მოკლედ
- უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მუშაობას აგრძელებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს
- გეგმა, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულია, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის კონტროლის ქვეშ გადასცემასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს ითვალისწინებს
- ზელენსკი აცხადებს, რომ ერის მხარდაჭერით ეცდება გეგმის პირობების შეცვლას, რათა დაიცვას უკრაინის ღირსება და თავისუფლება
უკრაინის პრეზიდენტი ხალხის მხარდაჭერის დადასტურებას ითხოვს "ქვეყნის ისტორიაში] ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს" - როცა აშშ კიევისგან წინააღმდეგობრივი „სამშვიდობო გეგმის“ ხელმოწერას მოითხოვს.
- აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News -ისთვის პარასკევს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი კვირის ხუთშაბათი [27 ნოემბერს] უკანასკნელი ვადაა, როცა ხელი უნდა მოეწეროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმას.
- პრეზიდენტმა ზელენსკიმ 21 ნოემბერს დაადასტურა მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის პარასკევს ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის არმიის მდივან დენიელ დრისკოლს, რომელიც მანამდე, 20 ნოემბერს კიევში მიიღო.
რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ევროპელმა დიპლომატმა მიაწოდა უკრაინასა და რუსეთს შორის, აშშ-ის შუამავლობით, გასაფორმებელი სამშვიდობო შეთანხმების სავარაუდო გეგმა [“უიტკოფის სამშვიდობო გეგმა” - “Witkoff Peace Plan”], რომელიც 9 ქვეთავს მოიცავს.
საჯარო წყაროებში ვრცელდება უკრაინასა და რუსეთს შორის, აშშ-ის შუამავლობით გასაფორმებელი სამშვიდობო შეთანხმების პროექტის არაერთი ვერსია, მათ შორის - 28-პუნქტიანი. ზელენსკის 21 ნოემბრის გამოსვლიდან ჩანს, რომ უკრაინელებს სწორედ 28-პუნქტიანი გეგმა გადასცეს. თუმცა ოფიციალურად გეგმა არ გასაჯაროებულა. 20 ნოემბერს, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ჯერ კიდევ „პოტენციური იდეების სიაზე“ ლაპარაკობდა.
ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს 21 ნოემბერს მიმართა
21 ნოემბერს, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის, ერის ღირსებისთვის იბრძოლოს - მიუღებელი მოთხოვნების შეცვლა შესაბამისი არგუმენტებითა და ალტერნატიული გზების შეთავაზებით მოითხოვოს - თუკი ეცოდინება, რომ ხალხი ისევ ისე უჭერს მას მხარს, როგორც 4 წლის წინ, როცა უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ხოლო უკრაინელებმა მტერს ზურგი არ უჩვენეს.
"მახსოვს, ომის პირველ დღეს, სხვადასხვა შუამავალი ომის დასრულების ნაირგვარ გეგმებს, პუნქტებს, ულტიმატუმებს გადმომცემდა. მეუბნებოდნენ: ან - კი, ან - არანაირად. ან ამას ხელს მოაწერთ, ან თქვენ უბრალოდ გაგანადგურებენ და ამას თქვენს მაგივრად ხელს მოაწერს "უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი"… ჩვენი ყველა დაღუპული გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაიღო უკრაინისთვის, ახლა ზეცაშია და მათ დაიმსახურეს იქიდან იხილონ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ღირსეულ მშვიდობაში ცხოვრობენ. და ეს მშვიდობა იქნება. ღირსეული, ნამდვილი, ხანგრძლივი”, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
რა წერია გეგმაში?
რადიო თავისუფლებისთვის ევროპელი დიპლომატის მიერ გადაცემული ვარიანტის თანახმად, უკრაინას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა - ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს დაექვემდებარება; საბოლოოდ უარის თქმა ნატოში გაწევრიანებაზე. ლაპარაკია ასევე უკრაინის არმიის ზომისა და შეიარაღების ლიმიტზე - გარკვეული ტერიტორიის დემილიტარიზაციაზეც. ექსპერტები თვლიან, რომ გეგმა დიდწილად ეხმიანება რუსეთის მიერ, 2022 წელს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ წამოყენებულ ხისტ მოთხოვნებს.
შეთანხმება სავალდებულოა, დამრღვევები დაისჯებიან და მის ზედამხედველობას სპეციალური საბჭო გასწევს.
შეთანხმების პროექტის ამ ვერსიაში წერია შემდეგი:
1. უსაფრთხოება და უკრაინის პოლიტიკური სტატუსი
- უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.
- უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიებს აშშ-სგან, მაგრამ პირობებით.
- უკრაინა თავის კონსტიტუციაში განამტკიცებს მიუმხრობლობასა და ნატოზე უარს.
- ნატო ადასტურებს უკრაინის არგაწევრიანებას სამუდამოდ.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა ლიმიტირებულია.
- უკრაინა რჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ.
2. ტერიტორიული საკითხები
- ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი დე ფაქტო აღიარებულია რუსეთისად.
- ხერსონი და ზაპოროჟიე “გაყინულია” კონტაქტის ხაზთან.
