ დარჩა (თუმცა ჩემი აზრით, კოსტა-გავრასთან უფრო მწარე იყო), მაგრამ ფორმალურმა სიცივემ თითქმის არ დატოვა ადგილი თანაგრძნობისთვის და ტრაგიფარსის გააზრებისთვის.

რიმეიკია კიდევ ერთი დიდი ოსტატის, ვენეციის ფესტივალის „ოქროს ლომის“ ლაურეატის, იორგოს ლანთიმოსის „ბუგონია“. სხვათა შორის, კორეული ფილმის, „მწვანე პლანეტის გადარჩენის“ რიმეიკი. ჯესი პლემონსის გმირი ერთი უიღბლო კონსპიროლოგია, რომელიც დარწმუნებულია უცხოპლანეტელების შეთქმულებაში და იმაში, რომ მიშელი, რომელსაც ლანთიმოსის მუზა, ემა სტოუნი განასახიერებს, ანდრომედეს გალაქტიკიდან მოვლენილი ბოროტი ძალაა. სანახავად სახალისო, ბრწყინვალედ აწყობილი და რაც მთავარია, შესანიშნავად გათამაშებული ფილმი (ჯესი პლემონსის და ემა სტოუნის დუეტი ნამდვილად იმსახურებდა პრიზს საუკეთესო სამსახიობო დუეტისთვის), რომელიც შუა ნაწილში ტემპს კარგავს, მაგრამ ძალიან ეფექტური ფინალი აქვს, ჰგავს უფრო დიდი ოსტატის პაუზას (იმედია!), შესვენებას, ხუმრობას... მაგრამ ამავე დროს, ნაწილია იმ ტენდენციისა, რომელიც გამოიკვეთა წლევანდელ ვენეციის ფესტივალზე, როგორც კარგ, ასევე სრულიად მეორეხარისხოვან ფილმებში. ესაა პანიკა! სამყაროს დასასრულის მოლოდინი, რომელიც ზოგიერთ ფილმში უბრალოდ ისტერიკაში გადაიზრდება. დაუმატეთ ამას „ბუგონიას“ ბრტყელი იუმორი, ადამიანის წამების ესთეტიზაცია, ხორხოცი ტკივილზე და შეიძლება გაგიელვოთ აზრმა, რომ ნიჭიერ კაცს, იორგოს ლანთიმოსს შემოქმედებითი პაუზა მეტისმეტად გაუგრძელდა.

"ნეტფლიქსი" კინოს წინააღმდეგ

მუსოლინის მიერ დაარსებულ ვენეციის ფესტივალს თავიდანვე გამოუჩნდნენ ოპონენტები კინოს სამყაროში. 1938 წლის ვენეციის კინობიენალე სკანდალით დასრულდა. შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა პროტესტი გამოთქვეს ჟიურის გადაწყვეტილებაზე, დაეჯილდოებინათ მთავარი პრიზით ლენი რიფენშტალი ფილმისთვის „ოლიმპია“. სწორედ მაშინ გადაწყდა საფრანგეთის პატარა ქალაქ კანში დაარსებულიყო ახალი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის გამართვა 1939 წლის სექტემბრისთვის დაიგეგმა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ კანის კინოფორუმის ჩატარება შეუძლებელი გახადა, თუმცა ომის დასრულებისთანავე ფესტივალი გაიხსნა და დაიწყო დაპირისპირების ისტორია „ა“ კლასის ორ დიდ კინოდათვალიერებას შორის.

მსოფლიო კინოს სამყაროში გავრცელებულია აზრი, რომ ბოლო დროს ამ დაპირისპირებაში ლიდერის პოზიცია ვენეციის კინოფესტივალმა დაიკავა. ასახელებენ კიდეც ვენეციის ბიენალეს პრემიერებს - ფილმებს, რომლებსაც შემდგომში წარმატებით უჩვენებენ მსოფლიო ეკრანებზე. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ კინოვარსკვლავებით უფრო მდიდარი წითელი ხალიჩა ვენეციაში და ბლოკბასტერების სიუხვე არის შედეგი კანის ფესტივალის პრინციპული გადაწყვეტილებისა არ დაუშვას საკონკურსო პროგრამაში ფილმები, რომლებიც ონლაინპორტალების საკუთრებაა... სხვა რომ არაფერი, საფრანგეთის კანონმდებლობა მოითხოვს ამას - ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნება კანის ფესტივალის კონკურსში, მაყურებელმა პირველად კინოთეატრში უნდა ნახოს.

ასე დაეკეტა გზა „ნეტფლიქსს“ კანის ფესტივალზე, თუმცა მწვანე შუქი აენთო ვენეციის ბიენალეზე, სადაც წელს, ისევე როგორც შარშან და შარშანწინ, „ნეტფლიქსის“ პროდუქცია ვიხილეთ. საინტერესოა, რომ ვენეციის საკონკურსო პროგრამაში ჩართული „ნეტფლიქსის“ სამივე ფილმი დელ ტოროს „ფრანკენშტაინი“, ნოა ბაუმბახის „ჯეი კელი“ და კეტრინ ბიგელოუს „დინამიტის სახლი“, ფესტივალის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმები, ჟიურის პრიზების გარეშე დარჩა. „ჯეი კელი“ კრიტიკოსთა რეიტინგების აუტსაიდერი იყო ფესტივალის ბოლომდე. „ფრანკენშტაინის“ და „დინამიტის სახლს“ კი ვერც რეჟისორების ავტორიტეტმა უშველა და ვერც მთავარი როლების შემსრულებელმა ვარსკვლავებმა. ორივე შემთხვევაში რჩება „დაკვეთის“ შთაბეჭდილება - უბრალოდ „ნეტფლიქსშიც“ მოინდომეს ჰქონდეთ თავიანთი „ფრანკენშტაინი“ (ვინ დათვლის მერი შელის გოტიკური რომანის მერამდენე ეკრანიზაცია) და პოლიტიკური ტრილერი, რომელიც დღევანდელი დასავლეთის სურათს დაუტოვებს ისტორიას. ჰო, მთავარია, ავტორი დაემორჩილოს „ნეტფლიქსის“ სტანდარტებს, რომლებიც უკვე კარგად მაგრად დაგვაზეპირებინეს - უსაშველოდ გრძელ ექსპოზიციას, გაუთავებელ დიალოგებს და მონოლოგებს, მუდმივ დარტყმებს და აფეთქების ხმებს კადრს მიღმა, სისხლის შხეფებით მორწყულ სახეებს და პურიტანობას, რათა კინოს „ოჯახებით ყურება“ შესაძლებელი გახდეს. გულდასაწყვეტია, რომ სამივე ფილმს გამორჩეული ავტორი ჰყავს თანამედროვე კინოხელოვნებაში. თუმცა სახელი, ავტორიტეტი და ალბათ, „ნეტფლიქსის“ შესაძლებლობებიც, სამივე ფილმს უტოვებს შანსს მომავალი წლის დასაწყისში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის ვნახოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება კინოში და ზოგადად, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე - ტოტალური კონფორმიზმის ვითარებაში მეტი შანსი ექნება „ჯეი კელის“, მელანქოლიურ-საშობაო ამბავს ჰოლივუდის ვარსკვლავის (ჯორჯ კლუნი) ბრძოლაზე ეგზისტენციალურ კრიზისთან. ბლოკბასტერების დეფიციტს „ფრანკენშტეინი“ გადაარჩენს, ფილმი, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ გილერმო დელ ტოროს მოტივაციაზე...

რატომ შეიძლებოდა დიდი რეჟისორი დათანხმებულიყო ძვირად ღირებული და ცარიელი „დისნეილენდის“ გადაღებაზე? და ბოლოს, თუკი რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოს (მათ შორის, შეერთებულ შტატებს) არა მარტო დრონებს, არამედ რაკეტებს შეუსევს, დიდი შანსია, წინასწარმეტყველებად მოინათლოს კეტრინ ბიგოლოუს მიერ დადგმული შეტევა „თეთრ სახლზე“ და ამერიკის პრეზიდენტზე...“მშვიდობისკენ მოწოდებასა“ და „ნუ იქნება ოღონდ ომის“ რიტორიკაზე რომ არაფერი ვთქვათ ფილმში „დინამიტის სახლი“. „სამშვიდობო კონფორმიზმი“ დღეს არა მარტო საქართველოშია მოდური.