- ტერიტორიების ნაწილი ხდება დემილიტარიზებული ბუფერული ზონა, დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშ.
- ორივე მხარე ვალდებულებას იღებს არ შეცვალოს საზღვარი ძალის გამოყენებით.
3. სამხედრო შეთანხმებები
- ნატო არ განათავსებს ჯარს უკრაინაში.
- ნატოს სამხედრო თვითმფრინავები განლაგებული იქნება პოლონეთში.
- უსაფრთხოების დიალოგი აშშ-ს, გაეროსა და რუსეთს შორის, ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფის შექმნა.
- რუსეთი იურიდიულად იღებს თავდაუსხმელობის პოლიტიკის ვალდებულებას უკრაინისა და ევროპის მიმართ.
4. ეკონომიკური ბლოკი და უკრაინის რეკონსტრუქცია
- აშშ და ევროპა ქმნის ფართო ინვესტირების პაკეტს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.
- 100 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივები მიემართება უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.
- აშშ იღებს შემოსავლის 50%-ს.
- ევროპა ამატებს კიდევ 100 მილიარდს.
- რუსეთის სხვა გაყინული აქტივები მიმართული იქნება ამერიკულ-რუსული ერთობლივი პროექტებისთვის.
- უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რესურსები, ტექნოლოგიები.
5. რუსეთი გლობალურ სისტემაში, სანქციების ეტაპობრივი მოხსნა
- რუსეთის დაბრუნება G8-ში.
- გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობა აშშ-სა და რუსეთს შორის.
6. ჰუმანიტარული საკითხები
- გაცვლა „ყველა ყველაზე“, სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დაბრუნება.
- ჰუმანიტარული პროგრამები, ოჯახების ხელახალი გაერთიანება.
- საგანმანათლებლო პროექტები ტოლერანტობის შესახებ.
7. ენერგეტიკული და სპეციალური ობიექტები
- ზაპოროჟიის ატომური სადგურის ამოქმედება - IAEA-ს ზედამხედველობით.
- ელექტროენერგია 50/50-ზე [განაწილდება] უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის.
- აშშ-ის დახმარება უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
8. უკრაინის შიდაპოლიტიკური პროცესები
- არჩევნები 100 დღეში, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
- სრული ამნისტია ომში მონაწილეებისთვის.
9. შესრულება და მონიტორინგი
- შეთანხმებას აქვს იურიდიული ძალა.
- მონიტორინგს ახორციელებს “მშვიდობის საბჭო”, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.
- დარღვევები იწვევს სანქციებს.
- [შეთანხმების] ხელმოწერის შემდეგ მყისიერად მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და შეთანხმებულ პოზიციებზე განლაგება.
ამ ტექსტის დეტალები დიდწილად ემთხვევა საერთაშორისო მედიაში მანამდე გაჟონილ ცნობებს. სხვადასხვა გამოცემა შენიშნავდა, რომ - უკრაინას აღარ უნდა ჰქონდეს აშშ-ის სამხედრო დახმარების იმედი, რაც მას რუსეთთან საბრძოლველად ესაჭიროება და, თავისთავად, კიევი ვეღარც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ვეღარ მიიღებს.
უკრაინაში აცნობიერებენ, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს, თუმცა კიევის პირველი თანხმობა 20 ნოემბერს გასაჯაროვდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ შემუშავებული გეგმის პროექტი უკვე მიიღეს კიევში და აპირებს, რომ განაგრძოს მუშაობა აშშ-ის პრეზიდენტთან - „გეგმის პუნქტებზე იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას ომის ღირსეული დასრულება“.
„მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში და მსოფლიოში, რათა შედეგი იყოს მშვიდობა“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ზელენსკი ამბობდა, რომ ტრამპთან საუბარს „მომდევნო დღეებში“ გეგმავდა.
ეს აქცენტი პრეზიდენტმა ზელენსკიმ 21 ნოემბერსაც გაიმეორა, საღამოს, როცა უკრაინელ ხალხს მიმართა.
ვიდეომიმართვაში მან ასევე თქვა:
- „24/7-ზე რეჟიმში ვიბრძოლებ იმისთვის, რომ [„სამშვიდობო გეგმის“] ყველა პუნქტს შორის, არ იქნას გამოტოვებული სულ მცირე ორი - ეს არის უკრაინელების ღირსება და თავისუფლება. რადგან სწორედ ამას ემყარება ყველაფერი დანარჩენი - ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი. და უკრაინის მომავალი“;
- „ჩვენ გავაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დასრულდეს ომი და არ დასრულდეს უკრაინა, ევროპა და გლობალური მსოფლიო“.
მანამდე, 20 ნოემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შეხვდა პენტაგონის მაღალჩინოსანთა დელეგაციას, აშშ-ის არმიის მდივნის, დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით.
აშშ-ის საელჩომ ამ შეხვედრის შემდეგ ოპტიმიზმი გამოხატა დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარების პერსპექტივების მიმართ. შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინა მზად არის „კონსტრუქციული, პატიოსანი და ოპერატიული მუშაობისთვის“.