კარგი კინოს ბრძოლა არსებობისთვის

ფესტივალის დახურვამდე 2 დღით ადრე ჯიმ ჯარმუშს შუაღამეს ვენეციის ერთ პატარა მოედანზე გადავეყარეთ. ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრა, „სელფი“ არ მიყვარსო. რაც არ გამკვირვებია. როგორი გაბედული, როგორი „ხულიგნურიც“ არ უნდა იყოს კინო, რომელსაც იღებს, ცხოვრებაში ჯიმ ჯარმუში მორცხვიცაა და უჟმურიც ერთდროულად... ეს ერთდროულობა მისი საყრდენია, მისი იდენტობაა, ზუსტად ისაა, რაც, წესით, ყველა „კინოს კაცს“ უნდა ახასიათებდეს.

ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი „მამა, დედა, და-ძმა“ ფესტივალის პირველ დღეებში უჩვენეს. საზეიმო დახურვამდე რეჟისორის ხილვამ ვენეციაში დაგვაიმედა, რომ ჯიმი დირექციამ პრიზისთვის დატოვა. თუმცა „ოქროს ლომს“ ნამდვილად არ მოველოდით. ჯიმიც არ ელოდა. სცენაზე ავიდა და სამადლობელი სიტყვა ასე დაიწყო: „ohh Shiiiiit”… აი სელფი კი მაინც გადაიღო ვენეციის 82-ე ფესტივალზე გამარჯვებულ ხალხთან ერთად. ჩემი აზრით, კარგ ხალხთან! ალექსანდრ პეინის ჟიურიმ ჯილდოს გარეშე არცერთი კარგი ფილმი არ დატოვა. პრიზი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ვალერი დონზელის მცირებიუჯეტიანი ფრანგული ფილმისთვის „სამუშაოდ“. არსებითად ესეც რიმეიკია - გენიალური რობერ ბრესონის „ჯიბის ქურდის“(1959) რიმეიკი, ოღონდ უფრო კამათი კლასიკოსთან მისივე ენით.

ბრესონის პერსონაჟი ჯიბის ქურდია, რომლისთვისაც ქურდობა არა მარტო ჰობი, არამედ „შემოქმედებითი აზარტია“, თავგადასავლის გააზრების საშუალება. ფილმში „სამუშაოდ“ მსახიობ ბასტიან ბულონის პოლი, საშუალო ასაკის პარიზელი, ხდება „ხელოსანი გამოძახებით“, „შავი მუშა“ არა მარტო იმისთვის, რომ თავი ირჩინოს, არამედ ურთიერთობისთვის, გამოცდილებისთვის, აზარტისთვის... რათა გამოცდილებამ წიგნი დააწერინოს, წიგნი, რომელიც ამ შეუმჩნეველ, არაფრით გამორჩეულ პერსონაჟს წარმატებას მოუტანს ცხოვრებაში. ბრესონის ესთეტიკა - ამბის თხრობა დეტალების აქცენტებით, სიტყვისა და გამოსახულების მუდმივი კონტრაპუნქტი, ემოციების გამოხატვისგან თავშეკავება და პრინციპული უარი პედალის გამოყენებაზე, ბრახა-ბრუხის მოყვარულებს არ დააინტერესებს. მით უფრო დასაფასებელია ვენეციის ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილება მხარი დაუჭირონ პოეზიას კინოში და არა კვაზიდისნეილენდს... და ეს გადაწყვეტილება არ უნდა გავიგოთ, როგორც ევროპული კინოს მხარდაჭერა ამერიკული კინოს წინააღმდეგ. ბოლოსდაბოლოს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადასცეს ამერიკელს, ბენი საფდის, ფილმისთვის „დამმსხვრევი მანქანა“, ყოფილი მებრძოლის და მოჭიდავის, მარკ კერის ბიოგრაფიულ დრამას, გადაღებულს ჯონ კასავეტისის კინოს სტილში, დუეინ ჯონსონის მიერ შესრულებული დაუვიწყარი როლით.

რომ აღარაფერი ვთქვათ „ოქროს ლომზე“, რომელიც ჟიურიმ წინააღმდეგობის, ზეწოლის (როგორც ამბობენ, შანტაჟისაც კი) მიუხედავად, გადასცა კინოს და არა მოგებიან ბლოკბასტერს, ანდა უბრალოდ, პოლიტიკურ მანიფესტს.

გაზაფხულზე ხმა გავრცელდა, რომ „მამა, დედა, და-ძმა“ , პროექტი, რომელზეც ჯიმ ჯარმუში რამდენიმე წელია მუშაობდა, მაისში, კანის ფესტივალზე იქნებოდა წარმოდგენილი. მაგრამ კანში ჯარმუში ვერ ვნახეთ, რამაც ბევრი დააეჭვა ამერიკელი დამოუკიდებლის, შესაძლებელია დღეს კინოს სამყაროში ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამოუკიდებლის ფილმის ხარისხში. ვფიქრობ, ამიტომ არ იგრძნობოდა ვენეციაში რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი ჯარმუშის ახალი ფილმის მიმართ. მაგრამ „მამა, დედა და და-ძმა“ ის კინოა, რომელიც პირველივე კადრით შეგიყვარდებათ. არ ვაჭარბებ - ამ ფილმში სწორედ კადრი გაყვარებს კინოსაც და სიცოცხლესაც.

„აი, ადამიანი, რომელიც სადილობს, სძინავს, ტირის.. აი, ადამიანია ჩვენ თვალწინ და ჩვენ შეგვიძლია მისი ჭვრეტა, შეგვიძლია ჩავწვდეთ მისი ცხოვრების ყოველი წამის კონკრეტულ შინაარსს“, - ასე აღწერა იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ჩეზარე ძავატინიმ კინემატოგრაფი დიდი, დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში. და თითქოს ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი აღწერა - სამი ისტორია, თითქოს არაფერი რომ არ აქვს საერთო, გადაბმული ლეგატოს პრინციპით, გამოძახილებით, „მისამღერებით“, კონტრაპუნქტებით... სამი ამბავი მამებზე და შვილებზე, დედებზე და შვილებზე, მთლიანობის რღვევაზე, ადამიანების სურვილზე, როგორმე გამთლიანდეს დაშლილი და განცალკევებული... მხოლოდ სურვილზე. ფარისევლობა, ყალბი თავაზიანობა, სიცრუე, რომელიც თან ახლავს შვილების ვიზიტებს მამასთან პირველ ნოველაში და დედასთან მეორეში, აბსოლუტურად გაწონასწორებულია მესამე ნოველით და მთელი ფილმის ფორმით, უფრო სწორად კინოს ენით. ჯარმუში გვაჯილდოებს დაკვირვების სიამოვნებით და გვარწმუნებს - ძალიან მაგარი განცდაა, როცა ხვდები, რომ შენ შეგიძლია ჭვრეტა და რაღაც ახლის აღმოჩენა ადამიანში, სამყაროში. ასეთ დროს ეკრანზე, სრულიად ყოფითი რიტუალიც კი, მაგალითად წყლის, ჩაის თუ ყავის დალევა, უმაღლეს პოეზიად გეჩვენება. ჯარმუში თავის სხვა ფილმებშიც ახერხებდა ყოფითი რიტუალის წარმოდგენას ლამის ღვთაებრივ სანახაობად, მაგრამ ასეთი ძალით, ვფიქრობ, მხოლოდ „პატერსონში“ შეძლო... „პატერსონი“, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, 2016 წლის კანის ფესტივალზე საერთოდ პრემიის გარეშე დატოვეს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს სამართლიანობამ გაიმარჯვა და დიდმა ავტორმა „ა“ კლასის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.

„ლომის“ გადაცემის შემდეგ კი თქვა, კინოს შეჯიბრებისთვის არ ვიღებო, მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ არ გაუხარდა. იქნებ იმ ღამეს უბრალოდ ღელავდა ფესტივალის შედეგების გამოცხადების წინ და იმიტომ გვითხრა უარი „სელფიზე“?