მარკო რუბიომ 20 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „მყარი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან მოითხოვს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს“, - ასევე სახელმწიფო მდივნის სიტყვებია.
ასევე ნახეთ რუბიო: უკრაინაში მყარი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან მოითხოვს „რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს“მანამდე, ზელენსკიმ უარყო მოსკოვის მოთხოვნები, უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის ანდა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შემცირების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეთ პირობებში უკრაინა მოწყვლადი გახდება, რუსეთის შესაძლო ხელმეორე თავდასხმის შემთხვევაში.
ევროკავშირის პოზიცია
ევროკავშირს და უკრაინას მშვიდობა სურთ, მაგრამ ისინი რუსეთის აგრესიას არ დანებდებიან - განაცხადა 21 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
„ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება. რუსეთს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს, რაიმე დათმობები მოითხოვოს იმ ქვეყნისგან, რომელშიც ის შეიჭრა. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი შეთანხმების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს.
Reuters-ს მოჰყავს მისი სიტყვები, რომ „ეს ყველასთვის ძალიან სახიფათო მომენტია“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ნოემბერს, ვიდეომიმართვაში, განაცხადა, რომ - ამ რთულ მომენტში ყკრაინას ევროპელების იმედი აქვს:
„ჩვენ ევროპელი მეგობრების იმედი გვაქვს, რომლებსაც ზუსტად ესმით, რომ რუსეთი არ არის სადღაც შორს, რომ ის აქვე - ევროკავშირის საზღვრებთან არის; რომ უკრაინა წარმოადენს ერთადერთ ფარს, რომელიც კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას პუტინის გეგმებთან აშორებს. ჩვენ გვახსოვს: ევროპა იყო ჩვენთან. ჩვენ გვჯერა: ევროპა ჩვენთან იქნება“.
ასევე ნახეთ კაია კალასი: ევროპა და უკრაინა რუსეთის აგრესიას არ დანებდებიან“ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო 2-პუნქტიანი გეგმა: პირველი - დაასუსტოს რუსეთი, მეორე - მხარი დაუჭიროს უკრაინას. სანქციები ძლიერად ურტყამენ რუსეთს. რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტი მინიმალურ დონეზეა. საგადასახადო შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან მინიმალურია, ომის დაწყების შემდეგ”, - ეს სიტყვები კაია კალასმა მანამდე, 20 ნოემბერს წარმოთქვა, მედიასთან საუბრისას.
ხოლო ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გამოსვლისას, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეთანხმება ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მოიტანს “სამართლიან და მტკიცე მშვიდობას”.
“იმისათვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ იმუშავოს, ის შემუშავებული უნდა იყოს უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობით”, - განაცხადა კალასმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დაწყებული სასტიკი ომი თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს; ხოლო მოსკოვს მშვიდობის სურვილი არაფერში ეტყობა, ის არ დათანხმდა მყისიერ ზავს, რომელიც განიხილებოდა მარტის შემდეგ და რუსეთის თავდასხმები კვლავაც ანადგურებენ მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლეს უკრაინაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ბრიუსელში მედიას უთხრა, რომ სამშვიდობო ძალისხმევა მისასალმებელია, მაგრამ საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ამიტომ მოელიან, რომ ევროპელებთან კონსულტაციები იქნება. შიკორსკის განცხადებითვე, შეზღუდვები უნდა შეეხოს არა უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს, არამედ აგრესორს.
რუსეთის მედია - აშშ-მა 28-პუნქტიანი გეგმა რუსეთის ჩართულობით შეიმუშავა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მოცემულ მომენტში მიმდინარეობს რაიმე სახის მოლაპარაკებები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები არ განიხილება “მეგაფონის რეჟიმში”.
რუსეთის მედია ავრცელებს ასევე პესკოვის სიტყვებს, რომ - მისთვის გაუგებარია სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ვერსიები და დასახელებული ვადები, ასევე - არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ ზელენსკი სამშვიდობო გეგმის შესრულებაზე თანახმაა.
პესკოვის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ უნდა დაარწმუნოს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ უკეთესია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ახლა, ვიდრე - მოგვიანებით.
ექსპერტები დიდწილად ვარაუდობენ, რომ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას - უკრაინის ბოლომდე დამორჩილების გარანტიების გარეშე.
21 ნოემბერს, დღის ბოლოს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, რომ ჯეი დი ვენსთან და დენიელ დრისკოლთან თითქმის ერთსაათიანი საუბრის დროს - შეთანხმდნენ, რომ კიევი აშშ-სთან და ევროპასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე იმუშავებენ, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა მართლაც შესაძლებელი გახდეს.
"უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილს, რომ დაასრულდეს ეს სისხლისღვრა და ყოველ რეალისტურ წინადადებას დადებითად განვიხილავთ. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მუდმივ კონტაქტს და ჩვენი გუნდები მზად არიან იმუშაონ 24/7-ზე", - აღნიშნავს ზელენსკი.